აბელია (სოფელი)
აბელია — არქეოლოგიური, ხუროთმოძღვრებისა და ეპიგრაფიკის ძეგლებით მდიდარი უძველესი ნამოსახლარი ქვემო ქართლში (დღევანდელ სოფელ აბელიანთან, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი).
პირველად იხსენიება 1580 წლის ერთ საბუთში. XI-XV საუკუნეებში სამეფო დომენი იყო. XVI-XVIII საუკუნეებში კი საბარათიანოში შედიოდა. აბელია დასახლებული ჩანს უძველესი დროიდან. გათხარეს 1954 და 1966 (ხელმძღვანელი გ. ლომთათიძე). აღმოჩენილია გვიანდელი ენეოლითური და ადრინდელი ბრინჯაოს ხანის (ძველი წელთააღრიცხვით IV-III ათასწლეულთა მიჯნა) ნამოსახლარი. ნაპოვნია კერა, თიხის ჭურჭელი, ხელსაფქვავი, ქვის ცული, ობსიდიანის ზოდები და სხვა. აღმოჩენილია ანტიკური ხანის სამაროვანიც (ძველი წელთააღრიცხვით V-III სს.). ფილაქვით ნაშენ მომცრო სამარხებში მოკუნტულად ჩასვენებულ მიცვალებულებს ჩატანებული ჰქონდათ შავი და წითელი თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოსა და რკინის ზურგჩაზნექილი სამაჯურები, ბრინჯაოს ბეჭდები (ერთის ფარაკზე ფასკუნჯია გამოსახული), მინისა და ქვის მძივები (ერთი გიშრისა, ირმის გამოსახულებიანი), ლურჯი მინის მრავალწახნაგა სამი საბეჭდავი, რომლებზეც გამოსახულია მხედრის ნადირობა ლომზე, ხარირმისა და ფურირმის თამაში, კვიციანი ცხენი. ასეთი საბეჭდავები აღმოჩენილია მცხეთაში, შიდა ქართლში, კლდეეთში და სხვა.
სოფელში თლილი ქვით შემოსილი დარბაზული ეკლესია დგას. შიგნით ჩანს მოხატულობის კვალი. საყურადღებოა ძეგლის დახვეწილი პროპორციები, სადა, ორიგინალური დეკორი. სამხრეთ ფასადზე დაცული ვრცელი ასომთავრული წარწერიდან ირკვევა, რომ ტაძარი აგებულია 1250-1259 წლებს შორის. წარწერის ავტორი — მანგლელი მთავარეპისკოპოსი არსენ მშვილდაისძე მოგვითხრობს იმ გასაჭირზე, რაც ტაძრის მშენებლებს დაადგათ მონღოლთა ბატონობის დროს. იხსენიება ორი მეფე: დავით-ულუ და დავით ნარინი, აგრეთვე დავით-ულუს მეუღლე თამარ-ხათუნი (ჯიგდა-ხათუნი) და ძე გიორგი. წარწერა გამოიკვლია და პირველად გამოაქვეყნა ექვთიმე თაყაიშვილმა.
ლიტერატურა
რედაქტირება- გომელაური ი., ხუროთმოძღვრული ძელი სოფ. აბელიაში, «მაცნე», 1968, № 1;
- ლორთქიფანიძე ი., ქვემო ქართლი XVIII საუკუნის I მეოთხედში, ნაწ. 1-2, თბ., 1935;
- Такайшвили Е. С., Грузинские памятники окрестностей Белого Ключа. «Известия Кавказского отделения Московского археологического общества», 1904, № 6
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბერძენიშვილი დ., ლომთათიძე გ., ციციშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 25-26.
- არსენ მანგლელი (მოამზადა ვალერი სილოგავამ). ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტი „ქართველი ისტორიული მოღვაწეები“