ევდოკია მაკრემბოლიტისა

ევდოკია მაკრემბოლიტისა (ბერძ. Εὐδοκία Μακρεμβολίτισσα; დ. 1021 — გ. 1096) — ბიზანტიელი დიდგვაროვანი. ბიზანტიის ორგზის დედოფალი 1059-71 წლებში ჯერ როგორც კონსტანტინე X-ის, შემდეგ კი როგორც რომანოზ IV-ის მეუღლე. მისი მეორე ქმრის დამხობის შემდეგ ტახტზე მისი ვაჟი მიხეილ VII ადის, რომელმაც იგი სამუდამოდ მონასტერში გამოკეტა.

ევდოკია მაკრემბოლიტისა
Εὐδοκία Μακρεμβολίτισσα
ბიზანტიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 24 ნოემბერი, 1059
მმართ. დასასრული: 22 მაისი, 1071
წინამორბედი: კატარინა ბულგარელი
მემკვიდრე: მარიამ ალანელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1021
გარდ. თარიღი: 1096, (75 წლის)
მეუღლე: კონსტანტინე X, ბიზანტიის იმპერატორი
(ქ. 1050 - გარდ. 1067)
რომანოზ IV, ბიზანტიის იმპერატორი
(ქ. 1067 - გარდ. 1072)
შვილები: მიხეილ VII, ბიზანტიის იმპერატორი
კონსტანცია
ზოია
ანდრონიკე
ნიკიფორე
ლეონი
თეოდორა-ანა
დინასტია: დუკები
მამა: იოანე მაკრემბოლიტი
რელიგია: მართლმადიდებლობა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ევდოკია დაიბადა 1021 წელს ბიზანტიაში. იგი იყო ადგილობრივი დიდგვაროვნის, იოანე მაკრემბოლიტისა და მისი უცნობი მეუღლის, კონსტანტინეპოლის პატრიარქ მიქაელ I-ის დის ასული.

დაახლოებით 1050 წელს ევდოკია ცოლად გაჰყვა კონსტანტინე დუკასს, რომლისგანაც მას შვიდი შვილი შეეძინა. 1059 წელს დედოფალ თეოდორას გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ქმარი, კონსტანტინე X დუკა ავიდა, რითაც ევდოკია ბიზანტიის დედოფლად გვევლინება. 1067 წლის 22 მაისს კონსტანტინე გარდაიცვალა, რის შემდეგაც წესით ტახტზე მათი ვაჟი მიხეილი უნდა ასულიყო, თუმცა დედოფალ ევდოკიას ინტრიგების წყალობით ასე არ მოხდა. იგი სასწრაფოდ დაქორწინდა საკმაოდ გავლენიან და სიმპათიურ რომანოზ IV დიოგენესზე. ევდოკიამ მოახერხა ისე, რომ ტახტზე სწორედ რომანოზ IV ავიდა, რომლისგანაც დედოფალს ორი ვაჟი შეეძინა. ცხადია, მიხეილსა და მის ცოლს, ქართველ პრინცესა მარიამ ალანელს ეს ამბავი არ მოსწონდათ, თუმცა რაიმეს შეცვლის ძალა არ შესწევდათ.

რომანოზმა ევდოკიას ვაჟები თავის თანამმართველებად დაინიშნა, რითაც ასე თუ ისე სიტუაცია ჩაწყნარდა. ეს ქორწინება დედოფლისათვის ბედნიერი არ ყოფილა, რადგან იმპერატორი სულ ომებში იყო, მასზე გათხოვების გამო კი სამეფო კარზე ბევრი მტერი გაუჩნდა. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ ამ დროს ევდოკიას უდიდესი ძალაუფლება ჰქონდა, რადგანაც ომში წასული რომანოზი რეგენტად მას ნიშნავდა.

1071 წელს მანასკერტის ბრძოლაში თურქ-სელჩუკებმა ტყვედ ჩაიგდეს იმპერატორი რომანოზი, რითაც ისარგებლეს მიხეილმა და მისმა ცოლმა მარიამ ალანელმა. მათ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს და ამავე წელს ახალ იმპერატორად მიხეილ VII გვევლინება. ევდოკიამ რომანოზის მძევლობიდან გამოსყიდვა ძლივს მოახერხა, თუმცა როგორც კი იგი ბიზანტიაში დაბრუნდა, მიხეილმა იგი დაპატიმრა და თვალები დასთხარა. რომანოზი 1072 წელს პატიმრობაში გარდაიცვალა. ამის შემდეგ, მიხეილმა და მარიამმა ევდოკიაც მოიშორეს თავიდან, იმ დროისათვის გავრცელებული ხერხით: იგი იძულებით გამოკეტეს მონასტერში და მონაზვნად აღკვეცეს.

სულ რამდენიმე წელიწადში, 1078 წელს მიხეილიც დაამხეს და ბერად აღკვეცეს, მისი ცოლი კი ახალ იმპერატორს მიჰყვება ცოლად, რომელთა წინააღმდეგ შეთქმულებაში, 1081 წელს ალექსი კომნენოსთან ერთად მონაზვნად აღკვეცილი ევდოკიაც მონაწილეობდა.

ევდოკია მაკრემბოლიტისა გარდაიცვალა 1096 წელს, 75 წლის ასაკში.

ევდოკიას თავის პირველ ქმართან, იმპერატორ კონსტანტინე X-თან ექვსი შვილი ჰყავდა:

  1. მიხეილ VII, ბიზანტიის იმპერატორი 1071-78 წლებში, ცოლად შეირთო მარიამ ალანელი;
  2. ანდრონიკე, ბიზანტიის იმპერატორის თანამმართველი 1068-78 წლებში, გარდაიცვალა დაუოჯახებელი;
  3. კონსტანტინე, ბიზანტიის იმპერატორის თანამმართველი 1060-78 წლებში, გარდაიცვალა დაუოჯახებელი;
  4. ანა, აღიკვეცა მონაზვნად;
  5. თეოდორა, ცოლად გაჰყვა ვენეციის დოჟ დომენიკო სელვოს;
  6. ზოია, ცოლად გაჰყვა ბიზანტიის იმპერატორ ალექსი I-ის ძმას, ადრიანე კომნენოსს;

ევდოკიას თავის მეორე ქმართან, იმპერატორ რომანოზ IV-თან ორი შვილი ჰყავდა:

  1. ნიკიფორე, ბიზანტიის იმპერატორის თანამმართველი 1070-71 წლებში, გარდაიცვალა გაუოჯახებელი;
  2. ლეო;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Dorandi, Tiziano (2013), "Introduction", Diogenes Laertius: Lives of Eminent Philosophers, Cambridge University Press, ISBN 0521886813
  • Dzielska, Maria (1995), Hypatia of Alexandria, translated by Lyra, F., Harvard University Press, ISBN 0-674-43776-4
  • Norwich, John Julius (1993), Byzantium: The Apogee, Penguin, ISBN 0-14-011448-3