თავისუფალი საქართველო (პარტია)
თავისუფალი საქართველო — კონსერვატიული პოლიტიკური პარტია საქართველოში. შეიქმნა 2010 წლის შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. პარტიის ლიდერია კახა კუკავა.
თავისუფალი საქართველო | |
---|---|
![]() | |
ხელმძღვანელობა | |
ლიდერი | კახა კუკავა |
ისტორია | |
დაფუძნდა | 2010 |
პოზიციები | |
იდეოლოგია | კონსერვატიზმი[1] |
პოლიტიკური პოზიცია | მემარჯვენე-ცენტრიზმი |
წარმომადგენლობითობა | |
პარლამენტი |
0 / 150 |
ფერები | |
შტაბ-ბინა | ქ. თბილისი, ოთარ ონიაშვილის 80 |
freegeo.ge |
ისტორია რედაქტირება
პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო“ 2010 წელს დააფუძნა პარტიის ამჟამინდელმა ლიდერმა, კახა კუკავამ თანამოაზრეებთან ერთად. ის თავს მიიჩნევს საარჩევნო ბლოკ „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოს“ იდეურ მემკვიდრედ.
2012 წლამდე პარტია იყო მიხეილ სააკაშვილის მთავრობის რადიკალურ ოპოზიციაში და იყო არაერთი საპროტესტო აქციის ორგანიზატორი და მონაწილე. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „თავისუფალი საქართველო“ კონსტრუქციულ ოპოზიციაშია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან.
პოლიტიკური პლატფორმა რედაქტირება
პარტიის პროგრამაში საშინაო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებია ავტორიტარული სისტემის დემონტაჟი და ევროპული ტიპის დემოკრატიული რეფორმების გატარება, სამართლიანობის აღდგენა და სამართლებრივი რეფორმა. სოციალურ პოლიტიკაში ძირითადი მიმართულებაა ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სფეროების სახელმწიფო დაფინანსების ზრდა. პარტიის ეკონომიკური პროგრამა გულისხმობს ეროვნული წარმოებისა და გლეხობის მხარდაჭერას, მონოპოლიებთან ბრძოლას. პარტიის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებია საქართველოს თვითმყოფადობის დაცვა, ევროპული ინტეგრაცია და რუსეთთან კონფლიქტების მოწესრიგება. პარტია საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის წინააღმდეგია.
არჩევნები რედაქტირება
„თავისუფალი საქართველო“ მონაწილეობდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, სადაც აიღო ხმათა 0,27%.[2] რამდენიმე თვეში გამართულ შუალედურ არჩევნებში ნაძალადევის ოლქში „თავისუფალმა საქართველომ“ დაიკავა მეორე ადგილი (17,26%), დამარცხდა „ქართული ოცნების“ კანდიდატთან 39,48% და გაუსწრო ყოფილ სახელისუფლებო პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“ (15,11%).[3] 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „თავისუფალ საქართველოს“ კანდიდატურა არ დაუყენებია. 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში „ახალ მემარჯვენეებთან“ ერთად ხმათა 2,24% მიიღო. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ მოიპოვა 6393 ხმა (0,33%).
ამჟამად პარტია წარმოდგენილია ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
წელი | არჩევნები | მიღებული პროცენტი | შენიშვნა | კოალიცია |
---|---|---|---|---|
2012 | საპარლამენტო | 0,27% | ვერ გადალახა ბარიერი | დამოუკიდებელი |
2014 | ადგილობრივი | 2,24% | მეექვსე ადგილი | არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე) |
2016 | საპარლამენტო | 5,01% | კოალიციამ მოიპოვა ექვსი მანდატი | საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია |
2017 | ადგილობრივი | 2,59% | მეექვსე ადგილი | დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო |
2018 | საპრეზიდენტო | 1,33% | კახა კუკავა გავიდა მეშვიდე ადგილზე | დამოუკიდებელი |
2020 | საპარლამენტო | 0,33% | ვერ გადალახა ბარიერი | დამოუკიდებელი |
2021 | ადგილობრივი | 0,19% | მეთხუთმეტე ადგილი | დამოუკიდებელი |
სტრუქტურა რედაქტირება
პარტიის უმაღლესი ორგანოა ყრილობა. ყრილობებს შორის პარტიას მართავს პოლიტიკური საბჭო. პოლიტიკური საბჭოს წევრები არიან: კახა კუკავა (თავმჯდომარე), ზაზა ხატიაშვილი (თანათავმჯდომარე), კახა ლაფერიშვილი, თამარ ფაჩულია, ნანა ხომასურიძე, გია ნემსაძე, დავით ჭაბუკაშვილი, ლალი ფერაძე, დავით მოძღვრიშვილი, ზურაბ ჯინჯოლავა, მალხაზ ფილაური.
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
სქოლიო რედაქტირება
- ↑ პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო - მისია და მიზანი (2020-09-12).
- ↑ საქართველოს არჩევნების მონაცემები[მკვდარი ბმული]
- ↑ საქართველოს არჩევნების მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2014-04-07.