ვეჯინის კომპლექსი

ვეჯინის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფელ გლდანის დასავლეთით, ვეჯინის ხევში, გლდანი-თიანეთის გზიდან 1,5 კმ-ზე. თარიღდება VIII-IX საუკუნეებით.

კომპლექსის აღწერა

რედაქტირება

კომპლექსში შედის ეკლესია, ეკლესიები — ნასაყდარი, წმინდა გიორგის ნიში და სამეურნეო დანიშნულების შენობათა ნაშთები. ყველა ნაგებობა რიყის ქვითა და ქვიშაქვით არის ნაგები. ვეჯინის კომპლექსი ძლიერ დაზიანებულია: კედლები და კამარა მხოლოდ ნასაყდარს აქვს შემორჩენილი; სასახლის, წმინდა გიორგის ნიშსა და ღვთისმშობლის ეკლესიებს სახურავი ჩანგრეულია და კედლების ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი. სხვა ნაგებობათა გეგმის გარჩევაც არ ხერხდება.

სასახლე (9,1X26 მ) დგას რიყის ქვით ამოყვანილ სუბსტრუქციაზე, რომელიც სამხრეთიდან ოთხი კონტრფორსითაა გამაგრებული. შესასვლელი ორია — აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლები თითქმის მტელ სიმაღლეზეა შემორჩენილი, ჩრდილოეთისა 1 მ-ზე (ამ კედელში თიხის მილებია დატანებული), ხოლო სამხრეთის კედლისაგან შემორჩენილია დასავლეთის ნაწილი კუთხიანად და ერთი პილასტრის ფრაგმენტი (კედლის შუაში), რომელზეც ორნამენტული ჯვარია ამოკვეთილი. სასახლის სამხრეთ-აღმოსავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის კუთხეებს მომრგვალებული კონტრფორსების ფორმა აქვს. შედარებით უკეთ დაცული აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადები დასრულებულია ფრონტონებით.

ღვთისმშობლის ეკლესია დგას სასახლის აღმოსავლეთით 20 მ-ში. ეკლესია დარბაზულია (8,48X5,47 მ), აქვს ორი შესასვლელი — დასავლეთის კედლის შუა ნაწილში და სამხრეი კედლის დასავლეთ ნაწილში. აფსიდში ერთი სწორკუთხა სარკმელია, ხოლო მის ორივე მხარეს — თითო სწორკუტხა ნიში. ერთი მთლიანი ქვისაგან გამოთლილი ტრაპეზის ქვის წინა მხარეს წრეში ჩასმული ე. წ. ბოლნური ჯვარია გამოსახული. სამხრეთის კედელში ერთი სარკმელია. დარბაზი ცილინდრული კამარით ყოფილა გადახურული.

ნასაყდარი დგას სასახლის აღმოსავლეთით 300 მ-ზე. ეკლესია დარბაზულია (8,6X5,4 მ). შესასვლელი სამხრეთიდამ აქვს. კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან — სწორკუთხა. საკურთხევლში ერთი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. ეკელსიის სამხრეთის კედელში ორი სარკმელია. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც დაკიდულ პილასტრებზე დადგმულ საბჯენთაღს ეყრდნობა. სამხრეთ ფასადზე, კარის თავზე ორნამენტიანი სტელის ფრაგმენტია ჩასმული. სტელის ბაზისი იმავე ფასადის სარკმლის ქვემოთაა ჩატანებული კედელში.

წმინდა გიორგის ნიში დგას სასახლის დასავლეთის 300 მეტრზე. ეკლესია დარბაზულია (5,4X4,9 მ). შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის სწორკუთხა სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. სარკმლის ქვემოთ სწორკუთხა ტრაპეზის ქვა დგას.

ლიტერატურა

რედაქტირება