ვაჩნაძიანის პირველი ეკლესია

ვაჩნაძიანის პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის სამხრეთით, გუჯიაურებად წოდებულ ტერიტორიაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და დუღაბით. წყობა ირეგულარულია. ძლიერაა დაზიანებული: სახურავზე აყრილია კრამიტი და ზედ ხეებია ამოსული. ჩამონგრეულია ლავგარდანი, დაბზარულია კამარა, მონგრეულია გარე კუთხეები, ალაგ-ალაგ ჩამოცვენილია საპირე ქვები, კედლებს სიმაღლეზე ღრმა ბზარები დაუყვება. ეკლესიის დასავლეთი ფასადი დაახლოებით 1,2 მეტრ სიმაღლეზე დაფარულია მიწით. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი გარედან ნახევარწრიული თაღითაა გადახურული,ხოლო შიგნიდან თარაზულად. მის ზემოთ რიყის ქვით თარაზულად გადახურული პატარა სარკმელია. აღმოსავლეთით ნახევრადწრიული აფსიდია. აფსიდის ღერძზე გაჭრილია პატარა თაღოვანი სარკმელი, რომლის ღიობი შიგნიდან გარეთკენ ოდნავ მაღლდება. სარკმლის ორივე მხარეს თითო, შეისრული თაღით დასრულებული ნიშაა, ხოლო ქვემოთ რიყის ქვით ნაშენი ოთხწახნაგა ტრაპეზი. იატაკი მიწატკეპნილია. აფსიდი დასრულებულია ოდნავ დადაბლებული პროპორციების კონქით. შიგნით ეკლესია გადახურულია ნახევარწრიული კამარით. გარედან ეკლესიის დასავლეთ სარკმლის ძირი შირიმის კვადრატული ქვისაა, რაზეც ტოლმკლავა ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ეკლესიის დასავლეთით ფრონტონის წვერზე დადგმული ყოფილა გეგმით კვადრატული სამრეკლო.

ლიტერატურა

რედაქტირება