ციციშვილების ციხე-დარბაზი
ციციშვილების ციხე-დარბაზი — არქიტექტურული ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიჩბისში. მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით, მდინარე ნიჩბურის მარჯვენა ნაპირას, ფერდობზე. აგებულია XVII საუკუნეში. სასახლე ეკუთვნოდა ციციშვილების საგვარეულოს. კომპლექსში შედიოდა კოშკებიანი გალავანი, სასახლე, ეკლესია და აბანო. ამჟამად შემორჩენილია ძლიერ დაზიანებული გალავანი და აბანო. საშენ მასალად გამოყენებულია ნატეხი ქვა.
გალავანი ოთკუთხაა, ყველაზე კარგად შემნახულია მისი სამხრეთის კედელი. გალავნის ქვედა ნაწილი ყრუა, ზედა ნაწილში განლაგებულია ცალმაგი სათოფურები და ოთხკუთხა სალოდეები. გალავანში ჩართულია კოშკები. აღმოსავლეთის კედელში ორი კოშკია — სამხრეთისა და ჩრდილოეთის კუთხეში.
ეზოში სამსართულიანი ოთხკუთხა კოშკი დგას, რომელსაც შესასვლელი მეორე სართულზე აქვს. კოშკის ზედა სართულების კედლებში სათოფურებია დატანებული.
აბანო გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთშია. პატარა ტამბური კარით უკავშირდება სფერული კამარით გადახურულ მოსაცდელ-გასახდელს. მის კედლებში ნიშები და ბუხარია, ხოლო ცენტრში — აუზი. გასახდელი გადის ტალანში, რომლის ბოლოში პატარა დამხმარე სათავსებია. ტალანიდან საბანაო ოთახში შეიძლება შესვლა. საბანაო ოთახის იატაკი ცოტა აწეულია და მის ცენტრალურ ნაწილში ღრმა აუზია. აუზში წყალი ჩაედინებოდა კედელში მოწყობილი ნიშიდან. აბანოში წყაროს წყალი შეყვანილი იყო მილებით.
ციციშვილების ციხე-დარბაზს 2019 წლის 29 მაისს, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
გალერეა
რედაქტირება-
შესასვლელი
-
სამხრეთის გალავანი
-
კოშკი გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში
-
სამსართულიანი კოშკი
-
ციხე-დარბაზის ხედი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან
-
სასახლის ნანგრევები
-
აბანო
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 311-312.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს მთავრობის დადგენილება №254, 2019 წლის 29 მაისი, ქ. თბილისი, კულტურული მემკვიდრეობის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრის თაობაზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-06. ციტირების თარიღი: 2019-07-07.