აბიბოს ნეკრესელი
აბიბოს ნეკრესელი — VI საუკუნის შუა წლებში მოღვაწე ერთ-ერთი ათცამეტი ასურელი მამათაგანი, წმინდანი [ხსენების დღე — 29 ნოემბერი (12 დეკემბერი) და 7 (20) მაისი]. თავდაპირველად ზედაზნის მონასტერში მოღვაწეობდა, შემდეგ განაგებდა ნეკრესის საეპისკოპოსო კათედრას. დააარსა მონასტერი. დასაფლავებულია სამთავროს მონასტრის ტერიტორიაზე.[1]
აბიბოს ნეკრესელი | |
---|---|
დაიბადა | VI საუკუნე |
გარდაიცვალა | მცხეთა |
ხსენების დღე | 12 დეკემბერი და 29 ნოემბერი |
მოღვაწეობა | პრესვიტერი |
ცხოვრება
რედაქტირებაეწეოდა ფართო მისიონერულ მოღვაწეობას: გააქრისტიანა არაგვისპირის მთიელი კახელები. ებრძოდა ირანის ოფიციალური რელიგიის (ცეცხლთაყვანისმცემლობა) გავლენას. მოსპო ნეკრესის ტაძრის მახლობლად სპარსთა საგზებელი, რისთვისაც VI დამლევს მარზპანის ბრძანებით ჩაქოლეს. დასაფლავებულია სამთავროში (მცხეთა).
ცეცხლთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ იდეურ ბრძოლაში ემყარებოდა ანტიკურ ფილოსოფიას, კერძოდ, ოთხი ელემენტის თეორიას, რომლის თანახმად, სამყარო წარმოიქმნა ცეცხლის, წყლის, მიწისა და ჰაერისაგან. ეს თეორია აბიბოს ნეკრესელის შეხედულებებში შერწყმულია ქრისტიანულ წარმოდგენაზე ღმერთზე, როგორც შემოქმედზე. აბიბოს ნეკრესელის შეხედულებები ანტიკური ფილოსოფიის და ქრისტიანული მოძღვრების შეერთების ცდაა.
ცნობები აბიბოს ნეკრესელის შესახებ ჩართულია სხვა ასურელი მამების ცხოვრების ტექსტებში. ცალკე თხზულებას აბიბოს ნეკრესელზე, რომელიც შედგენილი ყოფილა VI-VII საუკუნეებში, ჩვენამდე არ მოუღწევია. შემორჩენილია ქართლის კათოლიკოს არსენ I დიდის მიერ ამ თხზულების საფუძველზე შედგენილი აბიბოს ნეკრესელის „ცხოვრების“ ტექსტი.
ხსენების დღე
რედაქტირებამართლმადიდებელი ეკლესიაში წმინდა აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღეა — 29 ნოემბერი (12 დეკემბერი) და ასურელი მამების ხსენების დღეს — 7 (20) მაისი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, ილ. აბულაძის გამოც. თბ., 1955;
- კეკელიძე კ., ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 1, თბ., 1956;
- ნუცუბიძე შ., ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ. 1, თბ., 1956;
- ლომინაძე ბ., ხიდაშელი შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 28.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ლომინაძე ბ., ხიდაშელი შ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 29-30.