რუისის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი

რუისის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი — ტაძარი შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის შუაგულში[1]. ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანია (27,3X19,6 მ; სიმაღლე 23,2 მ). თავდაპირველი ნაგებობიდან შემორჩენილია გეგმის ძირითადი მონახაზი და შენობის აღმოსავლეთი ნაწილი. ეკლესია თავდაპირველად ნაგები ყოფილა კარგად გათლილი, თანაბარი ზომის მოყვითალო მომწვანო და იასამნისფერი ქვიშაქვის კვადრებით. აღდგენა-შეკეთებისას გამოყენებულია მონაცისფრო-მოშავო ბაზალტის კვადრები, შირიმი და აგური.

რუისის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი
რუისის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი — საქართველო
რუისის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°02′16″ ჩ. გ. 43°57′24″ ა. გ. / 42.03778° ჩ. გ. 43.95667° ა. გ. / 42.03778; 43.95667
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი ქარელის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა რუისი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ჯვარ-გუმბათოვანი
თარიღდება VIII-IX საუკ.
დეტალები

ტაძრის გეგმა

 
რუისის ტაძრის კარიბჭის წარწერა
ჯაბა ლაბაძის ფოტო

გადმოცემით რუისის ტაძარი აუგია ვახტანგ გორგასალს. ამ ხნის ნაგებობას ჩვენამდე არ მოუღწევია. ეკლესიაზე გაირჩევა რამდენიმე სამშენებლო ფენა. უძველესი VIII-IX საუკუნეებს მიეკუთვნება. X საუკუნეში ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ. XI საუკუნეში გიორგი ეპისკოპოსს იგი კვლავ განუახლებია და მდიდრულად მოურთავს, რაზეც მეტყველებს ჩრდილოეთი კარიბჭის აფსიდის კონქის ქუსლთან არსებული ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა:

 
„ქრისტე შეიწყალე სული გიორგი ეპისკოპოსისა ამინ.“

წარწერის ბოლოში მიწერილია: ”მარიამ დედოფლისა” (დედა, რომელიც ბაგრატის გამეფებამდე განაგებდა ქვეყანას). საეპისკოპოსო კათედრალს დახმარებას უწევდა თამარ მეფის დედა ბურდუხანი:

 
„ზრუნვა და საზრუნავი ხელ ეყო დედოფალსა ბურდუხანს.“

თემურლენგის შემოსევების დროს ეკლესია ძლიერ დაზიანებულა. დასავლეთი ფასადის წარწერის თანახმად ტაძარი აღუდგენია მეფე ალექსანდრე I-ს (1412-1442).

 
„ქ ზე ადიდენ ღმერთმან მეფეთა-მეფობა დიდისა ალექსანდრესი, - რომლისა მიერ კვალად აღეშენა საყდარი ესე, ადიდენ ღმერთმან და სული მათი კურთხეულ ყოს.“

ეკლესიის სამხრეთი ფასადის წარწერაში კი მოხსენიებულია შემკეთებელი ოსტატი:

 
„გალატოზთა ზედა მომგესა შალვას შეუნდვეს ღმერთმან, ამინ.“

XVI საუკუნეში ეკლესია კვლავ აღუდგენია მროველ ეპისკოპოსს დიონისე ლარაძეს, ხოლო XVII საუკუნეში განუახლებია და შეუმკია მარიამ დედოფალს, როსტომ მეფის (1632-1758) მეუღლეს. XVII საუკუნეში მროველი ეპისკოპოსის სამწყსო საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავდა. ვახუშტი ბაგრატიონი წერს:

 
„ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ამ რუისა ზეითის ქართლისა, ლიხ-ტაშისკარამდე და აწ ისევ მწყსის ხეობასა და სადგერს...“

რუისის ეპარქიის იმ ხანის ეკონომიკაზე საინტერესო ცნობას იძლევა რუისის მღვდელმთავრის ნიკოლოზ ორბელიანის მიერ 1715 წელს შედგენილი ”სამწყსოს დავთარი”. 1803 წელს ტაძარში ტრაპეზ-ამბიონი აუგია იუსტინე მაღალაძეს. 1811 წელს რუისის ეპარქია გაუქმდა. 1920 წლის თებერვლის მიწისძვრამ ძეგლი ძლიერ დააზიანა. ძეგლზე აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა 1936 და 1938 წლებში საქართველოს კულტურული ძეგლთა განყოფილებამ, ხოლო 1950-1953 წლებში სპეციალურმა სამეცნიერო სახელოსნომ (ხელმძღვანელი ვ. ცინცაძე).

არქიტექტურა

რედაქტირება

ტაძარში სამი სწორკუთხა შესასვლელია: დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით. X საუკუნეში ეგვტერების აგების დროს, ჩრდილოეთისა და სამხრეთის შესასვლელები კედლების ცენტრალურ ნაწილიდან დასავლეთ მონაკვეთში გადაუტანიათ (შემორჩენილია ჩრდილოეთის თავდაპირველი შესასვლელის თაღის ნაშთი). დასავლეთით შესასვლელზე XV საუკუნეში მიუშენებიათ სამ მხრივ თაღებით გახსნილი კარიბჭე, რომელიც იმეორებს ძველ ფორმებს. თორმეტწახნაგა მაღალი გუმბათი ეყრდნობა ოთხ თავისუფლად მდგომ ბოძს. გუმბათქვეშა კვადრატიდან ოდნავ არაწესიერი მოყვანილობის გუმბათის წრიულ ყელზე გადასვლა განხორციელებულია აფრებით. გუმბათქვეშა კამარები ოდნავ შეისრულია. გუმბათში თორმეტი სარკმელია (6 ამოაშენეს XV საუკუნეში). დასავლეთით კიდევ ორი ბურჯია, ხოლო დეფორმირებული ნალისებრი აფსიდის წინ ღრმა ბემაა. ამიტომ აღმოსავლეთიდან ღერძი საკმაოდ წაგრძელებულია. აფსიდის ღერძზე მაღალი, შიგნიდან გარეთ შევიწროებული თაღოვანი სარკმელია, რომლის ქვევით თაღოვანი ნიშია. დასავლეთით სამი სარკმელია. საკურთხეველის გვერდებზე კუთხის ოთხ ტრომპზე დამყარებული გუმბათიანი კამარით გადახურული კვადრატული სამკვეთლო და სადიაკვნეა. სათავსები დასავლეთით თაღოვანი ღიობებით უერთდებიან ეკლესიის შესაბამის გვერდით ნავებს. სამკვეთლო ჩრდილოეთით, ხოლო სადიაკვნე სამხრეთით გაფართოებულია დამატებითი ოთხკუთხა კამარებით გადახურული სათავსებით. ჩრდილოეთის სათავსის კამარა შეცვლილია. სადიაკვნის აღმოსავლეთ ნაწილში პატარა ნალისებრი აფსიდია, რომლის ღერძზე პატარა სარკმელია. უფრო მოზრდილი სარკმელი სამკვეთლოს აღმოსავლეთ კედელშიცაა. 1781 წელს საკურთხევლის წინ ხის აჟურული კანკელი დაუდგამთ.

ტაძარი დგას ორსაფეხურიან ცოკოლზე. შენობის ძირითადი მასა გუმბათის ყელთან შედარებით დაბალია. ეს განსაკუთრებით ჩანს აღმოსავლეთიდან. ეს ფასადი შესამჩნევად ფართო, დამჯდარი და თითქმის მოურთველია. ტაძრის გუმბათის ყელი XI საუკუნეში აუმაღლებიათ და მოურთავთ. სარკმლების ნაირგვარი ორნამენტით მორთულ საპირეებს შემოვლებული აქვს ორმაგ ლილვებიანი დეკორატიული თაღედი და ნახევარსვეტები. ასევე დეკორატიულია ნახევარსვეტების კაპიტელები და ბაზისები. დეკორატიული თაღების შერწყმის ადგილზე, გუმბათის წახნაგებზე მოჩუქურთმებული გირჩებია. გუმბათის სარკმლების დეკორატიული სისტემა ეყრდნობა სამი ლილვისგან შედგენილ სარტყელს.გუმბათს ზემოთ შემოვლებული ჰქონდა ორი გრეხილი ლილვი და დეკორირებული ფრიზი (შემორჩენილია ფრაგმენტები). გუმბათი, ისე როგორც ფასადები, დასრულებულია ლილვისა და მეოთხედი წრეთა რიგისაგან შედგენილი ლავგარდნით. ტაძრის ჯვრის მკლავების ფრონტონების ქვეშ მოთავსებული იყო მოჩუქურთმებული ჯვრები (შემორჩენილია სამხრეთისა და დასავლეთის ფასადებზე). მორთული იყო შესასვლელისა და სარკმელთა საპირეებიც. მათი უმეტესი ნაწილი განახლებულია XV საუკუნეში.

 
რუისის ტაძრის რელიეფის ფრაგმენტი

ფასადებზე გაფანტულია X-XI საუკუნის ორნამენტირებული ფრაგმენტები. აღსანიშნავია რამდენიმე საინტერესო რელიეფი. სადიაკვნის დამატებითი სათავსის შესასვლელის ნახევარწრიულ, ლილვებით შემოფარგლულ და ორნამენტით მორთულ ტიმპანზე სამი ოდნავ ჩაღრმავებული სწორკუთხედი შევსებულია კომპოზიციურად დამოუკიდებელი ფიგურული გამოსახულებებით - შუაში ანგელოზითა და პატარა ფიგურებით გარშემორტყმული ხელგაშლილი ქრისტეა; მარჯვნივ - ღვთისმშობელი ყრმით და მის წინ მუხლმოდრეკილი ფიგურა; მარცხნივ შუაში დგას შარავანდედიანი გულხელდაკრეფილი ფიგურა, აქეთ-იქით კი მუხლმოდრეკილი და ფეხზე მდგომი ფიგურებია. რელიეფით იყო შემკული სამხრეთი ფასადიც: აქ გამოსახულია ორი მამაკაცი - მარჯვენას ერთ ხელში ჩაქუჩი (წერაქვი) ეჭირავს, მეორეში გონიო; მარცხენას მხრებზე წამოსასხამი აქვს და ერთ ხელში რაღაც უჭირავს (სავარაუდოა - ტაძრის გეგმა), მეორეში ჩაქუჩი (წერაქვი). კარგად გაირჩევა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ფიგურებს შორის, სარკმლის ნახევარწრიულ ჭრილზე გადაყვანილია რელიეფური დეჯორატიული თაღი. მარჯვნივ ფიგურასთან ოთხი წვრილი ასომთავრული ასოა ამოკვეთილი. ტაძრის კონუსური გუმბათი გადახურულია თუნუქით, ხოლო დანარჩენი სახურავები კრამიტისაა.

მოხატულობა

რედაქტირება
 
ფრესკის ფრაგმენტი

აქა იქ შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. კანკელზე, ტაძრის გუმბათ ქვეშ საყრდენებზე და კანკელის გაგრძელებაზე აშენებულ კედლებზე შემორჩენილი ფრაგმენტები გვიანდელი ფეოდალური ხანისაა. კანკელის მხატვრობა სამ რეგისტრად იყოფა. ზედა რეგისტრში გამოსახულია ქერუბიმები, შემდგომში - წმინდანები, ქვემოთ კი მღვდელმთავართა ნახევარფიგურებია (მღვდელმთავრებს ერთ ხელში წიგნი უჭირავთ, მეორეთი კი აკურთხებენ). კანკელის თაღები მარტივი, მშრალი ორნამენტითაა მოხატული. გუმბათქვეშა ბურჯებზე, ყვავილებით შემკულ ლურჯ ფონზე, მედალიონებში მარტვილ დედათა გამოსახულებებია. სამხრეთ აღმოსავლეთ ბურჯზე მსგავს მედალიონებში წმინდა მამანი არიან გამოსახულნი, ხოლო კანკელის გაგრძელებაზე, სამხრეთის კედელზე წმინდა გიორგი გველეშაპს კლავს. მოხატულობის კოლორიტში ჭარბობს მოწითალო-ყავისფერი, ლურჯი, მწვანე ფერები; ფონი ზოგან სამფერია- მწვანე, მოწითალო, იასამნისფერი. კანკელის მარცხენა ნაწილში ჩანს ქვედა ფენის მხატვრობის ფრაგმენტები (ტანსაცმელი, ორნამენტი, წმინდანის სახე).

XI საუკუნეში ტაძარს სამხრეთით და ჩრდილოეთით მიაშენეს კარიბჭე-ეგვტერები. პირვანდელი სახით შემორჩა ჩრდილოეთის ეგვტერი, რომლის კვადრატული სივრცე გადახურულია რვა სხივიანი ორნამენტირებული გუმბათით. კვადრატიდან წრეზე გადასვლა აფრებით ხდება. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აფსიდებში შემორჩენილია სამფერი ორნამენტირებული ქვით გაწყობილი იატაკი, კონქის ქუსლთან კი ორნამენტით შემკული, პროფილირებული ზოლით ხაზგასმული ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა. თითო სარკმელია ჩრდილოეთით (თაღოვანი) და დასავლეთით (სწორკუთხა, შესასვლელის თავზე). დასავლეთის კედელზე გაირჩევა მოხატულობის კვალი - სარკმლის ერთ მხარეს წმ. დედის ფრონტალური გამოსახულებაა, მეორე მხარეს კი წმინდანისა. ეგვტერს დასავლეთით ეკვროდა ჯვაროვანი კამარით გადახურული სათავსი - კარიბჭე. კამარის საყრდენი იმპოსტები მოჩუქურთმებულია. კედლები ნაგებია კარგად გათლილი მომწვანო ქვიშაქვის მოზრდილი კვადრებით. სათავსს ჩრდილოეთით ჰქონდა მოჩუქურთმებულ იმპოსტზე დაყრდნობბილი ფართო თაღოვანი ღიობი - შესასვლელი. მისგან შემორჩენილია დაბალი ორნამენტირებული ფრონტონის ნაწილი. მინაშენები დასრულებული იყო მცენარეული მოტივით შემკული დახრილი სიბრტყის ლავგარდნით და გადახურული ცალფერდა სახურავით. სამხრეთის კარიბჭისაგან უმნიშვნელო ფრაგმენტებია შემორჩენილი. იგი XV საუკუნეშია ძირეულად შეკეთებული და გადაკეთებულია. ამჟამად წარმოადგენს დერეფნის მაგვარ ნახევრად ბნელ, წაგრძელებულ, ცილინდრული კამარით გადახურულ, დანაწევრებულ სათავსს, რომლის აღმოსავლეთ ნაწილში გაჭრილია სადიაკვნეში შესასვლელი.

კოშკი-სამრეკლო

რედაქტირება

კოშკი-სამრეკლო მდებარეობს ტაძრის დასავლეთით, ჩაშენებულია გალავანში. რომელიც XVII საუკუნეშია აგებული ეპისკოპოს ილარიონ ლარაძის მიერ. შენობა სამსართულიანია (7,4 მ; X 6,8 მ), ნაგებია ქვიშაქვისა და შირიმის კვადრებით, ნატეხი და რიყის ქვებით, აგურით. პირველ სართული კომპლექსის ეზოში შესასვლელს წარმოადგენს და მთელ სიგანეზეა გახსნილი. გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რომელიც მასიურ საბჯენ თაღებს ეყრდნობა. სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებზე მასიური კონტრ-ფორსებია მიშენებული. სავარაუდოა, აქ ზედა სართულებზე ასასვლელი კიბე იყო. მეორე სართული საცხოვრებელია, მის კედლებში ბუხარი (ამოშენებულია მოგვიანებით) და თახჩა-ნიშებია. დასავლეთით და ჩრდილოეთით თითო კარია; დასავლეთის კარი ვიწრო დერეფანში გადის. მესამე სართული საკუთრივ სამრეკლოს წარმოადგენს. დასავლეთით და აღმოსავლეთით იგი წყვილ-წყვილი თაღით იხსნება, ხოლო დანარჩენ ორ მხარეს თითო თაღი აქვს. გადახურვა დეფორმირებული ნახევარსფეროსებრია.

გალავანი

რედაქტირება

კომპლექსს შემოვლებული აქვს გალავანი, რომელიც თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნაგებია რიყის ქვით. კედლის ორფერდა თავი გადალესილია ცემენტის ხსნარით. კედლის მაქსიმალური სიმაღლე 1.5 მ-ს არ აღემატება. რელიეფის შესაბამისად გალავანი ბევრგან დანაწევრებულია საფეხურებად, ზოგან შეტეხილია. ჩრდილო-დასავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხეებში, აგრეთვე სამხრეთის ნაწილში, შემორჩენილია გალავანზე მიშენებულ ნაგებობათა ნაშთები.

ლიტერატურა

რედაქტირება