აკურის ელიას ეკლესია
აკურის ელიას ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ აკურის სამხრეთ-დასავლეთით, 0,5 კილომეტრზე. მამა დავითის ეკლესიისკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს, გზიდან 50-იოდე მეტრის მანძილზე. დასავლეთ კარის არქიტრავზე არსებული წარწერის თანახმად ეკლესია აგებულია 1857 წელს.
აღწერა
რედაქტირებაეკლესია დარბაზულია, გეგმით სწორკუთხა (15,6x9 მეტრი), დასავლეთიდან ეკვრის მოგვიანებით მიშენებული სამრეკლო, რომელიც ეკლესიაზე გაცილებით მაღალია. ეკლესია ნაგებია რიყის ქვის ირეგულარული წყობით. გარეთა კუთხეებში გამოყენებულია შედარებით მოზრდილი, მოგრძო ქვები. შიგნით, საბჯენში თაღები, გამოყვანილია შირიმის ნათალი ქვით.
შენობას ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთით და დასავლეთით. ორივე კარის ღიობი, გარედან, ქვიშაქვითაა გამოყვანილი, გადახურულია თარაზულად და საფეხურით შეღრმავებულ, თაღოვან არეშია ჩასმული, შიგნიდან კი ნახევარწრიული თავი აქვს. ეკლესიის დარბაზი ვრცელია, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით. აფსიდის ცენტრში გაჭრილია განიერი, მაღალი სარკმელი, რომელსაც შიგნიდან და გარედან, ნახევარწრიული თაღი ხურავს. სარკმლის ორივე მხარეს, მოწყობილია გეგმით ნახევარწრიული, ნახევარწრიულთაღოვანი, თითო ნიშა, რომელთა ძირი აფსიდის იატაკის დონეზეა. ორივე ნიშაში, იატაკიდან 1 მეტრის სიმაღლეზე. ხის თარო ყოფილა. ერთი მცირე, სწორკუთხა ნიშა, აფსიდის ჩრდილოეთ ბოლოსთანაა.
დარბაზის გრძივ კედლებზე. ერთმანეთისგან თანაბარი მანძილებით დაშპრებული ოთხ-ოთხი პილასტრია, რომლებზეც კამარის საბჯენი თაღებია გადაყვანილი თაღების ქუსლებთან გამოყოფილია სწორხაზოვანი პროფილის, მარტივი იმპოსტები. ამ იმპოსტებს, საბჯენი თაღების გარდა, პილასტრებს შორის გამოყვანილი, ყრუ თაღებიც ეყრდნობა. პილასტრების აღმოსავლეთ წყვილი და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღი, საკურთხეველს დარბაზისგან გამოყოფს. თითო პილასტრია დარბაზის დასავლეთ კუთხეებში. მათ დასავლეთ კედლის მიმდებარე თაღი ეყრდნობა.
ფასადები სადაა, კედლების პირი გამოყვანილია მჭიდროდ დაწყობილი, წვრილი რიყის ქვით. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე, ფრონტონის არეში, გამოსახულია საფეხუროვან პოსტამენტზე დაყრდნობილი, თითო, ჩაღრმავებული ჯვარი. კედლები დასრულებულია რიყის ქვით ნაწყობი, ორსაფეხურიანი ლავგარდნით.
წარწერები
რედაქტირებაძეგლზე შემორჩენილია მხედრულით შესრულებული სამი მოსახსენებელი წარწერა: თითო-თითო სესასვლელების არქვაზე, რომელიც სამხრეთ ფასადის აღმოსავლეთ ნაწილში მოწყობილი ნიშის ქვეშაა ჩასმული. ნიშა მცირე ზომისაა, სწორკუთხა, მოქცეულია საფეხურით შეღრმავებულ, თაღოვან არეში, რომელიც სარკმლების დონეზეა და სიმაღლით თითქმის მათი ტოლია. წარწერებიდან უადრესია დასავლეთ შესასვლელის არქიტრავზე არსებული წარწერა, რომლის თანახმად გარდაცვლილთათვის ქვა 1857 წლის 10 ივნისს შეუწირავთ, სამხრეთ ფასადზე, ნიშის ქვეშ არსებული წარწერის მიხედდვით კი 1858 წლის 20 მაისს გარდაცვლილ გიორგი ქევხიევისა (ქევხიშვილის) და მისი მეუღლის - მარიამისათვის შეუწირავთ ქვა, რისთვისაც შენდობას ითხოვენ. სამხრეთ კარის არქიტრავის წარწერა დაზიანებულია.
სამრეკლო
რედაქტირებასამრეკლო სამსართულიანია, აგებულია კვადრატული (4,3 x 3,8 მეტრი). სამი მხრიდან, ნახევარწრიული თაღებით გახსნილი კარიბჭეა. თაღები ეყრდნობა ოთხ, სწორკუთხა ბოძს, მათგან ორი - ეკლესიის კედელზეა მიყრდნობილი, ხოლო ორი - თავისუფლად დგას, ისინი გეგმით კვადრატულია და შესაბამისი ფასადის მხარეს გამოყვანილი აქვს ერთიან ბაზისზე დაყრნობილი, სამსაფეხურიანი კაპიტელით დასრულებული, ორ-ორი პილასტრი. ეკლესიაზე მიდდგმულ ბოძზე კი - ტითო მსგავსი პილასტრია. გარედან სამივე თაღს თავსართი ევლება, რომელიც ცენტრისკენ მდებარე პილასტრებზეა დაყრდნობილი. დასავლეთ ფასადზე, თაღის ორივე მხარეს, კედლის სიბრტყეში, ნახევარწრეებით შექმნილი, თითო შეღრმავებული, ჯვრისებრი ელემენტია გამოსახული, რომელსაც გარედან შეწყვილებული, ლილვის ჩარჩო ევლება. სართული დასრულებულია მაღალი, რთული პროფილის ლავგარდნით. ანალოგიური პროფილის ლავგარდნითაა დასრულებული მეორე სართულიც, პირველი სართულის მსგავსად.
მეორე სართული
რედაქტირებაეს სართულიც სამ მხარეს, თითო განიერია, ნახევარწრიული თაღითაა გახსნილი. დასავლეთის კუთხის ბურჯებზე აქაც ორ-ორი პილასტრია გამოყვანილი. ეკლესიაზე მიყრდნობილ ბურჯებზე კი - თითო-თითო. დასავლეთ ბურჯებზე არსებულ პილასტრებს შორის თითო, თაღოვანი შეღრმავებაა, რომელთა თაღები, პროფილის თავსართითაა მოჩარჩოვებული, როგორც ღიობის თაღი III სართული. ქვედა სართულებთან შედარებით, რამდენადმე ვიწროა იგი ეკლესიის სახურავის ზემოთაა და, დანარჩენი სართულებისგან განსხვავებით, ოთხივე მხარეს თაღებით გახსნილ ფანჩატურს წარმოადგენს. ფანჩატურის ზედა ნაწილი თორმეტწახნაგოვანია და დასრულებულია თუნუქით დაბურული, პირამიდისებრი სახურავით.
2008-2009 წლებში ეკლესიას ჩაიტარდა სარემონტო სამუშაოები: გაიწმინდა კედლები, აღდგა სამრეკლოს ზედა, მონგრეული ნაწილი და გადახურვა. აღდგა ლავგარდნის ჩამოშლილი ნაწილები, ელესია გადაიხურა თუნუქით.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 150-152.