ქსნის ციხე, მტკვრის ციხე, მტვერის ციხე, კონსტანტილაბათიშუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე ქსნისა და მტკვრის შესართავთან, სარკინეთის მთაზე. კონტროლს უწევდა მნიშვნელოვან სტრატეგიულ გზასაყარს. XVI საუკუნის დასაწყისში ააგო ქართლის მეფის კონსტანტინე II-ის ძემ, ბაგრატმა, თავის ძმასა, ქართლის მეფე დავით X-სა (1505-1525) და კახეთის მეფე ავ-გიორგის (1511-1513) შორის მიმდინარე ბრძოლების დროს.

ქსნის ციხე
ქსნის ციხე (ხედი ზემოდან)

ციხე დგას სარკინეთის მთაზე, სოფელ ციხისძირის მიდამოებში, მდინარეების მტკვრისა და ქსნის შესაყართან, ქსნის მარცხენა ნაპირზე. აგებული 1511-14 წლებში.

ქსნის ციხე (ზამთარი)

1512 წელს ქართლის მეფის, დავით X -ის (1505-1525 წწ.) უმცროსმა ძმამ, ბაგრატმა საუფლისწულოდ მუხრანი და შიდა ქართლის სადროშოს სპასპეტობა ითხოვა, სამაგიეროდ კახეთის მეფე ავგიორგისთან შებრძოლება იკისრა. დავითი დათანხმდა ძმას. ქსნის ციხე ბაგრატ მუხრანბატონმა საუფლისწულო მამულების მიღებისთანავე ააგო. როცა ავგიორგიმ ციხის აგების ამბავი გაიგო, წამოვიდა ჯარით და ციხეს ალყა შემოარტყა. ალყა სამ თვეს გაგრძელდა, მაგრამ უშედეგოდ. ავგიორგიმ ბაგრატს დაცინვით ღვინო გაუგზავნა და შეუთვალა — შენ მეფის ძე ხარ და რამდენი ხანია ღვინის გემო არ გინახავსო. ბაგრატს კი ჭაში ცოცხალი ორაგული ჰყავდა, გაუგზავნა ორაგული და თან შეუთვალა — სამი თვეა ქსანზე დგახარ და ორაგული არ გიგემია, აჰა, ეს ცოცხალი იგემეო. ავგიორგი დარწმუნდა, რომ ციხე უზრუნველყოფილი იყო სანოვაგითა და სასმელი წყლით, ალყა მოხსნა და უკუიქცა.

1513 წელს ავგიორგი მეორედ შემოესია ქართლს. ბაგრატმა ის შეიპყრო და ქსნის ციხეში გამოამწყვდია. „შემდგომად მცირედისა ჟამისა მოაშთვეს ავგიორგი ციხესა მას შინა და მოკუდა.“ 1746 წელს ძლიერ დაზიანებული ციხე კონსტანტინე მუხრანბატონმა თითქმის ხელახლა ააგო, რაზეც მოგვითხრობს ციხის შესასვლელის თავზე ამოკვეთილი კარგად შემონახული სამშენებლო წარწერა.

ქსნის ციხის ასასვლელი გაზაფხულობით

ქსნის ციხეს პირვანდელი სახე შეცვლილი აქვს და ამჟამად სანახევროდ დანგრეულია. ციხე კარგად არის შერწყმული გარემოსთან, აქედან კარგად ჩანს მდინარეების მტკვრისა და ქსნის ხეობები. მისასვლელი სამხრეთ-დასავლეთიდანაა. ციხის პირველი სამშენებლო ფენა (1511-14 წწ.) მთლიანად რიყის ქვითაა ნაგები, მეორე ფენაში კი (1746 წ.) აგურიცაა გამოყენებული. პირველი სამშენებლო ფენიდან შემორჩენილია გალავნის კედლების ქვედა ნაწილი, ბურჯებისა და ორი კოშკის ნაშთი.

ჩრდილო-დასავლეთით, გალავანზე გარედან მიშენებულია ცილინდრული კოშკი (მეორე სამშენებლო ფენა). გალავნის კუთხე შიგ ცილინდრშია შეჭრილი. კოშკი ორსართულიანია. მესამე სართული ქონგურებიანი ბანია. პირველი სართულის იატაკში ქვევრებია ჩაფლული. ორივე სართულს მაღალი სარკმლები აქვს. ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ცილინდრული კოშკის პირველი სამშენებლო ფენიდან შემორჩენილია ორი ყრუკედლებიანი სართული. მეორე სამშენებლო პერიოდში კოშკისათვის ირგვლივ კედლები შემოუშენებიათ, ამით მისი დიამეტრი 2 მეტრით გაზრდილა.

კოშკების საბრძოლო ელემენტები — სათოფურები, საზარბაზნეები, სალოდეები შემკულია განსხვავებული დეკორატიული წყობით. კედლები სხვადასხვა სიმაღლეზე დასრულებულია ნახევარწრიული ქონგურებით. მათ ქვემოთ, 1-2 მეტრის დაცილებით ნისკარტა სალოდეებია, უფრო ქვემოთ კი — სათოფურები. ეზოში ჭისებრი წყალსაცავია. ციხეს წყლით ამარაგებდა წყალსადენი (კერამიკული მილები), რომელიც ქედს მიჰყვება. მისი სათავე ციხიდან აღმოსავლეთით რამდენიმე კილომეტრზეა.

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა რედაქტირება

  • ზაქარაია პ., საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები, თბ., 1973;
  • გვასალია ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 187.
  • ზაქარაია პ., ქსნის ციხე, თბ.,1960.
  • ბერიძე ვ., XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, ტ. I, თბ.,1983.
  • ციციშვილი ირ., ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1995.
  •  
    ქსნის ციხე
    საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5 თბ. 1990.

სქოლიო რედაქტირება