ვეჯინის მეორე გვირაბი
ვეჯინის მეორე გვირაბი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის სამხრეთ-დასავლეთით 1,5 კილომეტრზე, მდინარე ვეჯინისხევის მარჯვენა სანაპიროზე. 1983 წელს ხევიდან ქვიშის ამოღების დროს კლდის ძირში გამოჩნდა 1,7 მეტრი სიმაღლის გვირაბი, რომლის ძირი 0,3-0,4 მეტრია, ზემოთკენ თანდათან ფართოვდება და კარისებრი ჭრილითაა დასრულებული. გვირაბის მაქსიმალური სიგანე 0,75 მეტრია. გვირაბი გაჭრილია ქვიან თიხნარში, კედლების ზედაპირი გლუვია და მოთეთრო ფერი დაჰკრავს. შესასვლელთან დაახლოებით 20-25 მეტრ მანძილზე გვირაბს ჯვარედინად კვეთს მეორე გვირაბი. მეორე გვირაბის სიგანეა 0,8 მეტრი, სიმაღლე კი 1,3 მეტრი, რომელსაც ვერტიკალური კედლები, თარაზული ძირი და მრუდხაზოვანი ჭერი აქვს. გვირაბების გადაკვეთის ადგილის თავზე მოწყობილია დაახლოებით 2,5 მეტრი სიგრძის და 1 მეტრი სიმაღლის სამალავი, რომლის იატაკშიც სათვალთვალო ხვრელია ამოჭრილი. ამ ადგილიდან სიღრმეში გვირაბი თანდათან იმდენად ვიწროვდება, რომ გადაადგილება შეუძლებელია. გადამკვეთი გვირაბის მარჯვენა ნაწილის სიგრძე 10-12 მეტრია, მარცხენა ნაწილის კი 5 მეტრი. გვირაბის ბოლოსთან პატარა ხვრელია, საიდანაც ვხვდებით ცილინდრული ფორმის მაღალ (სიმაღლე დაახლოებით 4 მეტრი) სათავსში. სათავსის კედელში იატაკიდან 2,5 მეტრ სიმაღლეზე პატარა შეღრმავებული ადგილია, რომელშიც მოხვედრა მისადგმელი კიბის საშუალებითაა შესაძლებელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- მოსულიშვილი ი., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 115-116.