დუღაბი
დუღაბი — ხელოვნური ქვის მასალა, რომელიც მიიღება მჭიდა ნივთიერების, წყლისა და წვრილი შემვსების (ქვიშის) რაციონალურად შერჩეული ნარევის გამყარების შედეგად. გამყარებამდე მას დუღაბის ნარევს უწოდებენ. დუღაბს იყენებენ ქვის (აგური, ბუნებრივი ქვა, მსხვილი ელემენტები) კონსტრუქციების ამოსაყვანად, შენობათა გარე და შიგა ზედაპირების შესალესად, პანელებსა და მსხვილ ბლოკებზე დეკორატიული შრის დასადებად, ასაწყობ რკინა-ბეტონის ელემენტებს შორის ნაკერების შესავსებად, ჰიდროსაიზოლაციო, აკუსტიკური, რენტგენდამცველი ლესილების მოსაწყობად და სხვა.
გამყარებული მშრალი დუღაბი მოცულობით წონის მიხედვით შეიძლება იყოს მძიმე (1500 კგ/მ3 და მეტი) და მსუბუქი. მძიმე დუღაბის დასამზადებლად იყენებენ მკვრივი ქანების ბუნებრივი დაშლით ან ხელოვნურად (მსხვრევის შედეგად) მიღებულ სხვადასხვა სახის მძიმე ქვიშას (კვარცის, მინდვრის შპატებისა და სხვა), მსუბუქისათვის — ფოროვან ქვიშას (პემზის, ტუფის, წიდების, კერამზიტისა და სხვა).
დუღაბი მის დასამზადებლად გამოყენებული მჭიდა მასალის მიხედვით არის ცემენტის, კირის, თაბაშირის, გაჯის, აგრეთვე შერეული: ცემენტ-კირის, კირ-თაბაშირისა და სხვა. ზოგჯერ დუღაბის ნარევს უმატებენ სპეციალურ ნივთიერებებს (ორგანულსა და არაორგანულს). მჭიდა ნივთიერებას შეარჩევენ დუღაბის დანიშნულების, გამყარების, კონსტრუქციის ექსპლუატაციის პირობებისა და სხვათა მიხედვით. სეისმურ რაიონებში გამოსაყენებლად დუღაბს მოეთხოვება ქვასთან შეჭიდების დიდი სიმტკიცე, რისთვისაც დუღაბის ნარევი უნდა იყოს ადგილჩასხმადი, პლასტიკური და კარგი წყალდამჭერი. დაუშვებელია ცემენტის ნარევის გამოყენება პლასტიფიკატორების გარეშე. დუღაბის ფიზიკურ-მექანიკური თვისების მთავარი მახასიათებლებია კუმშვაზე სიმტკიცის ზღვარისა [0,4-იდან 20-მდე მეგნ/მ2 (4-იდან 200-მდე კგძ/სმ2)] (10-იდან 300-მდე) მარკები.
ლიტერატურა
რედაქტირება- წილოსანი ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 658.