აბას I (ირანი)

(გადამისამართდა გვერდიდან შაჰ-აბასი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბას I.

აბას I, შაჰ-აბას დიდად წოდებული (დ. 27 იანვარი, 1571 ― გ. 19 იანვარი, 1629) — ირანის შაჰი (1587-1629) სეფიანთა დინასტიისა, შაჰ-მუჰამად ხუდაბანდას ძე, მხედართმთავარი. მის დროს სეფიანთა ირანი პოლიტიკურად ძალზე გაძლიერდა და თავისი ძლიერების მწვერვალს მიაღწია.

აბას I
სეფიანთა ირანის მე-5 შაჰი
მმართ. დასაწყისი: 1587
მმართ. დასასრული: 19 იანვარი 1629
წინამორბედი: მუჰამად ხუდაბანდა
მემკვიდრე: სეფი I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 27 იანვარი 1571
დაბ. ადგილი: ჰერათი, ირანი
გარდ. თარიღი: 19 იანვარი 1629
გარდ. ადგილი: ყაზვინი, ირანი
შვილები: მუჰამედ ბაყერ სეფი მიზა
ჰასან მირზა
ჰუსეინ მირზა
თამაზ მირზა
მუჰამად მირზა
ისმაილ მირზა
იმამ-ყული მირზა
სრული სახელი: აბას მირზა მუჰამადი
დინასტია: სეფიანები
მამა: მუჰამად ხუდაბანდა
დედა: ჰაირ უნ-ნისა ბეგუმი
რელიგია: შიიტური ისლამი

დახასიათება

რედაქტირება

შაჰ-აბასი ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო. ქართული წყაროებით, იგი იყო „კაცი მცბიერი და მოყვარე მზაკვრობისა“[1], „მცბიერი, ხვანჯიანი, უნდო და მტერი ყოველთა მემკვიდრეთა“[2]. ასევე ახასიათებს მას თეიმურაზიც: „მძლავრი, უწყალო, ქრისტეანეთა მტანჯველი, ეროდიას წილ მჯდომელი, უბრალოს სისხლთა მჩქეფელი“. „ქვეყნის ამაოხრებელს“ უწოდებს შაჰ-აბასს არაქელ დავრიჟეციც. მართლაც, „დიდი, დიდი სახელმწიფო მოღვაწის უტყუარ ნიჭთან ერთად მას თანდაყოლილი ჰქონდა პირადი ხასიათის ისეთი თვისებები, რომლებიც მას ხშირად ადამიანურ სახეს უკარგავდნენ და კაცურ ქცევას ავიწყებინებდნენ. შაჰ-აბასი მცირე რამის გამოც ისეთს თავშეუკავებელ მრისხანებას იჩენდა ხოლმე, ისეთი ხშირად სრულიად უაზრო სისხლისზღვრა, შემაძრწუნებელი ვერაგობა და შემზარავი შურისძიება იცოდა თავის მახლობელთა წრეშიაც, რომ უნებლიეთ მისი გონებრივი ნორმალურობის შესახებ ეჭვი იბადება“[3]. ამასვე მიუთითებენ სხვა მკვლევარებიც[4].

საშინაო პოლიტიკა

რედაქტირება

აბას I-ის ტახტზე ასვლის პირველსავე წლებში გამუდმებული შინაფეოდალური ომებისაგან დასუსტებულმა ირანმა ოსმალეთთან ომში (1578-1590) მარცხი განიცადა. 1590 წელს აბას I იძულებული გახდა ოსმალეთთან დაედო ირანისათვის საზარალო ზავი. შემდეგ ენერგიულად შეუდგა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას. ებრძოდა ამირების სეპარატისტულ მისწრაფებებს, ყიზილბაშურ-თურქმანულ არისტოკრატიას სახელმწიფო და სამხედრო სარბიელზე დაუპირისპირა ირანის სამსახურში დაწინაურებული ქართველები, სომხები, ჩერქეზები (ე.წ. "ახალი არისტოკრატია"). მაგ., ისპაანის ტარუღა აუცილებლად ქართველი უნდა ყოფილიყო. ქართველებს ნიშნავდნენ ირანის პროვინციების ბეგლარბეგებად. ყულარაღასის თანამდებობაც ხშირად ქართველებს ეჭირათ. ქართველები დაწინაურდნენ კულტურულ სარბიელზეც.

აბას I-მა ჩაატარა სამხედრო რეფორმა. შექმნა მუდმივი ჯარი (თოფანქჩიებისა და ღულამთა ნაწილები), საარტილერიო პარკი (თოფხანე), ღულამთა გვარდია (ძირითადად ქართველებისაგან შედგებოდა). სამხედრო რეფორმის გატარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს გამაჰმადიანებულმა ქართველმა ალავერდი-ხან უნდილაძემ და ინგლისელებმა - ძმებმა ანტონ და რობერტ შერლებმა.

1598 აბას I-მა დედაქალაქი ყაზვინიდან ისპაანში გადაიტანა. ირანის ცენტრალური რაიონების აღორძინების მიზნით მშობლიური მიწიდან აყარა და ირანში გადაასახლა სომეხი ვაჭარ-ხელოსნები (1605) და ქართველი გლეხები (1616 - კახელების გადასახლება ირანში), ხელს უწყობდა ვაჭრობა-ხელოსნობისა და საქალაქო ცხოვრების განვითარებას.

საგარეო პოლიტიკა

რედაქტირება

აბას I დამპყრობლურ საგარეო პოლიტიკას ატარებდა. 1601-1602 წლებში დაიპყრო ბაჰრეინის კუნძულები. ოსმალეთთან ომების შედეგად (1603-1618 და 1623) აღადგინა ირანის ბატონობა ამიერკავკასიასა და ერაყში. 1597 წელს უზბეკებს წაართვა ხორასანი, 1622 წელს დიდ მოგოლებსყანდაარი. დიდ ყურადღებას აქცევდა აბრეშუმით ვაჭრობას, რაც შაჰის ხაზინის მონოპოლია იყო. ცდილობდა აბრეშუმის ექსპორტი ევროპაში აეცდინა ოსმალეთის საქარავნო გზებისათვის და სპარსეთის ყურით წარემართა. 1622 ოსტინდოეთის ინგლისის კომპანიის ფლოტის დახმარებით პორტუგალიელებს წაართვა კუნძული ჰორმოზი (კუნძულის აღებას ხელმძღვანელობდა იმამყული-ხან უნდილაძე).

ირანი და საქართველო

რედაქტირება

აბას I-ის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა საქართველოს საკითხს. ამიერკავკასიაში ბატონობის უზრუნველსაყოფად აბას I-ს აუცილებლად მიაჩნდა ქართლ-კახეთის ქრისტიანული სამეფოების ყიზილბაშურ-მაჰმადიანურ სახანოებად გადაქცევა. 1614, 1616 და 1617 წლებში ირანის ლაშქარი აბას I-ის მეთაურობით ოთხჯერ შემოესია ქართლ-კახეთს და ააოხრა (იხ. აბას I-ის ლაშქრობანი საქართველოში), 1624 წელს აბას I-ის ბრძანებით, სარწმუნოების შეცვლის მოთხოვნით, სასტიკად აწამეს კახეთის დედოფალი ქეთევანი, 1625 წელს კი აჯანყებული ქართველების წინააღმდეგ ისა-ხან ყორჩიბაშის სარდლობით კვლავ დიდი ლაშქარი გამოგზავნა (იხ. მარაბდის ბრძოლა 1625). ქართველთა აჯანყებებმა 1615, 1625 (იხ. მარტყოფის ბრძოლა) და შეუპოვარმა წინააღმდეგობამ აბას I-ის გეგმები ჩაშალა. შაჰი იძულებული გახდა საქართველოს მიმართ კომპრომისული პოლიტიკის გზას დასდგომოდა. აბას I-ის დროს ირანს გაცხოველებული სავაჭრო-ეკონომიური და დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან.

ცოლები და ხარჭები

რედაქტირება
სახელი ქორწინების ადგილი და თარიღი დაიბადა გარდაიცვალა მშობლები
მაჰდი ულია ყაზვინი, ნოემბერი, 1587 მუსტაფა-მირზა, შაჰ თამაზის ვაჟი
ოღლანფაშა ხანუმი ყაზვინი, ნოემბერი, 1587 სულთან ჰუსეინ-მირზას ქალიშვილი
ყაზვინი, 1591 მუჰამედ ხან აბასის ქალიშვილი
ფაჰრიჯაჰან ბეგუმი ივნისი, 1597 ქართლის მეფის, ბაგრატ VII-ს ქალიშვილი
თამარ ამილახვარი ანდუყაფარ ამილახვრის და
დარეჯან ბაგრატიონი სიმონ I-ის და
იაჰშენ ბეგუმი ისფაჰანი, 1 სექტემბერი, 1602 1586 ხან აჰმად ხანისა და მერიემ სულთან ბეგუმის ქალიშვილი
ელენე ბაგრატიონი 20 სექტემბერი, 1604 დავით I-ს ქალიშვილი
1607 დაღესტანის ბეგლარბეგის, რუსტემის ქალიშვილი
1607 თაბასარანლი მესუმ ხანის ქალიშვილი
ფატმან სულთან ბეგუმი (ლელა ბაგრატიონი) 1605 გიორგი X-ს ქალიშვილი
1610 შეიხ ჰეიდარ მუქრინის ქალიშვილი
სახელი დაიბადა გარდაიცვალა დედის სახელი
მუჰამედ ბაქერ სეფი-მირზა 15 სექტემბერი, 1587 25 იანვარი, 1615 თამარ ამილახვარი
სულთან ჰასან-მირზა 1588 18 აგვისტო, 1591
სულთან ჰუსეინ-მირზა 26 იანვარი, 1591
თამაზ-მირზა
მუჰამედ-მირზა 18 მარტი, 1591 1631
ისმაილ-მირზა 6 სექტემბერი, 1601 16 აგვისტო, 1613
იმამ ყული-მირზა 12 ნოემბერი, 1602 1632
შაჰზადე ბეგუმი 1629
ზუბეიდე ბეგუმი 4 ოქტომბერი, 1586 20 თებერვალი, 1632
ხანაღა ბეგუმი
ჰევა ბეგუმი
შაჰბანუ ბეგუმი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერძენიშვილი ნ., რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე, მის წგნ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 4, თბ., 1967;
  • გაბაშვილი ვ., ქართული დიპლომატიის ისტორიიდან (საქართველო და ანტიოსმალური კოალიციები XVI-XVII სს.), «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 31, გვ. 59-128;
  • მისივე, ქართული ფეოდალური წყობილება XVI-XVII საუკუნეებში, თბ., 1958;
  • ფალფასი ნ., ზენდეგანი-ე შაჰ-ე აბბას-ე ავვალ (შაჰ-აბას I-ის ცხოვრება), წგნ. 1-4, თეირანი, 1956-1962;
  • Петрушевский И. П., Очерки по истории феодальных отношений в Азербайджане и Армении в XVI - начале XIX вв., Л., 1949;
  • Bellan I., Chah Abbas I, P., 1932
  1. ბერი ეგნატაშვილი, გვ. 281
  2. ვახუშტი, გვ. 586
  3. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, V. თბ., 1953, გვ. I
  4. «Когда с ужасом узнаешь, что он велел убить своего сына Сефи Мирзу, старшего из всех и как по личным качествам, так и по любви народной подавшего большие надежды, а двух младших велел ослепить то почти хочется приписать ему помрачение рассудка» (А. Мюллер, История Ислама, III, СПБ, 1896, ст. 408)
აბას I (ირანი)
დაიბადა: 1571 გარდაიცვალა: 1629
წინამორბედი:
მუჰამად ხუდაბანდა
   ირანის შაჰი   
158719 იანვარი, 1629
შემდეგი:
სეფი