გიორგი სპირიდონის ძე ვაწაძე (დ. 15 დეკემბერი, 1893, თბილისი, — გ. 4 ოქტომბერი, 1971, იქვე) — ქართველი ფიზიოლოგი და ჯანდაცვის ორგანიზატორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1932), პროფესორი (1935), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1944).

დაიბადა ექიმ სპირიდონ ვაწაძის ოჯახში. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი (1916). I მსოფლიო ომის წლებში სამხედრო ექიმად მსახურობდა რუსეთის იმპერიის არმიაში. 1919 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის კათედრაზე. 1924–1926 წლებში იყო საქართველოს ჯანდაცვის სახალხო კომისრის მოადგილე. 1926–1929 წლებში მუშაობდა ბერლინში რონას ლაბორატორიაში და კილში ჰებერის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში. 1930–1931, 1932–1936 წლებში იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის რექტორი, 1930–1945 წლებში — ამავე ინსტიტუტის ფიზიოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი, 1936–1945 წლებში — საქართველოს ჯანდაცვის სახალხო კომისარიატის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის დირექტორი. 1945-1956 წლებში რეპრესირებული იყო (სასჯელს იხდიდა ავჭალაში, 1949 წლიდან — ყაზახეთში).

რეაბილიტაციის შემდეგ, 1956–1971 წლებში ვაწაძე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის რადიობიოლოგიის ლაბორატორიის გამგე, 1960–1971 წლებში — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული რადიობიოლოგიის პრობლემური საბჭოს თავმჯდომარე.

1943 წელს ვაწაძის თაოსნობით შეიქმნა ნატურალური კუჭის წვენის დასამზადებელი საამქრო თბილისის ფარმაცევტულ ქარხანაში. ვაწაძემ შეისწავლა ჰიპოფიზის უკანა წილის ჰორმონის მნიშვნელობა შარდის გამომუშავებისას; წყალტუბოს, ბორჯომისა და ჯავის მინერალური წყლების გავლენა საჭმლის მონელებისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე. გამოიკვლია რენტგენის სხივების გავლენა ნერვული უჯრედის დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას შედგენილობაზე.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • О симпатической иннервации скелетной мышцы, «Журнал экспериментальной биологии и медицины», 1926, №8.
  • Действие рентгенлучей на окислительное фосфорилирование мозговой ткани, «Вопросы биохимии нервной системы», 1963, №5.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გელაშვილი ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 215.
  • ქურხული ა., და რომ გვახსოვდეს... თბ., 2004. — გვ. 109-111.