ბეგლარბეგი
ბეგლარბეგი (თურქულად — ბეგთა ბეგი) — ფეოდალური ტიტული და თანამდებობა (ბეგლარბეგის სინონიმებია არაბული ამირ ალ-უმარა — ამირთა ამირა, სპარსული მირ-მირანი). ოსმალეთის იმპერიაში ბეგლარბეგი პროვინციის (ვილაიეთის) მმართველი იყო, განაგებდა მის სამოქალაქო და სამხედრო საქმეებს, ომის დროს ლაშქარს სარდლობდა. სამხედრო-ადმინისტრაციული სამსახურისათვის ბეგლარბეგს ხელფასის ნაცვლად ეძლეოდა საკარგავი, ხასი (წლიური შემოსავალი 600 000-1 300 000 ახჩა). ბეგლარბეგი ორ ან სამ თუღს ატარებდა. ორთუღიან ბეგლარბეგს ფაშის ან მირმირანის ტიტული ჰქონდა, სამთუღიანს — ვეზირისა. 1864 წელს ეიალეთს ვილაიეთი დაერქვა (ადრე ეს სახელები პარალელური მნიშვნელობით იხმარებოდა), ხოლო ბეგლარბეგს — ვალი. ირანში ბეგლარბეგი დიდ პროვინციას მართავდა, მის ხელთ იყო სამხედრო-ადმინისტრაციული ხელისუფლება, ომის დროს კი ლაშქარს სარდლობდა. XVI-XVIII საუკუნეებში ბეგლარბეგობა ირანის ზოგიერთ მხარეში მემკვიდრეობითი გახდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- სვანიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 264.