სერგი (ჩეკურიშვილი)

(გადამისამართდა გვერდიდან სერგი (მეუფე))

მიტროპოლიტი სერგი (ერისკაცობაში — ზურაბ ნიკოლოზის ძე ჩეკურიშვილი; დ. 13 აპრილი, 1959, რუსთავი — გ. 19 სექტემბერი, 2021) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ნეკრესის ეპარქიის მიტროპოლიტი; ანგელოზის დღე — 25 სექტემბერი (8 ოქტომბერი) (წმიდა სერგი რადონეჟელის ხსენება); კათედრა ნეკრესში, ყვარელში და ლაგოდეხში, რეზიდენცია ყვარელში და ლაგოდეხში.

მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, მიტროპოლიტი
სერგი (ჩეკურიშვილი)
დროშა
დროშა
ნეკრესის ეპარქიის მიტროპოლიტი
14 ნოემბერი, 1997 — 19 სექტემბერი, 2021
ეკლესია: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
 
განათლება: ხარკოვის პედაგოგიურ ინსტიტუტი, მოსკოვის სასულიერო სემინარია
დაბადების სახელი: ზურაბ ჩეკურიშვილი
დაბადება: 13 აპრილი, 1959
რუსთავი
გარდაცვალება: 19 სექტემბერი, 2021 (62 წლის)
ბერად აღკვეცა: 1987 წლის 13 აპრილი
დიაკვნად კურთხევა: 1987 წლის 12 ივლისი
მღვდლად კურთხევა: 1988 წლის 6 ნოემბერი
ეპისკოპოსად კურთხევა: 1992 წლის 27 დეკემბერი
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 1995 წლის 25 დეკემბერი
მიტროპოლიტობა ებოძა: 2000 წლის 28 ნოემბერი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მიტროპოლიტი სერგი, ერისკაცობაში ზურაბ ნიკოლოზის ძე ჩეკურიშვილი, დაიბადა 1959 წლის 13 აპრილს ქ. რუსთავში. 1975 წელს დაამთავრა რუსთავის N6 საშუალო სკოლა. იყო საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრი. 1979-1981 წლებში იმყოფებოდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1981 წლიდან ზურაბ ჩეკურიშვილი სწავლობდა ხარკოვის პედაგოგიურ ინსტიტუტში. ინსტიტუტში სწავლის პერიოდში იგი სერიოზულად დაინტერესდა მართლმადიდებლური სარწმუნოებით. 1985 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ზურაბ ჩეკურიშვილმა სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, 1986 წლიდან იგი მორჩილად გადავიდა მოსკოვის წმიდა სამების სერგის ლავრაში. 1987 წლის 13 აპრილს მორჩილი ზურაბი აღკვეცეს ბერად და წმიდა სერგი რადონეჟელის პატივსაცემად უწოდეს სახელი სერგი. სულ მალე იგი ჯერ ბერდიაკვნად, ხოლო 1988 წელს მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა საფარის მონასტრის წინამძღვრად. მღვდელმონაზონმა სერგიმ საფარის მონასტერში ბევრი იღვაწა რწმენისა და ცოდნის აღორძინებისათვის. უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით იგი აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში (1991 წ.), ხოლო 1992 წლის 21 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა არქიმანდრიტი სერგი ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპისკოპოსად გამოირჩია. 25 დეკემბერს, კვირას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მოხდა მისი ეპისკოპოსად ხელდასხმა. 1992 წელს მეუფე სერგი დაინიშნა წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ახალციხის სემინარიის რექტორად. 1995-2002 წლებში იყო საქართველოს საპატრიარქოს სატელევიზიო გადაცემათა შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელი. 1996 წელს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის იგი აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 1997 წლის 14 ნოემბრიდან მთავარეპისკოპოსი სერგი გადაყვანილ იქნა ნეკრესის ეპარქიის მმართველად. ნეკრესის ეპარქია ერთ-ერთი უძველესია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში. 1995 წელს აღდგა ნეკრესის ეპარქია, რომელსაც 2002 წლის 17 ოქტომბრის წმიდა სინოდის განჩინებით ეწოდა ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქია. მეუფე სერგი 17 ნოემბერს ჩავიდა ეპარქიაში. ამ დროს ეპარქიაში მოქმედი იყო რამდენიმე ეკლესია და სამლოცველო სახლი.

2000 წლის 28 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის მეუფე სერგის მიებოძა მიტროპოლიტობა, ხოლო 2007 წლის 25 დეკემბერს იგი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენით.

გარდაიცვალა 2021 წლის 19 სექტემბერს კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად.[1]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება