გლდანი (სოფელი)
გლდანი (ძველი სახელწოდება — გრდანი) — სოფელი თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მდებარეობს საგურამოს ქედის სამხრეთ კალთის ძირში, მდინარე გლდანისხევის ორივე ნაპირზე, მცხეთიდან 15 კმ, ზღვის დონიდან 580 მ.
სოფელი | |
---|---|
გლდანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | თბილისი |
რაიონი | გლდანი |
კოორდინატები | 41°49′29″ ჩ. გ. 44°49′34″ ა. გ. / 41.824750° ჩ. გ. 44.826278° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 580 მ |
მოსახლეობა | 3669 კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 96,4 % სომხები 1,4 % ეზიდები 0,7 %[1] |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ეტიმოლოგია
რედაქტირებასახელწოდება გლდანი მიგვითითებს მრავლობით ფორმაზე; როგორც ცნობილია, იგი რამდენიმე დასახლებულ პუნქტს ერქვა.
XVIII საუკუნის ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონი რამდენიმეჯერ მოიხსენიებს ამ დასახლებულ პუნქტს „გრდანის“ სახელწოდებით: „ხოლო ხეობა გრდანისა და მდინარე მისი გამოსდის ზადაძნის შესართავს ერწოს მთას, დის გრდანამდე ჩდილოდან სამხრით“[2]. მის მიერვე შედგენილ რუკებზე და სოფლების სიაში ორი გრდანი არის აღნიშული და კიდევ ერთი დუმაგრდანი. იოანე ბაგრატიონიც „ქართლ-კახეთის აღწერაში“ გრდანის სახელს მოიხსენიებს (ორი სოფელი). გრდანი აღნიშნულია 1788 წლის საბუთში [3], 1825 წლის სტატისტიკურ აღწერაში[4], XIX საუკუნის ათეულობით რუკაზე და სხვა. XX საუკუნის დასაწყისიდან საბოლოოდ დამკვიდრდა სახელწოდების ფორმა გლდანი. ასეა 1926 წლის მოსახლეობის აღწერის მასალებსა და 1930 წლის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ დაყოფაში. ვახუშტისა და იოანე ბაგრატიონების მიერ აღნიშული „დუმაგრდანი“ XIX საუკუნეში გამქრალა.
ადგილობრივ მოსახლეობაში შემორჩენილ თქმულებათა შორის ერთ-ერთის მიხედვით ვახტანგ VI-ის ლაშქარმა გლდანთან დაამარცხა ლეკების ლაშქარი და იქვე მდებარე „წვეტიან ქვასთან“ მოკლა ლეკების სარდალი გალდანი, რის შემდეგაც ამ დასახლებას გალდანი უწოდეს, რომელიც შემდეგ გლდანის სახელით შეიცვალა. თუმცა აღსანიშნავია, რომ თვით ფაქტი და მოვლენა სახელწოდების წარმოშობის დაკავშირებაზე ყოვლად გაუმართლებელია, რადგან ეპოქები ერთმანეთს არ ემთხვევა. საქმე ისაა, რომ ვახტანგ მეექვსე XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში მოღვაწეობდა, ხოლო ლეკების შემოსევები საქართველოში („ლეკიანობა“) XVI საუკუნეზე ადრე არ გადადის; სახელწოდება გლდანი კი XII საუკუნის წყაროებში უკვე დადასტურებულია. XV ს-ში სომხურ ანდერძში გლდანი „გლგანად“ მოიხსენიება[5].
სახელწოდების თავდაპირველი ფორმა უნდა ყოფილიყო გარდანი. გარდანი ნიშნავს გარდამავალს — მთისა და ბარის თავშეყრის ადგილს. სწორედ მთასა და ბარს შორის გარდამავალ ზონაში მდებარეობს გლდანი. სახელწოდება გარდანიდან ჯერ ამოვარდნილა პირველი ხმოვანი ა, შემდეგ რ ქცეულა ლ-დ და საბოლოოდ გლდანის სახელით გარდაქმნილა. შესაბამისად დასახლების პირვანდელი სახელწოდების ფორმა გარდანი უნდა ყოფილიყო, რომელიც ჯერ გრდანის, შემდეგ კი გლდანის სახელით გარდაქმნილა.
ისტორია
რედაქტირებაგლდანი ძველად რამდენიმე დასახლებულ პუნქტს ერქვა. მისი ტერიტორია მოიცავდა მდინარე გლდანისხევის დიდ ნაწილს. გლდანი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი ე. წ. „ცხვრის გზაზე“.
თავდაპირველად იგი კახეთის სამთავროს შემადგენლობაში შედიოდა. ისტორიულ წყაროებში გლდანი პირველად მოხსენიებულია თამარ მეფის ისტორიკოსის ბასილი ეზოსმოძღვრის თხზულებაში —„ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“. მასში აღნიშულია: — „... დააწყუეს კარითგან ქალაქისათა ჴევამდე გლდანისა ტყუე ყოველი...“[6]. დავით აღმაშენებლის მიერ კახეთის შემოერთების შემდეგ გლდანი სამეფო სახლის განკარგულებაში გადავიდა.
გლდანი განსაკუთრებით ხშირად იხსენიება XVI საუკუნე-XVIII საუკუნეების საბუთებში[7]. მათ შორის უნდა დავსახელოთ 1579 წლის საბუთი რომელშიც აღნიშნულია, რომ ალექსანდრე კახთა მეფემ განუახლა სვეტიცხოველს გლდანში ღაჭიძეების შეწირულობა, სეხნია ჩხეიძის „ცხოვრება მეფეთა“[8], იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“[9], XV საუკუნის სომხური ანდერძი [5]. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ გლდანი კახეთის სამეფოს შემადგენლობაშია და მისი ყმა-მამულის დიდი ნაწილი კახეთის თავადთა შორის უწარჩინებულეს და შემძლებელ ჯანდიერებს ეკუთვნის[10]., ხოლო ნაწილი — ისევ სვეტიცხოვლის მონასტერს. 1579 წელს კახთა მეფემ ალექსანდრე II-მ სვეტიცხოველს განუახლა მამულები გლდანში. XVI-XVIII საუკუნეებში ჯანდიერისშვილებს გლდანის ყმა-მამულების ნაწილს გურამიშვილები ედავებოდნენ. კახეთის სამეფო კარი ცდილობდა სვეტიცხოვლისათვის წაერთმია ყმა-მამული და თავის ვასალებისათვის გადაეცა. შუა საუკუნეების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის საფუძველზე გლდანი, ისე როგორც მთელი კახეთი სამეფო, შედიოდა რუსთველის სადროშოში, რომელსაც რუსთველი ეპისკოპოსი უძღვებოდა. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ სოფელი ტფილისის გუბერნიის თიანეთის მაზრაში შევიდა.
საბჭოთა პერიოდში მიეკუთვნა მცხეთის რაიონს და იყო სასოფლო საბჭოს ცენტრი, რომელშიც შედიოდა სოფლები გლდანი, ლელუბანი, მამკოდა და მშრალხევი. მოქმედებდა მეცხოველეობის მეურნეობა, სარკის, საფუტკრე ინვენტარისა და სხვა საწარმოები, ვეტერინარული და ვირუსოლოგიური ლაბორატორიები. 2007 წელს შეუერთდა თბილისს.
ისტორიული ძეგლები
რედაქტირებასოფელ გლდანში მდებარეობს შემდეგი მატერიალური კულტურის ძეგლები:
- წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ეკლესია
- ვეჯინის კომპლექსი
- გაურკვეველი დანიშნულების დარბაზული ნაგებობა — სამშენებლო წარწერით თარიღდება 1898 წლით. ირგვლივ შეინიშნება რამდენიმე საფლავის ქვა ქართული წარწერით. მდებარეობს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის სკვერში. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ძეგლი მიმართულია აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით. აღმოსავლეთის მხარეს არ აქვს საკურთხევლის მომრგვალებული ნაწილი.
- ეკლესია ღვთისმშობელი
- რიყიანის წმინდა გიორგის ნაეკლესიარი — XII საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესია, რომლის ნაშთი და წარწერებიანი ქვები აღმოჩნდა 1942 წელს აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის სახლის მშენებლობის დროს.
- იყდრიას საყდარი — გლდანის დასახლებით ჩრდილოეთით სერზე დგას პატარა გვიან შუასაუკუნეების დარბაზული ეკლესია. ნაგებია რიყის ქვით. დასავლეთის მხრიდან აქვს კარი, ხოლო დანარჩენ კედლებზე თითო სარკმელი. აფსიდი სწორკუთხაა და რამდენიმე ნიშია შიგნით კედელში.
- სამონასტრო სკოლა — აკურთხეს 1897 წლის 20 იანვარს (გაზეთი „ივერია“), რომლის შენობა უფასოდ დაუთმია ექიმ სპირიდონ ვაწაძეს. იგი 1897 წლის 8 ივნისს კი ამავე სკოლის მეთვალყურედ დაინიშნა. აღნიშნული სასწავლო დაწესებულების ბაზაზე შეიქმნა სამი ჯგუფისაგან შემდგარი სკოლა — ქართული, რუსული და საღმრთო სჯული. ამ სასწავლებლის ხელმძღავანელი იყო ქართველი პედაგოგი გიორგი ფარადაშვილი. ახლა ეს სკოლა ასზე მეტი წლისაა და მისი აღზრდილი დამსახურებული მოღვაწის, პროფესორის — შალვა გოგიძის სახელს ატარებს. სკოლაში არაერთი გამოჩენილი ადამიანი გაიზარდა: პროფესორები: შალვა გოგიძე, კარლო მგალობლიშვილი, დოცენტები დავით ლორთქიფანიძე, ნუგზარ ღოღაძე, ექიმი ეკატერინე გიორგობიანი და სხვა მრავალი.
- გლდანში ცხოვრობდნენ ცნობილი ფალავნები: კულა გლდანელი, გიორგი ოდიშვილი, ვანო წმალაშვილი, გურამ სიმონიშვილი, ზაქარია მუხიშვილი და სხვა.
- წმინდა თომას, ღვთაების და წმინდა ბარბარეს ნიშები[11] — 1901 წლის 09 დეკემბერს ადგილობრივმა მღვდელმა ი. ანდრიაშვილმა აკურთხა სამი სამლოცველო ნიში. დილის 10 საათზე დაიწყო წირვა, რომელზეც გალობდა ამავე სოფლის მთავარდიაკვნის ი. სუხიტაშვილის მოწაფეთა გუნდი. პირველად აკურთხეს წმინდა თომას ნიში, რომელიც მანამდე არსებული ძველი ნაეკლესიარის — კვირაცხოვლის ნანგრევებზე აშენდა, ხოლო შემდეგ ორი დანარჩენი, რომელთაგან ბარბარეს ნიში სკოლის გალავანში იყო მოწყობილი.
- ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფლის განაპირას, აღმოსავლეთით, თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის მარცხენა ნაპირას, მიწის ჭრილში, გზის გაყოლებით გამოვლინდა ნახშირ ნაცროვანი ფენა. ერთგან ჩანს წყალსადენის წითლად გამომწვარი თიხის მილი. ნასახლარის სავარაუდო თარიღია ფეოდალური ხანა.
- ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით 1,5 კმ-ზე. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს ხანით. ნამოსახლარის კულტურული ფენა ბევრგან დარრვეული და გაშიშვლებულია. განმხოლოებულ გორაზე (სიმ. 7-8 მ; ზედაპირის ფართობი 2 ჰა) მიკვლეულია შავად, ლეგად და ნაცრისფრად გამომწვარი, სხვადასხვა ორნამენტით (ირიბი ნაჭდევი; კონცენტრული, ტალღური და ურთიერთგადამკვეთი ხაზები და სხვა) შემკული თიხის ჭურჭლის ნატეხები. რამდენიმე ადგილას შეიმჩნევა რიყის ქვით ნაგები კედლების ფრაგმენტებიც. მოპოვებული მასალა ინახება თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში. (ირ. შ.)
- ნამოსახლარი დიდვაკე — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით 2,5 კმ-ზე, ხევძმარას მარჯვენა ნაპირას გორაზე, ადგილ დიდვაკეში. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს და ადრინდელი რკინის ხანით. განმხოლოებული გორის (სიმ. 7-8 მ, ზედაპირის ფართობი 0,5 ჰა) ზედაპირზე მრავლადაა შავად, ლეგად ან ნაცრისფრად გამომწვარი, სხვადასხვა სახის ორნამენტით (ირიბი ნაჭდევი, ამოღარული კონცენტრული და ტალღისებრი ხაზები და სხვა). შემკული თიხის ჭურჭლის ნატეხები. მოპოვებული მასალა ინახება თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
- ნამოსახლარი კლდისთავი — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით 1 კმ-ზე, ადგილ კლდეებში, თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ნამოსახლარზე გამოვლინდა რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები კლდეების ნანგრევები და თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.
- ნამოსახლარი საყდრის ფერდი — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით, გლდანისხევის მარჯვენა ნაპირზე, ადგილ საყდრისფერდში. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს, ადრინდელი რკინისა და ფეოდალური ხანით. ძეგლი დაზიანებულია. ნამოსახლარი შედგება ნასახლარისა და სამაროვანისაგან.
- (ა) ნასახლარზე გამოვლინდა ნახშირ-ნაცროვანი მძლავრი კულტურული ფენა. აიკრიფა თიხის ჭუჭლის ნატეხები.
- (ბ) სამაროვანზე დადასტურდა ქვაყუთები. მოპოვებული მასალა ინახება თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
ნასოფლარები
რედაქტირებაგლდანის მიდამოებში მრავალი ნასოფლარია.
დიდმანიანი და პატარა მანიანი ჯოხტანისხევის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. ახლა ეს ადგილები ტყით არის დაფარული. აქ გამოვლინდა ნასახლარები და ადრინდელი ფეოდალური ხანის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. მცენარეულობით არის დაფარული ასევე ვეჯინისხევის მარჯვენა მხარეზე მდებარე ზედვაკის ნასოფლარი. აქაც ნაპოვნია ფეოდალური ხანის თიხის ჭურჭლის ნატეხები და ნასახლარები. ტყით არის დაფარული ასევე ნასოფლარი ნატუსები, რომელიც ჯვარასხევის მარჯვენა ნაპირზეა, ამავე ხევის მარცხენა ნაპირზე კი მდებარეობს ნასოფლარი ხოდაბუნები. ჯოხტანისხევის მარჯვენა ნაპირზე, ადგილ ბოგირებში მდებარეობს ნასოფლარი საყინულე. აქაც შეიმჩნევა ნასახლარები და ადრინდელი ფეოდალური ხანის წითლად და ჩალისფრად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხები.
- ნასოფლარი დიდმანიანი — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთით 3-4 კმ-ზე, ჯოხთანის ხევის მარცხენა ნაპირას, ადგილ დიდმანიანში, ტყით დაფარულ ნასოფლარზე გამოვლინდა ნასახლარი ბუდეები და წითლად და ჩალისფრად გამომწვარი ადრინდელი ფეოდალური ხანის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.
- ნასოფლარი ზედვაკე — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით 2,5 კმ-ზე , ვეჯინის ხევის მარჯვენა მხარეს, ადგილ ზედა ვაკეში. ნასოფლარი ამჟამად მცენარეებითაა დაფარული, შეიმჩნევა ნასახლარი ბუდეები (5X4 მ, 4X3 მ და ა. შ.), აიკრიფა ფეოდალური ხანის თიხის ჭურჭლის ნატეხები. (ართ. ვ., გ. ნ.)
- ნასოფლარი ნატუსები — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთით 6 კმ-ზე, ჯვარას ხევის მარჯვენა ნაპირზე. ნასოფლარი ამჟამად ტყითაა დაფარული. შეიმჩნევა ნასახლარი ბუდეები (6X5 მ; 5X4 მ და ა.შ.). აიკრიფა ფეოდალური ხანის თიხის ჭურჭლის ნატეხები. (ართ. ვ., გ. ნ.)
- ნასოფლარი პატარა მანიანი — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფლის ჩრდილო დასავლეთით 2-3 კმ-ზე, ჯოხთანის ხევის მარცხენა ნაპირას, ადგილ პატარა მანიანში. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. შემორჩენილია ნასახლარი ბუდეები (6X4 მ; 4X5 მ, 4X3 მ და ა. შ.) და წითლად და ჩალისფრად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. მოპოვებული მასალა ინახება თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში. (ართ. ვ., გ. ნ.)
- ნასოფლარი საყინულე — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფლის ჩრდილო დასავლეთით 4-5 კმ-ზე, ჯოხთანის ხევის მარჯვენა ნაპირას, ადგილ ბოგირებში. ნასოფლარზე შეიმჩნევა ნასახლარი ბუდეები; აიკრიფა ადრინდელი ფეოდალური ხანის წითლად და ჩალისფრად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხები. გამოვლინდა ფიქალით ნაგები ქვაყუთები. მიცვალებულები დაკრძალულია ქრისტიანული წესით. სამარხის ნაწილი კოლექტიურია. ყველა სამარხი უინვენტაროა. (ართ. ვ., გ. ნ.)
- ნასოფლარი ხოდაბუნები — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით 2-4 კმ-ზე, ჯვარას ხევის მარცხენა ნაპირას. ნასოფლარზე, რომელიც ამჟამად ტყითაა დაფარული, გამოვლინდა ნასახლარი ბუდეები და ფეოდალური ხანის თიხის ჭურჭლის ნატეხები. (ართ. ვ., გ. ნ.)
- სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფლის განაპირას, სამხრეთ აღმოსავლეთით, ბორცვზე, მოქმედი სასაფლაოს გვერდით, ადგილ კალოებში. თარიღდება ფეოდალური ხანით. სამარხები წარმოადგენს ქვის ბრტყელი ფილებით ნაგებ ქვაყუთებს, რომლებიც დამხრობილია აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. მათი ნაწილი სანახევროს გაშიშვლებულია. (ირ. შ.)
- სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფლის მოქემდი სასაფლაოს აღმოსავლეთით 100 მ-ზე, გლდანის ხევის მარცხენა მხარეს. სამაროვანზე ჩანს ნიაღვარისაგან სანახევროდ გაშიშვლებული, ქვის დიდი ფილებით ნაგები, აღმოსავლეთიდან დასავლეთით დამხრობილი ქვაყუთები. სავარაუდო თარიღია ფეოდალური ხანა. (ირ. შ.)
- ყორღანი — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფლის მახლობლად, მლაშე ტბის ჩრდილოეთით, სოფელ ნორიოსკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს. მიეკუთვნება ადრინდელი ბრინჯაოს ხანას. ყორღანი (დიამ. 54 მ, სიმ. 5 მ) ქვამიწაყრილიანია.
არქეოლოგიური გათხრები
რედაქტირება1903 წ. გლდანის მიდამოებში არქეოლოგიური გათხრები ჩაუტარებია ე. რესლერს (რესლერი 1906: 81-84). 1964 წ. სოფელში, მშენებლობის დროს დანგრეულა ადრე შუა საუკუნეების ქვის სამარხები, რომლებშიც აღმოჩნდა ბრინჯაოსა და რკინის რამდენიმე სამკაული. 1975-1976 წწ. დედაქალაქის გლდანის საცხოვრებელი მასივის მშენებლობასთან დაკავშირებით, მასივის ტერიტორიაზე გათხრებს აწარმოებდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის, არქეოლოგიური კვლევის ცენტრის გლდანის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. ვ. ართილაყვა). გათხრებთან ერთად ექსპედიციამ დაზვერვითი სამუშაოები ჩაატარა სოფ. გლდანის, აგრეთვე მისი მიმდებარე ჯოხთანისა და ვეჯინის ხევების მიდამოებში (ართილაყვა ... 1978: 81-86; 1979: 204). 1979 წ. იმავე ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის თბილისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. რ. აბრამიშვილი) მდ. ხევძმარის მარჯვენა ნაპირზე, გლდანის მასივის V მიკრორაიონის ტერიტორიაზე გათხარა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამაროვანი და შუა საუკუნეების ნამოსახლარი (აბრამიშვილი ... 1982: 38-40).
1975-1976 წწ. დაზვერვების შედეგად გლდანის მიდამოებში მიაკვლეს სხვადასხვა ეპოქისა და ხასიათის არქეოლოგიური ძეგლებს. სოფლის მახლობლად, მლაშე ტბის ჩრდილოეთით მდებარეობს 5 მ სიმაღლისა და 54 მ დიამეტრის ქვამიწაყრილიანი ყორღანი, რომელიც სავარაუდოდ ადრე, ან შუაბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება. გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ნამოსახლარი გამოვლინდა სოფლის აღმოსავლეთით, 1,5 კმ-ის დაშორებით, ხევძმარის მარჯვენა ნაპირას მდებარე გორაზე. იქ აღმოჩნდა შავად გამომწვარი, ნაჭდევებით, კონცენტრული ტალღოვანი და ურთიერთგადამკვეთი ხაზებით შემკული თიხის ჭურჭლის ნატეხები. იმავე ხანას განეკუთვნება სოფლის აღმოსავლეთით 2,5 კმ-ის დაშორებით, ხევძმარის მარჯვენა ნაპირას, ადგილ დიდვაკეში და სოფლის ჩრდილოეთით, გლდანის ხევის მარჯვენა ნაპირზე, ადგილ საყდრისფერდში მდებარე ნასახლარები (სძა 1990: 274). გვიანბრინჯაოს ხანის შემთხვევით აღმოჩენილი ნივთები ცნობილია ადგილ ისმაილადან და ნასრელადან, აგრეთვე სოფ. გლდანიდან, თანამედროვე სასაფლაოს მახლობლად. იქვეა გამოვლენილი ანტიკური ხანის სამაროვანი (თბილისი 1978: 202). სოფლის ჩრდილოეთით 1 კმ-ის დაშორებით მიკვლეულია ადრე შუა საუკუნეების ნასახლარი, სადაც აღმოჩნდა რიყის ქვით ნაგები კედლების ფრაგმენტები. თანადროული ნასახლარი გამოვლინდა სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, 3-4 კმ-ის დაშორებით, ჯოხთანის ხევის მარცხენა ნაპირზე, ადგილ დიდმანიანში. ზედაპირული მასალა წარმოდგენილი იყო წითლად და მოჩალისფროდ გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხებით. ადრე შუა საუკუნეების ნასახლარი, რომელიც ადგილ პატარა მანიანთან მდებარეობს, მიკვლეულია სოფლიდან ჩრდილო-დასავლეთით, 2-3 კმ-ის დაშორებით ჯოხთანის ხევის მარცხენა ნაპირზე. იქ გამოვლინდა ნასახლარის ნაშთები, წითლად და მოჩალისფროდ გამომწვარი კერამიკის ნატეხები. ჯოხთანის ხევის მარჯვენა ნაპირზე, ადგილ ბოგირებთან ადრე შუა საუკუნეების კიდევ ერთი ნასახლარია. შუა საუკუნეების ნასახლარის ნაშთები აღმოჩნდა ადგილ ნასრელაზე და სოფლის აღმოსავლეთით, თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის მარცხენა ნაპირზე, სადაც შეიმჩნეოდა ნახშირ-ნაცროვანი ფენა და წყალსადენის წითლად გამომწვარი თიხის მილი. სოფლის ჩრდილოეთით, 2,5 კმ-ის დაშორებით, ვეჯინის ხევის მარჯვენა ნაპირზე, ადგილ ზედა ვაკეში შემორჩენილია ნასახლარის ნაშთები, სადაც ზედაპირულად აიკრიფა შუა საუკუნეების თიხის ჭურჭლის ნატეხები. იმავე ხანის ნასახლარი მიკვლეულია სოფლის ჩრდილოეთით 6 კმ-ის დაშორებით, ჯვარას ხევის მარჯვენა ნაპირზე. ხევის მარცხენა ნაპირზე შუა საუკუნეების კიდევ ერთი ნასახლარია. თანადროული ნასახლარი გამოვლინდა გლდანის საცხოვრებელი მასივის V მიკრორაიონის ტერიტორიაზე, სადაც აღმოჩნდა ქვის კედლების ნაშთები და კრამიტის ნატეხები. საყდრის ფერდის ადრე შუა საუკუნეების ნასახლართან ნაპოვნია ქვის სამარხები, ადგილ ბოგირებთან გამოვლინდა აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე დამხრობილი უინვენტარო ქვის სამარხები, რომელთაგან ზოგიერთი საოჯახოა. მიცვალებულები დაკარძალულია ქრისტიანული წესით. აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე დამხრობილი ქვის სამარხები მიკვლეულია სოფლის აღმოსავლეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით მოქმედ სასაფლაოებთან (სძა 1990: 274).
1903 წ. ე. რესლერმა სოფლიდან სამხრეთით, მდ. გლდანის წყლის მარცხენა ნაპირზე გათხარა 2,83 მ სიმაღლის ქვამიწაყრილიანი ყორღანი. ყრილის ქვეშ გამოვლინდა დასაკრძალავი ორმო, რომელსაც გარშემო რიყის ქვები შემოუყვებოდა. ორმოში მიცვალებულის ძვლები და ინვენტარი არ დადასტურდა. საკუთრივ ყორღანის ყრილში ჩაჭრილი ყოფილა მოგვიანო სამარხი, რომელშიც აღმოჩნდა მიცვალებულის მიმოფანტული ძვლები და თიხის პატარა ორყურა ჭურჭელი.
ხევძმარის გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამაროვანი მდებარეობს გლდანის საცხოვრებელი მასივის V მიკრორაიონის ტერიტორიაზე. ხევძმარის მარჯვენა ნაპირიდან 300 მ-ის დაშორებით. გათხრილი 28 ორმოსამარხიდან 25 ქვაყრილიანია. დასაკრძალავი ორმოები წრიული, ოვალური და სწორკუთხა მოყვანილობისაა. დაზიანების გამო ზოგიერთი სამარხის ორმოს ფორმის დადგენა ჭირს. ორი სამარხი კენოტაფი უნდა იყოს. ინჰუმაციურ სამარხებში, როგორც წესი, თითო მიცვალებულია დაკრძალული. №23-ში ესვენა ორი მიცვალებული. ისინი დაკრძალულია მოხრილი კიდურებით მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, თავით აღმოსავლეთით, ჩრდილოეთით, ჩრდილო-დასავლეთით ან ჩრდილო-აღმოსავლეთით. სამარხებში აღმოჩნდა: შავპრიალა ქოთნები, ხელადები, ტოლჩები, ბრინჯაოს შუბისპირი, ისრისპირები, საკინძები, ნემსები, სამაჯურები, რგოლები, სარდიონის, მინისებური პასტისა და აქატის მძივები (აბრამიშვილი ... 1982: 38-40). სამარხებიდან ყველაზე ადრეულია №15 წრიულქვაყრილიანი ორმოსამარხი. დასაკრძალავი ორმო წრიული მოყვანილობისაა. მიცვალებული ესვენა მოხრილი კიდურებით მარჯვენა გვერდზე, თავით ჩრდილო-აღმოსავლეთით. სამარხში აღმოჩნდა თიხის 6 ჭურჭელი და ბრინჯაოს თავხვია საკინძი. ის თარიღდება ძვ. წ. XIV-XIII სს-ით. გაცილებით გვიანდელია №20 სამარხი, რომელშიც გამოვლინდა თიხის 11 ჭურჭელი, რკინის მახვილი, ბრინჯაოსტარიანი რკინის სატევარი, შუბისპირი, ბრინჯაოს ორნამენტირებული ქამარი, ფიბულა, ნემსი, ღილაკები, ვარდული, მინისებური პასტის წვრილი მძივები. სამარხი თარიღდება ძვ. წ. VIII ს-ით (აბრამიშვილი ... 1982: 40). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (თბილისის არქეოლოგიური მუზეუმ-საცავი).
1978 წ. გლდანის VII მიკრორაიონში შემთხვევით აღმოჩნდა ბრინჯაოს მთლიანადსხმული სატევარი. მასთან ერთად ყოფილა თიხის ჭურჭლის ნატეხები და ძვლები. იმავე წელს ანალოგიური სატევარი გამოვლინდა V მიკრორაიონში. მას თან ახლდა ბრინჯაოს მასრაგახსნილი შუბისპირი და დაბრტყელებულთავიანი საკინძი. ნივთებთან ერთად ყოფილა თიხის ჭურჭლის ნატეხები და ძვლები. 1985 წ. V მიკრორაიონში აღმოჩნდა ბრინჯაოს მაშა და მახათის ნატეხი. ნივთები თარიღდება გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანით. ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).
„თავკვერის“ ადრე შუა საუკუნეების ნასოფლარი მდებარეობს გლდანის საცხოვრებელი მასივის III-IV მიკრორაიონების საზღვარზე. ნასოფლარზე გამოვლინდა სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები და სამი ეკლესია. შენობები სწორკუთხა გეგმის მქონე რამდენიმე ოთახს (6X4 მ; 4,5X4,9 მ; 3X4,5 მ; 3,7X6 მ) მოიცავდა. ნაშენია რიყისა და კლდის ფლეთილი ქვებით, თიხის ხსნარზე. იატაკი თიხატკეპნილია ან ქვის ფილებითაა მოგებული. №3 ნაგებობაში აღმოჩნდა ძირმოჭრილი, პირქვედამხობილი ქვევრი, რომელიც თონის მაგივრობას სწევდა. №6 ნაგებობის ჩრდილო-აღმოსავლეთით გამართულ მარანში აღმოჩნდა სამი მოზრდილი ქვევრის ნატეხი. გათხრებისას მიკვლეულია ბრტყელი კრამიტის რამდენიმე ფრაგმენტი. თუმცა შენობები კრამიტით არ ყოფილა დახურული. ნაგებობის გათხრებისას გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა წარმოდგენილია სამეურნეო, სამზარეულო და სუფრის დანიშნულების კერამიკით. ქვევრები მომაღლოყელიანებია, რელიეფური სარტყლებით დაფარული ტანით. გვხვდება სადა, უორნამენტო ქვევრებიც. ისინი ბრტყელძირიანია. სხვა კერამიკული ნაწარმიდან აღსანიშნავია: მოზრდილი დერგები, სადღვებლები, ქოთნები, ტუჩიანი ბადიები, რელიეფური ორნამენტით შემკული დოქები და ხელადები, ფართოპირიანი ხელადები და სხვ. თიხის ჭურჭელი გამომწვარია წითლად და მოჩალისფროდ. თარიღდება IV-VII სს-ით (ართილაყვა... 1979: 203).
ნასოფლარის ჩრდილოეთით, შემაღლებულ ადგილას გაითხარა დარბაზული ტიპის სამი ეკლესია. გამოვლინდა ორი სამშენებლო ფენა. პირველი მიეკუთვნება №1 ეკლესიას (4X4 მ), რომელიც ნაშენია კლდის ფლეთილი ქვებით თიხის ხსნარზე. კედლების სისქე 0,8 მ. აფსიდა ნალისებურია. საკურთხეველი ნაგებია ტუფის გათლილი კვადრებით. №2 ეკლესია (2,6X5,5 მ), რომელიც მეორე სამშენებლო ფენას განეკუთვნება, უშუალოდ ფარავდა პირველი ფენის ეკლესიას. ნაშენია რიყისა და კლდის ფლეთილი ქვებით თიხის ხსნარზე. კედლების სისქე 0,8 მ. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. ქვედა №1 ეკლესიის აფსიდა გადაკეთებულია და ზედა ფენის №2 ეკლესიის აფსიდადაა გამოყენებული. ის ნალისებურია, გარედან ოთხკუთხა მოხაზულობის. ამაღლებული საკურთხეველი 5 საფეხურიანია, რომლებიც შედგენილია ქვათლილებით. საკურთხევლის წინ მდგარა ქვის ემბაზი. მოგვიანებით ეკლესიისათვის სამხრეთიდან მიუშენებიათ პატარა სათავსო (2,5X2,5 მ). მინაშენში გამოვლინდა ტუფის ქვის 2 ემბაზი. №2 ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 9 მ-ის დაშორებით მდგარა ნალისებურაფსიდიანი №3 ეკლესია (5X4 მ). საკურთხეველი ნაგებია ტუფის ქვათლილებით. კედლები ნაშენია რიყისა და კლდის ფლეთილი ქვებით, თიხის ხსნარზე. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან ჰქონია. ეკლესიები გადახურული ყოფილა ბრტყელი კრამიტით. კერამიკულ მასალასთან ერთად №2 ეკლესიის საკურთხეველთან აღმოჩნდა ხოსროვ II-ის (591-628) ვერცხლის მონეტა.
№2 ეკლესიის მინაშენის კედლის ქვეშ გაიწმინდა ფილაქნის ფილებით შედგენილი აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე დამხრობილი უინვენტარო ქვის სამარხი. მიცვალებული დაკრძალული იყო ქრისტიანული წესით. მსგავსი სამარხი გამოვლინდა ეკლესიის აღმოსავლეთით, 3 მ-ის დაშორებით. ფიქალის ფილებით შედგენილი ქვის სამარხი აღმოჩნდა №3 ნაგებობის ჩრდილოეთ კედელთანაც. მცირეწლოვანი მიცვალებული დაკრძალული იყო ქრისტიანული წესით. სამარხში ნაპოვნია სარდიონისა და აქატის მძივები.
გლდანის საცხოვრებელი მასივის მთავარი მაგისტრალის აღმოსავლეთით მდებარე სამაროვანზე შეისწავლეს აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე დამხრობილი რამდენიმე ქვის სამარხი. ზოგიერთი მათგანი საოჯახო ყოფილა. მიცვალებულები დაკრძალულია ქრისტიანული წესით. სამარხები უინვენტაროა. მხოლოდ ერთ მათგანში (№3) აღმოჩნდა მოჩალისფროდ გამომწვარი ქილა და სამტუჩა ხელადის პირ-ყელის ნატეხი (ართილაყვა ... 1978: 83, 84). გლდანის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ 1975-1976 წწ. დაზვერვებისა და გათხრების შედეგად მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ი. გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიის მუზეუმი).
1903 წ. ე. რესლერს სოფ. გლდანთან, განათხარი ყორღანის დასავლეთით, მიუკვლევია ქვის სამარხთა ჯგუფებისათვის, რომელთაგან გაუთხრია ორი უინვენტარო ჩრდილო-დასავლეთ-სამხრეთ-აღმოსავლეთ ხაზზე დამხრობილი სამარხი. მათში ესვენა ორ-ორი მიცვალებული. სოფ. გლდანისა და მამკოდის საზღვარზე ე. რესლერს შეუსწავლია აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე დამხრობილი 4 ქვის სამარხი, რომლებშიც მიცვალებულები დაკრძალულნი იყვნენ ქრისტიანული წესით. სამარხებში აღმოჩნდა: ვერცხლის ბეჭდის ფრაგმენტი, წვრილი მავთულისაგან დამზადებული თავგახსნილი რგოლი, ბრინჯაოს ღეროს ნატეხი, სარდიონის თვლით შემკული ბრინჯაოს საყურის ფრაგმენტი, რკინის რგოლი. №1 სამარხში, რომელშიც სამი მიცვალებული ესვენა, თავის ქალებს შორის აღმოჩნდა V ს-ის რომაული ოქროს აურეუსი, ოქროს მავთულისაგან შედგენილი საყურე და ორი მძივი (რესლერი 1906: 81-83).
1964 წ. სოფ. გლდანში, ადგილ რიყიანში, მშენებლობის დროს დანგრეულა ქვის სამარხები. სამარხეული ინვენტარიდან შემორჩა: ბრინჯაოს ორი საყურე, საკინძის მარჯნის თავები ბროწეულის ყვავილის მოყვანილობისა, ბრინჯაოს საკინძის ღერო და რკინის მრგვალგანივკვეთიანი მორკალური ღეროს (სამაჯურის?) ნატეხი. ნივთები VI-VIII სს-ით თარიღდება. მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთ. ლორთქიფანიძის სახ. არქეოლოგიის ცენტრის დუშეთის ბაზაზე.
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება გლდანის საცხოვრებელი მასივის ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩენილი თბილისური ფელსი, ხოსრო II-ის დრაქმა, საბეჭდავი ჟეტონი და მედალიონი წმინდა გიორგის გამოსახულებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, გვ. 739, თბ., 2013 წელი.
- დოლიძე ვ., სვანიძე დ., სიხარულიძე ფ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 40-41.
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 272-274.
- დოლიძე, ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 175-176.
- ხარაძე, კ. „გლდანი — ისტორიულ-გეოგრაფიული ნარკვევი“, თბილისი, 1997
- კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1985.
- Шмерлинг Р., Долидзе В., Барнавели Т., Окрестности Тбилиси, Тб., 1960.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ georgia-ethnic-2014
- ↑ ქც 4: 537,1-3
- ↑ საქართველოს სიძველენი III, 1910, გვ. 37
- ↑ მოსკოვის ცენტრალური სამხედრო ისტორიული არქივის ფონდი, ვუა, №18481
- ↑ 5.0 5.1 სომხურ ხელნაწერთა ... 1978: 78
- ↑ „ქართლის ცხოვრება“, II, 1959, გვ. 128
- ↑ საქ. სიძ. 1920: 11; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 55; ქრონიკები 1967: 86; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 363, 364, 374; 1977: 606; 1985: 16, 17
- ↑ ჩხეიძე 1913: 46
- ↑ ბაგრატიონი 1986: 64
- ↑ საქ. სიძ. 1920: 11; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 55
- ↑ „ცნობის ფურცელი“, 1901