რუის-ურბნისის ძეგლისწერა

რუის-ურბბნისის კრების ძეგლისწერა მიიღეს რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე. ამ საეკლესიო კრების დადგენილებებს კანონის ძალა ჰქონდა. რუის-ურბნისის საეკლესიო კრება მოიწვიეს 1103/4 წელს. კრების თავმჯდომარე იყო იოანე კათალიკოსი:

ვიკიციტატა
„თავ და წინამძღუარ... წმიდასა მის კრებისა იყო... იოვანე ყოვლად ღირსი მთავარეპისკოპოსი, კათალიკოსი და ყოვლისა საქართველოჲსა დიდი მამამთავარი[1]

ძეგლისწერის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდნენ გიორგი მწიგნობართუხუცესი და არსენ იყალთოელი[1].

რუის-ურბნისის კრება მოიწვიეს დავით აღმაშენებლის ინიციატივით. ეს კარგად ჩანს ძეგლის სათაურიდანაც:

ვიკიციტატა
„ძეგლისწერაჲ წმიდისა და ღმრთივ შეკრებულისა კრებისაჲ, რომელი შემოკრიბა ბრძანებითა და კეთილად მსახურისა და ღმრთივ დაცვულისა ჩუენისა დავით აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა მეფისასა, პირთათჳს რომელნი ქუემო მოჴსენიებულ არიან[2]

ის ამით ცდილობდა, დაემორჩილებინა ეკლესია და განემტკიცებინა სამეფო ხელისუფლება. თვით ძეგლში კი აღნიშნულია, რომ კრების მიზანი საეკლესიო და სამღვდელოთა საქმეების განხილვა იყო:

ვიკიციტატა
„ამისთჳს შემოკრიბა შეკრებაჲ..., გარნა არ თუ უბიწოებასა ქართველთა სარწმუნოებასა ბიწი რაჲმე შეჰხებოდა..., არამედ სხუათა საეკლესიოთა და სამღვდელოთა და საქრისტეანოთა ძიებათათჳს[3]

აღმაშენებლის ისტორიკოსის გადმოცემით, ეკლესიას დაეუფლნენ „ქუაბ ავაზაკნი“, რომლებიც „მამულობით“, ე.ი. გვარიშვილობით დაეპატრონნენ ეპისკოპოსთა თანამდებობებს. „მამულობით“ ეკლესიის თანამდებობათა დამპყრობნი ფეოდალების ოჯახებიდან იყვნენ და მხარს უჭერდნენ ფეოდალებს მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში. მეფეს კი სწადდა, ასეთი უწესოები და ფეოდალთა დასაყრდენი გადაეყენებინა თანამდებობებიდან[4].

ნ. ურბნელის მიხედვით, დავით აღმაშენებელს გამიზნული ჰქონდა კრების სახელითა და შემწეობით გაეძლიერებინა სამეფო ტახტის მნიშვნელობა, ფეოდალების ძალა მოესპო, მთავრები და ერისთავები დაემორჩილებინა, დესუსტებინა. ნ. ურბნელი ასევე ამბობს, რომ დავითს სურდა სახელმწიფო ეკლესიაზე მაღლა დაეყენებინა, ე.ი. ეკლესია სახელმწიფოსთვის დაემორჩილებინა[5].

შემადგენლობა

რედაქტირება

ივ. ჯავახიშვილი ძეგლისწერას ოთხ ნაწილად ყოფს: 1) შესავალი, 2) დადგენილებანი, 3) დავითის შესხმა, 4) გამოჩენილ ქართველ მოღვაწეთა მრავალჟამიერი და საუკუნო ხსენება[6].

კ. კეკელიძე ძეგლისწერას სამ ნაწილად ყოფს: 1) შესავალი, 2) დადგენილებანი, 3) სინოდიკონი[7]. (სინოდიკონი ბიზანტიაში ეწოდებოდა განსაკუთრებულ საეკლესიო სამსახურს, რომელიც შემოღებულ იყო 843 წელს მართლმადიდებლური ეკლესიის მწვალებლებზე გამარჯვების ნიშნად).

ძეგლისწერაში შესავალს მოსდევს კანონები, კანონებს — „მეფესა დავითს მონაზონი არსენი“. ეს არის დავით აღმაშენებლისადმი მიმართული შესხმა არსენ იყალთოელის მიერ დაწერილი[1].

ძეგლისწერის შესავალში მოთხრობილია ადამიანის წარმოშობის ისტორია, ღმერთის მიერ ადამიანის გაჩენა, ადამიანის ცხოვრება სამოთხეში, ღმერთისგან ადამიანისთვის თავისუფლების მინიჭება, რაც ადამიანმა ვერ გამოიყენა. ამას შემდეგ მოსდევს კაენის მიერ ძმის მოკვლა და ამის გამო ღმერთის მიერ ქვეყნის დაწყევლა. ღმერთმა მისცა ადამიანს მოსეს რჯული, თუმცა ამის შემდეგაც ადგილი ჰქონდა კერპთაყვანისმცემლობას — ვერაფერმა ვერ უშველა ქვეყანას. ქვეყნის სახსნელად მოვიდა ქრისტე და ეწამა ადამიანთათვის. ქრისტემ აღდგომის შემდეგ მოავლინა თავისი თორმეტი მოციქული, რომ ადამიანს მოაშიროს „ბნელი უღმერთობისაჲ“ და ასწავლოს ჭეშმარიტი სარწმუნოება. ანდრია მოციქულმა უქადაგა „ყოველსა ქუეყანასა საქართველოჲსასა“, მაგრამ ჟამთასვლელობაში მრავალმა ქართველმა დაივიწყა ქადაგება. მირიანის მეფობის დროს კი საქართველოს მოევლინა განმანათლებელი ნინო კაპადოკიელი[8].

ძეგლისწერა სამართლის ფილოსოფიის საკითხებსაც აყენებს. მაგალითად, ძეგლისწერის მიხედვით, არსებობს ბუნებითი და პოზიტიური სამართალი. ბუნებითი სამართალი მომდინარეობს ღვთისგან, ბუნებისგან. მას იყენებდნენ ბატონყმობის არსებობის გასამართლებლად. პოზიტიური სამართალი კი არის „დაწერილი სჯული“, ანუ დაწერილი კანონი[9].

დადგენილებები

რედაქტირება

საეკლესიო კრების მიერ მიღებული კანონები ეხება ეკლესიის მსახურებს, მათ დანაშაულს, რომელიც შეიძლება ჩაიდინოს როგორც ეკლესიის მსახურმა, ისე ერისკაცმა.

  1. ძეგლისწერა გადაყენებულად აცხადებს უღირს მღვდელთმთავარს, მსახურს, რომელმაც სულისათვის ხორცი არ დათრგუნა;
  2. ეპისკოპოსი უნდა იყოს არანაკლებ ოცდათხუთმეტი წლისა, მღვდელი ოცდაათისა, დიაკონი ოცდახუთისა, „წიგნის მკითხველი“ კი რვა წლისა. ხელდასმა უნდა ხდებოდეს ჯერ უმცროს თანამდებობებზე, შემდეგ კი თანდათანობით უფროსზე;
  3. ხელდასმა და ეკლესიის კურთხევა უნდა ჩატარდეს გიორგი მთაწმინდელის განწესების მიხედვით;
  4. ძეგლისწერა კრძალავს ხელდასმას ქრთამით, ძღვენით;
  5. საეკლესიო ქონება, საჭურჭლე მხოლოდ დანიშნულებისამებრ უნდა იხმარებოდეს;
  6. ქორწინება, ნათლისღება, მონაზვნად განწესება ხდებოდა ეკლესიის მიერ განსაზღვრული წესით. გვირგვინის კურთხევა მხოლოდ ეკლესიაში უნდა შესრულებულიყო. ძეგლისწერა ორ ქორწინებაზე მეტს არ აღიარებდა;
  7. დაქორწინებისას ქალი უნდა ყოფილიყო არანაკლებ თორმეტი წლისა;
  8. კათალიკოსთაგან და ეპისკოპოსთაგან უნდა შეირჩნენ ისეთები, რომლებიც გათვითცნობიერებულები არიან საქრისტიანო წესებში, უანგაროდ ემსახურებიან ეკლესიის საქმეს;
  9. მოძღვართა სიმრავლე მონასტერში განხეთქილების მიზეზს შემოიღებს, ამიტომ მათი რიცხვი უნდა განისაზღვროს: დიდ მონასტერში დასაშვებია ორი მოძღვარი, ხოლო პატარაში — ერთიც საკმარისია;
  10. იკრძალება ეკლესიაში ერისკაცთა მიერ სამოქალაქო და სასოფლო სამსახური;
  11. განმარტებულია ვის მიერ, სად და როგორ უნდა სრულდებოდეს ცოცხალთა და მიცვალებულთა ლოცვა;
  12. ძეგლისწერის მიხედვით, სომეხნი სარწმუნოებით მწვალებლები არიან და თუ სომეხი მართლმადიდებლობას აღიარებს, მართლმადიდებელმა ეკლესიამ ის ისეთი წესით უნდა მიიღოს, როგორი წესითაც წარმართს იღებს;
  13. იკრძალება მართლმადიდებლისა და წარმართის ქორწინება;
  14. აკრძალულია წარმომადგენლობითი ქორწინება (წარმომადგენლობითი ქორწინებისას, თუ შესაუღლებლები სხვადასხვა ადგილას არიან და მათი ერთად შეყრა ვერ ხერხდება, მაშინ გვირგვინის კურთხევის დროს საქმროს მაგიერ მისი წარმომადგენელი უნდა იყოს);
  15. ძეგლისწერა ეხება სოდომურ დანაშაულს, ე.ი. არაბუნებივ სქესობრივ კავშირს, მამათმავლობას.დასახელებულია ცოდვები: მტრობა, შური, კაცისკვლა, მრუშობა, კერპთმსახურება, ცრუ-ფიცი.

ძეგლისწერის მიხედვით, სოდომური ცოდვაც განსხვავებულია ჩამოთვლილი ცოდვებისაგან. ყოველგვარი ნივთი, საგანი ღმერთმა შექმნა და მათ გარკვეული დანიშნულება მისცა ადამიანის სასარგებლოდ. სოდომური ცოდვა ღვთისა და ბუნების საწინააღმდეგო მოვლენაა. ამ ცოდვამ დაღუპა მრავალი სახელმწიფო, მრავალ ხალხს დაუკარგა თავისუფლება[10].

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ VI, თბ., 1982. გვ.55
  2. ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ VI, თბ., 1982. გვ.53
  3. ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ VI, თბ., 1982. გვ.54
  4. ივ. სურგულაძე, ქართული სამართლის ისტორიის წყაროები, თბ., 2003. გვ. 178
  5. ნ. ურბნელი, ჩვენი საეკლესიო სჯულმდებლობა, ძეგლისწერა. გაზ. „ივერია“, 1888. N38
  6. ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ VI, თბ., 1982. გვ.55-56
  7. კ. კეკელიძე, ძველი ქართული მწერლობის ისტორია, 1951. გვ. 542
  8. ივ. სურგულაძე, ქართული სამართლის ისტორიის წყაროები, თბ., 2003. გვ. 180-181
  9. ივ. სურგულაძე, ქართული სამართლის ისტორიის წყაროები, თბ., 2003. გვ. 181-182
  10. ივ. სურგულაძე, ქართული სამართლის ისტორიის წყაროები, თბ., 2003. გვ. 186