აკურა
აკურა[2] — სოფელი საქართველოში, თელავის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს გომბორის ქედის აღმოსავლეთ ფერდობის ძირას, მდინარე ვანთისხევის ნაპირზე, თელავიდან დაშორებულია 12 კმ-ით, თბილისიდან — 60 კმ-ით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1869 ადამიანი.
სოფელი | |
---|---|
აკურა | |
სოფელ აკურის შესასვლელი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | თელავის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°51′54″ ჩ. გ. 45°37′27″ ა. გ. / 41.86500° ჩ. გ. 45.62417° ა. გ. |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1869 [1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ისტორია
რედაქტირებასოფელი ადრინდელ შუასაუკუნეებში წარმოადგენდა ქართველთა აქტიურ კულტურულ-სამეურნეო ყოფა-ცხოვრების ადგილს. მისი მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა კახეთის სამთავროს ჩამოყალიბების (ადრინდელი შუასაუკუნეები) შემდეგ, როდესაც კახეთის ცალკეული „ხევი“ მჭიდროდ დაუკავშირდა ადგილობრივ სახელმწიფო ერთეულს და კახეთის ქორეპისკოპოსის ხელისუფლებას დაემორჩილა.
აკურაში შემორჩენილია VIII-IX საუკუნეების ნაგებობის ნაშთები, რაც იმის დამადასტურებელია, რომ სოფელი მდ. ვანთისხევის მნიშვნელოვან დასახლებას წარმოადგენდა და ხევის გარკვეული ცენტრი იყო. სოფლის მახლობლად დგას „მამადავითის“ (წმინდა დავით გარეჯელის) ტაძარი. გ. ჩუბინაშვილის აზრით, იგი უნდა იყოს იგივე დედათა მონასტერი, რომელიც IX საუკუნეში იერუსალიმიდან დაბრუნებულმა წმინდა ილარიონ ქართველმა თავის მამულში დააარსა. აკურის ყმა-მამულის დიდი ნაწილი დავითგარეჯის მონასტრის საკუთრება ყოფილა და საკათალიკოსო მამულების გუჯრებშიც მოიხსენიება. 1392 წელს იგი საქართველოს ეკლესიის განკარგულებაშია. ეს კუთვნილება XVI საუკუნიდან, კახეთის ცალკე სამეფოს წარმოქმნისას, რამდენადმე შეიცვალა. სახელდობრ, ალექსანდრე II კახთა მეფე 1597 წელს დავითგარეჯის მონასტრის მეტოქის ყმა-მამულის, სიცოცხლეში სარგებლობის უფლებით, თავის მარტოხელა დას — ქეთევანს აძლევს. შემდგომში მონასტრის ყმა-მამული ცალკეულ ფეოდალთა მძლავრობის საგანი შეიქნა. XVII საუკუნის მიწურულში მასზე წილი სდებიათ თავად გერმანოზიშვილებს. ამას ხელი ვერ შეუშალა სამეფო ხელისუფლებისა თუ უმაღლესი სასულიერო პირების ჩარევამ, რომლებიც სოფლის ყმა-მამულს ასეთი დატაცებისაგან იცავდნენ. მაგალითად აკურაში მონასტრის ყმა-მამულზე მოხელე-მოურავებად დაყენებულმა ჯანდიერისშვილებმა მიიტაცეს სამოხელეოდ ბოძებული ყმა-მამულის ერთი ნაწილი. სოფელი მოხსენიებულია 1708 წლის იმამყული-ხანის აკურის შეწირულობის განახლების სიგელში სადაც დავითის ლავრის წინამძღვარი ონოფრე გარეჯელი მეფე დავით II იმამყული-ხანს მიმართავს რათა სოფელი მონასტერს დაუბრუნდეს, რაც მონასტრის სასარგებლოდ წყდება. 1710 წელს საქართველოს კათოლიკოსი დომენტი იძულებული გახდა პირადად მოეწესრიგებინა ჯანდიერისშვილებსა და გარეჯის მონასტრის მესვეურთა შორის წამოჭრილი მწვავე კონფლიქტი. დომენტი კათალიკოსის განჩინებით „აკურაზე ხელი არავის აქვს, არც მოურავს, არც სხვას“. დროთა განმავლობაში აკურაზე წილი დაიდეს სხვა ფეოდალებმაც — ოხიაყოჩიშვილებმა, ხოსროშვილებმა, იოთამისშვილებმა. ქართლ-კახეთის გაერთიანების შემდეგ, თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის ჩარევის შედეგად, სამეფოში რამდენადმე მოწესრიგდა სამამულო საკუთრების ყმა-მამულის დატაცების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი. ეს საკითხი მოგვარდა აკურაშიც. გვიანდელ შუასაუკუნეებში აკურა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულად შედიოდა კახეთის მეორე — ნეკრესის ეპისკოპოსის სადროშოში. ომიანობის დროს აკურიდან გამოსული ლაშქარი, იმდროინდელი ადმინისტრაციული დაყოფის საფუძველზე, ნეკრესელის დროშის ქვეშ დგებოდა და მის სარდლობას ექვემდებარებოდა. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ სოფელი ტფილისის გუბერნიის თელავის მაზრაში შედიოდა.
ამჟამად აკურაში განვითარებულია მევენახეობა, მებაღეობა, მემინდვრეობა. 1954 წლიდან მოქმედებს ღვინის ქარხანა. სოფელში დგას იოსებ სტალინის ძეგლი.
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 2249 | 1084 | 1165 |
2014 | 1869 | 925 | 944 |
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 257.
- კ. კახაძე, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 141.
- ბბურდული მ., „სოფელი აკურა — წარსული და დღევანდელობა“ (რუსული) // ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, გორი: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2019, № 2, გვ. 103-116.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გიორგი ამუზაშვილი − სოფელი აკურა დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. . ფერეიდანი.ჯი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 15.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-28. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.