მცხეთის მუნიციპალიტეტი

(გადამისამართდა გვერდიდან მცხეთის რაიონი)

მცხეთის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის დუშეთის მაზრაში შედიოდა, 1917-29 წლებში — ტფილისის მაზრაში, 1930-34 წლებში ცალკე რაიონია, 1938 წლამდე თბილისის გარეუბნის რაიონს დაექვემდებარა, შემდეგ კვლავ ცალკე რაიონია. ამჟამად მუნიციპალიტეტი.

ადმინისტრაციული ერთეული
მცხეთის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
ადმ. ცენტრი მცხეთა
კოორდინატები 41°50′35″ ჩ. გ. 44°43′10″ ა. გ. / 41.84306° ჩ. გ. 44.71944° ა. გ. / 41.84306; 44.71944
მერი დიმიტრი ზურაბიშვილი     
ფართობი 806 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 55 651 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 69,05 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 92 %
აზერბაიჯანელები 4,2 %
ასურელები 1,3 %
ოსები 1,2 %
სომხები 0,5 %
რუსები 0,3 %[1]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 94,2 %
მუსლიმები 4,1 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ოფიციალური საიტი https://mtskheta.gov.ge/
მცხეთის მუნიციპალიტეტი — საქართველო
მცხეთის მუნიციპალიტეტი
მცხეთის მუნიციპალიტეტი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
მცხეთის მუნიციპალიტეტი

მცხეთის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით ესაზღვრება საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, დასავლეთით კასპის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტები, სამხრეთით გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები და ქალაქი თბილისი. მცხეთის მუნიციპალიტეტის ფართობია 805 კმ². მუნიციპალური და რეგიონის ცენტრი — ქალაქი მცხეთა.[3]

მცხეთის მუნიციპალიტეტი მოქცეულია ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქში. მუხრან-საგურამოს ვაკეზე ჰავა ზომიერად ნოტიოა, იცის ცხელი ზაფხული და ზომიერად ცივი ზამთარი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 10,8 °C, ნალექიანობა — 590 მმ წელიწადში. მთის ქედებზე კი ჰავა შედარებით გრილია. საშუალო მთის ზონაში კლიმატი ზომიერად ნოტიოა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული.[3]

მუნიციპალიტეტის ტერიტორია ძირითადად დაბალ და საშუალო მთიანია, სიმაღლე ზღვის დონიდან 670-1600 მ-ის ფარგლებში იცვლება.[3]

გეოგრაფია

რედაქტირება

მცირე მიწიანობის მიუხედავად მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ბუნებრივი პირობების მიხედვით, მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში იჭრება საშუალო სიმაღლის განედური საგურამოს ქედი, რომელიც იალნოს ქედის დასავლეთ გაგრძელებას წარმოადგენს. საგურამოს ქედი მის თხემურ ნაწილში პლიოცენის კონგლომერატებითაა აგებული. სამხრეთ ფერდობზე კი განვითარებულია ზედა სარმატის თიხები და კირქვიანი ქვიშაქვები. უმაღლესი წერტილია საგურამო (1392 მ). საგურამოს ქედი თავისი უკიდურესი დაბოლოებებით ქალაქ თბილისშიც იჭრება.

მუნიციპალიტეტის სამხრეთ-დასავლეთით აღმართულია საწკეპელას ქედი, რომელიც ქმნის თრიალეთის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ განშტოებას. მნიშვნელოვანი მთებია: ტაბარუკი (1466 მ) და ვერეს დიდგორი (1648 მ). ქედის თხემი ქალაქ მცხეთასთან 667 მ აბსოლუტური სიმაღლისაა. საწკეპელას ქედის აღმოსავლურ დაბოლოებას ეწოდება არმაზის ქედი, რომლის სიმაღლე 1121 მ-მდეა.

მდინარეებს არაგვსა და ქსანს შორის გაწოლილია სხალტბის სერი, რომელიც კუესტუსებურია და გამორჩეულია თავისი მაღალი ფლატით, რომელიც ნეოგენური კონგლომერატებით არის აგებული. სხალტბის ქედის სიგრძე 12 კმ-ია, ხოლო სიმაღლე 1091 მ. აქ არის წარმოდგენილი ბედლენდური რელიეფი, რომელიც შემოსილია ქსეროფილური მცენარეულობით.

მცხეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის ასევე მსხალდიდის, სათიბისა და საბადურის ქედების გარკვეული ნაწილები. მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი მორფოლოგიური ელემენტია მუხრან-საგურამოს ვაკე, რომელიც წარმოადგენს მესამეულის წყებებში მოქცეულ ახალგაზრდა ტექტონიკურ დეპრესიას, რომლის ღერძი ქვაბულის მიმართულებას ემთხვევა. მუხრან-საგურამოს ქვაბულის ფსკერი აგებულია მდინარე არაგვისა და ქსნის პირველი ტერასის აკუმულაციური რიყნარით.

შიგა წყლები

რედაქტირება
 
მტკვრისა და არაგვის შესაყარი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაედინება საქართველოს უმნიშვნელოვანესი მდინარე მტკვარი. სოფელ ძეგვთან მტკვარი შედის ძეგვის კლდეკარში. ძეგვის კლდეკარის გაგრძელებას მცხეთის ქვემოთ წარმოადგენს მუხათგვერდის ხეობა, რომელიც ზემო ავჭალამდე მიდის. ორივე ამ ხეობას ეწოდება მცხეთის ვიწრობი, რომელიც საერთო ჯამში წარმოადგენს მტკვრის გამკვეთ, ვიწრო და კლდოვან ხეობას.

მუნიციპალიტეტის ფარგლებში მტკვრის მთავარი შენაკადებია: ხეკორძულა, არაგვი და დიღმისწყალი.

არაგვი მუნიციპალიტეტს ეკუთვნის სოფელ მისაქციელიდან ქალაქ მცხეთამდე. არაგვი ზემო და შუა დინებაში მთის მდინარეა. მუნიციპალიტეტში შემოსვლის შემდეგ კი ვაკის. მუხრან-საგურამოს ვაკეზე მდინარე იშლება, იტოტება და საკმაოდ ფართო ჭალას აჩენს. განვითარებულია ტერასები. შესართავთან სხალტბისა და საგურამოს ქედებს კვეთს და ისე ჩაედინება მტკვარში. არაგვის მთავარი შენაკადებია ნარეკვავი (სიგრძე 47 კმ) და თეზამი (28 კმ).

ხეკორძულა (სიგრძე 12,8 კმ) იწყება თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. იკვებება თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წლის დანარჩენ დროს კი წყალმცირობაა. საშუალო წლიური ხარჯი 0,31 მ³/წმ.

დიღმისწყალი (სიგრძე 22 კმ) სათავეს იღებს საწკეპელას ქედზე. საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლებით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა ზამთარში.

მცხეთის მუნიციპალიტეტის დასავლეთ საზღვართან ჩამოედინება მდინარე ქსანი. მუნიციპალიტეტში არის ტბებიც, მ.შ. წოდორეთისა და მუხათგვერდის ტბები. მოიპოვება არტეზიული წყლებიც.

მცხეთის მუნიციპალიტეტი მოქცეულია ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქში. მუხრან-საგურამოს ვაკეზე ჰავა ზომიერად ნოტიოა, იცის ცხელი ზაფხული და ზომიერად ცივი ზამთარი. ჰაერის საშუალო წლიური ტრემპერატურაა 10,8 °C, იანვრის -1,1 °C. ნალექები 590 მმ წელიწადში.

მუხრან-საგურამოს ქვაბულში ქარებს მნიშვნელოვანი სიჩქარე აქვთ (წლიურად საშუალოდ 3,6 მ/წმ). სხალტბისა და საგურამოს ქედებზე ჰავა ზომიერად ნოტიოა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული.

ნიადაგები

რედაქტირება

მუხრან-საგურამოს ვაკეზე გაბატონებულია ალუვიური კარბონატული და მდელოს ყავისფერი ნიადაგები. მდელოს ყავისფერი ნიადაგებია აგრეთვე მტკვრისპირა ვაკეზე და თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთის მთისწინეთში. ფართოდაა გავრცელებული ასევე ტყის ყავისფერი ნიადაგები. სხალტბის, საგურამოსა და თრიალეთის ქედებზე გვხვდება ტყის ყომრალი ნიადაგი. მდინარეთა ტერასებზე გაბატონებულია ალუვიური თიხნარი კარბონატული ნიადაგი.

ლანდშაფტები

რედაქტირება

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ლანდშაფტის შემდეგი სახეები:

  1. ჯაგეკლიანი სტეპი ტყის ელემენტებით, მდელოს ალუვიურ კარბონატულ ნიადაგებზე;
  2. ჯაგრცხილნარ ჯაგეკლიანები ტყის ყავისფერ და ყომრალ ნიადაგებზე;
  3. ჯაგეკლიანი სტეპი მუხნარ-რცხილნარით, ტყის ყომრალი დამლაშებული და ბიცობიანი ნიადაგებით;
  4. მუხნარი და მუხნარ-რცხილნარი ტყის ყავისფერ ნიადაგებზე;
  5. ბალახეულობა ჯაგეკლიანი ბუჩქნარით ტყის ყავისფერ ნიადაგებზე;
  6. ჭალის ტყის ლანდშაფტი.

ფლორა და ფაუნა

რედაქტირება

ტყესა და ბუჩქნარს უკავია მთელი ტერიტორიის მხოლოდ 17 %. თუმცა ფლორა მრავალფეროვანია.

მუხრან-საგურამოს ვაკეზე არის ჯაგეკლიანი სტეპი ტყის ელემენტებით – შავჯაგა, გრაკლა, ძეძვი, ქართული ნუში, ბერსელა. საგურამოს ქედის კალთები შემოსილია ფოთლოვანი (მუხა, რცხილა, წიფელი) ტყით. არის ასევე რელიქტური კოლხური ელემენტები: ბაძგი, სურო და ბზა.

სხალტბის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე გარდა ჯაგეკლიანი სტეპისა არის ტყეც: ქვემო ნაწილში მუხნარ-რცხილნარია; მაღალ ადილებში კი წიფლნარი. სხალტბის ქედის სამხრეთ კალთის ტყეში შეჭრილია კოლხური ფლორის მცენარეულობა (თაგვისარა). არმაზის ქედის ჩრდილო კალთაზე არიდული ნათელი ტყეა, სადაც უმეტესად ხარობს ღვია.

ლისის ქედის კალთებზე ვხვდებით ხელოვნური ტყის კორომებს (უმეტესად ფიჭვს). მდინარე დიღმისწყლის ზემოთში არის ნაძვნარი, არაგვის ნაპირებზე კი არის ჭალის ტყეები, სადაც ხარობს დაბლობის მუხა, ტირიფი, ვერხვი და თელა. ფლორით მდიდარია ასევე საგურამოს ნაკრძალი, რომელშიც გამოვლინებულია 50-ზე მეტი სახეობის ხე და ბუჩქი, რომელთაგან აღსანიშნავია რცხილა, წიფელი, თელა, მუხა, პანტა და სხვ.

მდიდარია მუნიციპალიტეტის ფაუნა. ფაუნის სიმდიდრეს უპირველეს ყოვლისა განაპირობებს საგურამოს ნაკრძალი, რომელიც დაარსდა 1946 წელს. ძუძუმწოვარი ცხოველებიდან აქ გავრცელებულია კავკასიური ირემი, შველი, კავკასიური მურა დათვი, მგელი, მელა, ტურა, ფოცხვერი, კურდღელი, მაჩვი, თეთრყელა კვერნა, წავი, ძილგუდა, გარეული ღორი, დედოფალა და სხვ.

ორნითოფაუნას ქმნის მწყერი, გარეული მტრედი, კაკაბი, ყვავი, კაჭკაჭი, ქორი, ხოხობი და სხვ.

მტკვარში მოიპოვება მტკვრის ტობი, მტკვრის წვერა, მურწა, ხრამული, გველანა და სხვ.

მოსახლეობა

რედაქტირება

მცხეთის მუნიციპალიტეტში 60 დასახლებული პუნქტია, მათ შორის 1 ქალაქი (მცხეთა) და 59 სოფელი. ქალაქი მცხეთა მუნიციპალური ცენტრია და მისი მოსახლეობა 7940 კაცია, ანუ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 14,3 %. მუნიციპალიტეტის გამგეობის მონაცემებით, მუნიციპალიტეტში 9900 იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს.[3] დიდი სოფლებია წეროვანი (8,2 ათასი) და მუხრანი (6,2 ათასი).

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: არაშენდა, აღდგომელაანთკარი, ახალდაბა, ახალი ნიჩბისი, ახალსოფელი, ახალუბანი, ბევრეთი, ბიწმენდი, ბურიანი, გალავანი, გოროვანი, ერედა, ვაზიანი, ვარდისუბანი, ზაქარო, ზემო ნიჩბისი, თეზამი, კარსანი, კევლიანი, კოტორაანთკარი, ლელუბანი, ლისი, მამკოდა, მისაქციელი, მსხალდიდი, მუხათგვერდი, მუხათწყარო, მუხრანი, მშრალხევი, ნავაზი, ნავდარაანთკარი, ნატახტარი, ნაფეტვრები, ნახშირგორა, პატარა ქანდა, საგურამო, სათოვლე, სასხორი, სხალტბა, უფურეთი, ფრეზეთი, ქვემო ნიჩბისი, ქსანი, ქსოვრისი, შანკევანი, ჩარდახი, ციხისძირი, ცხვარიჭამია, ძალანთხევი, ძალისი, ძეგვი, ძველი ქანდა, წეროვანი, წილკანი, წინამძღვრიანთკარი, წიწამური, წოდორეთი, ხეკორძი, ჯიღაურა.

2007 წელს ქალაქ თბილისს შეუერთდა დაბა ზაჰესი და სოფლები: აგარაკი, გლდანი, დიდგორი, დიღომი, თხინვალა, ზურგოვანა, ძველი ვეძისი, თელოვანი.[4] 2014-2017 წლებში მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში არ შედიოდა ქალაქი მცხეთა. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებია გალავნის, ლისის, მისაქციელის, ნატახტრის, მუხრანის, ნიჩბისის, საგურამოს, ქსნის, ქსოვრისის, ცხვარიჭამიის, ძეგვის, წეროვნის, წილკნის თემები.

აღწერის მონაცემები

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა
1989 63 123
2002 65 248  
2014 55 651  
2020[5] 53 200  

პოლიტიკა

რედაქტირება

საკრებულო

რედაქტირება
პარტია 2017[6] 2021[7] ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 23 19                                      
  ნაციონალური მოძრაობა 2 7                                      
  საქართველოსთვის 1                                      
  პატრიოტთა ალიანსი 2                                      
  ევროპული საქართველო 1                                      
  ლეიბორისტული პარტია 1                                    
სულ 29 27  

ეკონომიკა

რედაქტირება

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ამიერკავკასიის რკინიგზის ხაზი, საქართველოს სამხედრო გზა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები. აქ მდებარეობს ამიერკავკასიაში პირველი ჰიდროელექტროსადგური — ზაჰესი, მოქმედებდა მრავალი სხვადასხვა პროფილის საწარმო, რომელთა დიდი ნაწილი გაჩერებულია. სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია მებოსტნეობა-მებაღეობა, მევენახეობა, მეხილეობა, მეცხოველეობა, მოჰყავთ მარცვლეული.

მუნიციპალიტეტში 49 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 1 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 41 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 4 მუზეუმი: მცხეთის ხელოვნებისა და ისტორიულ-ხუროთმოძღვრული მუზეუმ-ნაკრძალი, ი. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი (სოფ. საგურამო).

ღირსშესანიშნაობანი

რედაქტირება

მცხეთის მუნიციპალიტეტის მთავარი ღირშესანიშნაობანია: ქალაქი-მუზეუმი მცხეთასვეტიცხოვლის და სამთავროს კომპლექსები, მცხეთის ჯვარი, ბებრისციხე, არმაზციხე, პომპეუსის ხიდი, აგრეთვე ზაჰესი, ზედაზნის კომპლექსი, ქსნის ციხე, ნასტაგისის ნამოსახლარი, შიომღვიმის კომპლექსი, ისტორიული სოფლები — დიდგორი, მუხრანი, წილკანი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უკლება დ., ზარდალიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 257-258.
  • მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964;
  • უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტები და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები, თბ., 1974.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Ethnic composition of Georgia 2014
  2. georgia-religion2014
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 პროგრამა — საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-20. ციტირების თარიღი: 2016-09-04.
  4. თბილისის ადმინისტრაციული რუკა
  5. მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
  6. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017. ცესკო. ციტირების თარიღი: 2024-01-02[მკვდარი ბმული]
  7. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021. ცესკო. ციტირების თარიღი: 2024-01-02[მკვდარი ბმული]