ახალი არმაზის სამაროვანი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში

ახალი არმაზის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტში, რკინიგზაზე ბაქანის სამხრეთით, ფერდობის ძირას, არმაზისა და მარტაზის ხევებს შორის. ჩრდილოეთით მას მდინარე მტკვარი ესაზღვრება, სამხრეთით — თრიალეთის ქედის კალთები. თარიღდება გვიან ანტიკური ხანითა და ადრიან ფეოდალური ხანით. 1976 წელს გათხარა მცხეთის მუდმივმოქმედმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი — ა. აფაქიძე).

სამარხები ჩადგმული იყო 1,8 მეტრის სიღრმეზე. მათ განივ კედლებად ქვიშაქვის თითო ფილაა გამოყენებული, ხოლო გრძივი კედლები ნაგებია ნატეხი ქვითა და ტალახით. სამარხები მოზრდილი ფილებით. ზოგ სამარხზე შემორჩენილია შელესილობის კვალი. რამდენიმე სამარხზე აღმოჩნდა ვერტიკალურად აღმართული ქვიშაქვის ფილის ნატეხი (სამარხის მრავალგზის გამოყენების ნიშანი). მიცვალებულები დაკრძალულია გულაღმა, გაშოტილი, თავით დასავლეთისკენ. III საუკუნის სამარხებში მიცვალებულთა ქრისტიანული წესით დაკრძალვა მოწმობს, რომ დიდი მცხეთასა და მის შემოგარენში ქრისტეს თემები არსებობდა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე.

სამარხებში აღმოჩნდა: ოქროს, ვერცხლისა და რკინის ბეჭდები, საყურეები, მინისა და პასტის მძივები, ბრინჯაოს საკინძები, სამაჯური, თიხისა და მინის სანელსაცხელებლები, პართული მონეტა.

სამაროვანის აღმოსავლეთით გამოვლინდა მძლავრი კულტურული ფენა, რომელიც შეიცავდა ადრეული ფეოდალური ხანის დიდძალ კერამიკას, რომელთა შორის მძლავრადაა კერამიკული წუნი (სამეთუნეო სახელოსნო), აგრეთვე ნატეხი ქვითა და თიხით ნაგები კედლები.

ლიტერატურა რედაქტირება