ვაჩნაძეები
ვაჩნაძეები — ფეოდალური საგვარეულო აღმოსავლეთ საქართველოში.
ვაჩნაძეთა საგვარეულოს წარმოშობის შესახებ ერთიანი აზრი არ არსებობს. იოანე ბატონიშვილის თხზულებაში „შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა“ მოყვანილი ლეგენდარული გადმოცემით, ვაჩნაძეების წინაპრები საქართველოში მოსული სომეხ მამიკონიანთა წარმომადგენლები ყოფილან. უფრო სარწმუნოა, რომ გვარი მომდინარეობდეს ხორნაბუჯის ერისთავ ვაჩეს სახელიდან, რომელიც XI საუკუნეშია დადასტურებული. კ. თუმანოვის ვარაუდით, ვაჩნაძეთა წინაპრები IX საუკუნის დონაურები უნდა ყოფილიყვნენ. დავით რექტორის მტკიცებით, XII საუკუნის მოღვაწე და ფილოსოფოსი არსენ იყალთოელი ვაჩნაძეთა საგვარეულოდან იყო.
წერილობით წყაროებში გვარი ვაჩნაძე XIV-XV საუკუნეების დოკუმენტებიდან ჩნდება. პირველი ასეთი ცნობა დაცულია „გარიგება ჴელმწიფის კარისას“ 16-ე პუნქტში („ვეზირობა“), სადაც იხსენიება ვაჩნასძე მანაველ. 1455 წელს გიორგი VIII-მ თავის თანაშეზრდილ მეღვინეთუხუცესს ასათ ვაჩნაძეს განუახლა მისი მკვიდრი ყმამამულის წყალობა და გაუჩინა სისხლის ფასი — 800 ათასი ძველი კირმანეული თეთრი. ვახუშტი ბატონიშვილი თავის თხზულებაში ჩამოთვლილ კახეთის 13 სათავადო გვარს შორის ვაჩნაძეების საგვარეულოს მეექვსე ადგილზე ასახელებს და მას „უწარჩინებულეს და შემძლებელს“ უწოდებს. იოანე ბატონიშვილის თხზულებაში ჩამოთვლილ კახეთის 24 სათავადო გვარს შორის ვაჩნაძეების საგვარეულო დასახელებულია მეხუთე ადგილას.
ვაჩნაძეთა სამფლობელოები („სავაჩნაძო“) მდებარეობდა მდ. ალაზნის მარჯვენა მხარეს, კარდანახსა და თელავს შორის. ვაჩნაძეების საგვარეულო სასაფლაო იყო წმ. საბას ეკლესია (კარდანახის ჩრდილოეთით). სავაჩნაძო, ისევე როგორც კახეთის სხვა თავადთა სამფლობელოები, ერთიან სათავადოდ არ ჩამოყალიბებულა. ვაჩნაძეების ცალკეული სახლები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, განცალკევებით ფლობდნენ თავიანთ სამფლობელოებს. ამის შედეგად, ვაჩნაძეთა რამდენიმე განშტოება წარმოიქმნა. მათ შორის იოანე ბატონიშვილი მიუთითებს კარდანახელ ასათისშვილებს და მათ განაყოფებს — ბებურისშვილებს, ყაპანასშვილებს, გიორგისშვილებს, აიდემურისშვილებს, თამარიშვილებს და ომანისშვილებს; ბაკურციხელ აგათოშვილებს და კოლაგელ ონანაშვილებს. ამასთან, ონანაშვილები ყოფილან წარმოშობით სომხები, რომელთაც 1695 წელს ერეკლე I-ისგან ერთ-ერთი ამოწყვეტილი ვაჩნაძის მამული და გვარი მიუღიათ.
კახეთში ვაჩნაძეებს ეკავათ სხვადასხვა თანამდებობა: მეღვინეთუხუცესობა, ბოქაულთუხუცესობა, სხვადასხვა სამოურავოების, მ. შ. ქიზიყის, გავაზის განმგებლობა. ვაჩნაძეები აქტიურად მონაწილეობდნენ კონსტანტინე-ხანის წინააღმდეგ 1605 წლის მოწყობილ აჯანყებაში. 18 ოქტომბერს, ბელაქნის წყალზე მომხდარ ბრძოლაში თამაზ და ბებურ ვაჩნაძეებმა მოკლეს რენეგატი ბატონიშვილი — კონსტანტინე-ხანი. XVII საუკუნის მღელვარე მოვლენების (შაჰ აბას I-ის ლაშქრობანი კახეთში, ბრძოლა თეიმურაზ I-სა და როსტომს შორის, ბახტრიონის აჯანყება და სხვ.) დროს ვაჩნაძეების რამდენიმე სახლი ამოწყდა. ვაჩნაძეები იბრძოდნენ ერეკლე II-ის გვერდით 1751 წლის იანვარში აგრისწყალთან (აგრიჩაი) მომხდარ ბრძოლაში, 1755 წელს — ყვარლის ციხის ალყის გარღვევაში. მათ თავი ისახელეს 1800 წლის 7 ნოემბერს კაკაბეთთან, ნიახურას ველზე, ომარ-ხანთან მომხდარ ბრძოლაში, აქტიურად მონაწილეობდნენ კახეთის 1812 წლის აჯანყებაში.
1826 წლის 25 მარტს ვაჩნაძეებს, 1783 წლის ტრაქტატს თანდართული თავადაზნაურთა ნუსხის საფუძველზე, რუსეთის იმპერიის თავადობა დაუმტკიცდათ. 1850 წელს დამტკიცებულ ქართველ თავად-აზნაურთა ნუსხაში თავად ვაჩნაძეთა რამდენიმე ოჯახიც შედიოდა. ვაჩნაძეების გვარიდან გამოვიდა რუსეთის არმიის არაერთი გენერალი და ოფიცერი. ვაჩნაძეები აქტიურად მონაწილეობდნენ 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში. 1922-1924 წლების რეპრესიებს შეეწირა ვაჩნაძეთა სულ მცირე 11 წარმომადგენელი. ბევრი ვაჩნაძე ემიგრაციაში წავიდა, ზოგიერთი მათგანი მსახურობდა უცხოეთის ქვეყნების (საფრანგეთი, პოლონეთი, გერმანია) არმიებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ასათიანი ნ., საადგილმამულო ურთიერთობისა და სათავადოების არსებობის საკითხისათვის XVI–XVII სს. კახეთის სამეფოში, «თსუ შრომები», 1959, ტ. 77.
- ჯავახიშვილი ნ., თავად ვაჩნაძეთა საგვარეულოს ისტორიისათვის. – კრ.: «სამეცნიერო პარადიგმები», თბ.–ქუთ., 2009.
- ასათიანი ნ., ჯავახიშვილი ნ., ვაჩნაძეები // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
- Toumanoff Cyrille, Les maisons princières géorgiennes de l’empire de Russie, Rome, 1983. — p. 83.