საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალი
საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალი — ყოფილი ნაკრძალი საქართველოში. მდებარეობს საგურამოს ქედზე, თბილისიდან 25 კმ. დაარსდა 1946 წელს 5241 ჰა ფართობზე. ნაკრძალს აღმოსავლეთით ეროვნული პარკის ტყეები იყო, ქვედა საზღვარი მდებარეობდა ზღვის დონიდან 600 მ-დე, ზედა — 1393 მ-ზე. ნაკრძალის მეტი ნაწილი დაფარულია ტყით. ხემცენარეებიდან გავრცელებულია წიფელი, რცხილა, მუხა, თელა, ნეკერჩხალი, პანტა და სხვა. საგურამოს ქედი აღმოსავლეთ საქართველოში „კოლხური ტყის კუნძულია“, სადაც გვხვდება მესამეული დროის ფლორის რელიქტები — ბაძგი, მოცვი, კოლხური სურო, ბზა, ურთხელი, კატაბარდა, ეკალღიჭი, გარეული ვაზი და სხვა. ძუძუმწოვარი ცხოველებიდან აქ გავრცელებულია კავკასიური ირემი, შველი, მცირე რაოდენობით - დათვი, მელა, ფოცხვერი, ტყის კატა, მგელი, ტურა, იშვიათია ჯიქი; არის მრავალი სახეობის ფრინველი.
2007 წლიდან მოქცეულია თბილისის ეროვნული პარკის შემადგენლობაში.[1]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- მამისაშვილი კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 620.