სპირიდონ ვაწაძე
სპირიდონ იოსების ძე ვაწაძე (დ. 24 ოქტომბერი, 1857, სოფ. ღვარდია, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, — გ. 4 მარტი, 1923, თბილისი) — ქართველი სამხედრო ექიმი, ინფექციონისტი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1891). სამედიცინო სამსახურის გენერალ-მაიორი (1898).
დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია (1883). 1883–1891 წლებში იყო თბილისის ნიჟნეგოროდის პოლკის ჰოსპიტლის ექიმ-ორდინატორი, ხოლო 1891 წლიდან — მთავარი ექიმი. ვაწაძემ პირველმა შეისწავლა მეცნიერულად ბორჯომის წყლის სამკურნალო თვისებები. მისი თაოსნობით ავლაბარში (ქალაქის I საავადმყოფოს ტერიტორიაზე) გაიხსნა 20-საწოლიანი ინფექციური ბარაკი. 1904 ვაწაძემ თბილისში პირველმა ჩამოაყალიბა ტუბერკულოზთან მებრძოლი მრავალპროფილური 53-კაციანი კომისია. ვაწაძის უშუალო ინიციატივით ქალაქის საბჭოში დაისვა საკითხი სასწრაფო დახმარების სამსახურის შექმნის თაობაზე (1908), რასაც მოჰყვა 1911 წელს თბილისის სასწრაფო დახმარების სამსახურის გახსნა. ჰქონდა კოლეგიის მრჩევლის („კოლეჟსკი სოვეტნიკ“), 1913 წლიდან — სახელმწიფო მრჩევლის („სტატსკი სოვეტნიკ“) წოდება. 1914 წლისთვის იყო 39-ე ქვეითი დივიზიის (შტაბი ალექსანდროპოლში) მთავარი ექიმი. სპირიდონ ვაწაძის შვილები იყვნენ ექიმი გიორგი და ინჟინერი იოსებ ვაწაძეები.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- К вопросу о влиянии солено-щелочных минеральных вод (эссентукской № 17 и боржомских) на отправления желудка и кислотность мочи у здоровых и больных людей : Дис. на степ. д-ра мед. врача С.И. Вацадзе, СПб., 1891.
- Зависимость заболеваний брюшным тифом в гор. Тифлисе от местных антисанитарных и антисептических условий, Тф., 1887.
- Наблюдения над 407 случаями брюшного тифа: Год. отчет по тифоз. отд. Тифл. воен. госпит. за 1886 год, Тф., 1887.
- ქუნთრუშა-ყელჭირვება. (Скарлатина) / თარგმნილი ს. ვაწაძისაგან, ტფ., 1906.
ლიტერატურა
რედაქტირება- დოლიძე ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 216.