არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: არქიტექტურული ძეგლი.

ისტორიული ძეგლი — ტერმინი, რომელიც შემუშავებული და ჩამოყალიბებულია იკომოსის მიერ.

„იუნესკოსთან“ არსებულმა ძეგლთა დაცვის ორგანიზაციამ (იკომოსი) ვენეციაში 1964 წელს მოწვეულ მე-2 საერთაშორისო კონგრესზე შემუშავებულ დოკუმენტში — „ვენეციურ ქარტიაში“ სცადა ჩამოეყალიბებინა „ძეგლის“ ცნების ზოგადი პრინციპები. ქარტიის ზოგადი დებულებებია:

ა) „ძეგლის ცნების განსაზღვრა გულისხმობს, ყოველგვარ ობიექტს, რომელიც ინტერესს წარმოადგენს არქეოლოგიური, ესთეტიკური და ეთნოგრაფიული თვალსაზრისით. ეს განსაზღვრა ითვალისწინებს აგრეთვე ძეგლის ტერიტორიაზე ნაპოვნ საგნებს“.
ბ) „ღირსშესანიშნავი ადგილის განსაზღვრა გულისხმობს ბუნების, ადამიანის ან ბუნებისა და ადამიანის მიერ ერთად შექმნილ ობიექტების ერთობლიობას, რომელთა დაცვას საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს“.

ისტორიული ძეგლის ცნება მოიცავს არა მარტო არქიტექტურულ ნაგებობას არამედ მის გარემო ლანდშაფტსაც.

გ) „ისტორიული ძეგლის ცნება გულისხმობს ცალკეულ არქიტექტურულ ნაგებობას და აგრეთვე ქალაქისა და სოფლის მთელ კომპლექსებს, დაკავშირებულთ განსაზღვრულ კულტურასთან, ფაქტთან ან ისტორიულ მოვლენასთან. ეს ცნება მოიცავს არა მარტო ღირსშესანიშნავ, გამოჩენილ ძეგლს, არამედ გაცილებით შეუმჩნეველს, მოკრძალებულს, რომელიც მომავალში მნიშვნელოვან კულტურულ ღირებულებას შეიძენს“.

„ვენეციურ ქარტიაში“ ძეგლის ასეთი განსაზღვრაც არის:

დ) „ობიექტები და ადგილები, სადაც ნაპოვნია ან იგულისხმება (მოსალოდნელია) გამქრალი კულტურის კვალის პოვნა“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „თ. კვირკველია, „ისტორიული ძეგლის“ ცნების შესახებ“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 36 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1974 წელი. — გვ. 5-9