კამარახევის სამაროვანი
კამარახევის სამაროვანი — ძვ. წ. V—III სს. სამაროვანი სოფელ წიწამურის (მცხეთის რაიონი) სამხრეთით, მდინარე არაგვისა და მისი შენაკადის დიდი კამარახევის მარცხენა ნაპირზე გაშლილ ვაკეზე. 1953, 1976-1977 გათხარეს (ანდრია აფაქიძე, რ. რამიშვილი, თ. ჯღარკავა) 111 სამარხი.
ორმოსამარხებიჩაჭრილია თიხნარში 1,25-2 მ სიღრმეზე. ოვალურ ან სწორკუთხა ორმოსამარხებში დაკრძალული იყო თითო, იშვიათად 2, ხელფეხმოკეცილი მიცვალებული. მამაკაცები დაკრძალული იყვნენ მარჯვენა გვერდზე, ქალები — მარცხენაზე. მიცვალებულს აფარებდნენ ქსოვილს ან ტყავს, იშვიათად ფოთლებიან ტოტენს, შემდეგ აყრიდნენ მცირეოდენ მიწას (50-70 სმ) და რიყის ქვებს, ქვაყრილს ისევ მიწით ფარავდნენ.
ქვის სამარხები გაჩნდა სამაროვნის არსებობის გვიანდელ საფეხურზე. კედლები ნაგები იყო ბრტყელი ლოდებით და ზოგჯერ ასეთივე ქვებით იყო გადახურული. მიცვალებულები ჩასვენებული იყვნენ ხელფეხმოკეცილ მდგომარეობაში. თავქვეშ ამოდებული ჰქონდათ ბრტყელი რიყის ქვა. სამარხებში აღმოჩნდა წითლად და ლეგამონაცრისფროდ გამომწვარი და წერნაქით მოხატული ჭურჭელი. ქალების სამარხებში — სამკაული (ბრინჯაოს სამაჯურები, ცილინდრულთავიანი საკინძები, ზარაკები, ძეწკვები, ილარი, მძივები და ბეჭდები). მამაკაცების სამარხებში — საბრძოლო იარაღი (რკინის შუბისწვერი, მოხრილი დანა, მახვილ-სატევარი და სხვა). კამარახევის სამაროვანში აღმოჩენილი სამტუჩა ხელადების, სამფეხა ჯამებისა და ტოლჩების მსგავსი მასალა მოგვიანებით გვხვდება ალაზან-იალოილუთეფეს კულტურაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- მცხეთა. არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგები, ტ. 2, თბ., 1978;
- რამიშვილი რ., კამარახევის სამაროვანი, «მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის», 1959, ტ. 2;
- რამიშვილი რ., ქსე, ტ. 5, გვ. 343, თბ., 1980