მძოვრეთის ციხე — ციხე-დარბაზის კომპლექსი შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთუბანში. მდებარეობს სოფლის დასაწყისში, მდინარე ძამის მარჯვენა ნაპირზე, ნაქალაქარ მძოვრეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში. კომპლექსში შედის: ეკლესია, სამრეკლო კოშკი. სასახლისაგან (გრძელი სწორკუთხა შენობა) და რამდენიმე საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობისაგან მხოლოდ კვალია შემორჩენილი.[1].

მძოვრეთის ციხე
მძოვრეთის ციხე

ციხე-დარბაზს ფერდობის ძირას გრძელი მონაკვეთი (75 X 180 მ) ეკავა და შემოვლებული ჰქონდა გალავანი. ნაგებობები შევაკებაზე იყო განლაგებული. შემორჩენილია გალავნის ჩრდილოეთის ნაწილი მთელ სიგრძეზე და ნაწილობრივ აღმოსავლეთის და დასავლეთის მხარეები. გალავანს ჭიშკარი დასავლეთით ჰქონია, ხოლო მეორე კარი ჩრდილოეთით (ეკლესიასთან).

ციხე-დარბაზის აგება უშუალოდ დაკავშირებულია XVII საუკუნის დასაწყისში ციციშვილთა საფეოდალოს ცენტრის სამწევრისიდან მძოვრეთში (ზოვრეთი) გადმოტანასთან. მძოვრეთი ხეობაში, სტრატეგიული თვალსაზრისით მოხერხებულ ადგილას მდებარეობდა.

 
ეკლესია

ეკლესია დარბაზულია (9 X 5,8 მ), დგას გალავნის შიგნით, აღმოსავლეთით. თარიღდება XVII საუკუნის დასაწყისით. ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი დასავლეთიდანაა. ნახევარწრიულ აფსიდში და სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით, რომელიც კედლის წყვილ პილასტრებზე დამყარებულ თაღს ეყრდნობა. საკურთხეველი გამოყოფილია გვიანდელი მასიური კანკელით, რომლის აღსავლის კარის გვერდებზე თითო ნიშია. ინტერიერი შელესილია. ეკლესია გადახურულია ორფერდა სახურავით.

ეკლესიის დასავლეთ კედელზე მიშენებულია სამსართულიანი (5,8 X 5,9 მ) სამრეკლო. თარიღდება XVIII საუკუნის მეორე ნახევრით. ძირითადად ნაგებია რიყის ქვით. ქვედა ნაწილში გამოყენებულია თლილი ქვაც, ინტერიერში - აგური. პირველი სართული - კარიბჭე სამი მხრით ღია თაღებითაა გახსნილი და გადახურულია დამჯდარი კამარით. მეორე სართული მცველის საცხოვრებელია და აღჭურვილია სათავდაცვო ელემენტებით. კარი სამხრეთითაა. ამ სართულზე ასვლა მისადგმელი ხის კიბით შეიძლება. აღმოსავლეთის კედელი ეკლესიას ესაზღვრება. დანარჩენ სამ კედელში სათოფურებია. მესამე სართულსაც კამაროვანი გადახურვა აქვს. იგი ოთხივე მხარეს გახსნილია განიერი ნახევარწრიული თაღებით და ზარების დასაკიდ ფანჩატურს წარმოადგენს. მესამე სართულის თაღების დონეზე შენობის კვადრატული გარემოხაზულობა ოდნავ ვიწროვდება, გადადის რვაწახნაგაზე და რვაგვერდა პირამიდით მთავრდება.

 
კოშკი

კოშკი (7,1 X 6,9 მ, სიმაღლე 22,3 მ) მდებარეობს ციხე-დარბაზის სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთში. თარიღდება XVII საუკუნის დასაწყისით. იგი შვიდსართულიანია, პირამიდული, ნაგებია რიყის ქვით. ინტერიერში გამოყენებულია აგური. შესასვლელი ორი აქეს - ჩრდილოეთიდან (პირველ სართულზე) და სამხრეთიდან (მესამე სართულზე). კოშკი ფერდობზე დგას და ორივე კარი მიწის ზედაპირს უსწორდება. პირველი სართულის კედლები ყრუა. მეორე სართულს ერთი სარკმელი აქეს და მის კედელში იწყება კიბე, რომელიც ბოლო სართულამდე ადის. პირველ სართულს ხის გადახურვა ჰქონდა. დანარჩენი სართულები ხის ოდნავ შეისრული კამარით იუო გადახურული. III სართულს მხოლოდ ერთი სათოფური აქვს. IV სართულის კედლებში სათოფურები და ბუხარია, V-ზე — ცალმაგი და ორმაგი სათოფურები, VI-ზე სათოფურები და ბუხარი. V და VI სართულებზე გადმოკიდებული საპირფარეშოებია. VII სართული ოთხივე მხარეს თაღებით იყო გახსნილი.

გასამაგრებლად კოშკის სამ კედელზე მიშენებულია ნახევარწრიული კონტრფორსები. კოშკზე ჩრდილოეთის მხრიდან საცხოვრებელი სახლია მიდგმული.

ლიტერატურა

რედაქტირება