აბუხალოს გამოქვაბულები
აბუხალოს გამოქვაბულების კომპლექსი — არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლი, რომელიც მდებარეობს ამავე სახელწოდების სოფლის დასავლეთით (ქარელის მუნიციპალიტეტი, სოფელი აბუხალო), კლდეზე, რომლის ქვედა ნაწილი დაფარულია წიწვოვანი ტყით, ხოლო მისი ზედა ნაწილი შიშველია. გამოქვაბულებში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხრიდან. დასავლეთის მისასვლელი გამაგრებული იყო მაღალი გალავნით. კომპლექსი XVII-XVIII საუკუნით თარიღდება. იგი წარმოადგენდა კლდეში ნაკვეთ რვა სხვადასხვა ზომის ქვაბულისაგან შემდგარ მონასტერს. პირველი ქვაბული შედარებით მცირე ზომისაა და მასთან არსებული წყარო 1940 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშრა. მეორე — კლდეში ამოკლეთილი ოთახი მთლიანად გაჭვარტლულია და აქედან კარი გადის მესამე — აგურით ამოშენებულ მესამე მომრგვალებულ ოთახში, რომელიც შელესილი და შეთეთრებულია. მეორე ოთახი გადის ბაქანზე, საიდანაც შესაძლებელია მე-4 და შემდეგ მე-5 ოთახში გადასვლა. ამ უკანასკნელ ოთახებში სათოფურებია, რომლებიც ხეობისკენაა მიმართული. მეოთხე ოთახის ბაქანიდან შესაძლებელია მე-6 ოთახში მოხვედრა და შემდეგ ვიწრო გვირაბით მე-7 ოთახში. ამ უკანასკნელის 3 კედელი აგურითაა ნაშენები, ხოლო მეოთხე კლდოვანი ქანებისგან შედგება. სათავსი შელესილი და შეთეთრებულია. ეს ოთახი უკავშირდება ეკლესიას, რომლის კედლები აგურისაა და შეთეთრებულია. მოხატულია ეკლესიის შესასვლელის მარჯვენა მხარე, სადაც გამოსახულია მშენებლობის სცენა და წმინდანები.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 354.