ნეკრესის ეპარქია
ნეკრესის ეპარქია, ნეკრესის საეპისკოპოსო (2002 წლიდან-2009 წლის 3 მაისამდე – ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქია) მოიცავს ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს. ეპარქიას ჩრდილო დასავლეთით ესაზღვრება ალავერდის, სამხრეთ-დასავლეთიდან – გურჯაანისა და ველისციხის, სამხრეთიდან – ბოდბის ეპარქიები, აღმოსავლეთით კი – ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია. ეპარქიის ჩრდილო საზღვარი დაღესტანთან (რუსეთის ფედერაცია) გადის, აღმოსავლეთ საზღვარი – აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან.
ისტორია
რედაქტირებასაქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისთანავე, ეს მხარეც გაქრისტიანდა და უკვე IV საუკუნის II ნახევარში თრდატ მეფემ ააშენა ნეკრესის ეკლესია, რომელიც საქართველოში დღემდე მოღწეულ ეკლესიათაგან ერთ-ერთ უძველეს ტაძრად ითვლება. მეფე ვახტანგ გორგასალის დროს ჩამოყალიბდა ნეკრესის ეპარქია, რომლის სამწყსო ტერიტორია თავიდანვე საკმაოდ ვრცელი იყო . VI ს. II ნახევარში ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი, წმ. აბიბოსი განაგებდა ნეკრესის სამღვდელმთავროს.
XV ს. II ნახევრიდან კახეთის სამეფოს ოთხი სადროშოდან მეორე სადროშოს წინამძღოლად ნეკრესელი მღვდელმთავარი ითვლებოდა. XVII ს. დასაწყისიდან შაჰ-აბას I-მა კახეთს ნეკრესის სამღვდელმთავრო ტერიტორიის ნაწილი კაკ-ენისელი ჩამოაშორა და აქ მუსლიმანური სასულთანო შექმნა. XVIII ს. პირველი მეოთხედიდან გაღმა მხარის მომძლავრებულმა ლეკებმა ამ მხარეში საბოლოო გაბატონება მოინდომეს. ამ კუთხიდან ქრისტიანი მოსახლეობის აყრისა და განადგურების შემდეგ, ეს მხარე (საინგილო) დროებით ჩამოსცილდა კახეთს.
ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ნეკრესის უძველესი ეპარქია კახეთში შექმნილ კახეთ-ალავერდის ეპარქიაში გაერთიანდა და მისი აღდგენა მხოლოდ 1995 წელს გახდა შესაძლებელი. ეპარქიას 1997 წლის ნოემბრიდან მართავს მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი). 2002 წლის 17 ოქტომბრის საქართველოს წმიდა სინოდის განჩინებით ნეკრესის ეპარქიას ნეკრესის და ჰერეთის ეპარქია ეწოდა,[1] თუმცა, საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ აღნიშნული სინოდის სხდომის ოქმში ამის შესახებ საუბარი არაა.[2]
2009 წლის 30 აპრილის წმინდა სინოდის სხდომის განჩინებით (მე–6 პუნქტი), ეპარქიას კვლავ ეწოდა ნეკრესის ეპარქია, დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპარქიის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.[3]
მოქმედი ეკლესია-მონასტრები
რედაქტირებაეპარქიის ზოგიერთი მოქმედი ეკლესია-მონასტრები:
- ლაგოდეხის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია.
- ნეკრესის აბიბოს ნეკრესელის მამათა მონასტერი.
- გრემის მთავარანგელოზთა მამათა მონასტერი.
- ყვარლის დუბის ღვთისმშობლის შობის დედათა მონასტერი.
- ლაგოდეხის წმ. დიდმოწამე ბარბარეს დედათა მონასტერი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქია დაარქივებული 2012-02-05 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-05. ციტირების თარიღი: 2010-11-09.
- ↑ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომის ოქმი, 17 ოქტომბერი, 2002 წელი, თბილისი // patriarchate.ge
- ↑ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი, 2009-04-30