ქვემო ნიჩბისი
ქვემო ნიჩბისი — სოფელი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში (ნიჩბისის თემის ცენტრი (სოფლები: ქვემო ნიჩბისი, ახალი ნიჩბისი, ზემო ნიჩბისი, სასხორი). მდებარეობს მდინარე ნიჩბისისწყლის ნაპირებზე, ნიჩბისის სერის ძირას, ზღვის დონიდან 710 მ, მცხეთიდან 18 კმ, ძეგვის რკინიგზის სადგურიდან 8 კმ. სოფელში გადის სასხორი — დიდგორის საავტომობილო გზა.
სოფელი | |
---|---|
ქვემო ნიჩბისი | |
სოფლის ხედი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ნიჩბისი |
კოორდინატები | 41°49′40″ ჩ. გ. 44°32′03″ ა. გ. / 41.82778° ჩ. გ. 44.53417° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 710 მ |
მოსახლეობა | 603[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ისტორია
რედაქტირებასოფელი ქვემო ნიჩბისი ისტორიული ძეგლია, იგი სოფელ ნიჩბისის ნაწილი იყო. ნიჩბისი ახალი ნიჩბისის, ზემო ნიჩბისისა და ქვემო ნიჩბისის ძველი სახელწოდებაა. ისტორიული სოფელი ნიჩბისი ახლანდელი ქვემო ნიჩბისი უნდა იყოს. ქვემო ნიჩბისი ქართლის ერთ-ერთი უძველესი სოფელია. აქ არის მინის და ჭიქურის დასამზადებელი კვარცის ქვიშის საბადოები, ამიტომ მცხეთასთან, გორთან და მეჯვრისხევთან ერთად ნიჩბისი მეჭურჭლეობის განთქმული ცენტრი იყო. ნიჩბისი მოხსენიებულია გიორგი II-ის 1072 წლის სიგელში. მეფე გიორგი II-ს სოფელი შიომღვიმის მონასტრისათვის შეუწირავს. სოფელზე შეუვალობის სიგელი მონასტერს 1170 წელს განუახლეს. XVII საუკუნიდან, 1615 წელს მეფე ლუარსაბმა ნიჩბისი ქაიხოსრო და მერაბ ციციშვილების საგვარეულოს უბოძა. XVIII საუკუნეში სოფელი ლეკთა გამუდმებულმა შემოსევებმა გააჩანაგა. ამავე საუკუნის მიწურულისათვის სოფელში 7 კომლიღა ცხოვრობდა. საბჭოთა პერიოდში სოფელში მოქმედებდა მეთესლეობის ექსპერიმენტული მეურნეობა.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 432 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 638[2] |
2014 | 603 |
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებასოფლის ტერიტორიაზე რამდენიმე ისტორიული ძეგლი დგას. მათ შორის აღსანიშნავია 1871 წელს აშენებული ღვთისმშობლის სახელობის დარბაზული ეკლესია და იოანე მახარობლის სახელობის დარბაზული ეკლესია, რომელიც სამშენებლო წარწერის თანახმად აგებულია ელიოზის ძეების მიერ. სოფლის განაპირას დგას IV საუკუნის დარბაზული ეკლესია „ღვთაება“, რომელსაც, ასევე, კიკოლიანთ საყდარად მოიხსენიებენ.
სოფლის სასაფლაოებზე მრავლადაა XX საუკუნის დასაწყისის საფლავის ქვები. სოფლის ცენტრში მოქმედებს 1933 წელს გაყვანილი წყარო, რომელიც წარწერის თანახმად გაყვანილია სოციალური უზრუნველყოფის სახალხო კომისარიატის მიერ.
ციციშვილების ციხე
რედაქტირებასოფლის ცენტრში დგას ციციშვილების ციხე-დარბაზი, რომელიც აშენებულია XVII საუკუნეში, 1615 წელზე გვიან. ციხის ტერიტორიაზე დგას კოშკი, აბანო. შემორჩენილია (სავარაუდოდ) ლაზარეთის, აფთიაქის, ეკლესიისა და სკოლის ნანგრევები.
წმინდა ნიკოლოზის ეკლესია
რედაქტირებასოფლის განაპირას დგას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია. ეკლესიას ჯვარ-გუმბათოვანი ფორმა აქვს, თუმცა გუმბათი არ ადგას. ლეგენდის თანახმად, ეკლესიის მშენებელი მცხეთის ეპისკოპოსმა მოაკვლევინა, რის გამოც ეკლესია დაუმთავრებელი დარჩა. ეკლესია აშენებულია XVI-XVII საუკუნეებში. ეკლესიის პერანგი XVIII საუკუნეს მიეკუთვნება. პერანგი მხოლოდ დასავლეთ ფასადზეა შემორჩენილი. ამავე ფასადზე გამოსახულია ჩუქურთმები.
სოფლიდან 10 კმ. დაშორებით მდებარეობს არქეოლოგიური ძეგლი ნატბეური.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 515.
- ჭყონია თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 310-311.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.