ჭყონდიდელი, ჭყონდიდის (ახლანდელი მარტვილი) მთავარეპისკოპოსი X საუკუნიდან დღემდე (X-XIII საუკუნეებში ჭყონდიდელი ატარებდა აგრეთვე ბიზანტიურ საპატიო ტიტულებს: სვინგელოზი, პროტოუპერტიმოსი). ჭყონდიდელი იყო ოდიშის ეკლესიის მეთაური და აფხაზეთის საკათალიკოსოს დაარსებამდე (წყაროებში პირველად XIII საუკუნეში იხსენიება, ზოგიერთი მკვლევარის მოსაზრებით, აფხაზთა კათალიკოსობა დაწესდა VIII ან X საუკუნეებში) ყველაზე გავლენიანი მღვდელთმთავარი დასავლეთ საქართველოში და შესაძლოა მას ექვემდებარებოდნენ დასავლეთ საქართველოს სხვა ეპისკოპოსებიც.

ჭყონდიდელის დიდი გავლენის გამო დავით აღმაშენებელმა (1089-1125) საეკლესიო პოლიტიკის გატარებისას სწორედ მასზე შეაჩერა არჩევანი - ჭყონდიდლობა შეუთავსა მწიგნობართუხუცესობას და ის დანიშნა თავის ვეზირად. შემდეგში დავითმა ჭყონდიდელს დაუქვემდებარა კიდევ ორი ეპარქია: ბედიისა (აფხაზეთში) და ალავერდისა (კახეთში). XII-XIII საუკუნეებში ჭყონდიდელი ზოგჯერ ქართლის კათოლიკოსიც ხდებოდა და სხვა ეპარქიის მღვდელთმთავრობასაც ითავსებდა (მაგ., XII საუკუნის ბოლოს მიქაელ კათოლიკოსი იყო ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი და სამთავნელი; არსენ კათოლიკოსი - ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი). უკანასკნელად ჭყონდიდელი ვეზირად წყაროებში იხსენიება XIII საუკუნის შუა წლებში (ბასილი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი და უჯარმელი). არის მოსაზრება (ნ. ბერძენიშვილი), რომ XI-XII საუკუნეებში მოღვაწე გიორგი ჭყონდიდელი ვეზირი იყო. ჭყონდიდელი ვეზირობას ინარჩუნებს XV საუკუნის ბოლომდე, ე.ი. საქართველოს მონარქიის საბოლოოს დაშლამდე. ამ მოსაზრებას ისიც ადასტურებს, რომ XIV საუკუნის ქართული სამართლის ძეგლი "ჴელმწიფის კარის გარიგება" ჭყონდიდელს ჯერ კიდევ "ვეზირთა უპირველესად" იხსენიებს.

საქართველოს პოლიტიკური დაშლილობის ხანაში (XV-XVIII სს.) ჭყონდიდელი სამეგრელოს ხანაში ეკლესიის მეთაური იყო. ის ამ პერიოდში აქტიურ როლს ასრულებდა სამეგრელოს სამთავროსა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეპარქიულად იგი აფხაზთა კათოლიკოსს ექვემდებარებოდა. სამეგრელოს მთავარი მხარდაჭერით ჭყონდიდელი ცდილობდა თავისი საეპარქიო იურისდიქციის ფარგლების გაზრდას, ხშირად იერთებდა დასავლეთ საქართველოს სხვა საეპისკოპოსოებსაც. მაგ., ჭყონდიდელი გაბრიელ ჩიქოვანი (XVII ს.) ამავე დროს იყო ბედიელ - ცაგერელი (ბედიისა და ცაგერის ეპისკოპოსი), ხოლო ანტონ ჭყონდიდელი (XVIII ს.) - იყო ცაგერელიც და სხვა.

ჭყონდიდელი დოკუმენტებში იხსენიება როგორც "სრულიად სამეგრელოს და ნაწილთა იმერეთისა მწყემსთმთავარი". სამეგრელოს მთავრის პოლიტიკური ექსპანსიას დასავლეთ საქართველოში თან სდევდა ჭყონდიდელის საეკლესიო ექსპანსიაც.

დადიანები (სამეგრელოს მთავრები) და ჭყონდიდელები შეთანხმებულად მოქმედებდნენ. ამასთან, დადიანები ხშირად ჭყონდიდელად თავიანთი საგვარეულოს წარმომადგენლებს სვამდნენ. XVIII საუკუნის დასაწყისში სამეგრელოს მთავრის ბეჟან დადიანის მხარდაჭერით ჭყონდიდელმა ევდემონ ღოღობერიძემ აფხაზთა კათოლიკოს გრიგოლ ლორთქიფანიძისაგან მიიღო მიტროპოლიტის პატივი.

ჭყონდიდელი არა მარტო ეპარქიის მღვდელთმთავარი იყო, არამედ - ჭყონდიდის საყდრის სენიორიის გამგებელიც. ჭყონდიდლები აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. სახელმწიფო და კულტურული მოღვაწეები იყვნენ სტეფანე სანანოის ძე (X ს.), გიორგი ჭყონდიდელი (XI-XII სს.), სვიმეონ ჭყონდიდელი და ბედიელ-ალავერდელი (XII ს.), ანტონ ჭყონდიდელი (XII-XIIIსს.), არსენ ჭყონდიდელი და კათოლიკოსი (XIII ს.), ბასილი ჭყონდიდელი და უჯარმელი (XIII ს.) და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შოშიაშვილი ნ., ქსე, ტ. 11, გვ. 409, თბ., 1987