იოსებ სპირიდონის ძე ვაწაძე (დ. 4 სექტემბერი, 1885, თბილისი, — გ. 16 იანვარი, 1948, იქვე) — ქართველი ინჟინერ-მანქანათმშენებელი. პროფესორი (1936).

დაიბადა ექიმ სპირიდონ ვაწაძის ოჯახში. დაამთავრა ბრაუნშვაიგის (გერმანია) უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი და მიიღო ინჟინერ-მანქანათმშენებლის წოდება (1906). 1909–1912 წლებში მუშაობდა გერმანიაში მანქანათმშენებელი ქარხნის ინჟინერ-კონსტრუქტორად. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1912–1918 წლებში იყო თბილისის წყალსადენის სახელოსნოების გამგე, ავჭალის სატუმბო სადგურის უფროსი, 1918–1924 წლებში — თბილისის ტრამვაის პარკის მთავარი ინჟინერი. ვაწაძემ შეისწავლა დასავლეთ საქართველოს წყლის რესურსები, მისი ინიციატივით დაიწყო რიონჰესის მშენებლობა.

ვაწაძის კონსულტაციითა და უშუალო მონაწილეობით საქართველოში განხორციელდა იმდროინდელი უმნიშვნელოვანესი სამშენებელო პროექტები: რიონჰესი; ზესტაფონის ფეროშენადნობთა, კასპის ცემენტის, გორის საკონსერვო და სხვა ქარხნები; თბილისის მაუდის ფაბრიკა; თბილისის თბოელექტროცენტრალი; სამი მსხვილი აბრეშუმსახვევი ფაბრიკა ქუთაისში, ხონსა და ოზურგეთში; ნატახტრის წყალსადენის ქსელი თბილისში; ფოთის წყალსადენი და სხვ. იყო თბილისის უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი (1922) და მანქანათმცოდნეობის კათედრის გამგე, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლექტორი და მექანიკის და მანქანათა ნაწილების კათედრის გამგე, ამიერკავკასიის სატყეო ინსტიტუტის ლექტორი (1930) და მექანიზაციის ფაკულტეტის დეკანი (1936 წლიდან). 1938 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში.

ლიტერატურა

რედაქტირება