სხალტბის სერი — დაბალი კუესტური სერი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს კვერნაქის ქედის აღმოსავლეთ ნაწილს. გაწოლილია მდინარეებს ქსანსა და არაგვს შორის. სიგრძე 12 კმ, ფართობი 74 კმ², ხოლო ტოპოგრაფიული ზედაპირის ფართობი 195,8 კმ².[1] მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 1095,1 მ (მთა გოგოთისერი). სხვა მთებიდან მნიშვნელოვანია სხალტბა (1091 მ). ჩრდილოეთი კალთა დამრეცია, სამხრეთი — ციცაბო, განსაკუთრებით ფლატეა მდინარე არაგვისაკენ ორიენტირებული კალთა და ძეგვსა და მცხეთას შორის მდებარე მონაკვეთი.[2]

სხალტბის სერი
კოორდინატები: 41°51′54″ ჩ. გ. 44°39′00″ ა. გ. / 41.865222° ჩ. გ. 44.650000° ა. გ. / 41.865222; 44.650000
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მცხეთის მუნიციპალიტეტი
უმაღლესი წერტილი გოგოთისერი
სიმაღლე 1095,1 
ფართობი 74 კმ²
სიგრძე 12 კმ
სიგანე 2–4 კმ
ამგებელი ქანები კონგლომერატი, თიხა და ქვიშაქვა
სხალტბის სერი — საქართველო
სხალტბის სერი
სხალტბის სერი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
სხალტბის სერი

აგებულია მოლასური ტიპის ნეოგენური ქანებით, მ. შ. კონტინენტური კონგლომერატებით, თიხებითა და ქვიშაქვებით. ღვარცოფული წვიმებისგან ნიადაგის ხშირი გადარეცხვის გამო მისი ქვედა ნაწილი ბედლენდური რელიეფით ხასიათდება. მონოკლინურ-ტექტონიკურ-ეროზიული დაბალი სერია. ჩრდილო დამრეცი კალთა თანდათან გადადის მუხრან-საგურამოს ვაკეში, სამხრეთით ციცაბოდ ეშვება მტკვრის ხეობაში. დანაწევრებულია მშრალი ხევებითა და ხრამებით.[3]

განვითარებულია ყავისფერი ნიადაგები, ხოლო სამხრეთ კალთებზეა თიხნარი და თიხნარქვიშიანი ბედლენდური ნიადაგები.[4] გაბატონებულია წიწვოვანი ნათელი ტყე. სხალტბის სერის სამხრეთ კალთაზეა შიომღვიმე. არის მრავალი ხელოვნური გამოქვაბული. ფერდობებზეა სოფლები: სხალტბა და გოროვანი. სერის ჩრდილოეთ ფერდობზე გაშენებული იყო შიომღვიმის წყალსადენი.[5]

  1. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. თბ., 1972. ტ. 67. გვ. 105–106. (N1).
  2. უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება, თბილისი, 1968.
  3. უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტები და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები, თბ., 1974.
  4. მ. საბაშვილი. საქართველოს სსრ ნიადაგები : [მონოგრაფია], თბილისი, მეცნიერება, 1965.
  5. „საქართველოს არქეოლოგია“ / რედ: აფაქიძე ა., თბილისი: თსუ გამომცემლობა, 1959. — გვ. 387–388.