ფასკუნჯი

ფრინველი შავარდნისნაირთა რიგის ქორისებრთა ოჯახისა
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფასკუნჯი (მრავალმნიშვნელოვანი).

ფასკუნჯი,[1] ყაჯირი,[2] ძერძერუკი[3] (ლათ. Neophron percnopterus) — ფრინველი ქორისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 60–70 სმ, ფრთების შლილი 155–180 სმ,[4] მასა 1,6–2,2 კგ.[5] ზრდასრული ფრინველი თეთრია, აქვს შავი მომქნევი ბუმბულები, რომლებიც მკვეთრადაა გამიჯნული ფრთის დანარჩენი ნაწილისაგან,[4] გრძელი და ვიწრო ნისკარტი, რომბისებური კუდი. სახე შეფერილია ყვითლად და შეუბუმბლავია.[6] ნისკარტი მოყვითალოა, მუქი წვერით.[4] ფრთები ვიწრო. ფეხები სუსტი, მოვარდისფრო. თვალის ფერადი გარსი მუქი. ნესტოები განლაგებულია გრძივად.[5] კეფასა და კისერზე გაბურძგნული ბუმბული აქვს.[7] ახალგაზრდა ფრინველი მოყავისფრო-მორუხოა,[6] ღია ფერის სახითა და ნისკარტით.[4] ზრდასრული შეფერილობას დაახლოებით 5 წელში იღებს. ფრენის დროს სხეულის კონტურით ბატკანძერს წააგავს, თუმცა, მისგან განსხვავებით, უფრო მოკლე კუდი და შედარებით მოკლე, ნაკლებად წვეტიანი ფრთები აქვს.[6] ფრენს ლივლივით, იშვიათად ფრთების ქნევით.[7] ხმა — წკრიალა რაკრაკი.[8] გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, აფრიკაში, სამხრეთ-დასავლეთ და შუა აზიაში, ინდოეთში;[5] საქართველოში გადამფრენი[4] და მობუდარია.[6][8] მთებში ადის ზღვის დონიდან 4500 მეტრამდე. ზამთარში ზომიერი განედებიდან მიგრირებს ტროპიკებში.[5] ბინადრობს სტეპის ლანდშაფტის მთებსა და მთისწინეთებში. ცხოვრობს მარტო ან ჯგუფებში.[8] უმთავრესად იკვებება მძორით, შეუძლია ძვლების, მყესების, ჩლიქების, ტყავის გამხმარი ნაფლეთების ჭამა, იჭერს ქვეწარმავლებსაც. სამხრეთ რაიონებში ეტანება დასახლებებს, თამაშობს მენაგვის როლს; ხშირად იკრიბება დიდ გუნდებად.[5] ბუდობს კლდოვან ნიშებსა და ხელოვნურ გამოქვაბულებში,[6] მიტოვებულ შენობებში, იშვიათად ხეებზე. ზოგჯერ ჰქმნიან რამდენიმე ათეული მობუდარი წყვილისაგან შემდგარ კოლონიებს.[5] აპრილში – მაისის დასაწყისში დებს 2 მოყვითალო-თეთრ კვერცხს მურა-წითელი ლაქებით.[8] კრუხობს ორივე მშობელი 40 დღის განმავლობაში. ბარტყების გამოკვება 85 დღე გრძელდება. სრულწლოვანებას მე-4–5 წელს აღწევენ, ცოცხლობენ 37 წლამდე. არეალის დიდ ნაწილში ჩვეული ფრინველია.[5] ევროპასა და საქართველოში იშვიათია, შეტანილია IUCN-ისა[9] და საქართველოს წითელ ნუსხებში.[10]

ფასკუნჯი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ქორისნაირნი
ოჯახი:  ქორისებრნი
გვარი:  ფასკუნჯი
სახეობა:  ფასკუნჯი
ლათინური სახელი
Neophron percnopterus (Linnaeus, 1758)
სინონიმები
  • Vultur percnopterus (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საფრთხეში მყოფი
საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Endangered : 22695180
გავრცელება

  გამრავლება
  მთელი წლის მანძილზე
  მიგრაციის მარშრუტები
  გამოზამთრება
  გამქრალი
  შესაძლო გამქრალი

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 80, 156, 220.
  2. ყაჯირი // დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი: [2 ტომად] / შემდგ.: რუსუდან ამირეჯიბი, შუქია აფრიდონიძე და სხვ. ლონდონი: გარნეტი, 2006.
  3. ძერძერუკი // ლექსიკონი ქართული, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 გავაშელიშვილი ლ., ჯავახიშვილი ზ., დარჩიაშვილი გ., კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიათა ფრინველები, გვ. 58, თბ., 2006, ISBN 99940-857-7-8
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 Коблик Е. А. СТЕРВЯТНИК // Большая российская энциклопедия. т. 31. — М., 2016. — стр. 234.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 დარჩიაშვილი გ., საქართველოს არიდული და სემიარიდული ეკოსისტემების ფრინველთა სარკვევი, გვ. 30, თბ., 2002.
  7. 7.0 7.1 Бёме Р. Л., Динец В. Л., Флинт В. Е., Черенков А. Е. Птицы. Энциклопедия природы России / Под общ. ред. В. Е. Флинта. — М.: ABF, 1996. С. 126–127. 432 с.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 Бёме Р. Л., Жордания Р. Г., Кузнецов А. А. Птицы Грузии. — Тб.: «Сабчота Сакартвело», 1987.
  9. BirdLife International (2019). Neophron percnopterus. IUCN Red List of Threatened Species. 2019. ციტირების თარიღი: 3 ივნისი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  10. საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების შესახებ. საკანონმდებლო მაცნე. matsne.gov.ge (2 მაისი, 2006). ციტირების თარიღი: 3 ივნისი, 2020.