კახეთის აჯანყება (1605)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კახეთის აჯანყება (მრავალმნიშვნელოვანი).

კახეთის აჯანყება 1605კახეთის მოსახლეობის ბრძოლა ირანის პოლიტიკის გამტარებელისა და კახეთის ტახტის უზურპატორის კონსტანტინე I-ის წინააღმდეგ.

აჯანყების მიზეზი

რედაქტირება

კონსტანტინე ბავშვობიდანვე მძევლად იმყოფებოდა შაჰის კარზე, სადაც მას სპეციალურად ზრდიდა შაჰ-აბასი. 1605 წელს გამუსულმანებული კონსტანტინე შაჰ-აბასმა ჯარით კახეთში დააბრუნა და საგამგებლოდ შირვანი უბოძა. მას შაჰის დავალებით შირვანი ოსმალთაგან უნდა გაეთავისუფლებინა და თვითონ დაეჭირა, რაშიც ალექსანდრე უნდა დახმარებოდა. შაჰმა კონსტანტინე საიდუმლოდ დამოძღვრა: „წადი და მოკალ მამა-შენი და ძმა-შენი და კახეთიც შენ დაიჭირე“[1]. ეს იმ შემთხვევაში უნდა მომხდარიყო, თუ კონსტანტინე მამასა და ძმას „ღალატს“ შეატყობდა. გიორგი ბატონიშვილმა მართლაც დაიწყო ყოყმანი შირვანზე გასალაშქრებელი ჯარის მისაცემად. კონსტანტინეს უნდა აესრულებინა შაჰის დავალება და კახეთი თვით დაეჭირა. ამით კახეთის საკითხი საბოლოოდ ირანის სასარგებლოდ წყდებოდა, რადგანაც ერთადერთი სხვა ტახტის მემკვიდრეც თეიმურაზი შაჰის კარზე იმყოფებოდა. ბრძოლა გიორგისა და კონსტანტინეს შორის მოსკოვისა და ირანის ინტერესების აშკარა შეჯახებას წარმოადგენდა.

1605 წლის 12 მარტს კონსტანტინე-მირზა მამას ეწვია და მოლაპარაკება გამართა თითქოს შირვანს სალაშქროდ ჯარის გამოყვანის თაობაზე. კონსტანტინემ კახელებს შირვანზე გალაშქრება მოსთხოვა, მაგრამ ალექსანდრე II სპარსეთ-ოსმალეთის ომის შესაძლო შედეგს ითვალისწინებდა და ომისაგან თავს იკავებდა. თათბირს ცხარე კამათი მოჰყვა. უკმაყოფილო კონსტანტინემ შაჰ-აბას I-ის დავალებითა და სპარსელების დახმარებით მისივე კარავში მოკლა მამა — ალექსანდრე II, ძმა — გიორგი, რუსთველი ეპისკოპოსი, მისი ძმა აბელი და რამდენიმე თავადი, ხოლო ალავერდის მიტროპოლიტი დაჭრეს.

 
„ქ~კს სჟგ ამა ქ~კსა მარტსა იბ დღესა სამშაბათსა დიდი და მაღალი ჴელმწიფე ბატონი ალექსანდრე აწამეს: ძე მისი და ებისკოპოსნი აწამნეს და კახეთი ააოხრეს ყიზილბაშთა.“
(ქრონიკები, II, გვ. 435)

კონსტანტინე მირზამ მამისა და ძმის მოკვეთილი თავები შაჰ-აბასს გაუგზავნა და თვითონ კახეთის ტახტი დაიჭირა. ასეთი იყო შაჰის დაპირება: „რა შირვანი დაიჭირო მამა შენი მოკალ და კახეთიც შენთვის მამიცემიაო“[2]. ეს ამბავი რუსი ელჩების თვალწინ დატრიალდა. კახეთის სამეფო სახლში გადატრიალებამ ტატიშჩევის დიპლომატია დაანგრია, ელჩები ჩქარა დარწმუნდნენ, რომ ამჯერად მოსკოვის მეფის პოლიტიკამ კახეთში მარცხი განიცადა. რუს ელჩებთან საუბარში კონსტანრინე ამტკიცებდა, რომ შაჰის ბრძანებით არ მომიკლავს მამა და ძმაო. გიორგი თურქეთის ფაშას დაუმოყვრდა და თურქებისათვის უნდოდა ქართული მიწის მიცემა, ამიტომ დაემართა ასე, მამა-ალექსანდრე კი ჩხუბში შემთხვევით მოიკლაო[3].

ამის შემდეგ კონსტანტინემ თავი კახეთის მეფედ გამოაცხადა.

ამ ფაქტმა კახეთში დიდი აღშფოთება გამოიწვია. მოსახლეობამ გამაჰმადიანებული კონსტანტინე I მეფედ არ მიიღო და იარაღს მოჰკიდა ხელი.

აჯანყება

რედაქტირება

1605 წლის აჯანყება ქიზიყიდან დაიწყო. კონსტანტინე I სასწრაფოდ გაემართა იქითკენ და დიდი საჩუქრებით, დაპირებებითა და შაჰის აგენტების დახმარებით მოახერხა აჯანყებულთა ასისთავების მოსყიდვა. მარტის დამლევს კონსტანტინე I გრემში ჩავიდა. აქ თავადებსა და სხვა თავკაცებს დიდი პატივი სცა, შაჰის სახელით შირვანში ლაშქრობა გამოაცხადა, მოლაშქრეებს დიდ ჯილდოს შეჰპირდა. ამით მან აჯანყება დროებით შეაჩერა. კახეთის მესვეურები, რომელთაც სათავეში მეფე დავით I-ის ქვრივი ქეთევან დედოფალი ედგა, გარეგნულად კონსტანტინეს ერთგულობდნენ, ფარულად კი აჯანყებისათვის ემზადებოდნენ.

კონსტანტინე I-მა კახეთის 10-ათასიანი ჯარით და ყიზილბაშთა ლაშქრით შირვანზე გადაილაშქრა და ქ. შემახას ალყა შემოარტყა. ალყა ძალიან გაჭიანურდა. კახთა ლაშქარი უკმაყოფილებამ მოიცვა. შეთქმულებმა ისარგებლეს მომენტით და ღამით კონსტანტინე I-ის კარავს დაეცნენ. რენეგატი გაიქცა, მეორე დილით კი კახ მოლაშქრეთა შეჩერება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. აჯანყებულები ბრძოლის ველიდან შინისკენ დაიძრნენ, ყიზილბაშები კი — ირანისკენ. აჯანყებულ კახთა მოციქულებმა აბას I-ს მორჩილება აღუთქვეს და მეფედ ქრისტიანი თეიმურაზი (დავით I-ის ძე, შემდეგში თეიმურაზ I) მოითხოვეს. შაჰმა, რომელიც ოსმალეთთან ომისათვის ემზადებოდა, ისინი იმედით გამოისტუმრა.

აჯანყებულებმა დახმარება სთხოვეს ქართლის მეფეს გიორგი X-ს, რომელმაც მათ პაპუნა ამილახვარი მიაშველა ზემო ქართლის ჯარით. ბრძოლა გაიმართა 22 ოქტომბერს ბელაქნისწყალზე, სადაც კონსტანტინე I-ის ლაშქარი დამარცხდა, ხოლო თვითონ ბრძოლაში დაიღუპა.

აჯანყების შედეგი

რედაქტირება

შაჰი თავრიზში იყო, როცა კახეთის აჯანყებისა და კონსტანტინეს მოკვლის ამბავი გაიგო. ამ დროს ირან-ოსმალეთის ომი მიმდინარეობდა და მას ამ ამბისათვის ყურადრების მისაქცევად არ ეცალა. 1606 წლის გაზაფხულზე შაჰმა ყარაბაღი აიღო და ქეთევან დედოფლის ელჩებიც ეახლნენ, თეიმურაზი კახეთის მეფედ სთხოვეს. „კახთ წარგზავნეს მოციქულნი ყაენთანა, შეეხვეწნენ და ითხოვეს ბატონი თეიმურაზ“[4]. ამასვე ადასტურებს ისქანდერ მუნშიც: „ქართველი დიდებული აზნაურები, რომლებიც კონსტანტინე ხანს ეწინააღმდეგებოდნენ და მის მოსპობას ცდილობდნენ, შაჰის კარზე მოვიდნენ, მორჩილება განუცხადეს ხელმწიფეს, ითხოვეს თავიანთი დანაშაულის პატიება და შეევედრნენ, რომ თეიმურაზი დაუდ-ხანის შვილი და ალექსანდრე ხანის შვილიშვილი, რომელიც ხელმწიფის სამსახურში იყო, იმ ქვეყნის მმართველად დაენიშნა“. შაჰმა დიდად იწყინა კახელების აჯანყება, მაგრამ არ შეიმჩნია, „სოფლის საფერისად ასრე ბრძანა: ხელიმც შერჩებისო, მამის მკვლელს უარესი უნდა დაემართოსო“[5].

კახეთის აჯანყებამ აიძულა შაჰი დათმობაზე წასულიყო. მან 1606 წელს კახეთის მეფედ ქრისტიანი თეიმურაზი დაამტკიცა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 4, თბ., 1967;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თვ., 1973;
  1. ბერი ეგნატაშვილი, გვ. 382
  2. ფ. გორგიჯანიძე, გვ. 318
  3. С. Белокуров, I, გვ. 485
  4. პარიჟის ქრონიკა ანუ ცხოვრება საქართველოჲსა, ზ. ჭიჭინაძის გამოცემა, თბ., 1903, გვ. 26
  5. ფარსადან გორგიჯანიძე, გვ. 19