შაჰ აბასის ლაშქრობები საქართველოში

(გადამისამართდა გვერდიდან აბას I-ის ლაშქრობანი საქართველოში)

აბას I-ის ლაშქრობანი საქართველოში — ირან-ოსმალეთს შორის 1590 დადებული ზავით ამიერკავკასიაში ოსმალები გაბატონდნენ. 1603 წელს აბას I-მა დაარღვია ზავი და ომი გამოუცხადა ოსმალეთს. მისი მიზანი იყო აღმოსავლეთ ამიერკავკასიიდან ოსმალების განდევნა, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ქართლ-კახეთის დაპყრობა; განსაკუთრებით ისწრაფოდა ხელთ ეგდო კახეთის სამეფო, რომელიც XVI საუკუნის ბოლოდან რუსეთის ხელდებული იყო. აბას I-ის მიერ ერევნის აღების (1604) შემდეგ ოსმალებმა უბრძოლველად დატოვეს ლორეს, დმანისისა და თბილისის ციხეები.

1608 წლის ზაფხულში შაჰ-აბას I ქართლში შემოვიდა. ქართლი და კახეთი ირანის ვასალები გახდნენ. 1612 წელს ირან-ოსმალეთის ზავით აღმოსავლეთი ამიერკავკასია ირანის სამფლობელოდ გამოცხადდა. აბას I-ს არ აკმაყოფილებდა ქართლ-კახეთის ვასალობა, ამიტომ 1612 წელსაც შეუდგა ლაშქრობის სამზადისს. 1613 წლის 16 ოქტომბერს ირანის დიდი ლაშქარი ისპაანიდან საქართველოსკენ დაიძრა, გაიარა არდებილი და ყარაბაღში დადგა. აბას I ხმებს ავრცელებდა, თითქოს ოსმალეთზე გალაშქრებას აპირებდა და კახეთის მეფე თეიმურაზ I-ს ერთგულების ნიშნად მძევლები მოსთხოვა; ამავე დროს ოსმალეთის სულთანს აცნობა, რომ ქართლ-კახეთის დასჯა ჰქონდა განზრახული.

თეიმურაზმა აბას I-ს მძევლებად გაუგზავნა დედა - ქეთევან დედოფალი და მცირეწლოვანი ვაჟები ლევანი და ალექსანდრე. მოგვიანებით შაჰმა თეიმურაზიც იხმო. თეიმურაზი არ ეახლა და აბას I კახეთზე წამოვიდა. ირანის ლაშქარი კახეთში ორი მხრით - სამხრეთ-დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან შემოიჭრა (1614 წლის მარტი). კახეთის თავადობამ, რომლის ნაწილიც აბას I-ს წინასწარ ჰყავდა მოსყიდული, ბრძოლა არ ინდომა. უჯაროდ დარჩენილმა თეიმურაზ I-მა მცირე რაზმით ჟალეთთან ბრძოლაში ალყა გაარღვია და ქართლში გადავიდა. თავდაცვისათვის მზად არც ქართლის მეფე ლუარსაბ II აღმოჩნდა და ისინი იძულებული გახდნენ იმერეთის მეფეს გიორგი III-ს შეჰხიზნოდნენ. აბას I-ის ლაშქარი 50 დღე აოხრებდა და ძარცვავდა კახეთს. მტერმა ხელთ იგდო თორღას ციხეში გადამალული სამეფო განძი, მრავალი ტყვე და დიდძალი ქონება; მარტო ერწო-თიანეთიდან 30 ათასი ტყვე და 40 ათასი სული საქონელი წაასხა, ტყვედ წაიყვანა აგრეთვე კახეთში მცხოვრები სომხები, ებრაელები და შირვანდელი გლეხების დიდი ნაწილი; ალავერდის ტაძარი ციხესიმაგრედ აქცია და შიგ ირანელთა გარნიზონი ჩააყენა. აბას I-მა კახეთის ხანად გამაჰმადიანებული ბაგრატიონი ისა-ხანი (თეიმურაზ I-ის ბიძაშვილი) დანიშნა და ვექილად (მეთვალყურე-მრჩეველი) თავადი დავით ჯანდიერი მიუჩინა. მაისის შუა რიცხვებში აბას I ლაშქრით ქართლში გადავიდა, გორისა და სურამის ციხეების შეაკეთებინა და შიგ გარნიზონები ჩააყენა. შაჰმა იმერეთის მეფეს ლუარსაბ II-ისა და თეიმურაზ I-ის გაცემა მოსთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. შემდეგ მაინც მოახერხა ლუარსაბ II-ის ხელში ჩაგდება (1614 წლის 17 ოქტომბერი). ქართლის საქმეების მოგვარებისთანავე აბას I ძირითადი ლაშქრით ირანში დაბრუნდა. თანწაიყვანა ტყვეები და "შაჰ-სევანის" ("შაჰის მეგობარი") ლაშქარში "ნებით" ჩაწერილი რამდენიმე ათასი კახელი და ქართლელი მეომარი ოჯახებითურთ.

1615 წელს კახეთში აჯანყებამ იფეთქა. 1616 წელს აბას I-მა კვლავ გამოილაშქრა საქართველოზე. მას გადაწყვეტილი ჰქონდა მთლიანად მოესპო კახეთის მოსახლეობა - მამაკაცები გაეწყვიტა. ქალები და ბავშვები ტყვედ წაეყვანა და კახეთში თურქმანული ტომები ჩამოესახლებინა. შირვანის ბეგლარბეგი იუსუფ-ხანი აღმოსავლეთიდან შეიჭრა კახეთში ქ. ზაგემსა და მის მიმდგომ მხარეებს შეუტია. შაჰი კი ჯერ ქართლში შევიდა, თბილისში დადგა, ქართლის მმართველად ბაგრატ-ხანი (ბაგრატ VII) დანიშნა, შემდეგ კახეთში გადავიდა და ჯარი სხვადასხვა მხარეს შეუსია. თეიმურაზ I-ს არც ოსმალეთი დაეხმარა, არც ქართლის ფეოდალები მიეშველნენ და იგი იძულებული გახდა კვლავ იმერეთში გადახვეწილიყო. კახეთის მოსახლეობა უდიდეს გასაჭირში ჩავარდა. ნაწილი ალაზანს გაღმა გავიდამ იქ მიწაყრილები ააგო, წყლით სავსე თხრილები შემოავლო და თავდასაცავად მოემზადა. დიდი მსხვერპლის ფასად აბას I-მა ადიდებული ალაზანი გადალახა და 20 დღის განმავლობაში უტევდა კახელების სიმაგრეებს. უთანასწორო ბრძოლაში კახელები დამარცხდნენ. მხარე ნანგრევებად იქცა; მამაკაცთა უმრავლესობა მტერს შეაკვდა, ქალები და ბავშვები კი ტყვედ წაიყვანეს. მოკლულთა რიცხვი დაახლოებით 70 ათ. აღწევდა, ტყვედ წაყვანილთა კი 170 ათ. აჭარბებდა. შაჰმა კახეთში გარნიზონები დატოვა და თბილისზე გავლით ირანისაკენ გაემართა (1616 წლის ზაფხული). კახელებს ბრძოლა არ შეუწყვეტიათ.

1616 წლის ბოლოს აბას I-მა კახეთში დიდი ლაშქარი გამოგზავნა ისა-ხან ყორჩიბაშის მეთაურობით. მტერი ქიზიყს შეესია. კახელები დამარცხდნენ. ირანელებმა ამჯერად 20 ათ. ტყვე წაიყვანეს. კახეთის მოსახლეობა ისევ განაგრძობდა ბრძოლას. ამიტომ 1617 წლის გაზაფხულზე აბას I-მა კვლავ დალაშქრა კახეთი. პირველი ბრძოლა ხორნაბუჯის ციხესთან გაიმართა. თავგანწირული წინააღმდეგობის შემდეგ მეციხოვნეები იძულებული გახდნენ ციხე შაჰისთვის ჩაებარებინათ. მეომრებისა და მოსახლეობის ნაწილი ირანში გადაასახლეს, ნაწილი კი ბაგრატ-ხანის თხოვნით ქართლში გადაიყვანეს. შაჰის ჯარებს დიდი წინააღნდეგობა გაუწია ქიზიყის მოსახლეობამ. ბევრი მტერს შეაკვდა, ხოლო რამდენიმე ათასი კაცი, მეტწილად ქალები და ბავშვები, სპარსელებმა ტყვედ წაასხეს. აბას I-მა კახეთი ორად გაყო: ივრის დასავლეთი მხარე ბაგრატ-ხანს ჩააბარა, აღმოსავლეთი კი განჯის მმართველს ფეიქარ-ხანს გადასცა. დაცარიელებულ კახეთში თურქმანების ჩამოსახლება დაიწყო. ამის შემდეგ შაჰი თბილისზე გავლით ირანისაკენ გაემართა. კახელების მძიმე მდგომარეობის ისარგებლეს დაღესტნელმა ფეოდალებმაც, კახეთიდან მრავალი ტყვე წაიყვანეს და დიდძალი ქონება გაზიდეს. სამწლიანი (1614-1617) უთანასწორო ბრძოლების შედეგად კახეთის ზოგი ქალაქი და სოფელი სრულიად განადგურდა. ბრძოლებში 100 ათ. კაცი დაიღუპა, 200 ათ. კი ტყვედ წაიყვანეს და ფერეიდანში, მაზანდარანსა და ირანის ზოგიერთ სხვა პროვინციაში ჩაასახლეს. მნიშვნელოვანი ზარალი ნახა ქართლმაც, აბას I-მა ამ ლაშქრობებით ვერ დაიმორჩილა ქართველი ხალხი. ბრძოლა შემდეგშიც დიდხანს გრძელდებოდა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გვრიტიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XV-XVII სს.), წგნ. 2, თბ., 1965;
  • ჯამბურია გ., გიორგი სააკაძე, თბ., 1964;
  • ბერძენიშვილი ნ., რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე, მის წგნ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 4, თბ., 1967;
  • გაბაშვილი ვ., ქართული დიპლომატიის ისტორიიდან (საქართველო და ანტიოსმალური კოალიციები XVI-XVII სს.), «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 31, გვ. 59-128;
  • მისივე, ქართული ფეოდალური წყობილება XVI-XVII საუკუნეებში, თბ., 1958;
  • ფალფასი ნ., ზენდეგანი-ე შაჰ-ე აბბას-ე ავვალ (შაჰ-აბას I-ის ცხოვრება), წგნ. 1-4, თეირანი, 1956-1962;
  • Петрушевский И. П., Очерки по истории феодальных отношений в Азербайджане и Армении в XVI - начале XIX вв., Л., 1949;
  • Bellan I., Chah Abbas I, P., 1932