გორის საკონსერვო ქარხანა

გორის საკონსერვო ქარხანა, გორკონისაქართველოს კვების მრეწველობის ერთ-ერთი მსხვილი და უძველესი საწარმო.

1919 წელს გორში (ცხინვალის გზატკეცილზე) საკონსერვო საქმის სპეციალისტის ევსევი ბერიტაშვილის (ივანე ბერიტაშვილის ძმა) ინიციატივით დაარსდა საქართველოში პირველი საკონსერვო ქარხანა, რასაც ხელი შეუწყო ამ რაიონში მაღალხარისხოვანი ნედლეულის — ხილისა და ბოსტნეულის სიუხვემ. ქარხანა კუსტარული წესით ამზადებდა ხილისა და ბოსტნეულის კონსერვებს, აგრეთვე გამხმარ ხილს (ჩირს). მან მრავალჯერ შეიცვალა ადგილმდებარეობა, აღიჭურვა ახალი ტექნიკით, ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. მომხმარებელთა გაზრდილი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით 1960–1969, ქალაქის ცენტრიდან 2 კილომეტრის დაშორებით (შინდისის გზატკეცილზე), აშენდა ახალი, თანამედროვე ტიპის საწარმო — გორის საკონსერვო კომბინატი, რომლის სიმძლავრემ წელიწადში 32 მილიონი, ხოლო წარმოებამ 31 343 000 პირობითი ქილა კონსერვი შეადგინა (1969). ამზადებდა 80-მდე დასახელების ბოსტნეულის, ხილის, ტომატისა და ბავშვთა კვების კონსერვებს, რომლის 80% გადიოდა სსრ კავშირის ყველა რესპუბლიკაში, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნებში.

1976 წელს შეიქმნა საკონსერვო მრეწველობის გორის აგროსაწარმოო გაერთიანება (მასში შევიდა გორისა და ტყვიავის ხილკენკროვანი წვენების, კარალეთისა და გორის საკონსერვო ქარხნები და ბერბუკის საბჭოთა მეურნეობა), რომელიც 1980 წლიდან ეტაპობრივად დაიშალა. 1994 წლიდან გორის საკონსერვო ქარხნის ბაზაზე ჩამოყალიბდა სააქციო საზოგადოება „გორკონი“, რომლის აქციების მფლობელთა შორის იყო შვეიცარული ფირმა „ბუტეკ კლასიკი“ (BUTEC CLASSIC).

2008 წლისთვის „გორკონის“ დავალიანება ბიუჯეტის მიმართ 900 000 ლარამდე ავიდა.[1] 2009 წელს ქარხანა ივანე გოგლიძემ შეისყიდა და ჩამოაყალიბა შპს „კულა არმს ჯორჯია“. მას შემდეგ გორის საკონსერვო ქარხანა პროდუქციას უშვებს ბრენდით „კულა“.[2] „კულა არმს ჯორჯიასთან“ აგრეთვე დაარსებულია შპს „ჯეო კონცენტრატი“, შპს „ბატონო“ და სხვ.[3]

ქარხანას უჭირავს 10,2 ჰექტარი მიწის ფართობი, აქვს რკინიგზის ჩიხი, თბომავალი, სამანქანო მისასვლელი გზები, ორმაგი ელექტროკვების ხაზი, ჩართულია ქალაქის წყალმომარაგების ქსელში. მის შემადგენლობაშია 5 ძირითადი (ხილბოსტნეულის, ბავშვთა კვების, სატომატე, რბილობიანი წვენების და მთავარი საამქროები), 3 დამხმარე საამქრო და სასაწყობო მეურნეობა. წარმოების ძირითადი მიმართულებაა ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა ხილისა და ბოსტნეულის კონსერვების დამზადება. გამოშვებული პროდუქციის ასორტიმენტი მრავალფეროვანია: მურაბები, ჯემები, კომპოტები, საბავშვო კონსერვები, საწებლები, ბოსტნეულის კონსერვები, მარინადები და სხვ. ძირითადი სანედლეულო ზონებია: გორის, ხაშურის, ქარელის, კასპის, მცხეთის მუნიციპალიტეტები. საწარმოს სიმძლავრე 48,5 მილიონი პირობითი ქილა კონსერვია წელიწადში (2009). გამოშვებული პროდუქცია გადის საექსპორტოდ. 1997 მადრიდში ჩატარებულ გამოფენაზე ქარხნის პროდუქციამ (კაკლის მურაბა) მიიღო ჯილდო — „ევროპის თაღი“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. „გორკონის“ უკანასკნელი და „კულას“ პირველი დღეები. ქართლის ხმა (10 სექტემბერი, 2011). ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2020.
  2. „კულა“ — გულით ნაკეთები საქმე. Forbes Georgia (9 დეკემბერი, 2014). ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2020.
  3. „კულას“ დამფუძნებელი ტრადიციული ქართული კერძების კონსერვებს გამოუშვებს. Business Media Georgia (5 ოქტომბერი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-23. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2020.