მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი

მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი — პირველი ვეზირი ფეოდალურ საქართველოში. საქართველოს სახელმწიფოს ძლიერების განმტკიცების მიზნით 1103-1104 წლებში დავით აღმაშენებელმა გაააერთიანა მწიგნობართუხუცესისა და ჭყონდიდელის თანამდებობა. მწიგნობართუხუცესობა არსებითად განსხვავდებოდა ყველა სხვა სადარბაზისკარო თანამდებობებისაგან (ყველა სხვა „ჴელი“ მიწისმფლობელობასთან იყო დაკავშირებული). მწიგნობართუხუცესი მონაზონი იყო და არ იჩენდა თანამდებობის სამემკვიდრეოდ გადაქცევის მიდრეკილებას. იგი მთლიანად მეფის ცენტრალურ ხელისუფლებაზე იყო დამოკიდებული და ამიტომ თავგამოდებით უჭერდა მხარს მის გაძლიერებას. ამ „ჴელს“ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა გადამწყვეტ ბრძოლაში დიდგვარიან აზნაურებსა და მეფის ხელისუფლებას შორის. სამეფო კარი დაინტერესებული იყო, რომ მისი ერთგული მოხელე „ვაზირთა ყოველთა უპირველესიი“ გამხდარიყო.

რუის-ურბნისის 1103 საეკლესიო კრებაზე გატარებული ღონისძიებების შემდეგ საჭირო იყო გადამჭრელი ზომების მიღება იმისათვის, რომ ეკლესია საბოლოოდ დამორჩილებოდა მეფის ხელისუფლებას. ამ მიზნის მისაღწევად გამოინახა გზა, რომელიც ითვალისწინებდა ყველაზე უფრო გავლენიანი საეკლესიო პირის სახელმწიფო მმართველობაში მოყვანას, ან კიდევ რომელიმე უხუცესისათვის დიდი საეკლესიო თანამდებობის მინდობას. დავით აღმაშენებელმა არჩევანი მწიგნობართუხუცესისა და ჭყონდიდელის თანამდებობის გაერთიანებაზე შეაჩერა. საქართველოს მეფის ამ ნაბიჯს მეტად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა: მეფის ერთგული მოხელე მწიგნობართუხუცესი ამავე დროს საეკლესიო სფეროში გავლენიანი თანამდებობის — ჭყონდიდელობის მფლობელიც გახდა.

მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი ერთსა და იმავე დროს მეფის მოხელეც იყო და დიდი საეკლესიო თანამდებობის პირიც. საქართველოს მეფეს მის მიერ შექმნილი ახალი „ჴელის“ მეოხებით შეეძლო ფართოდ ჩარეულიყო საეკლესიო საქმეებში. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის ტიტულის პირველი მატარებელი იყო გიორგი ბერი — რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ყველაზე აქტიური მონაწილე. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი სამეფო კართან დაახლოებული პირი იყო. „ჴელმწიფის კარის გარიგება“ გვამცნობს, რომ იგი „ვითა მამა არს მეფისა, აგრე ყველა საურავი უიმისოდ არ იქნების“. ჟამთააღმწერლის დამოწმებით კი „სამეფოსა და სახლი განგებაც“ მისი მოვალეობაა. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი „სააჯო კარსაც“ ედგა სათავეში და სახელმწიფოში მართლმსაჯულებას განაგებდა.

მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი არ ყოფილა სამხედრო ხელისუფალიი, მაგრამ მის განსაგებელთა შორის სამხედრო საქმეს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ლაშქრობები და ლაშქრის ორგანიზაციის საკითხები მის გარეშე არ წყდებოდა. შემთხვევითი არ ყოფილა, რომ საქართველსო სამეფოს მუდმივი ლაშქრის შექმნის დიდმნიშვნელოვანი სახელმწიფო საქმის გადაწყვეტილების მიზნით გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი დავით აღმაშენებელს გაჰყვა ოსეთსა და ყივჩავეთში. საქართველოს სამეფოს საბოლოო პოლიტიკური დაშლის შემდეგ საფიქრებელია ამ მეტად რთული და თავისებური ინსტიტუტის დაშლა-დანაწილება და გადაგვარება.

მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის ინსტიტუტი თავის არსით რთული და თავისებური იყო. იგი ჩამოყალიბდა ფეოდალური საქართველოს განვითარების გარკვეულ საფეხურზე, როგორც შედეგი იმ მწვავე პროცესებისა, რომლებიც თან ახლდა ხელისუფლების ცენტრალიზაციისათვის ბრძოლას. ქრონოლოგიურად დაემთხვა ფეოდალური საქართველოს ძლიერების ხანას და მისი სახელმწიფოებრივი მშენებლობის ისტორიული განვითარებასთან ღრმა ორგანულ კავშირში იყო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მეტრეველი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 266.
  • ბერძენიშვილი ნ., სავაზირო ფეოდალურ საქართველოში, წგნ.:საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 3, თბ., 1966;
  • მესხია შ., საშინაოპოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში, თბ., 1979;
  • მეტრეველი რ., დიდნი საქმენი (XI საუკუნის მეორე ნახევრისა და XII საუკუნის პირველი მეოთხედის საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხი), თბ., 1978;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 1, ტფ., 1928.