ვაჩნაძიანის ნადარბაზევი

ვაჩნაძიანის ნადარბაზევი — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში, მდებარეობს სოფლის ჩრდილო აღმოსავლეთით დაახლოებით 2 კილომეტრზე, ხეხილის ბაღებში.

შენობა სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებითაა წაგრძელებული, შედგება სწორკუთხა მოხაზულობის ორი დიდი ოთახისგან, რეებიც ერთმანეთისგან ყრუ კედლითაა გამიჯნული, სამხრეთით მდებარე ოთახი გეგმით თითქმის კვადრატულია (შიგნითა ზომები: 10.3x9,1 მ); ხოლო მეორე ოდნავ მომცროა და სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებითაა წაგრძელებული (შიგნითა ზომები: 10x7,2 მ); შენობა ნაგებია რიყის ქვითა და კირის დუღაბით. ძლიერ დაზიანებულია. დანგრეულია ორივე ოთახის კედლების უმეტესი ნაწილი, შემორჩენილ კედლებზე და ინტერიერში ამოსულია მცენარეები. კედლებიდან ყველაზე უკეთ ოთახების გამმიჯნავი კედელია (სიმაღლე დაახლოებით 7 მეტრი) შემონახული. სამხრეთით მდებარე ოთახს შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია, (შემორჩენილია ორივე წირთხლის ნაწილი), ოთახის სამხრეთ დასავლეთით კუთხეში. მიწიდან 0.5 მეტრ სიმაღლეზე მოწყობილია სწორკუთხა ნიშა. ჩრდილოეთით მდებარე ოთახის შესასვლელი აღმოსავლეთ კედლის სამხრეთ ბოლოშია. ამ ადგილას კედლის დიდი ნაწილი განგრეულია და კარის გადახურვის კვალი აღარ ჩანს.

ლიტერატურა რედაქტირება