აკურის მამადავითის ეკლესია
აკურის მამადავითის ეკლესია — არქიტექტურული, მონუმენტური ხელოვნების ძეგლი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობს სოფელ აკურიდან სამხრეთ-დასავლეთით, 1,5 კილომეტრზე, მდინარე ვანთისხევის მარჯვენა ნაპირას, სწორ ადგილზე.
ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
ისტორია
რედაქტირებაძეგლი გამოკვლეული აქვს აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილს, რომელიც ვარაუდობს, რომ მონასტერი დაარსებულია დიდი საეკლესიო მოღვაწის, წმინდა ილარიონ ქართველის მიერ, 855 წელს. რომელმაც, პალესტინიდან დაბრუნებისთანავე,
მონასტრის ცხოვრებაში ისტორიულად მნიშვნელოვანი მოვლენაა კახეთის მეფე ალექსანდრე II მიერ თავისი უფროსი დის ქეთევანის მონაზვნად აღკვეცის ფაქტი. მეფე ალექსანდრემ ქეთევანი, ხანდაზმულ ასაკში ჩაასახლა აკურის მონასტერში, რის შესახებაც აუწყა ნინოწმინდის ეპისკოპოსს, გარეჯის უდაბნოს 12 წმინდა არქიმანდრიტს. გიორგი ჩუბინაშვილის აზრით, მეფის დის მონასტერში ჩასახლება მოასწავებდა არა მარტო მონასტრის პრესტიჟის ამაღლებას, არამედ მისი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც ის მასშტაბური აღდგენითი და სარემონტო სამუშაოები, რომლებიც მონასტრის ეკლესიას ჩაუტარდა, სწორედ ამ პერიოდში XVI საუკუნის II ნახევარში განხორციელდა. აიგო საკურთხევლის ზღუდე, კარიბჭე - სამხრეთ შესასვლელის წირის გამოც ნაწილობრივ ამოშენდა სამხრეთ ნავის აღმოსავლეთი სარკმელი, ჩრდილოეთის ფასადზე მიაშენეს სამი, მძლავრი კონტრფორსი. დავიწროვდა შესასვლელთა ღიობები, ჩაშენდა სამხრეთი სარკმელები და სხვა. ამავე დროისაა ყველა ის ნაწილი, რომელიც შესრულებულია ზტანდარტული ზომის კვადრატული აგურით.
დავით გარეჯელის სამნავიანი ბაზილიკა
რედაქტირებამონასტრის მთავარი ნაგებობაა მამა დავითის - წმინდა დავით გარეჯელის სახელობის სამნავიანი ბაზილიკა. ეკლესია გეგმით სწორკუთხაა (17,3 x 12,8 მ). აქვს ორი შესასვლელი - სამხრეთით და დასავლეთით. ამავე მხარეებიდან ეკლესიას ეკვროდა თითო მინაშენი, რომელთაგანაც დასავლეთის მინაშენის ჩრდილოეთ ნაწილი XVI საუკუნის II ნახევარში მცირე სათავსიდ გადაკეთდა. ეკლესია ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. აგური გამოყენებულია დეკორატიული ნაწილებისთვის, რომელსაც წყობაში აქა-იქ შირიმი ენაცვლება. თითქმის ყველა კონსტრუქციული ნაწილი გამოყვანილია რიყის ქვით. ბაზალიკის შუა ნავი, გვერდითი ნავების მიმართ, შედარებით ნაკლებადაა შემაღლებული, აღმოსავლეთით იგი დასრულებულია საკურთხევლით, რომელიც ნალისებრ აფსიდს და მის წინ მდებარე, მცირე სიღრმის ბემას მოიცავს იგივე ფორმა აქვს კონქის თაღსაც. იგი ეყრდნობა მარტივი პროფილის მქონე იმპოსტებს. აფსიდის კუთხეები, შირიმის ნათალი ქვისაა. ალაგ-ალაგ, გამოყენებულია სხვადასხვა ზომის აგურებიც. აფსიდში მოწყობილია მერხი, რომლის ცენტრში, სპეციალური შეღრმავებაა მონასტრის წინამძღვრის დასაჯდომად. სარკმლის ორივე მხარეს, სიმეტრიულად, ორ-ორი, თაღოვანი ნიშაა. სარკმელთან მცირე ზომის ნიშებია განლაგებული, ხოლო მოშორებით - ოდნავ მოზრდილი და მაღალი.
საკურთხეველი ეკლესიის მიმართ ამაღლებულია ორი საფეხურით და დანარჩენი სივრცისგან გამიჯნულია კანკელით. საკურთხევლის შუაში დგას დიდი, კუბური ზომის ტრაპეზი. მთავარი ნავის კამარა ეყრდნობა ორ, საბჯენ თაღს. მათგან ერთი დასავლეთის კედელთანაა, მეორე კი ნავის შუაშია. ორივე თაღი რიყის ქვისაა. რიყის ქვითაა ნაწყობი თაღების საყრდენი პილასტრებიც, ოღონდ კუთხეები მათ აგურით აქვს გამოყვანილი. ეს აგური ერთი სისქისაა, თუმცა, რიყის ქვის წყობისგან გამომდინარე, რომელიც პილასტრის ძირითად მასივს შეადგენს, მათ სხვადასხვა ზომა აქვს. მხოლოდ შუა საბჯენი თაღის ჩრდილო პილასტრია გამოყვანილი მთლიანად რიყის ქვით. ყველა პილასტრს, შუა თაღის ჩრდილოეთ პილასტრის გარდა, გვერდებზე ასდევს სპეციალური დაყალიბების აგურით ნაწყობი თითო დეკორატიული სვეტი, რომელიც თაღის ქუხლის სიმაღლეზე წყდება. ნავის დასავლეთ კედლის შუაში დიდი კარია. იგი შიგნიდან დასრულებული იყო ნალისებრი თაღით. მოგვიანებით თაღის არე მთლიანად ამოუშენებიათ, ღიობი კი, გარედან კვადრატული აგურის წყობით დაუვიწროვებიათ და გაცილებით დაბალი, შეისრულთაღოვანი კარი მოუწყვიათ.
სამხრეთისა და ჩრდილოეთის ნავები გეგმარებით ერთმანეთისგან განსხვავდება. სამხრეთის ნავი (სიგრძე 1,6 მეტრი) ჩრდილოეთის ნავზე რამდენადმე მაღალია, გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც ორ საბჯენ თაღს ეყრდნობა. მათგან ერთი დასავლეთის კედელთანაა, ხოლო მეორე - ნავების გამმიჯნავ ბოძთან. თაღები ეყრდნობა რთული პროფილის, შირიმის ქვის კონსოლებს. სამხრეთით, მთავარ ნავთან დამაკავშირებელი თაღების მოპირდაპირედ, ნახევარწრიული თაღით დასრულებული, ორი დიდი სარკმელია. აღმოსავლეთით მდებარე სარკმელი, გარედან, მთლიანად დაფარულია სამხრეთის შესასვლელის წინ მოგვიანებით აგებული კარიბჭით, ამ სარკმლის ქვემოთ ტაძარში შესასვლელი კარია, რომელიც, ისევე როგორც დასავლეთის შესასვლელი, გადაკეთებულია.
ბაზილიკის ჩრდილოეთ ნავი თავისებურადაა გადაწყვეტილი. სამხრეთის ნავის მსგავსად, იგი ერთიანი კი არ არის, არამედ მოგვიანებით ჩაშენებული, განივი კედლით დანაწევრებული, განივი კედლით დანაწევრებულია ორ, გეგმით თითქმის კვადრაულ, ნაწილად, რომელთა კედლები ნავის თავდაპირველ კედლებს წყობით არ ერთვის (გიორგი ჩუბინაშვილის აზრით, ჩრდილოეთის ნავის გადაკეთება მშენებლობის პროცესშივე ან ტაძრის აგებიდან მალევე განხორციელდა. ამავე პერიოდს უკავშირებს იგი საკურთხევლის გვერდებზე არსებული სათავსების აფსიდების ამოშენების ფაქტსაც). ორივე ნაწილის თავზე განთავსებულია ერთიანი, ცილინდრული კამარით გადახურული, ყრუ სამალავი, რის გამოც ჩრდილოეთის ნავის ორივე ნაწილი სამხრეთის ნავთან შედარებით, გაცილებით დაბალია. თითოეული მათგანი გადახურულია რიყის ქვით ნაწყობი, ჯვრული კამარით, რომლის ჩრდილოეთ ქუსლი ნავის ჩრდილოეთის კედელზე მიდგმულ თაღს ეყრდნობა, თაღი კი - კუთხის პილასტრებს. დასავლეთის ნაწილის აღმოსავლეთის კედლის შუაში მოწყობილია გეგმით ნახევარწრიული, კონქით დასრულებული ნიშა (სიმაღლე 1,3 მეტრი), რომელიც გიორგი ჩუბინაშვილის ვარაუდით, საკურთხევლის დანიშნულებას ასრულებდა და მონასტრის დამაარსებლის, ილარიონ ქართველის დედის სალოცავად იყო განკუთვნილი.
სამხრეთისა და ჩრდილოეთის ნავების აღმოსავლეთ ბოლოში, მოწყობილია სწორკუთხა მოხაზუზლობის სათავსები — სამკვეთლო და სადიაკვნე.
ეკლესიის ფასადებზე აშკარად ჩანს მშენებლობის ორი ფენა, რომლებიც განსხვავებული საშენი მასალითაა შესრულებული. გვიანდელი წყობა შესრულებულია მცირე ზომის, რიყის ქვით, კრამიტისა და აგურის ნატეხებით. ფასადებიდან განსაკუთრებით გაწყობილია აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადები. დანარჩენი ორი ფასადი სრულიად სადაა.
აღმოსავლეთ ფასადი, ისევე როგორც დანარჩენები, ნაგებია რიყის ქვისგან. კუთხეები გამოყვანილი ყოფილა შირიმის ნათალი ქვით. მათ შორის სამხრეთისა თავდაპირველი სახითაა შემორჩენილი, ჩრდილოეთისა კი, თითქმის მთლიანად აღდგენილია. ბაზილიკის შიდა აღნაგობის შესაბამისად, ფასადის სიბრტყე დანაწევრებულია ნახევარსვეტებით გამოყვანილი სამი თაღით, რომელთა შორის შუა გაცილებით განიერი და მაღალია განაპირაზე. თაღები ეყრდნობა მარტივი კაპიტელებით დასრულებულ, ორმაგ ნახევარსვეტებს. შუა თაღის შემომფარგვლელი ორივე ნაევარსვეტი, კაპიტელებიდან დაახლოებით 1,2 მეტრ სიმაღლეზე, შეწყვეტილია, მომრგვალებულია ფასადის ცენტრისკენ და შემდეგ, ისევ ვერტიკალურად მიემართება. რის შედეგადაც თაღის ზედა ნაწილის სიგანე, ქვედა ნაწილთან შედარებით, ოდნავ შემცირებულია. თაღებიც და ნახევარსვეტებიც ლეკალური აგურითაა ნაწობი. ნახეარსვეტების კაპიტელები (შემორჩენილია სამხრეთ თაღის ძირში) და მომრგვალებული ნაწილები კი — მოყვითალო შირიმისაა. შირიმითვე იყო ნაწყობი ყველა სარკმელი. შუა ნავის ზედა ნაწილის მთელ სიგანაზე გამოყვანილია საფეხურით შეღრმავებული, ყრუ თაღი. თაღის ზედა ნაწილში, ღერძზე, ნალესობით გამოყვანილი, კედელზე მიკრული, ლილვისებრი ჩარჩოთი შემოფარგლული, წრიული არეა, რომლის ცენტრში ორი საფეხურით შეღრმავებული, ბრტყელ ჩარჩოში ჩასმული, მრგვალი ნიშაა.
დასავლეთ ფასადი, ნაწილობრივ, აღმოსავლეთ ფასადის მსგავსადაა გაწობილი. შუა ნავის კედელზე, ზემოთ, გამოყვანილია განიერი და მაღალი, ორი საფეხურით შეღრმავებული, დეკორატიული თაღი, რომლის ძირზე დაფენილია კრამიტი. თაღის პირველი საფეხურის კუთხეებს, მთელ სიმაღლეზე, აუყვება ვიწრო ნახევარსვეტი, რომლის ბოლოები თითო ბურთულითაა დასრულებული. ნახევარსვეტებს თაღი არ ეყრდნობა. შეღრმაბევის ზედა ნაწილში, შუაში, წრიული ღრმულია.
წარწერები
რედაქტირებასაკურთხევლის სარკმლის ძირში, შირიმის ქვაზე, სამ სტრიქონიანი წარწერაა:
„განუსვენენ უფალო სულსა გიორგის ძეთასა.“
|
წარწერა, ღრმა კვეთით, ასომთავრულიდან ნუსხურზე გარდამავალი ასოებითაა შესრულებული. ასოები დაფერილია წითელი ფერის საღებავით. თ. ბარნაველი, რომელმაც ტაძრის წარწერები XX საუკუნის შუა წლებში შეისწავლა, პალეოგრაფიული ნიშნების საფუძველზე, მას IX საუკუნით ათარიღებს.
დასავლეთ ფასადზე, თაღის ქვედა ნაწილში, კრამიტის რიგის თავზე, მოთავსებულია კირის ნოტიო ბათქაშზე, ამოღარული დიდი ასომთავრული წარწერა. ღარები დაფარულია წითელი საღებავით. ზოგი ასო გამოყვანილი ყოფილა მხოლოდ საღებავით. წარწერა ჩასმულია წითელი საღებავებითვე შესრულებულ ჩარჩოში. ფაქტობრივად აქ მოთავსებულია ორი წარწერა, რომელთა შორის ამოღარულია წვრილი, შვეული, გამყოფი ხაზი, მარცხენა წარწერა გაშლილია, მარჯვენა - შეკუმშული. საღებავი ყველა ასოში არ შემორჩენილა. თ. ბარნაველი ქარაგმების გახსნითა და დაკარგული ასოების შევსებით, პირველ (მარცხენა) წარწერას შემდეგნაირად კითხულობს:
„ ქ. წმიდაო ღმრთისმშობელო შეიწყალე ტ ბ ლ და შვილნი მისნი; მოსწრაფებაჲ ქმნა [და] აღაშენა [წმიდაჲ] ესე საყდ[არი] შენჲ.“
|
მეორე წარწერას კი:
„ წმიდაო ღმრთისშობელო შეეწიე ერისთავთ ერისთავსა დვლთა და ძეთა მისთა . . .“
|
პირველ წარწერაში მოხსენიებულია ვინმე „ტბლ“ - ტაძრის მშენებელი. თ. ბარნაველის აზრით, ამ სამი ასოთი დაქარაგმებული სიტყვა შეიძლება გაიხსნას, როგორ „ტველი“. თუმცა ტაძრის ქტიტორის სახელის დაზუსტება, სხვა მონაცემების არარსებობის გამო, არ ხერხდება. გაუხსნელი რჩება ასევე მეორე წარწერის ასოების ჯგუფის „დვლთა“-ს მნიშვნელობა, რომელშიც მინიშნებული უნდა ყოფილიყო წარწერაში მოხსენიებული პირის ტერიტორიული ფლობა (მაგალითად, დვალთა, დვალეთი) ან მისი სახელი. ამრიგად, წარწერაში მოხსენიებულ პირთა სახელების ზუსტად დადგენა, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავშირებული ტაძრის მშენებლობასთნ, არ ხერხდება.
თაღის ზედა ნაწილში, კუთხის ნახევარსვეტების კაპიტელების ხაზს ქვემოთ, მოთავსებული იყო წითელი საღებავით შესრულებული, მთავრული ასოებით გამშვენებული, ორ სტრიქონიანი წარწერა. ზედა სტრიქონიდან შემორჩენილია მხოლოდ წითელი საღებავის ნაშთები. წარწერის ქვედა სტრიქონში ირჩევა ორი სიტყვა:
„... ადიდე სულით.“
|
ასოები მსხვილია. მომცრო შტოებით და ფურცლოვანი ულვაშებით იგი ისეა შემკული, რომ აყვავილებულის შთაბეჭდილება იქმნება. თავისი მონახაზით ასოები ახლოს დგას XI საუკუნის საზეიმო წარწერასთან.
ეკლესიის მხატვრობა
რედაქტირებაეკლესიას კედლის მხატვრობის ფრაგმენტები შემორჩა, რომელთა შესრულებულების დრო ეკლესიის ისტორიის ორ სხვადასხვა ეტაპს უკავშირდება.
როგორც ჩანს. ეკლესიის აგების თანადროულია აღმოსავლეთ ფასადის მხატვრობა. იგი მდებარეობს კედლის ცენტრალურ ნაწილში, მაღლა, ლილვით შემოსაზღვრული მონაკვეთის ფარგლებში, რომელიც, ასევე როგორც მის ცენტრში არსებული, ორსაფეხურიანი ჩაღრმავება წრიულია. ტ. შავიაკოვას ვარაუდით, წრე, ამ შემთხვევაში, გააზრებულია, როგორც სოლარული ნიშნის სიმბოლო. საღებავის ლაქები შემონახული იყო ფასადის სამხრეთ ნაწილშიც. ისინი უნახავს გ. ჩუბინაშვილს. მისი აზრით მხატვრობა, ნეკრესის გუმბათიანი ეკლესიის მსგავსად, ფასადის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილების არქიტექტურულ დეკორშიც კი იყო ჩართული. ფასადის მხატვრობა ხუთი ფიგურისგან შედგება. კომპოზიციის ცენტრში, „მედალიონის“ მსგავს ჩაღრმავებაში, წარმოდგენილია ქრისტე, მის ორივე მხარეზე „მედალიონის“ ფარგლებს გარეთ კი ოთხი, შარავანდმოსილი ანგელოზი - ორი ზემოთ და ორი ქვემოთ. ამჟამად შემორჩენილია ქრისტეს და ქვედა ორი ანგელოზის გამოსახულებები. შედარებით კარგად არის შემონახული მარჯვენა ანგელოზი, მარცხენა ანგელოზი დაზიანებულია, მაგრამ მკრთალი კონტურის მიხედვით, მაინც ჩანს მისი სახის ნაკვთები, თმების მონააზი და კისერი. ზედა ორი ფიგურისგან, მარჯვნივ, ჯერ კიდევ გაირჩევა შარავანდის კონტურის ფრაგმენტი. ფიგურებს შორის გამოსახლი ყოფილა სხივები. თავიანთი მდებარეობის მიხედვით, ისინი სათავეს, თითქოსდა, ქრისტეს „მედალიონიდან“ იღებენ. გრძელი, სწორი ხაზებით აღნიშნული სხივების ფრაგმენტები დარჩენილია კედლის ზედა და ქვედა ნაწილებში, გამოსახულებებს შორის. სხივების ნაშთებად შეიძლება მივიჩნიოთ აგრეთვე წითელი საღებავის მცირე ზომის ქალები, რომლებიც ჩანს ქრისტეს მარცხნივ და მარჯვნივ. ფიგურის სსახეები მეტად გამომსახველია. სმაივეს დიდი თვალები აქვთ, შესამჩნევად გადიდებული გუგებით. ზომებით და ქვედა ქუთუთოების სპეციფიკური ნახატით განსაკუთრებით გამოირჩევა ქრისტეს თვალები. მთლიანობაში ქრისტეს სახე, მისი მკაცრი გამომეტყველება, ოსტატის მიერ არჩეულ იკონოგრაფიულ შეესაბამება და ემოციური ზემოქმედების თვალსაზრისით, დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.
მხატვრობის შესრულების მანერა სიბრტყობრივ-გრაფიკული ხაისათისაა. გამოსახულებები შესრულებულია თბილი, წითელი ხაზით, სახეები დაფარული იყო ვარდისფერი საღებავით, რომელიც შემორჩა მხოლოდ ქრისტეს სახეზე.
ტაძრის რესტავრაცია
რედაქტირება1956 წელს ჩატარდა ტაძრის რესტავრაცია: კედლების ნაპრალები შეივსო ხსნარით, მთავარი ნავის კამარა და შუა საბჯენი თაღი აღადგინეს რკინა-ბეტონით, ბაზილიკის იატაკზე მოასხეს ბეტონი, აღადგინეს სამხრეთ მკლავის დასავლეთ სარკმელი და ფასადების ჩამოშლილი ქვის პერანგი. სპეციალურად მოძიებული რიყის ქვებით აღადგინეს სამხრეთი ნავის ლავგარდნის დიდი მონაკვეთი.
1971 წელს კვლავ ჩატარდა ტაძრის აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოები. 1976 წელს ტაძრის სახურავი კაპიტალურად შეკეთდა. 2010 წელს ჩატარდა ტაძრის მცირე, სარეაბილიტაციო სამუშაოები. სახურავის კალთები გადაიხურა კრამიტის ახალი სახურავით, შეკეთდა საფასადო წყობა და ლავგარდნები. 2013 წელს, ტაძრის რეაბილიტაციის პროექტის დამუშავების მიზნით, ტაძარი კვლავ აიზომა.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 139-150.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2019-07-02.