მარიამი (ბიზანტიის დედოფალი)

ბიზანტიის დედოფალი
(გადამისამართდა გვერდიდან მარიამი (ბაგრატ IV-ის ასული))

მარიამი, აგრეთვე ცნობილია როგორც მართა (ბერძ. Μαρία της Αλανίας, Μάρθα; დ. 1050, საქართველო — გ. 1118, ბიზანტია) — ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელი. საქართველოს მეფე ბაგრატ IV-ისა და დედოფალ ბორენას ქალიშვილი. ბიზანტიის ორგზის დედოფალი 1071-1081 წლებში ჯერ როგორც იმპერატორ მიხეილ VII-ის, ხოლო შემდგომში როგორც ნიკიფორე III-ის მეუღლე. მეფე დავით IV აღმაშენებლის მამიდა. XI საუკუნეში ბიზანტიის იმპერიის ერთადერთი არაბიზანტიური წარმოშობის დედოფალი.[1]

მარიამი
ბიზანტიის კონსორტ-დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 22 მაისი, 1071
მმართ. დასასრული: 1 აპრილი, 1081
წინამორბედი: ევდოკია მაკრემბოლიტისა
მემკვიდრე: ირენე დუკაინა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1050
დაბ. ადგილი: საქართველოს სამეფო
გარდ. თარიღი: 1118, (68 წლის)
გარდ. ადგილი: ბიზანტიის იმპერია
დაკრძ. ადგილი: თრაკია, საბერძნეთი
მეუღლე: მიხეილ VII, ბიზანტიის იმპერატორი
(ქ. 1065 - განქ. 1078)
ნიკიფორე III, ბიზანტიის იმპერატორი
(ქ. 1078 - გარდ. 1081)
შვილები: კონსტანტინე დუკასი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: ბაგრატ IV, საქართველოს მეფე
დედა: ბორენა
რელიგია: მართლმადიდებლობა

მართა XI საუკუნის მსოფლიოს უძლიერეს და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალადაა აღიარებული. იგი თავიდანვე ემზადებოდა ბიზანტიაში გასათხოვებლად, რის გამოც იგი ჯერ კიდევ 1056 წელს დედოფალ თეოდორას სამეფო კარზე ჩავიდა, განათლების მისაღებად, თუმცა თეოდორა მალევე გარდაიცვალა და მართაც უკან დაბრუნდა.[2] ამის შემდეგ, სულ ცხრა წელიწადში, 1065 წელს მართა ცოლად გაჰყვა ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე X-ის ვაჟ მიხეილს, რომელთანაც შეეძინა თავისი ერთადერთი შვილი. მართას შთაგონებით, მიხეილმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო[3] და 1071 წელს იმპერატორი ხდება მიხეილ VII-ის სახელით, მართა კი ბიზანტიის დედოფლად გვევლინება, რა დროსაც მას სახელად მარიამი ეწოდა.

ტახტზე ასვლიდან სულ შვიდ წელიწადში, 1078 წელს კვლავ მარიამის მონაწილეობით მოხდა კიდევ ერთი სახელმწიფო გადატრიალება, რა დროსაც დაამხეს მიხეილის მმართველობა და ტახტზე ნიკიფორე III ავიდა. მარიამი ნიკიფორეს გაჰყვა ცოლად, მიხეილი კი მონასტერში გამოკეტეს. მარიამი მასზე ქორწინებას მხოლოდ იმ პირობით დასთანხმდა, თუ იგი მის ვაჟს ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადებდა, თუმცა ნიკიფორემ სიტყვა გატეხა, რის გამოც დედოფალმა მხარი დაუჭირა ძმებ კომნენოსებს, რომლებმაც მარიამთან ერთად კიდევ ერთი სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს.1081 წელს მათ დაამხეს ნიკიფორე III-ის მეფობა და ტახტზე ალექსი კომნენოსი ადის.[4] ამის შემდეგ ალექსიმ მარიამის ვაჟი თანამმართველად დაინიშნა. მიუხედავად ამისა, დედოფალი ვაჟის ტახტზე ასაყვანად ბრძოლას კვლავ განაგრძობდა,[5] თუმცა მისი ვაჟი 1096 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც მარიამი ჩამოსცილდა პოლიტიკასა და ინტრიგებს.[6]

მიუხედავად დიდი ტრაგედიისა, მარიამი აქტიურად ეხმარებოდა თავის სამშობლოს კულტურულ-ეკონომიკურ განვითარებაში. სწორედ მან შთააგონა 1104 წელს თავის ძმისწულს, საქართველოს მეფე დავით IV-ს რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ჩატარება. მისივე რჩევით დააარსა დავით მეფემ იყალთოსა და გელათის აკადემიები. საუკეთესო მოსწავლეები კი სწორედ მარიამის დახმარებით აღმაშენებელს უცხოეთში გაჰყავდა, რათა მიეღოთ საუკეთესო ბიზანტიური განათლება და შემდეგ ისევ სამეფოს სამსახურში აბრუნებდა უკან. გარდა ამისა, იგი ეხმარებოდა იერუსალიმის წმინდა მიწასა და ათონის მთაზე მცხოვრებ სასულიერო მოღვაწეებს. მან დააარსა პეტრიწონის ქართული სავანე. მარიამმა დავით IV-ს გელათის სამეფო აკადემიისათვის გაუგზავნა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. აღსანიშნავია, რომ სწორედ მან ასწავლა ბიზანტიელებს ჩანგლის გამოყენება.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ოჯახი და წარმომავლობა

რედაქტირება
 
მართას მამა, მეფე ბაგრატ IV

მართა დაიბადა 1050 წელს საქართველოში. იგი იყო საქართველოს მეფე ბაგრატ IV-ისა და მისი მეორე მეუღლის, დედოფალ ბორენას მეორე შვილი და პირველი ქალიშვილი. მამის ხაზით მისი ბებია და პაპა საქართველოს მეფე გიორგი I და დედოფალი მართა იყვნენ, რომლის პატივსაცემადაც დაარქვეს მას სახელი. აღსანიშნავია, რომ ბაგრატ IV-ს ბორენაზე ქორწინებამდე, ცოლად ჰყავდა ბიზანტიელი დიდგვაროვანი ქალი, დედოფალი ელენე არგიროპაულანია, რომელიც ქორწინებიდან ერთ წელიწადში დაიღუპა[7]. სწორედ ამიტომ გახდა ბაგრატი იძულებული ოსთა მეფის ასულ ბორენაზე ექორწინა, რომელთანაც შეეძინა შვილები.[8]

მართას ერთი უფროსი ძმა ჰყავდა, რომელიც შემდგომში საქართველოს მეფე ხდება გიორგი II-ის სახელით. გარდა ამისა, მართას ჰყავდა ერთი უმცროსი დაც, რომლის შესახებაც ისტორიული ცნობები არ მოგვეპოვება, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ იგი შემდგომში ბიზანტიელ მთავარსარდალს გაჰყვა ცოლად.

ისტორიულად ცნობილია, რომ დედამისი, დედოფალი ბორენა ძალიან ლამაზი და გონიერი ქალი იყო და მართაც, გარეგნულად ძალიან ჰგავდა დედას. სწორედ ამიტომ, ბიზანტიაში გათხოვების შემდეგ მას მეტსახელად „ალანელი“ მიანიჭეს, რადგანაც იგი დედოფალ ბორენას გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა. დედოფალი ბორენა, ალან-ოსთა მეფის, ურდურეს ასული იყო, რომელიც თავის ვაჟთან, დორღოლელთან ერთად ბაგრატ IV-ს დიდად ეხმარებოდა თურქებისა და განძის მთავრის წინააღმდეგ ბრძოლებში. ალან-ოსთა სამეფო VIII საუკუნეში, ჩრდილო კავკასიაში წარმოიშვა, თანამედროვე ჩერქეზეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიებზე. შემდგომში ეს ისტორიული სამეფო 1238-39 წლებში მონღოლებმა გაანადგურეს.

მართას დაბადებისას, საქართველოში მეტად მძიმე სიტუაცია იყო. კახეთ-ჰერეთის განდგომასა და თურქების შემოსევებს ემატებოდა კლდეკარის ერისთავ ლიპარტ ბაღვაშის ურჩობაც, რომელსაც აქტიურად ეხმარებოდა ბიზანტიის იმპერია. ბიზანტია საქართველოში მეტოქესა და მტერს ხედავდა, რის გამოც ყველანაირად ცდილობდა მისი გაერთიანებისათვის ხელის შეშლას.

ბიზანტიური ტყვეობის წლები

რედაქტირება
 
ბიზანტიის დედოფალი თეოდორა

1052 წელს ბაგრატ IV თავის ორი წლის ასულ მართასთან, დედა-დედოფალ მარიამ არწრუნთან (ბაგრატის დედა) და დიდ ამალასთან ერთად გაემგზავრა კონსტანტინეპოლში, სადაც მან იმპერატორს ლიპარტთან შერიგება სთხოვა. იმპერატორ კონსტანტინე მონომახისა და ბაღვაშთა საგვარეულო ინტრიგებს, ბაგრატის, დედოფალ მარიამ არწრუნისა და მცირეწლოვანი მართას სამწლიანი ტყვეობა მოჰყვა ბიზანტიის სამეფო კარზე. ამ ტყვეობის დროს, 1055 წლის იანვარში გარდაიცვალა კონსტანტინე მონომახი, რომელსაც შვილი არ დარჩა. ამის გამო, ბიზანტიის ტახტზე კონსტანტინეს ცოლის და, განსვენებულ იმპერატორ კონსტანტინე VIII-ის ასული, შინაბერა და ხანდაზმული დედოფალი თეოდორა ავიდა. თეოდორა დიდად მოხიბლული დარჩა ბაგრატის მცირეწლოვანი ქალიშვილით და საქართველოს მეფეს სთხოვა მარიამი მისთვის მიეშვილებინათ. რეალურად, თეოდორა ახალ მძევალს უფრო იტოვებდა, ვიდრე შვილობილს. ბაგრატ IV-სა და დედოფალ მარიამს სხვა გზა არ დარჩათ, რის გამოც მათ პრინცესა მართა კონსტანტინეპოლში დატოვეს.

ამ დროს კონსტანტინეპოლში ათონის მთიდან ქართველი ბერი, გიორგი ათონელი ჩავიდა. ქართველთა ლავრას სახურავი ჰქონდა შესაკეთებელი და დედოფალს დახმარებას სთხოვდა. გიორგი ათონელმა საიმპერატორო კარზე აუდიენციისას, ქართველთა ამბავიც შეიტყო, სადაც იგი მეფე ბაგრატს შეხვდა. მეფემ და დედამისმა ძალიან გაიხარეს ასეთი წმიდა ადამიანის ხილვით. რა თქმა უნდა, ქართველ მეფეს ეხმარებოდა საქართველოს ეკლესიის დიდი მნათობი. მას დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ბიზანტიაში. დაემოწაფა დედოფალი მარიამ არწრუნი გიორგი ათონელს და მის მიერ მონაზვნად აღიკვეცა. მეფე ბაგრატმა სთხოვა გიორგი მთაწმინდელს ჩაებარებინა ჭყონდიდის საეპისკოპოსო კათედრა, სადაც თავისი საძვალე ეგულებოდა, მაგრამ წმინდა მამამ უარი უთხრა.

პრინცესა მართა ბიზანტიის კარზე მალევე გახდა ცნობილი თავისი სილამაზითა და გონიერებით. იგი ძალიან უყვარდა დედოფალ თეოდორასაც, რომელიც უშვილო ქალი იყო და მართას საკუთარი ქალიშვილივით აღზრდა სურდა. თუმცა, თეოდორას მბრძანებლობაც და სიცოცხლეც ძალიან მალე დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ამ დროს მოხდა საინტერესო რამ: როცა პატარა მართა ბაგრატიონი კონსტანტინოპოლში ჩავიდა, იმ დღეს გარდაიცვალა დედოფალი თეოდორა. იმ მომენტში ბაგრატის დედა, დედოფალი მარიამ არწრუნი (წარმოშობით ვასპურაკანის სომხური სამეფოს პრინცესა) სასახლეში იყო. გიორგი მთაწმინდელიც იქ ყოფილა. სწორედ იმ წუთებში, როცა დედოფალი თეოდორას სხეული გაასვენეს, 6 წლის მართა ბაგრატის ასული სასახლეში მიუყვანიათ კონსტანტინოპოლის პორტიდან. აღსანიშნავია, რომ დედოფალ თეოდორას დაკრძალვას ქართველებიც ესწრებოდნენ, მათ შორის გიორგი მთაწმინდელი. მისი მშვენიერებით აღტაცებულმა გიორგი მთაწმინდელმა წამოიძახა:

 
„უწყოდეთ, ყოველთა, ვითარმედ დღეს დედოფალი განვიდა და დედოფალი შემოვიდა“

ეს მოვლენა XI საუკუნის ქართველ მწერალს, გიორგი მცირეს აქვს აღწერილი თავის ნაშრომში „ცხოვრებაჲ და მოქალაქეობაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გიორგი მთაწმინდელისაჲ“: იგი ამას შემდეგნაირად აღწერს:

 
„ხოლო რამეთუ წინაჲსწარმეტყველებისაჲცა მადლი აქვნდა წმიდასა ამას, რომელი – ესე დღესამომდე ვითარცა ნათელი მზისაჲ ბრწყინავს და ღმრთივმშვენიერად აღსრულებულად იხილვების. რამეთუ ჟამსა მას, ოდეს – იგი თეოდორა დედოფალსა ეპყრა ბერძენთა მეფობაჲ, ითხოვა ბაგრატ აფხაზთა მეფისაგან, რათა მოსცეს ასული მისი მართა და შვილად თვისად აღზარდოს.
ხოლო მეფემან ბაგრატ სიხარულითა დიდითა წარმოგზავნა შვილი მართა კაცთა თანა საკუთართა თვისთა. ხოლო მათ დღეთა შინა განგებითა საღმრთოჲთა თეოდორა დედოფალი აღესრულა. და მასრე ჟამსა მარიამ დედოფალი, დედაჲ ბაგრატ მეფისაჲ, მუნ იყო და წმიდაჲცა ესე მამაჲ ჩვენი მუნვე იყო მიზეზითა რომელთამე საქმეთაჲთა.“

თეოდორას დაკრძალვის შემდეგ, ქართული დელეგაცია მართასთან ერთად ცოტახანს გააჩერეს კონსტანტინეპოლში, შემდეგ კი საქართველოში დააბრუნეს. მალევე ბაგრატ მეფეს იმპერიაში მიანიჭეს კურაპალატზე მაღალი ნობელისიმუსის, შემდეგ კი სევასტოსის წოდება. ამ წოდებებს იმპერატორის ოჯახის წევრები ატარებდნენ.

ბიზანტიის დედოფალი

რედაქტირება

ქორწინება მიხეილ VII-ზე

რედაქტირება
 
იმპერატორი მიხეილ VII და დედოფალი მარიამი

1059 წელს კონსტანტინოპოლის ტახტზე ავიდა კონსტანტინე X დუკა. 1065 წელს იმპერატორმა კონსტანტინე დუკამ, თავისი შვილისა და მემკვიდრის, მიხეილისთვის მართა ბატონიშვილის ხელი ითხოვა. ამ დროს ბაგრატ მეფე ძალიან საჭირო გახდა ბიზანტიისთვის, რადგან აღმოსავლეთში დიდი მარცხი განიცადეს ბერძნებმა თურქ-სელჩუკებისგან. ამ რეგიონში კი უძლიერესი ქრისტიანი ხელმწიფე ბაგრატ მეოთხე გახლდათ. ბაგრატი ამ შემოთავაზებას სიხარულით დასთანხმდა, რის შემდეგაც მართა დიდი ძღვენითა და შესაფერისი ამალით კონსტანტინეპოლში გააგზავნეს, რათა მომავალ იმპერატორზე დაქორწინებულიყო.

1065 წელს მარიამი კვლავ ჩავიდა კონსტანტინეპოლში. მას ბიზანტიელები დიდი პატივით დახვდნენ. აღსანიშნავია, რომ მართამ ქორწინებამდე საქორწინო კონტრაქტი შეადგენინა, რომელშიც მან საკმაოდ მკაფიოდ ჩააწერინა, რომ ყოველი ცოლ-ქმრული მოვალეობის შესრულების წინ იმპერატორ მიხეილ დუკასს უნდა ებანავა და ასე დაამკვიდრა ბიზანტიაში ბანაობა. 1065 წელს იგი ცოლად გაჰყვა კონსტანტინე X-ის ვაჟ მიხეილ დუკასს (1050-1090). ქორწინების შემდეგ, ბიზანტიელებმა მართას სახელი შეუცვალეს და მარიამ ალანელი დაარქვეს.

კონსტანტინეპოლში გადასვლიდან პირველ წლებში, მარიამი თავისი დედამთილის, დედოფალ ევდოკია მაკრემბოლიტისას ჩრდილში იყო. აღსანიშნავია, რომ დედოფალ ევდოკიას შურდა თავისი ახალგაზრდა რძლის, რომელმაც მიუხედავად უცხოური წარმომავლობისა, მალე შეაყვარა თავი ბიზანტიელებს.

ეს ქორწინება ერთობ განსაკუთრებული იყო, რაც იმით იყო განპირობებული, რომ ტრადიციულად ბიზანტიის იმპერატორებს მხოლოდ ბერძენი ცოლები მოჰყავდათ. უკანასკნელი სამასი წლის მანძილზე, მარიამის გარდა გამონაკლისი დაიშვა მხოლოდ 732 წელს იმპერატორისა და ხაზართა ხაკანის ასულ ირენეს ქორწინებისას, რასაც ბიზანტიელები დიდად აპროტესტებდნენ, თუმცა მისგან განსხვავებით მიხეილის ქორწინებას უცხოელ ქალზე ხალხი დადებითად შეხვდა. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ მიხეილისა და მარიამის ქორწინება მიმართული იყო საქართველო-ბიზანტიის გაერთიანებისაკენ მუსულმანი თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ.

პირველი სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლებაში მოსვლა

რედაქტირება
 
1070 წელს გამოცემული ბიზანტიური ბრინჯაოს მონეტა, რომლის ავერსზეც დედოფალი მარიამია გამოსახული, რევერსზე კი ღვთისმშობელი მარიამი ჩვილ იესოსთან ერთად

იმპერატორი კონსტანტინე X 1067 წელს გარდაიცვალა, თუმცა ტახტზე მისი ვაჟი მიხეილი ვერ ავიდა. იმპერატორის სიკვდილის შემდეგ კაპადოკიელმა დიდგვაროვანმა რომანოზ დიოგენემ აჯანყება მოაწყო ტახტის ხელში ჩასაგდებად, მაგრამ დამარცხდა და შეიპყრეს კიდეც. საპყრობილედან იგი ქვრივ დედოფალ ევდოკიას წყალობით გაათავისუფლეს, რომელზეც მან მალევე იქორწინა და ბიზანტიის იპერატორიც გახდა რომანოზ IV-ის სახელით. [9]რომანოზ IV მეფობის პირველ წლებში წარმატებით ებრძოდა თურქ-სელჩუკებს, თუმც 1071 წელს მანასკერტის ბრძოლაში სელჩუკთა სულთანმა ალფ-არსლანმა ბიზანტიელები სასტიკად დაამარცხა და თვით იმპერატორიც ტყვედ ჩაიგდო. ზავის გარანტიითა და 1 000 000 ბიზანტიური დრაჰმის ოდენობის გამომსასყიდის გადახდის აღთქმის შემდეგ, ალფ-არსლანმა რომანოზი ტყვეობიდან გაათავისუფლა. მისი დატყვევებით მართამ და მისმა მოკავშირეებმა ისარგებლეს, სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს და ტახტზე მიხეილ VII დასვეს. შემდგომში, მართამ და მიხეილმა რომანოზი ბიზანტიაში დაბრუნებისა და ღალატისათვის შეიპყრეს და თვალები დასთხარეს, რის შემდეგაც იგი სულ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. შესაძლოა ითქვას, რომ მართამ შური იძია დედამთილზეც. მან დაარწმუნა მიხეილ VII, რომელმაც ევდოკიას დედოფლის წოდება ჩამოართვა და იძულებით გამოკეტა მონასტერში.

1072 წელს, მარიამს სამშობლოდან სამწუხარო ცნობები მიუვიდა, იმის თაობაზე, რომ მამამისი, ბაგრატ IV გარდაიცვალა, საქართველოს ახალი მეფე კი მისი უფროსი ძმა — გიორგი II გახდა.

1074 წელს დედოფალმა მარიამმა თავისი პირველი და უკანასკნელი შვილი გააჩინა, რომელსაც ბაბუამისის, იმპერატორ კონსტანტინე X-ის პატივსაცემად დაარქვეს სახელი. დაბადებისთანავე, პატარა კონსტანტინე მიხეილმა თანამმართველად დაინიშნა. ეს ძველი ბიზანტიური ტრადიცია იყო, რომ იმპერატორი თავის ტახტის მემკვიდრეს თანამმართველად ინიშნავდა, რათა ღრმა ბავშვობიდანვე შეეთვისებინათ ქვეყნის მართვა. სამწუხაროდ, უფლისწული კონსტანტინეს სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა. მისი აღზრდა დედოფალმა გამოჩენილ მწერალსა და ღვისმეტყველს, წმინდა თეოფილე ბულგარელს მიანდო. ცნობილია, რომ მარიამმა ლიტერატურულ-დიდაქტიკური ტრაქტატიც კი დაწერა, სახელად „სამეფო დარიგებანი“.

მეორე სახელმწიფო გადატრიალება
რედაქტირება

მიხეილის შვიდწლიანი მმართველობა სრული კრახი იყო. მანასკერტში გამარჯვებული, შეგულიანებული თურქები აქტიურად შედიოდნენ და სახლდებოდნენ ბიზანტიის კუთვნილ ანატოლიაში, ახლო აღმოსავლური პროვინციები კი თითქმის მთლიანად თურქებს დაუთმეს. ამას დაემატა ბალკანელი ხალხების აჯანყებები და გადასახადების გაზრდა, რაც ხალხში დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. ყოველივე ამან, ბიზანტიელებს მიხეილის დამხობის სურვილი გაუჩინა. ამ დროს ადგილობრივ დიდგვაროვან ნიკოფორეს ტახტზე პრეტენზიები გაუჩნდა და მიხეილის დასამხობად ჯარების შეგროვება დაიწყო. დედოფალმა მარიამმა ამ დროს საოცარი გონიერება და წინდახედულობა გამოიჩინა.

მალევე მარიამმა მოლაპარაკებები წამოიწყო ნორმანდიელ დიდგვაროვან რობერ გიზკარდთან, რომელიც ნორმანდიის გარდა აკონტროლებდა სიცილიას და ახლო აღმოსავლეთშიც დიდი გავლენები ჰქონდა. საბოლოოდ მათი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და მარიამმა თავისი ვაჟი კონსტანტინე რობერის ასულ ოლიმპიაზე დანიშნა, რითაც მთელს ევროპაში სახელგანთქმული მებრძოლი თავის მოკავშირედ აქცია. მალევე ოლიმპია კონსტანტინეპოლში ჩავიდა, სადაც იგი მარიამის მფარველობის ქვეშ იღებდა განათლებას და ემზადებოდა ქორწინებისთვის, თუმცა საბოლოოდ ნიშნობა გაუქმდა და ოლიმპია უკან დააბრუნეს.

1077 წელს დედოფალმა მარიამმა პატიმრობაში მყოფი ბიზანტიელი მხედართმთავარი რუსელ დე ბაიოლი გაანთავისუფლა და აჯანყებულ ნიკიფორესთან საბრძოლველად გააგზავნა. თავდაპირველად დაამარცხა კიდეც, მაგრამ მოგვიანებით თვითონაც ნიკიფორეს შეუერთდა. იმპერატორმა დასახმარებლად ისევ თურქ-სელჩუკებს მიმართა, რომლებმაც დაამარცხეს რუსელი და დაატყვევეს. იგი კონსტანტინოპოლში გადაიყვანეს, სადაც სიკვდილით დასაჯეს. მიუხედავად ყველაფრისა, მარიამისა და მიხეილის ძალისხმევა ფუჭი აღმოჩნდა. 1078 წელს ნიკიფორე ბოტანიატემ წარმატებით გაილაშქრა ნიკეაზე, სადაც მან თავი იმპერატორად გამოაცხადა. ამავდროულად, მიხეილს დასავლეთში მეორე დიდგვაროვანი — ნიკიფორე ბრიენი, რომელიც გავლენიანი კაპადოკიელი დიდგვაროვნის, ალექსი კომნენოსის სიძე და ანა კომნენოსის მეუღლე იყო. ნიკიფორე ბოტანიატემ ალექსი კომნენოსის დახმარებით დაამარცხა ბრიენი და მისი მომხრეები. ამავდროულად, სრულიად ბიზანტიურმა არისტოკრატიამ და სამღვდელოებამ ბოტანიატეს დაუჭირეს მხარი. საბოლოოდ, 1078 წლის გაზაფხულზე, დაამხეს მიხეილ VII-ის მმართველობა და ტახტზე ნიკიფორე III ბოტანიატე ადის.

ამ დროს მიხეილი იძულებით გამოკეტეს მონასტერში. თავად მარიამი თავის ვაჟ კონსტანტინესთან ერთად თავისივე აგებულ პეტრიწონის მონასტერში გაიქცა, თუმცა იგი მონაზვნად არ აღკვეცილა. იგი პეტრიწონში საიმპერატორო კარზე დაბრუნებისა და ვაჟისათვის ტახტის დაბრუნების გეგმებს აწყობდა.

მეორე ქორწინება ნიკიფორე III-ზე

რედაქტირება
 
იმპერატორი ნიკიფორე III და დედოფალი მარიამი

უკვე ორჯერ დაქვრივებულ და ასაკოვან იმპერატორ ნიკიფორე III-ს კარგად ესმოდა, რომ ხალხის გულის მოსაგებად მათ ფავორიტზე, დედოფალ მარიამზე ქორწინება იყო აუცილებელი, რისი სურვილიც მას ისედაც ჰქონდა, რადგანაც წლების მანძილზე იგი დედოფალს შორიდან ეტრფოდა. ხალხის აჯანყების თავიდან ასაცილებლად, ნიკიფორე ბოტანიატემ მარიამს ცოლობა სთხოვა. მარიამს სხვა გზა აღარ დარჩენოდა და დასთანხმდა, თუმცა დედოფალმა ჯერ კონსტანტინეპოლის პატრიარქისაგან მიიღო მიხეილთან განქორწინების ნებართვა, შემდეგ კი ნიკიფორეს ჩამოართვა პირობა, რომ იგი ქორწინების შემდეგ თავის მემკვიდრედ მის ვაჟს — კონსტანტინეს გამოაცხადებდა. იმპერატორი ცხადია დასთანხმდა მის ამ მოთხოვნას და 1078 წელს ნიკიფორე და მარიამი დაქორწინდნენ. ამის შესახებ ნიკოფორე ბრიენი გვამცნობს:

 
„სამეფო კვერთხი რომ დაიპყრო ბოტანიატემ, თუმცა ... უკვე ბებერი და ადრე ორჯერ დაქორწინებული იყო, მაინც კიდევ დაქორწინდა დედოფალ მარიამზე...“

ცხადია, მაშინდელ ბიზანტიაში დედოფლის მეორედ გათხოვებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ქორწინებიდან მალევე ნიკიფორემ სიტყვა გატეხა და მან თავის მემკვიდრედ საკუთარი ნათესავი გამოაცხადა ნიკიფორე სინადენოსის სახით.

თუ ამ ღალატს არ ჩავთვლით, უკვე მეორედ გადედოფლებულ მარიამს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ნიკიფორესთან. იმპერატორის ბრძანებით მოიჭრა დედოფლის გამოსახულებიანი ვერცხლის მონეტები. ნიკიფორე ყველანაირად ცდილობდა მარიამისათვის თავი მოეწონებინა, ამიტომაც მას დიდი ადგილ-მამულები უბოძა თრაკიაში და მისი სურვილისამებრ აქ ახალი ეკლესია-მონასტრების ასაშენებლად დიდი სახსრებიც გამოუყო. ასევე მარიამის ზეგავლენით, იმპერატორმა მის ძმას, საქართველოს მეფე გიორგი II-ს კეისრის წოდება მიანიჭა, რითაც გამყარდა ბაგრატიონთა კავშირი საიმპერატორო ოჯახთან. ნიკიფორეს სიყვარულმა, მარიამი ქვეყნის ფაქტობრივ მმართველად აქცია. ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელსაც მთლიანად დედოფალი განაგებდა, ყოველწლიურად 90 ტონა ოქროს მონეტა შედიოდა. ამით მარიამი აფინანსებდა ახალი ქალაქების, უზარმაზარი ხიდების, პორტებისა და საბაჟო დაწესებულებების მშენებლობებს.

 
ალექსი კომნენოსი

ანა კომნენას გადმოცემით, იმპერატორის უარმა, კონსტანტინე მემკვიდრედ ეღიარებინა, ყოველვე ზემოთ ხსენებული გადაფარა. დედოფლის მთავარი მიზანი სწორედ თავისი ვაჟის ტახტზე აყვანა იყო, რისთვისაც იგი ყველაფერს აკეთებდა. სწორედ ამიტომ, მარიამი შეეკრა ნიკიფორეს მმართველობით უკმაყოფილო კაპადოკიელ დიდგვაროვან ძმებ ალექსი და ისააკ კომნენოსებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი კავშირი ალექსი კომნენოსთან, რომელსაც ცოლად მარიამის პირველი ქმრის ბიძაშვილი ირენე დუკაინა ჰყავდა. ალექსი მარიამს მისი ვაჟის ტახტის მემკვიდრედ გამოცხადებას დაჰპირდა, იმ შემთხვევაში, თუ იგი ნიკიფორეს ჩამოგდებაში დაეხმარებოდა. ამ დროს გავარდა ჭორები, თითქოსდა მარიამი და ალექსი საყვარლები იყვნენ. მიუხედავად ამისა, მარიამი გადამწყვეტ როლს ასრულებდა ნიკიფორეს დამხობის საქმეში. მალევე დედოფალსა და კომნენოსებს მიემხროთ ბიზანტიის აღმოსავლური ჯარების დიდი დომესტიკოსი გრიგოლ ბაკურიანის ძე.

მესამე სახელმწიფო გადატრიალება
რედაქტირება

1081 წლის 1 აპრილს დაამხეს იმპერატორ ნიკიფორე III-ის მმართველობა და ტახტზე ალექსი I კომნენოსი ადის. იმხანად ბევრი ფიქრობდა, რომ ალექსი ცოლს გაშორდებოდა და მის ნაცვლად მარიამზე იქორწინებდა, თუმცა ასე არ მოხდა. მას შემდეგ, რაც ალექსიმ კონსტანტინეპოლი აიღო და საიმპერატორო ტახტზე ავიდა, მარიამმა მართალია დაკარგა დედოფლის წოდება, თუმცა პირველად ბიზანტიის იმპერიის ისტორიაში, წინამორბედი იმპერატორის ცოლს დედოფლის აბსოლუტურად ყველა უფლებამოსილება შეუნარჩუნდა. ამრიგად მან მხოლოდ ოფიციალურად დაკარგა გვირგვინი, რეალურად კი იგი კვლავ დედოფლის ძალაუფლებით სარგებლობდა. ასევე მისი მოთხოვნით, ახალმა იმპერატორმა დედოფალს წითელი მელნით დამოწმებული და ოქროს ბეჭედდასმული წერილობითი დასტური მისცა, იმის თაობაზე, რომ მისი ვაჟი კონსტანტინე იმპერატორის თანამმართველი ხდებოდა.

დედოფალმა მარიამმა დატოვა სამეფო კარი და მანგანას დიდებულ სასახლეში გადავიდა. მას საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა ახალ დედოფალ ირენე დუკაინასა და დედამისთან, გადიდგულებულ მარია ბულგარელთან. მარიამს ხშირად სტუმრობდა იმპერატორ ალექსის უფროსი ასული ანა კომნენა, რომელთან ერთადაც იგი დიდ დროს უთმობდა ქარგვას. იგი ძირითადად დროს მარტოობაში ატარებდა, რა დროსაც ხშირად სწერდა წერილებს თავის ძმას საქართველოში და ასევე ძველ მეგობრებს კონსტანტინეპოლის სამეფო კარზე.

მიუხედავად ძველი ურთიერთობისა, ტახტზე ასული ირენე დუკაინა სულ ერთ კვირაში ეკურთხა დედოფლად და კატეგორიულად მოითხოვა მარიამის სამეფო კარიდან გაძევება, რაზეც იმპერატორმა უარი განაცხადა. დედოფალი მარიამი ხშირად სტუმრობდა სამეფო კარს, სადაც იგი იმპერატორ ალექსი I-თან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. მათი შეთანხმებით, იმპერატორის უფროსი ასული, ანა კომნენა ცოლად უნდა გაჰყოლოდა მარიამის ვაჟ კონსტანტინეს. ვინაიდან ალექსის ამ დროისათვის ვაჟი არ ჰყავდა, სწორედ კონსტანტინე მოიაზრებოდა მის მემკვიდრედ და სწორედ მისი უფლებების გასამყარებლად იგეგმებოდა ეს პოლიტიკური ქორწინება. მალევე იმპერატორმა დედოფალ მარიამს სამეფო ოქროს ბეჭედი გადასცა, რომლითაც მისი ყოველი ნება-სურვილი, რომელიც ამ ბეჭდით იქნებოდა დადასტურებული, უსიტყვოდ უნდა ასრულებულიყო. ამით მარიამი სრულად დაკმაყოფილებული აღმოჩნდა, რადგან მისი ვაჟი ტახტის მემკვიდრე იყო, თავად კი როგორც დედოფალი ისე ცხოვრობდა, თუმცა როგორც ჩანს, იგი ხელისუფლებისათვის ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებდა. მალევე კვლავ გავარდა ჭორები იმის თაობაზე, რომ ალექსი კომნენოსი მარიამის საყვარელი იყო. ამის გასანეიტრალებლად, მან ალექსი თავის შვილობილად გამოაცხადა, რითაც თავად დედა-დედოფალი ხდება და კიდევ უფრო მეტ ძალაუფლებას იძენს. სწორედ ამ დროს, დედა-დედოფალ მარიამმა ოფიციალურად გამოაცხადა კონსტანტინე პორფიროგენეტისა და ანა კომნენას ნიშნობის ამბავი.

უკანასკნელი წლები

რედაქტირება
ტახტისათვის ბრძოლა და კონსტანტინეს გარდაცვალება
რედაქტირება

კონსტანტინეს თანამმართველობამ სულ რამდენიმე წელს გასტანა. 1087 წლის 13 სექტემბერს იმპერატორ ალექსის ვაჟი შეეძინა, სახელად იოანე, რომელიც მან თავის თანამმართველად დაინიშნა, კონსტანტინე პორფიროგენეტს კი ჩამოართვეს ტახტის მემკვიდრის უფლებები, სასახლიდან დაითხოვეს და გააუქმეს მისი და ანა კომნენას ნიშნობაც, რომელიც მალევე მიათხოვეს ნიკიფორე ვრიენოსს.[10] თავად დედოფალ მარიამსაც ჩამოართვეს მისი უფლებები და იძულებით გამოკეტეს მონასტერში. ცხადია იგი მონაზვნად არ აღკვეცილა და ეკლესიიდან განაგრძობდა ტახტისათვის ბრძოლას. მალევე, მარიამი ახალ შეთქმულებაში გაერია.

აქედან უკვე იწყება საიმპერატორო ტახტისათვის ბრძოლის ახალი ეპოქა, რომელმაც თითქმის ცამეტ წელს გასტანა. ეს ბრძოლა მარიამის პირველი ქმრის, იმპერატორ მიხეილ VII-ის დედის, ევდოკია მაკრემსბოლეტისასა და მისი მეორე ქმრის, რომანოზ IV-ის ვაჟმა, დიოგენემ დაიწყო. შეთქმულთა საიდუმლო საქმიანობა და მთელი ინტრიგების ქსელი მხოლოდ 1094 წელს გამჟღავნდა. დიოგენე ალექსი I-ის ბრძანებით მაშინვე შეიპყრეს და სხვა შეთქმულთა ვინაობების გასაგებად იგი სასტიკად აწამეს. დიოგენემ შეთქმულთა შორის დედოფალი მარიამი და მისი ვაჟი კონსტანტინეც დაასახელა. იმ ეპოქაში, შეთქმულების მოწყობა ან მასში მონაწილეობა უმძიმესი დანაშაული იყო და სიკვდილით ისჯებოდა, თუმცა როდესაც იმპერატორი საქმის ვითარებას გაეცნო, აღმოჩნდა, რომ მიუხედავად დედოფლის შეთქმულებაში მონაწილეობისა, მარიამი ალექსის მოკვლის წინააღმდეგ გამოდიოდა. ამის გამო, ალექსი I-მა შეიწყალა მარიამი და მისი ვაჟი.[11] მან ტახტზე უფლებააყრილი კონსტანტინე, 1094 წელს მარმარილოს ზღვაში მდებარე კუნძულ ბუიუკადაზე გადაასახლა. აქვე იგი ადგილობრივ ბერ-მონაზვნებს დაუახლოვდა და გადასახლებიდან სულ რამდენიმე თვეში, 1095 წლის დასაწყისში კონსტანტინე 21 წლის ასაკში გარდაიცვალა. კონსტანტინეპოლიდან გააძევეს თავად დედოფალი მარიამიც, რომელიც ნიკიფორე III-ის მიერ ნაჩუქარ თრაკიის მამულში დასახლდა. მარიამის სამფლობელოები მოიცავდა თანამედროვე თრაკიისა და სამხრეთ ბულგარეთის ტერიტორიებს, რომელსაც გასასვლელი ჰქონდა ეგეოსის ზღვაზეც.

ბევრი აღნიშნავს, რომ შვილის გარდაცვალებით გატეხილ მარიამს სამუდამოდ დაუტოვებია პოლიტიკური ცხოვრება და დარჩენილი წლები სასულიერო ცხოვრებას მიუძღვნა. ამავე დროს, სწორედ 1096 წელს დაიწყო პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა და სრულიად ჯვაროსნული ომების ეპოქა, რის შემდეგაც მარიამი და მისი განსვენებული ვაჟი ბიზანტიაში აღარავის გახსენებია.

სასულიერო მოღვაწეობა

რედაქტირება
 
ათონის ივერთა მონასტერი

პირადი ტრაგედიის მიუხედავად, დედოფალმა მარიამმა მოიკრიბა ძალა და თავისი ცხოვრება სასულიერო მოღვაწეობას მიუძღვნა. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ბიზანტიაში მოღვაწე ქართველ ბერებთან და პოლიტიკოსებთან. იგი შესაწირავს უგზავნიდა ათონის ივერთა მონასტერს, სადაც სააღაპე წიგნში მისი მოსახსენიებელი შეიტანეს. დედოფალი მეგობრობდა გრიგოლ ბაკურიანის ძესთან, აღმოსავლეთის დიდ დომესტიკოსთან. თეოფილაქტე ბულგარელმა მარიამ დედოფალს უძღვნა „იოანეს სახარების განმარტება“. მარიამის სახელი მოიხსენიება პალესტინის ქართულ სავანეებსა და იერუსალიმის დედათა მონასტერში. მან გადასახადებისაგან გაათავისუფლა ათონის იბერთა მონასტერი და შესწირა მას ადგილ-მამული, ხოლო იერუსალიმში, სიონის მთაზე, დედასთან, საქართველოს დედოფალ ბორენასთან ერთად ააშენა ცნობილი მონასტერი — კაპათა. ეს მონასტერი ქართული მწიგნობრობის თვალსაჩინო კერად იქცა. მარიამის შეკვეთით შესრულებულ ერთ–ერთ ხელნაწერში — "წიგნი სინაის მთის მარტვილობაზე" — გადამწერი მოწიწებით ახსენებს მარიამსა და ბორენას, როგორც კაპათას დამაარსებლებს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მარიამის ღვაწლი პეტრიწონის ქართული ლავრის მშენებლობისას. იგი ასევე მფარველობდა იმპერატორ ბასილი II-ის აკლდამას, უამრავ ლიტერატურულ ნაწარმოებს და განძეულს. საბოლოოდ, დედოფალი მარიამი თრაკიაში მონაზვნად აღიკვეცა და წმინდა ცხოვრებას მიჰყო ხელი. ცნობილია, რომ 1090 წელს იგი თავისი პირველი ქმრის, მიხეილ VII-ის გარდაცვალებას დაესწრო. მან სპეციალურად დაიბარა თავისთან თავისი საყვარელი მეუღლე, სადაც მარიამმა მას მიტევება სთხოვა ნიკიფორეზე ქორწინების გამო.

მარიამი და საქართველო

რედაქტირება
 
დავით აღმაშენებელი

დედოფალი მარიამი ყოველთვის დიდი სიყვარულითა და პატრიოტობით ხასიათდებოდა, როდესაც საქმე საქართველოს ეხებოდა. მისი ბიზანტიური ქორწინების მიზანიც სწორედ საქართველოს ურთიერთობების დათბობა იყო მეზობელ სახელმწიფოსთან. იგი თავის ძმას, გიორგი II-ს არაერთხელ დაეხმარა ჯარით, მას შემდეგ, რაც 1089 წელს გიორგი გადადგა და ტახტზე მისი ვაჟი დავით IV ავიდა, კიდევ უფრო გაიზარდა მარიამის კონტაქტი სამშობლოსთან. დავითს ძალიან უყვარდა მამიდამისი და ყოველთვის დიდ პატივს სცემდა მას. ამიერიდან მარიამ დედოფალი გამოსახული იყო არა მხოლოდ ბიზანტიურ ოქრო-ვერცხლის მონეტებზე, არამედ ქართულ ხატებზეც. დავით აღმაშენებელს ეხმარებოდა საეკლესიო და სახელმწიფო რეფორმების გატარებაში. იგი მფარველობდა და სწყალობდა ბიზანტიის სამეფოში არსებულ ქართულ ეკლესიებსა და მონასტრებს. სწორედ რომ დედოფალ მარიამის შთაგონებით დააარსა დავით აღმაშენებელმა იყალთოსა და გელათის აკადემიები. სპეციალურად გელათის აკადემიისთვის, მარიამმა დავითს ხახულიდან ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი გაუგზავნა. მარიამის ხელშეწყობით, დავითი აკადემიის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ბიზანტიაში აგზავნიდა უმაღლესი განათლების მისაღებად. აღსანიშნავია, რომ იმ დროისათვის სწორედ ბიზანტია იყო მთელ მსოფლიოში საუკეთესო განათლების მისაღებად საუკეთესო ადგილი. უკვე განათლებამიღებულ ქართველებს, ასევე მარიამი აბრუნებდა მშობლიურ საქართველოში, სადაც დავითი მათ სახელმწიფო სამსახურებში აყენებდა.

რუის-ურბნისის საეკლესიო კრება
რედაქტირება

მარიამს მართლაც დიდი გავლენა ჰქონდა დავით აღმაშენებელზე. მას თავის სამშობლოში მიმდინარე განუკითხაობაზე დიდად შესტკიოდა გული, ამიტომაც მან დავითს პირველ რიგში სასულიერო ფენაში არსებული ანარქიის მოგვარება ურჩია. მისივე რჩევით, 1104 წელს დავით IV-მ რუის-ურბნისის საეკლესიო კრება მოაწყო, რა დროსაც დედოფალი მარიამი საქართველოში ჩავიდა და კრებას დაესწრო. ამ კრებაზე მან მოინახულა თავისი ძმა, ბერად აღკვეცილი გიორგი და მეფე დავით IV. რუის-ურბნისის საეკლესიო კრებას მსოფლიო საეკლესიო კრების მსგავსი სამზადისი გაუწია მარიამმა, რითაც ხაზი გაუსვეს მის საგანგებო და განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ამ კრების თაოსანი ცხადია დავითი იყო. ის ერთადერთი მანდილოსანი, რომელიც ამ უდიდეს ისტორიულ მოვლენას ესწრებოდა-მარიამი იყო.

კრებამ დავით აღმაშენებლის მომხრეთა ხაზი გაატარა და მიიღო მეტად მნიშვნელოვანი დადგენილებები: ე. წ. ძეგლისწერა (რუის-ურბნისის ძეგლისწერა), რომლის ძალითაც გადააყენა უღირსი მღვდელმთავრები; მათი ადგილი სამეფო ხელისუფლების ერთგულმა პირებმა დაიკავეს. მოწესრიგდა ხელდასხმის წესი და მოგვარდა საეკლესიო ცხოვრების ბევრი სხვა საკითხი. კრების დასრულების შემდეგ, მარიამი დაემშვიდობა თავის ოჯახის წევრებს და კვლავ ბიზანტიაში, კერძოდ კი თავის თრაკიულ მამულში დაბრუნდა.

გარდაცვალება

რედაქტირება

ბიზანტიაში დაბრუნებულმა მარიამმა უკანასკნელი წლები თრაკიაში, თავისივე აგებულ ერთ-ერთ მონასტერში გაატარა, თუმცა იგი არც თუ ისე იშვიათად ჩნდებოდა კონსტანტინეპოლის სამეფო კარზე. მან მოაწყო რამდენიმე დინასტიური ქორწინება ბიზანტიისა და საქართველოს სამეფო კარებს შორის, რითაც ცხადია ხელი შეუწყო ამ ორი სახელმწიფოს კიდევ უფრო დაახლოვებას. სწორედ მისი წყალობით, 1116 წელს შედგა დავით აღმაშენებლის შუათანა ასულის, პრინცესა კატასა და იმპერატორ ალექსი I-ის ვაჟის, ისააკ კომნენოსის ქორწინება, რომლიდანაც დაიბადა მომავალი იმპერატორი ანდრონიკე I[12], რომელმაც შემდეგში ცოლად საფრანგეთის მეფე ლუი VII-ის ასული აგნეს ფრანგი შეირთო.[13] მონაზვნად აღკვეცილმა მარიამმა დიდი გავლენა მოახდინა კომნენოსთა დინასტიის სამეფო კარის ქალბატონების მოდაზე. გარდა ამისა, იგი დიდგვაროვან ქალებს აქტიურად მოუწოდებდა ქველმოქმედებაში ჩაბმისკენ. დედოფალი მარიამი გარდაიცვალა 1118 წელს თავის თრაკიულ მამულში. იგი დაკრძალეს იქვე, თავისსავე აგებულ ერთ-ერთ მონასტერში.

მშობლები

რედაქტირება
სახელი სურათი დაიბადა გარდაიცვალა მამა დედა მოკლე ბიოგრაფია
ბაგრატ IV
  1018, ქუთაისი 24 ნოემბერი, 1072,

(53-54 წლის)

გიორგი I,

საქართველოს

მეფე

მარიამ არწრუნი,

საქართველოს დედოფალი

და ვასპურაკანის პრინცესა

ტახტზე ავიდა მამის გარდაცვალების შემდეგ 1027

წელს, თუმცა მცირეწლოვანების გამო რეგენტად დედამისი დაენიშნა. პირველად ცოლად შეირთო ბიზანტიელი დიდგვაროვანი ქალი ელენე, რომელიც ქორწინებიდან მალევე დაიღუპა, ამიტომ იგი მეორედ დაქორწინდა ალან-ოსეთის მეფის ასულ ბორენაზე, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე გიორგი II და მართა-მარიამ ალანელი.

ბორენა

ალანელი

  უცნობია უცნობია ურდურე,

ალან-ოსეთის

მეფე

უცნობია 1034 წელს ცოლად გაჰყვა საქართველოს მეფე ბაგრატ

IV-ს, რომელთანაც შეეძინა საქართველოს მომავალი მეფე გიორგი II და ბიზანტიის დედოფალი მართა- მარიამ ალანელი. ქმრის გარდაცვალების შემდეგ იგი აქტიურად ეხმარებოდა ეკლესია-მონასტრებს.

მეუღლეები

რედაქტირება
სახელი სურათი დაიბადა გარდაიცვალა მამა დედა მოკლე ბიოგრაფია
მიხეილ VII   1050 1090, (40 წლის) კონსტანტინე X,

ბიზანტიის

იმპერატორი

ევდოკია

მაკრემბოლიტისა

1065 წელს ცოლად შეირთო მართა-მარიამი, რომელთანაც 1074

წელს შეეძინა ერთადერთი ვაჟი. 1071 წელს ავიდა ტახტზე, თუმცა 1078 წელს დაამხეს და იძულებით აღკვეცეს ბერად.

ნიკიფორე III   1002 10 დეკემბერი,

1081,

(80 წლის)

უცნობია უცნობია თავდაპირველად იყო ბიზანტიელი მხედართმთავარი და

წარმატებით ებრძოდა თურქებს, თუმცა 1078 წელს ტახტიდან ჩამოაგდო მიხეილ VII, თავად გახდა იმპერატორი, იგი ბერად აღკვეცა და მის ცოლზე, მართა-მარიამ ალანელზე დაქორწინდა, რომელმაც 1081 წელს ტახტიდან ჩამოაგდო და ალექსი I კომნენოსი გაამეფა.

სახელი სურათი დაიბადა გარდაიცვალა მოკლე ბიოგრაფია
კონსტანტინე   1074 1095, (21 წლის) 1074-1078 და 1081-87 წლებში იყო ბიზანტიის იმპერატორთა თანამმართველი. დედამისთან ერთად

აქტიურად იბრძოდა ტახტის დასაპყრობად, თუმცა ამაოდ. თავდაპირველად დანიშნული იყო ნორმანდიელ დიდგვაროვან ოლიმპიაზე, თუმცა მასთან ნიშნობა ჩაიშალა და იმპერატორ ალექსი I-ის ასულ ანა კომნენაზე დაინიშნა, რომელთან ნიშნობაც ასევე ჩაიშალა. 1087 წელს ალექსი I-ს ვაჟი შეეძინა, რითაც მან დაკარგა თანამმართველობა. სულ რამდენიმე წეიწადში კი კონსტანტინე გარდაიცვალა.

პორტრეტი

რედაქტირება

ერთ-ერთი პირველი ისტორიკოსი ქალი და მარიამის სარძლო, იმპერატორ ალექსი I-ის უფროსი ასული ანა კომნენე დედოფალ მარიამის გარეგნობის შესახებ ასეთ რამეს წერს:

 
„დედოფალი კვიპაროსივით მაღალი და ტანადი იყო, ისეთივე თეთრი და ქათქათა როგორიც თოვილი, მისი სახე არც ისე მრგვალი, თუმცა გაზაფხულის ვარდივით ალისფრად იყო გაფურჩქნული. რაც შეეხება მისი თვალების ბრწყინვალებას...

მისი მშვენიერების აღწერა შეუძლებელია. წამწამები გრძელი აქვს, თვალები კი ცისფერი. მხატვრები ხშირად გადმოგვცემენ იმ ყვავილთა მრავალფეროვნებას, რომლებიც წლის სხვადასხვა დროს ჰყვავიან, თუმცა დედოფლის მომაჯადოვებელი სილამაზე ხელოვნებას აღემატება.

მისი მსგავსი მშვენიერი ქანდაკება, არცერთ მოქანდაკეს არ შეუქმნია.  მითოლოგიის მიხედვით, მედუზა გორგონა ყველა იმ კაცს, რომელიც მას შეხედავდა ქვებად აქცევდა, ხოლო ვინც შემთხვევით ჩვენს ქართველ დედოფალს დაინახავდა, საზღვარი არ ჰქონდა მნახველის გაოცებას. ის ადგილზევე ქვავდებოდა.

მსგავსი სინატიფე და ნაწილთა ასეთი შეხამება, მართლაც არავის უნახავს ადამიანის სხეულში. ეს იყო გაცოცხლებული ქანდაკება, რომელიც ყველას ხიბლავდა. ეს იყო ხორცშესხმული ქალღმერთი, რომელიც ჩვენს დედამიწაზე ჩამოვიდა.“

კულტურული მემკვიდრეობა

რედაქტირება

დედოფალი მარიამის სულ ორი ისტორიული გამოსახულება მოგვეპოვება. ერთ-ერთი მათგანი, მარიამმა თავადვე გაუგზავნა დავით აღმაშენებელს. აქ საუბარია მარიამ დედოფლის ყველაზე ადრეულ, 1071 წლის ჩვენამდე მოღწეულ მხატვრულ პორტრეტზე. ტიხრული მინანქრის სახით ხახულის კარედის ყველაზე საპატიო ადგილას, ხატის შუბლზეა მოთავსებული. ხახულის ხატზე ასახულია მარიამისა და მიხეილ დუკას ქორწინების ცერემონია. მეფე და დედოფალი წარმოდგენილი არიან სრულ სადღესასწაულო ბიზანტიურ სამოსელში, მარიამს მარჯვენა ხელი გულ-მკერდზე აქვს მიდებული. მარცხენაში კი ჯვრით დამშვენებული სკიპტრა უჭირავს.

იგი ასეთივე სკიპტრით არის გამოსახული მარიამ დედოფლის პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში დაცულ იოანე ოქროპირის თხზულებათა ბერძნული ხელნაწერის მინიატურაზე. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ფრანგმა მეცნიერმა ხალანდონმა კომნენოსების შესახებ დაწერილ ორტომიან მონოგრაფიაში 69 გვერდი მარიამ დედოფლის თავგადასავალს დაუთმო, ხოლო იმპერიის ქართველი დედოფლის დრამატული ცხოვრება სრულყოფილად ასახა მაქსიმ დე კონსტანიმ ისტორიულ რომანში "ბიზანტიისაკენ". გარდა ამ ყველაფრისა, დედოფალი მარიამი კონსტანტინე გამსახურდიას რომან „დავით აღმაშენებელში“ არის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი[14].

წინაპრები

რედაქტირება

ტიტულატურა

რედაქტირება
  • 1050-1065: პრინცესა აფხაზთა და ქართველთა;
  • 1065-1071: ტახტის მემკვიდრე სრულიად ბიზანტიის იმპერიისა;
  • 1071-1081: კონსოტი დედოფალი სრულიად ბიზანტიისა;
  • 1081-1118: სრულიად ბიზანტიის ქვრივი კონსორტ-დედოფალი;

ლიტერატურა

რედაქტირება

ქართულენოვანი

რედაქტირება
  • ჯავახიშვილი ივ. ქართველი ერის ისტორია, წგნ. 2, თბ., 1965.

ფრანგულენოვანი

რედაქტირება
  • Skylitzès, Jean. Empereurs de Constantinople, texte traduit par Bernard Flusin et annoté par Jean-Claude Cheynet, éditions P. Lethiellieux, 2003, ISBN 2-283-60459-1.
  • Zonaras, Jean. Histoire des Romains, Create Space, 2015 ISBN 978-1-511-69256-4.
  • Cheynet, J.-C. Pouvoir et Contestations à Byzance (963-1210). Paris, Sorbone, 1990. ISBN 978-2-859-44168-5.
  • Malamut, Élisabeth. Alexis Ier Comnène. Paris, Ellipse, 2007. ISBN 978-2-729-83310-7.

ინგლისურენოვანი

რედაქტირება
  • Lynda Garland, Byzantine Empresses: Women and Power in Byzantium AD 527–1204, first edition (1999), Routledge, ISBN 0-415-14688-7, pages 180–186
  • Lynda Garland (2006), Byzantine Women: Varieties of Experience, 800–1200' p. 91–124, ISBN 0-7546-5737-X
  • J. M. Hussey, editor, The Cambridge Medieval History, Volume IV The Byzantine Empire, Part 1 Byzantium and Its Neighbours (Bentley House, 200 Euston Road, London: The Syndics of the Cambridge University Press, 1966), p. 793
  • S. Rapp Jr., Imagining History at the Crossroads: Persia, Byzantium and the Architects of the Written Georgian Past (Unpublished Ph.D. dissertation, University of Michigan 1997), 567–70.
  • Angold. Church and Society in Byzantium under the Comneni, 1081-1261, Cambridge, Cambridge University Press, 1995. ISBN 978-0-521-26986-5.
  • Garland, Lynda. Byzantine Empresses: Women and Power in Byzantium AD 527-1204, first edition (1999), Routledge, ISBN 0-415-14688-7.
  • Gouma-Peterson, Thalia (ed). Anna Komnene and Her Times. New York & London, Garland Publishing, 2000. ISBN 978-0-815-33851-2.
  • Mullett, Margaret. Theophylact of Ochrid, Reading the Letters of a Byzantine Archbishop. Routledge, 1997. ISBN 978-0-860-78549-1.
  • Treadgold, Warren. A History of the Byzantine State and Society. Stanford (California), The University of Standford Press, 1997. ISBN 978-0-804-72630-6.
  • Norwich, John Julius (1993), Byzantium: The Apogee, Penguin, ISBN 0-14-011448-3
  • Canduci, Alexander (2010), Triumph & Tragedy: The Rise and Fall of Rome's Immortal Emperors, Pier 9, ISBN 978-1-74196-598-8
  • Kazhdan, Alexander, რედ. (1991), Oxford Dictionary of Byzantium, Vol. I, Oxford University Press, ISBN 978-0-19-504652-6

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Evans, Helen C (1997). The glory of Byzantium: art and culture of the Middle Byzantine era, A.D. 843-1261 (English). New York: Metropolitan Museum of Art : Distributed by H.N. Abrams. ISBN 978-0-87099-777-8. 
  2. დედოფალი თეოდორა სწორედ მართას ჩასვლის დღეს გარდაიცვალა.
  3. გადატრიალების მიზეზი ის გახდა, რომ იმპერატორ კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე მიხეილის ნაცვლად მისი მამინაცვალი რომანოს IV ავიდა
  4. ნიკიფორე ტახტიდან ჩამოგდებიდან სულ რამდენიმე თვეში გარდაიცვალა
  5. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ 1087 წელს ალექსის ვაჟი შეეძინა და მან სწორედ ის გამოაცხადა ტახტის მემკვიდრედ, მარიამის ვაჟს კი ეს უფლება ჩამოართვა
  6. ცნობილია, რომ იგი მონაზვნად აღიკვეცა, თუმცა მაინც აქტიურად მონაწილეობდა სამეფო კარის ცხოვრებაში
  7. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-22. ციტირების თარიღი: 2019-03-03.
  8. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 469.
  9. რომანოზსა და ევდოკიას ორი ვაჟი შეეძინათ, რომელთაგან უფროსიც, შემდგომში მარიამთან ერთად იბრძოდა ტახტისათვის
  10. აღსანიშნავია, რომ თავად ანას არ სურდა კონსტანტინესთან დაშორება, რადგან მას ძალიან უყვარდა ისიც და დედამისიც, შემდგომში კი იგი იძულებით მიათხოვეს ნიკიფორეს
  11. თავად დიოგენესმა ქვეყნიდან გაქცევა მოახერხა და ასე უშველა თავს
  12. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ანდრონიკე ისააკს თავის პირველ ცოლთან, ირენესთან ჰყავდა
  13. აგნესი მას საფრანგეთში ერქვა და ასე მხოლოდ ფრანგულ წყაროებშია მოხსენიებული, ბიზანტიაში გათხოვებისა და მართლმადიდებლობის მიღების შემდეგ კი მას ანა დაერქვა. აღსანიშნავია, რომ ანდრონიკეს გარდაცვალების შემდეგ კიდევ ორჯერ გათხოვდა
  14. აღსანიშნავია, რომ რომანში დავითსა და მარიამს ძალიან თბილი და ახლო დამოკიდებულება აქვთ, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ დავითი მამიდას სიყვარულით მაიკოს უწოდებს
მარიამი (ბიზანტიის დედოფალი)
დაიბადა: 1050 გარდაიცვალა: 1118
წინამორბედი:
ევდოკია მაკრემბოლიტისა
ბიზანტიის დედოფალი
1071-1081
შემდეგი:
ირენე დუკაინა