ირენე დუკაინა (ბერძ. Εἰρήνη Δούκαινα; დ. 1066 — გ. 19 თებერვალი, 1138) — დუკების დინასტიის წარმომადგენელი. ბიზანტიის დედოფალი 1081-1118 წლებში როგორც ალექსი I კომნენოსის მეუღლე. ბიზანტიის იმპერატორ იოანე II-ისა და მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი პირველი ქალი ისტორიკოსის, ანა კომნენეს დედა.

ირენე დუკაინა
ბიზანტიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1 აპრილი, 1081
მმართ. დასასრული: 15 აგვისტო, 1118
წინამორბედი: მარიამ ალანელი
მემკვიდრე: ირინე უნგრელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1066
დაბ. ადგილი: კონსტანტინეპოლი, ბიზანტია
გარდ. თარიღი: 19 თებერვალი, 1138, (71-72 წლის)
გარდ. ადგილი: ბიზანტია
მეუღლე: ალექსი I, ბიზანტიის იმპერატორი
(ქ. 1078 - გარდ. 1118)
შვილები: ანა
მარიამი
იოანე II, ბიზანტიის იმპერატორი
ანდრონიკე
ისააკი
ევდოკია
თეოდორა
მანუელი
ზოია
დინასტია: დუკები
მამა: ანდრონიკე დუკა
დედა: მარია ბულგარელი
რელიგია: მართლმადიდებლობა

ბიოგრაფია

რედაქტირება

წარმომავლობა

რედაქტირება

ირენე დაიბადა 1066 წელს კონსტანტინეპოლში. იგი იყო ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე X-ის ძმიშვილ ანდრონიკე დუკასა და მისი ცოლის, ბულგარეთის მეფე ივან ვლადისლავ კომეტოპულის შვილიშვილ მარია ბულგარელის ასული. გარდა ამისა, მამამისი ბიზანტიის იმპერატორ მიხეილ VII-ს ბიძაშვილად ერგებოდა.

ალექსის ტახტზე ასვლა

რედაქტირება

1078 წელს 11 წლის ირენე ცოლად გაჰყვა კაპადოკიელ პრინც ალექსი კომნენოსს. 1081 წელს კომნენოსებმა ალექსის მეთაურობითა და დედოფალ მარიამ ალანელის დახმარებით დაამხეს იმპერატორი ნიკიფორე III. ამის შემდეგ ბიზანტიის იმპერატორი მისი ქმარი ალექსი I ხდება, ირენე კი დედოფლად გვევლინება. აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ალექსის დედა, დედა-დედოფალი ანა დალასენე კატეგორიულად სთხოვდა ვაჟს ირენესთან განქორწინებასა და ნიკიფორეს ქვრივ მარიამ ალანელზე დაქორწინებას. მართალია ალექსიმ უარი განაცხადა განქორწინებაზე, თუმცა ირენე მაინც დიდ შევიწროვებას განიცდიდა როგორც დუკების, ისე კომნენოსების მხრიდან, მის დედამთილზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ტახტზე ასვლიდან ერთ კვირაში შედგა ირენეს ბიზანტიის დედოფლად კორონაცია, რა დროსაც მას გვირგვინი კონსტანტინეპოლის პატრიარქმა კოსმას I-მა დაადგა თავზე.

დედოფალი

რედაქტირება

ალექსის დედამ, დედა-დედოფალმა ანამ სამეფო სასახლეში ცხოვრება გარდაცვალებამდე განაგრძო და მომდევნო 20 წლის მანძილზე იგი აქტიურად ერეოდა შვილის საქმეებში. მარიამ ალანელიც სამეფო კარზე ცხოვრებას განაგრძობდა, მთელი თავისი დედოფლის პრივილეგიებით. შესაძლოა ითქვას, რომ ზოგიერთ საკითხში მარიამს უფრო დიდი ძალაუფლება ჰქონდა ვიდრე ირენეს. ამას მოჰყვა ჭორები, იმის თაობაზე, თითქოსდა მარიამს რომანი ჰქონდა ალექსთან. ცხადია დედოფალი ირენე თავს ძალიან დამცირებულად გრძნობდა, რის გამოც იგი კატეგორიულად მოითხოვდა მარიამის სამეფო კარიდან გაძევებას. მისი მოთხოვნა იმპერატორმა ცხადია არ დააკმაყოფილა, მეტის მარიამის ვაჟი, კონსტანტინე ალექსიმ თავის თანამმართველად დაინიშნა და მალე გამოაცხადა კიდეც კონსტანტინესა და თავისი ქალიშვილის, პრინცესა ანა კომნენეს მომავალი ქორწინების ამბავი. ირენეს ერთადერთ მფარველად დედამისი მარია ბულგარელი გვევლინება, რომელსაც დედოფალი ყველაფერს დაწვრილებით სწერდა, სადაც განსაკუთრებულ ადგილს მის მოცილე მარიამ ალანელს უთმობდა:

 
„იგი ყველაფერს თავდაყირა აყენებს, თავისი ახალგაზრდა, დაუჭკნობელი სილამაზის წყალობით კი ადვილად ახდენს გავლენას იმპერატორზე. მისი კიდურები და სხეულის ნაწილები საოცრად ჰარმონიულად ერთვის ერთმანეთს. თავისი საოცარი გარეგნობისა და ღვთიური ხმის წყალობით იგი ყველა გარშემომყოფს იმონებს. მისი სახე უფრო ასირიელისას ჰგავს, მას უფრო ოვალური ფორმა აქვს, ვიდრე მრგვალი. გრძელი წამწამებით და მნათობი თვალებით ისეთ მკაცრ და მომნუსხველ მზერას ესვრის ყველას, რომ შეუძლებელია შიში და მოწიწება არ აღგეძრას მის მიმართ... ამას რომ თავი დავანებოთ, იგი ეშმაკისეულივით გამჭრიახია და საუბრისას ხელების ჟესტიკულაციებს იყენებს. სახეზე იგი თითქოს ყოველთვის მშვიდია, თუმცა მისი ბრწყინვალე, ზღვისფერი თვალებიდან საოცარი დიდებულება მოდის. უბრალოდ შეუძლებელია, მას ვინმემ კონკურენცია გაუწიოს თავისი ხიბლითა და მშვენიერებით.“

აქვე ვიგებთ, რომ თავად დედოფალი ირენეც საოცარი გარეგნობისა და გონიერების მფლობელი ქალი ყოფილა, რაზეც ანა კომნენეს ჩანაწერებიდან ვიგებთ:

 
„მისი სახით ადამიანებს ქალღმერთი ათენა მოგვევლინა, რომელმაც ხორცი შეისხა და ზეციდან დედამიწაზე დაეშვა“

მისი პიროვნების დაკარგვა, მისივე ხასიათმა გამოიწვია. დედოფალი ირენე ძალიან მორცხვი იყო და ხშირად არ ჩნდებოდა სამეფო კარის ღონისძიებებზე. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მას ასევე ძალადობრივი და ძალიან მკაცრი ხასიათი ჰქონდა. იგი პირნათლად ასრულებდა თავის საყოფაცხოვრებო და წოდებრივ-წარმომადგენლობით მოვალეობებს, თავისუფალ დროს კი ძალიან უყვარდა ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების კითხვა. აგრეთვე ხშირად ქველმოქმედებდა და ეხმარებოდა ბერებსა და მათხოვრებს. მართალია, თავიდან ალექსისა და ირენეს ქორწინება წმინდა წყლის პოლიტიკა და ფორმალობა იყო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დროთა განმავლობაში იმპერატორს შეუყვარდა თავისი ცოლი. მალე, 1087 წელს ირენემ ვაჟი გააჩინა, რის შემდეგაც ალექსიმ სწორედ ის დაინიშნა თავის თანამმართველად, კონსტანტინე დუკას ჩამოართვა ეს პრივილეგია და მისი ანა კომნენასთან ნიშნობაც გააუქმა. ამან ცხადია გაამწარა მარიამ ალანელი, რომელმაც ალექსის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ჩაიშალა. მიუხედავად ყველაფრისა ალექსიმ მათ მიუტევა და მარიამი თრაკიაში გადაასახლა, კონსტანტინე კი მარმარილოს ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე. ამის შემდეგ, ირენეს ძალაუფლება მეტად გაიზარდა. ცნობილია, რომ დედოფალს უყვარდა მოგზაურობა, რის გამოც 1107 წელს იგი ანტიოქიას ეწვია, 1112 წელს კი ჩერსონეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ალექსის მმართველობისას გამუდმებული შეთქმულებები მიმდინარეობა, რის გამოც იმპერატორს ლაშქრობებში ყოველთვის თან დაჰყავდა ირენე, რადგანაც ეშინოდა მისი დედაქალაქში, შეთქმულებთან დატოვებისა. ირენე ასეთ დროს მხოლოდ ერთხელ დარჩა კონსტანტინეპოლში, რა დროსაც იგი ალექსის რეგენტად მუშაობდა თავის სიძესთან, ნიკიფორე ბრიენთან ერთად, რომელიც ირენეს უერთგულესი მრჩეველი იყო.

დედა-დედოფალი

რედაქტირება

1118 წელს იმპერატორი ალექსი I გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტზე მისი და ირენეს უფროსი ვაჟი იოანე II ავიდა. ქმრის გარდაცვალებამ ირენე დიდად დაამწუხრა და დარჩენილი ცხოვრების მანძილზე იგი სამგლოვიარო ტანისამოსით დადიოდა. მატიანე აღნიშნავს, რომ ამ დროს დედასთან ერთად სამგლოვიარო სამოსი ეცვა მის ქალიშვილ ევდოკიასაც, რომელიც ასევე ახალი დაქვრივებული იყო. ცნობილია, რომ ირენესა და მის ქალიშვილ ანას არ სურდათ იოანე II-ის გამეფება, რის გამოც მათ შეთქმულების მოწყობა დაიწყეს, რომელიც საბოლოოდ ჩაიშალა და იმპერატორმა იოანემ დედა-დედოფალი ირენე სამეფო კარიდან გააძევა, რის შემდგომაც იგი იძულებით აღკვეცეს მონაზვნად კეკარიტონის მონასტერში. ამის შემდეგ იგი მშვიდად ცხოვრობდა და აქტიურად მფარველობდა ბიზანტიელ მწერლებს. იგი გარდაიცვალა 1138 წელს, 71-72 წლის ასაკში.

  1. ანა, მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი პირველი ქალი ისტორიკოსი. თავდაპირველად დანიშნული იყო იმპერატორ მიხეილ VII-ის ვაჟ კონსტანტინეზე, თუმცა შემდეგ ცოლად შერთეს ნიკიფორე ბრიენს;
  2. მარიამი;
  3. იოანე II, ბიზანტიის იმპერატორი 1118-1143 წლებში, ცოლად შეირთო ირინე უნგრელი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  4. ანდრონიკე, ბიზანტიის სებასტოსი, იქორწინა ორჯერ და შეეძინა ხუთი შვილი;
  5. ისააკი, ბიზანტიის სებასტოსი, პირველად იქორწინა ბიზანტიელ დიდგვაროვან ქალ ირენეზე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ცოლად დავით აღმაშენებლის ასული კატა შეირთო, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი, მათ შორის მომავალი იმპერატორი ანდრონიკე I;
  6. ევდოკია;
  7. თეოდორა, ცოლად გაჰყვა კონსტანტინე ანგელოსს, რომელთა შვილიშვილებიც შემდგომში ბიზანტიის იმპერატორები გახდნენ ისააკ II-ისა და ალექსი III-ის სახელით;
  8. მანუელი;
  9. ზოია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Dalven, Rae (1972). Anna Comnena. New York: Twayne Publishers. pp. 67–69. ISBN 978-0805722406.
  • Anna Comnena, The Alexiad, trans. E.R.A. Sewter. Penguin Books, 1969.
  • Nicetas Choniates, O City of Byzantium: Annals of Niketas Choniates, trans. Harry J. Magoulias. Wayne State University Press, 1984.
  • Georgina Buckler, Anna Comnena: A Study. Oxford University Press, 1929.
  • Thalia Goumia-Peterson, "Gender and Power: Passages to the Maternal in Anna Komnene's Alexiad ", in Anna Komnene and Her Times, ed. Thalia Goumia-Peterson. Garland Publishing, 2000.
  • Warren Treadgold, A History of the Byzantine State and Society. Stanford University Press, 1997.