დავით I (კახეთის მეფე)
დავით I (გ. 21 ოქტომბერი, 1602) — კახეთის მეფე 1601–1602 წლებში. ალექსანდრე II-ის ძე და თეიმურაზ I-ის მამა
დავით I | |
---|---|
კახეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | ოქტომბერი, 1601 |
მმართ. დასასრული: | 21 ოქტომბერი, 1602 |
წინამორბედი: | ალექსანდრე II |
მემკვიდრე: | ალექსანდრე II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1569 |
დაბ. ადგილი: | გრემი |
გარდ. თარიღი: | 21 ოქტომბერი, 1602 |
გარდ. ადგილი: | გრემი |
მეუღლე: | ქეთევან დედოფალი |
შვილები: | თეიმურაზ I, ელენე |
დინასტია: | ბაგრატიონები |
მამა: | ალექსანდრე II |
დედა: | თინათინ ამილახვარი |
მოღვაწეობა
რედაქტირებადავითი სამეფო კარზე მომხდარი გადატრიალების შემდეგ 1601 წლის ოქტომბერში გამეფდა. 1601 წელს ავადმყოფ მამას დავითმა სამეფო ნიშნების გამოგზავნა მოსთხოვა. ალექსანდრემ შვილს სამეფო დროშა, გვირგვინი, სარტყელი და ხმალი გაუგზავნა, თვითონ კი ბერად აღიკვეცა. უკვე 1602 წელს „მეფე კახთა დავით და დედოფალი ქეთევან და ძენი მათნი თეიმურაზ და ბაგრატ გლეხებს სწირავენ ნინოწმინდას“. ქართული წყაროების მიხედვით დავითი მრისხანე და ამაყი ყოფილა, ხოლო გიორგი ყმათათვის კეთილი და უხვი და ამისთვის უმეტეს მისდა მიივლტოდენ, ვიდრე დავითისა[1]. დავითის ცუდკაცობაზე ჩივოდნენ რუსი ელჩებიც: ივანე ნაშჩოკინი და ივანე ლეონტიევი.
დავითს უკმაყოფილო ფეოდალებმა გიორგი ბატონიშვილს სთხოვეს შეთქმულების ხელმძღვანელობა. გიორგი დათანხმდა და ძმის ღალატით მოკვლა განიზრახა, მაგრამ შეთქმულება გამჟღავნდა. დავითი თავზე წაადგა ძმას, როდესაც იჭურვებოდა, წამოიყვანა და „თორღის ციხეში პატიმარ-ყო“, თორმეტი მასთან შეფიცული კახელი ჭოეთის ციხიდან გადმოყარა და სხვები დააპატიმრა. ამ არეულობით ისარგებლა ნუგზარ არაგვის ერისთავმა და მეფეს განუდგა. დავით I-მა გამდგარი ერისთავი ისევ დაიმორჩილა და მძევლად შვილი ჩამოართვა. დავითი ამაზე არ შეჩერებულა. მამაც დააპატიმრა და კახეთს თვით განაგებდა. დავით I-ის მეფობის დროს კახეთში ჩამოვიდნენ რუსეთის სახელმწიფოს ელჩები, რომლებმაც დავით I-ს რუსეთის მეფის ერთგულების ფიცის წიგნი მიაღებიეს. ქართველი ელჩის კირილეს სიტყვებით, ალექსანდრეს საჯაროდ საშინელი წყევლით შეუჩვენებია შვილი, როცა ამ უკანასკნელმა ალავერდის ტაძრის კრიბჭესთან ააჩეხინა ალექსანდრეს ერთ-ერთი ერთგული ქვეშევრდომი. ექვსი თვე იბატონა დავითმა და შემდეგ რაღაც საშინელი სენით გარდაიცვალა 1602 წელს.
ოჯახი და შვილები
რედაქტირებადავითს ჰყავდა მეუღლე — ქეთევანი და სამი შვილი: ორი ვაჟი და ერთი ქალი. არ არის სწორი ვახუშტის ცნობა, რომ „დავითს დაშთა ქეთევნის თანა ძე მხოლო თეიმურაზ“. თეიმურაზი, როგორც ჩანს, დავითის უფროსი შვილი იყო და ბუნებრივია, მომავალში კახეთის ტახტის პრეტენდენტი და ალბათ, ამიტომ ზრდიდა მას პაპა ფუფუნებით. თეიმურაზს ძმაც ჰყოლია და დაც. იგი „გაზაფხულ-შემოდგომიანის“ 87-ე სტროფში უჩივის სოფლის სიმუხთლეს და ძმის და დის დაკარგვაზეც მოსთქვამს:
რად, სოფელო, სხვა არ დასწვი ჩემებრ, მე მქენ დასადაგე,
გლახ ლახვარი სასიკვდინე ყველა მე მკარ, დასად აგე:
დამიკარგე ძე, ასული, ძმა არ ვიცი, და სად აგე?
სხვა ნაყოფი მათებრ ტურფა რა აშენე, და სად აგე[2]?
საყურადღებოა არჩილის ცნობაც. არჩილი ათქმევინებს თეიმურაზს დედამისის მიმართ:
მას ჩემგმეტი არავინ შერჩა ძე, ასული, არც ვინ რძლობდა, მაგრამ ბედს არ ემდუროდა, რა მე მიველ, ღმერთს მადლობდა.
ეს ცნობა ეხება დაახლოებით 1605-1606 წლებს. ამ დროისათვის ქეთევანის ახლოს არ ყოფილა არცერთი შვილი. ვაჟიშვილებს ცოლები არ ჰყოლიათ.
1602 წლის ნინოწმინდის ერთ სიგელში ნათქვამია:
„ჩვენ ღვთივ გვირგვინოსანმან დედოფალთა დედოფალმან პატრონმან ქეთევან და სასურველსაყვარელთა ძეთა ჩვენთა პატრონმან თეიმურაზ და პატრონმან ბაგრატ შემოგწირეთ მცირე ესე შემოსაწირავი თქვენ ჩვენისა სასოებასა და სიქადულსა ჩვენსა მცველსა და მფარველსა წმინდასა ნინოს[3].“
|
1604 წლით დათარიღებულ სიგელში ბაგრატის ნაცვლად მოხსენიებულია ვახტანგი[4]. თედო ჟორდანია სამართლიანადდაუეჭვებია ამ სახელს. ამ დროისათვის მეფე დავითიც გარდაცვლილია და, შესაძლებელია, სიგელის ქორინიკონი არასწორადაა დასმული. ფაქტი ერთია, ამ ორი სიგელით დასტურდება, რომ თეიმურაზს ჰყოლია ძმა ბაგრატი თუ ვახტანგი. ისკანდერ მუნშიც ადასტურებს, რომ თეიმურაზს ჰყოლია უმცროსი ძმა, რომელსაც ქეშიში რქმევია. ამ სახელის მატარებელი ქართველი უფლისწულის არსებობა სხვა წყაროებით არ დასტურდება. „ქეშიშ“ სპარსულად ქრისტიანთა მღვდელს, მონაზონს, ბერს ნიშნავს[5]. ისკანდერ მუნში სხვა ცნობასაც გვაწვდის. იგი წერს: „ისინი (თეუმურაზი და მისი ძმა) იმ გვარის ზოგიერთ მანდილოსანთან ერთად მაღალ ბანაკში დადიოდნენ შაჰის სამსახურად“. მაშასადამე, ისკანდერ მუნშის ცნობით, თეიმურაზის უმცროსი ძმა მასთან ერთად მისულა შაჰთან. ამ ცნობას და საერთოდ თეიმურაზის ძმის არსებობას ადასტურებს ვახუშტიც: „პირველად დედისაგან წარგზავნილმან შესღვნა ძმა და ტყვენი შაჰაბაზს თეიმურაზ“. ამასვე იმეორებს არჩილი, რომელიც თეიმურაზს ათქმევინებს: „პირველ მიველ, ძმა მივართვი და მერმე დაც იქ ჩავგვარე“. მაშასადამე თეიმურაზი და მისი ძმა ქეტევანს ერთად გაუგზავნია შაჰ-აბასის კარზე დავითის სიკვდილის შემდეგ. სავარაუდოა რომ თეიმურაზს ძმა პატარაობაშივე დაეღუპა, რის გამოც ახლადნაკურთხ თეიმურაზს არჩილი ათქმევინებს: „ძმა არა მყვა და არცა ძე“.
დავით მეფეს ჰყავდა ქალიშვილი სახელად — ელენე. 1604 წლის აგვისტოში რუსეთის ელჩობა ჩამოვიდა საქართველოში. ელჩებს ტატიშჩევსა და ივანოვს დავალებული ჰქონდათ შეერჩიათ საცოლე ბორის გოდუნოვის ვაჟისათვის, ხოლო ასულისათვის საქმრო. ქართველი ელჩის კირილესგან მათ უკვე იცოდნენ, რომ ალექსანდრე მეფეს ჰყავდა შვილიშვილები: 17 წლის თეიმურაზი და 12 წლის ელენე. რუსის ელჩები თეიმურაზ ბატონიშვილის რუსეთში წაყვანას თხოულობდნენ, მაგრამ ამ დროს ირანის ელჩიც, მაჰმად-ბეგი, იმყოფებოდა კახეთში და თეიმურაზ ბატონიშვილისა და მისი დის წაყვანას ცდილობდა. ალექსანდრე მეფის დასტურით თეიმურაზი და მისი და ირანში გაიგზავნენ. რუსი ელჩები ქართლის მეფე გიორგისთან საუბარში აღნიშნავდნენ, რომ შაჰ-აბასმა წაჰგვარა ალექსანდრე მეფეს შვილიშვილი, გააუპატიურა და უკანვე დაუბრუნაო[6]. შემდეგ ელენე მეორედ მოხვედრილა შაჰის კარზე. როცა დაქვრივებული თეიმურაზი შაჰს ეახლა, უძღვნა „აწ მისრულმან დაი თვისი და ტყვენი ქალ-ყრმანი წარჩინებულთა კახთა შვილნი“, — გვეუბნება ვახუშტი. ფარსადან გორგიჯანიძის ცნობით, 1613 წელს, როცა შაჰი განჯაში მოვიდა და მძევლები მოითხოვა, თეიმურაზმა დედასა და შვილებთან ერთად გაგზავნა თავისი და ელენე[7]. თუმცაღა რუსეთის მთავრობის მიერ ირანის ელჩის თ. ი. ლეონტიევისადმი 1616 წლის 22 მარტამდე გაგზავნილ დანსაქმში (наказ), თუ როგორ აწარმოოს მოლაპარაკება შაჰ-აბასთან საქართველოს საკითხზე, აღნიშნულია, რომ თეიმურაზმა შაჰს მძევლად დედა და ცოლი მისცაო. 1617-1618 წლების ირანის ელჩებთან საქართველოს საკითზე წამოებული მოლაპარაკებების ჩანაწერებშიც თეიმურაზის დედისა და ცოლის ტყვედ წაყვანაზეა საუბარი[8]. ფაქტია, რომ ცოლი თეიმურაზს შაჰ-აბსისათვის მძევლად არ გაუგზავნია. შესაძლებელია, მართლაც თეიმურაზმა და-ელენე გაგზავნა და რუსეთის მთავრობის დანასაქმში შეცდომით დის ნაცვლად ცოლი წერია. დიდმოურავნიანის ხელნაწერებით შემონახული სათაურების ცნობითაც თეიმურაზმა თავისი და ელენე დედასთან ერთად გაუგზავნა შაჰ-აბასს[9]. 1618 წელს იღუმენი ხარიტონის ხელით გაგზავნილ წერილში თეიმურაზი წერდა რუსეთის მეფეს, რომ შაჰმა შემი და — დავით მეფის ასული მთხოვა ცოლად და დამპირდა ქრისტიანობას მივიღებო[10]. ამრიგად როგორც ჩანს, შაჰს ცოლად შეურთავს თეიმურაზის და ელენე, მაგრამ შემდეგ იგი მიუცია არა ლორისტანის ვალისათვის, როგორც ფიქრობს ა. ფურცელაძე, არამედ ელენე ცოლად ჰყოლია დაუდ-ხან უნდილაძეს და ალბათ გარკვეული წვლილიც მიუძღოდა თეიმურაზისა და დაუდ-ხანის კავშირში, როცა მათ შეერთებული ძალით განჯა-ყარაბაღი დაარბიეს.
შემოქმედაბა
რედაქტირებადავით I-მა სპარსულიდან თარგმნა „ქილილა და დამანას“ ქაშეფისეული ვერსიის დასაწყისი, ვახტანგ VI-ის ცნობით, „კუ და მორიელის“ არაკამდე. ცალკეული ხარვეზების მიუხედავად დედანი კარგი ქართულით არის გადმოცემული.
ლიტერატურა
რედაქტირება- ასათიანი ნ., გვახარია ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 333.
- მ. გუგუშვილი, „თეიმურაზ პირველის ცხოვრების გზა“, თბ. 1979
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ბერი ეგნატაშვილი, გვ. 381
- ↑ თეიმურაზ პირველი, თხზულებათა სრული კრებული, ალ. ბარამიძისა და გ. ჯაკობიას რედაქციით, ტგ., 1934
- ↑ ს. კაკაბაძე, ისტორიული საბუთები, IV, თბ., 1913, გვ. 3
- ↑ ქრონიკები, II, გვ. 434
- ↑ ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ, სპარსული ტექსტი ქართული თარგმანითა და შესავლითურთ, გამოსცა ვლ. ფუთურიძემ, თბ., 1969, გვ. 153
- ↑ С. Белокуров, «Сношения России с Кавказом», в I, М., 1889, გვ. 584
- ↑ ს. კაკაბაძე, ფარსადან გორგიჯანიძის ისტორია, ტფ., 1926, გვ. 21
- ↑ Т. Титвадзе, Материалы...., გვ. 140, 147
- ↑ „დიდმოურავნიანის“ 1959 წლის გამოცემის წინასიტყვაობა, გვ. XV, XVII
- ↑ М. Полиевктов, Материалы по истории грузинских взаимоотношении, Тб., 1937, გვ. 44
წინამორბედი: ალექსანდრე II |
კახეთის მეფე 1601 - 1602 |
შემდეგი: ალექსანდრე II |