ვაჩნაძიანის ღვთისმშობლის ეკლესია
ვაჩნაძიანის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის სამხრეთით, სამიოდე კილომეტრზე. განეკუთვნება XVIII საუკუნეს.
აღწერილობა
რედაქტირებაეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვით, გარეთა კუთხეები, შესასვლელები და სარკმლები გამოყვანილია კვადრატული აგურით. ეკლესია შიგნით და გარედან შელესილია. შესასვლელები სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. დასავლეთ კარი გარედან შეისრულითაღოვანია. შიგნით კი თარაზულადაა გადახურული. სამხრეთი შესასვლელი ორივე მხრიდან სწორკუთხაა. საკურთხევლის აფსიდი გეგმით ნახევარწრიულია. მისი იატაკი დარბაზის იატაკის მიმართ საფეხურითაა შემაღლებული და შუაში ნახევარწრიული ამბიონი აქვს მოწყობილი. აფსიდის ღერძზე გაჭრილია შეისრულთაღიანი სარკმელი, რომლის ორივე მხარეს თითო პატარა შეისრულთაღიანი ნიშაა, ერთი მსგავსი ნიშა ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშიცაა. აფსიდი დასრულებულია კონქით, რომლის თაღიც შეისრულია. შეისრულია კამარაც. იგი დაყრდნობილია ორ საბჯენ თაღზე ერთი მათგანი დარბაზის შუაშია. მეორე დასავლეთ კედელთან. შუა თაღი შეკიდულ პილასტრებზეა გადაყვანილი, დასავეთისა კუთხის პილასტრებზე. საკურთხევლის სარკმლის გარდა. თითო მსგავსი სარკმელი სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებშიცაა. ეკლესიის იატაკი მოგებულია კვადრატული აგურით. შიგნით სამი საფლავია, რომლებშიც დასაფლავებული არიან ჯანდიერთა გვარის წარმომადგენლები. ფასადები სადაა. დასავლეთ ფასადზე შესასვლელი ჩასმულია საფეხურით შეღრმავებულ სწორკუთხა არეში. რომელიც დასრულებულია აგურის ორსაფეხურიანი ხერხული ფრიზით. კარის ზემოთ სწორკუთხა ნიშაა. ორივე მოქცეულია მაღალი კედლის სიბრტყიდან დაახლოებით 10 სანტიმეტრით შვერილ ჩარჩოში, რომლის თავი კუთხით შვერილი აგურების წყობის ორი რიგითაა გამოყვანილი. ფასადზე ფრონტონის არეში. აგურის წყობით შეღრმავებული ჯვარია. ანალოგიური ჯვარია გამოსახული აღმოსავლეთ ფასადის ფრონტონზეც. კედლები დასრულებულია ლეკალური აგურით ნაწყობი ლავგარდნით. რომლის პროფილს შეადგენს: თარო, წრეთარგი და ლილვი. 2010 წელს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ადგილობრივმა მოსახლეობამ ეკლესია შეაკეთა. აღდგა ლავგარდნის დანგრეული ნაწილები, ეკლესია გადაიხურა ღარისებრი კრამიტით.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 104-105.