სამების ეკლესია
სამების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების ვაჩნაძიანისა და კალაურის მიდამოებში. შვიდიოდე კილომეტრის მანძილზე. მაღალი მთის წვერზე. ყველაწმინდის სამონასტრო კომპლექსიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით ორასიოდე მეტრზე. ეკლესია ღრმა ხევის პირასაა აგებული. დროთა განმავლობაში ხევის ნაპირი ჩაშლილია, რის გამოც ეკლესიის აღმოსავლეთ ბოლო ქარაფზეა გადაკიდებული. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და დიდი ზომის, მეტ-ნაკლებად დამუშავებული შირიმის ქვით, კუთხეები ძირითადად გამოყვანილია დიდი ზომის გათლილი კვადრებით. გარედან კედლის ზედაპირის მნიშვნელოვანი ნაწილი გასწორებულია ბათქაშით, ხოლო შიგნით მთლიანად შელესილია. შესასვლელი დასავლეთიდანაა. იგი კედლის ღერძიდან ოდნავ სამხრეთითაა გადაადგილებული. კარი გარედან გადახურულია აგურით ნაწყობი ნახევარწრიული თაღით. შიგნით სწორკუთხაა. შესასვლელის წინ, ფასადის გასწვრივ ქვით ნაშენი, დაახლოებით 1,5 მეტი სიმაღლისა და 1 მეტრი სიგანის ბაქანია რომელსაც სამხრეთ ბოლოში მოწყობილი აქვს ოთხსაფეხურიანი კიბე. ეკლესიის დარბაზი გეგმით კვადრატულია. აღმოსავლეთიდან მას ერთვის ღრამ ნალისებრი აფსიდი, რომელიც დარბაზისგან მოკლე მხრებითაა გამოყოფილი. აფსიდში მცირე ზომის სწოკუთხა სარკმელი და ორი პატარა კვადატული ნიშაა სამხრეთ და ჩრდილოეთ გვერდებში. ერთი პატარა სწოკუთხა სარკმელია გაჭრილი სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ბოლოში. საკუთხევლისა და დარბაზის იატაკი ერთ დონეზეა. აფსიდის შუაში დგას ოთხწახნაგა ტრაპეზი. დასავლეთ კედელს საფეხური გასდევს. შიგნით ეკლესია გადახურულია არაწესიერი ნახევარწრიული სხმული კამარით.
მხატვრობა
რედაქტირებაეკლესია მოხატულია. მხატვრობა სტილისტურად უკავშირდება პოსტბიზანტიურ ეპოქას. კერძოდ XVI საუკუნის ე. წ. „ხალხური მხატვრობის“ მიმდევართა დიდ ჯგუფს, რომლებსაც ვხდებით საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. მხატვრობის ფრანგმენტები შემორჩენილია საკურთხეველში კამარის ორივე გვერდზე. დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე მოხატულობა დაყოფილია ორ რეგისტრად. დარბაზის აღმოსავლეთით კამარის სამხრეთ გვერდზე წარმოდგენილია უფლის შობა, დასავლეთით ნათლისღება; კამარის ჩრდილოეთ გვერდის დასავლეთით ჯვარცმა. აღმოსავლეთით საკურთხევლისკენ შებრუნებული ვედრების ნიშნად ხელაპყრობილი ფიგურა. დასავლეტ5 კედლი სამხრეთ მონაკვეთზე ზემოთ, ისევე როგორც კონქში წარმოდგენილია უფლის დიდება. ტახტზე მჯდომარე ქრისტეს მარჯვნივ და მარცხნივ მისკენ შებრუნებული, თაყვანისცემის ნიშნად ხელაპყრობილი ორი ანგელოზი დგას. ერთ-ერთი ანგელოზის უკეთ შემონახული გამოსახულების ნიშნად ჩანს, რომ ორივე ანგელოზს სფერო და დახვეული გრაგნილი უჭირავს. იქვე კედლის ჩრდილოეთ მონაკვეთზე გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით, რომელიც მიბრუნებულია მისკენ მიმათული ხელაპყრობილი მთავარანგელოზისკენ ყრმა ერთი ხელით აკურთხებს, მეორეში გრაგნილი უჭირავს. კომპოზიციის შესახებ ორი მოსაზრება არსებობს: პირველი, რომ ეს არის ნაკლებად გავრცელებული რედაქციის მიხედვით შესრულებული ხარება; მეორე, რომ ეს არის ღვთისმშობლის დიდება, ადგილის სიმცირის გამო წარმოდგენილია მხოლოდ ერთი მთავარანგელოზის თანხლებით. ამავე კედელზე ქვემოთ გამოსახულია წმინდა მეომრის ფრონტალური ფიგურა. მოხატულობის იკონოგრაფიაში ხაზგასმულია როგორც ქრისტეს, ისე ხვთისმშობლის დიდების ამსახველი თემები. ღვთისმშობლის შარვანდს დასავლეთ კედელზე და ფონს ამავე სცენაში აგრეთვე ჯვაცმაში ამკობს უთუოდ სიმბოლური დატვირთვვის მქონე ყვავილის სქემატურასდ შესრულებული მოტივი. თავისებურია მხატვრობის საერთო აგებულება: გამოსახულებები ერთ სასურათე სიბრტყეზე არიან განლაგებულნი გამყოფი ვერტიკალური ხაზების გარეშე. გამოსახულებათა ზედა და ქვედა რიგები რეგისტრის ხაზით მკაფიოდ არ არის განცალკევებული. ლაკონურია ცალკეულ კომპოზიციათა გადაწყვეტა. შემცირებულია მონაწილეთა და პეიზაჟის ელემენტების რაოდენობა. სტატიკურ ფიგურათა ჟესტიკულაცია თავშეკავებულია. ხშირად მათ ვედრების თუ თაყვანისცემის გამოსახატავად ხელები აქვთ აპყრობილი. განწყობა გადმოცემულია თვალების, გუგების და წარბების ვარირებით. სახეთა გამომეტყველება უმთავრესად უშვალოა. აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის ღიობი შედგება ვერტიკალურად განლაგებული და ერთმანეთზე გადაბმული სამი წრისგან, რომლებიც შირიმის ერთ ქვაში არის გამოკვეთილი. სარკმელს ირგვლივ ევლება ჩაკვევით გამოყვანილი ნახევარწიულთავიანი ჩარჩო.
ფასადი
რედაქტირებადასავლეთ ფასადზე შესასვლელის ზემოთ, ფრონტონის ფუძის დონეზე წყობაში ჩასმულია შირიმის მოზრდილი კვადრატული ფილა რომელზეც ფონის ჩაღრმავებით გამოსახულია რელიეფური ჯვარი. კედლები დასრულებული ყოფილა შირიმის პროფილირებული ლავგარდნით. ეკლესია გადახურული ყოფილა ბრტყელი და ღარისებრი კრამიტით.
რესტავრაცია
რედაქტირება1999-2000 წლებში ძეგლზე ჩატარდა სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები. ეკლესიის კონსტრუქციული გამაგრების მიზნით კედლების ქვეშ მოეწყო რკინაბეტონის საძირკველი; საპირე წყობის ჩამოცვენილი ქვები დაუბრუნდა თავის პირვანდელ ადგილს, ხოლო მორყეულები გამაგრდა; ბზარები შეივსო კირის ხსნარით; აღდგა შირიმის ლავგარდანი; ეკლესია გადაიხურა კრამიტით; დასავლეთ ფასადის წინ აღდგა კიბე; გრძივი კედლები გასწვრივ მოეწყო რიყის ბრტყელი ქვებისა და კირის დუღაბის სარინელი, ეკლესიის კლდეზე გადაკიდებული ნაწილის ირგვლივ კი შემოსასვლელი.
გალერეა
რედაქტირება-
ტაძრის ხედი
-
მხატვრობა
-
მხატვრობა
-
მხატვრობა
-
მხატვრობა
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ. დევდარიანი ფ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 196-198.