ვაჩნაძიანის მესამე ეკლესია
ვაჩნაძიანის მესამე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის სამხრეთ-დასავლეთით, გუჯიაურებად წოდებულ ტერიტორიაზე. თარირდება XVIII საუკუნით.
ეკლესია დარბაზულია (9,2X6,1 მეტრზ), ნაგებია წვრილი რიყის ქვის სწორხაზოვანი რიგებით. კონსტრ. ნაწილები და კარ-სარკმელთა ღიობები გამოყვანილია კვადრატული აგურით. კედლების ზედაპირი გარედან ბათქაშითაა გასწორებული, შიგნიდან - შელესილია. ეკლესიის საბურავი და ლავგარდანი ჩამოშლილი აქვს, აღმოსავლეთით და დასავლეთ კედლებს, მთელ სიმაღლეზე, განიერი ბზარი დაუყვება. სახურავზე მცენარეულობაა ამოსული.
შესასვლელი ორია - დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ორივე შისრულთაღოვანია (სამხრეთ კარის თაღის ნაწილი ჩამოშლილია) და გარედან ჩასმულია კედლის სწორკუთხა შეღრმავებაში, რომელიც დასრულებულია, კუთხით შვერილი და ჩვეულებრივად დაწყობილი აგურის რიგებით გამოყვანილი სამსაფეხურიანი ფრიზით. შესასვლელები შიგნით ხის ძეგლებით თარაზულადაა გადახურული. სამხრეთ კარის შიდა გადახურვა ჩამოშლილი აქვს. დასავლეთ კარის წირთხლებში მოწყობილია საურდულე ხვრელები. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც თაღოვანი სარკმელი და სამი შეისრულ თაღოვანი ნიშაა. ნიშებიდან ორი სარკმელი ჩრდილოეთითაა. ერთი - სამხრეთით. სარკმლის ქვემოთ, ნალესობაზე, ამოკაწრულია მხედრულით შესრულებული დაქარაგმებული წარწერა. აფსიდის შუაში დგას ოთხწახნაგა ტრაპეზი (შემორჩენილია ნაწილი).აღმოსავლეთ სარკმლის გარდა, თითო მსგავსი სარკმელი დანარჩენ კედლებშიცაა.
დარბაზის გრძივი კედლები და კამარა მარტივი პილასტრების წყვილითაა და მათზე დაყრდნობილი შეისრული საბჯენი თაღით ორ თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი. შეისრულია კამარაც. ერთი საბჯენი თაღი კამარის დასავლეთ კიდეშია. იგი კუთხის პილასტრებზეა გადაყვანილი. აფსიდის რივე ბოლოში, კონქის ქუსლის დონეზე, ორი კვადრატული ხვრელია, რომლებიც, როგორც ჩანს, ხის კანკელის საყრდენათ იყო განკუთვნილი.
ფასადებიდან მხოლოდ განივი ფასადებია მორთული. ორივე ფასადზე, ფრონტნის არეში, აგურის წყობის შეღრმავებით გამოყვანილია საფეხურიან კვარცხელბეკზე დაყრდნობილი ჯვარი. ფასადებზე სარკმლები თავისებურადაა გადაწყვეტილი - სარკმლის ღიობი ჩვეულებისამებრ კედლის სიბრტყეში კი არ არის ქცეული, არამედ ღიობის ღერძისაკენ ირიბად შეღრმავებულ (დაახლოებით 20 სანტიმეტრით) სწორკუთხა არეში, რომელსაც ხერხულა ფრიზი აგვირგვინებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 95-96.