ვასილ დუმბაძე
ვასილ დავითის ძე დუმბაძე (დ. 1881, სოფ. შემოქმედი, — გ. 1943, ნიუ-იორკი) — ქართველი ფინანსისტი, ავანტურისტი, ცნობილი იყო სკანდალური კარიერით რუსეთის იმპერიის სამხედრო სამინისტროში და საიდუმლო დიპლომატიური საქმიანობით. იყო პოლიგლოტი, ფლობდა გერმანულ, ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.
ვასილ დუმბაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1881 შემოქმედი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
1943 ნიუ-იორკი |
ეროვნება | ქართველი |
მშობლები |
მამა: დავით დუმბაძე დედა: მაკა ტუსკია |
ნათესავები |
ანტონ დუმბაძე (ბაბუა) ივანე დუმბაძე (ბიძა) სონია დუმბაძე (და) |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგანათლება
რედაქტირებადაიბადა გურიაში, სოფელ შემოქმედში, მღვდლის ოჯახში. მის მშობლებს 9 ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავდათ. დუმბაძეების მრავალრიცხოვანი ოჯახი ნახსენებია პოეტ გრიგოლ ცეცხლაძის პოემაში „ხუთი მაუზერი“. ვასილ დუმბაძის მამა, დავითი, იყო შვილი ცნობილი მგალობლის, ანტონ დუმბაძისა. 1897 წელს ოზურგეთის სასულიერო გიმნაზიის დამთავრების შემდეგ დუმბაძე გერმანიაში, ლაიფციგში გაემგზავრა. იმ დროს ლაიპციგში არაერთი ქართველი სტუდენტი სწავლობდა, მათ შორის ფილიპე გოგიჩაიშვილი, გერონტი ქიქოძე, რომელსაც დუმბაძის შესახებ რამდენიმე ეპიზოდი აქვს გადმოცემული: „აფერისტი დუმბაძე“ და „სუხომლინოვის აგენტი“. 1904 წლის ივლისში ლაიფციგის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ვასილ დუმბაძემ სამოას ეთნოგრაფიაზე წაიკითხა რეფერატი და დამსწრეთა მოწონება დაიმსახურა. მუზეუმის დირექტომა პროფესორმა ვოილემ მას თხოვა ახალი რეფერატის წაკითხვა თემაზე: „ქართველები და სომხები“. ოქტომბერში დაბებეჭდა ცნობა, რომ დუმბაძე ორ დისერტაციას ამზადებდა: ქართველები — ეთნოგრაფიული მიმოხილვა“ და „ნავთის ინდუსტრია კავკასიაში და მისი ამერიკის ნავთთან შედარება“. დუმბაძემ იმავე წელს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოაქვეყნა სტატია „ფრიდრიხ რეტცელი და მისი მნიშვნელობა მეცნიერებაში". 1906 წელს მან დაამთავრა ლაიფციგის ერთ-ერთი სასწავლებლის საინჟინრო ფაკულტეტი. მისი სტუდენტობის პერიოდის ნამუშევრებია ვორონცოვის მამულებში დნეპრის ჭორომების ექსპლუატაციის გეგმა და პეტროგრადის კანალიზაციის გეგმა.
რუსეთის იმპერიაში
რედაქტირებასამშობლოში დაბრუნებული დუმბაძემ კომერციას მოჰკიდა ხელი, დაუახლოვდა კავკასიის მეფისნაცვლის, ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვის ოჯახს, რითაც მიაღწია გავლენას პეტერბურგის უმაღლეს წრეებში, ასევე აშშ-ში რუსეთის ელჩ ბახმეტევს. 1912 წელს პეტერბურგში წიგნად გამოსცა მონოგრაფია კავკასიაში ნავთობმრეწველობის შესახებ (გერმანულ ენაზე, გამომცემლობა „ჰეროლდი“). წიგნის ერთი ნაწილი მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო, მეორე ნაწილი კი მოგვიანებით დაწერა. ესაა ფუნდამენტური მეცნიერული კვლევა კავკასიის ნავთობის გეოლოგიის, მოპოვების, გადამუშავების, პერპექტივების შესახებ. მონაწილეობდა მორგანთა რუსეთ-ამერიკის ბანკის დაარსებაში. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პეტროგრადში ქართული ეკლესიის დაფუძნებაში. თანამშრომლობდა გიორგი მაჩაბელთან, გიორგი შარვაშიძესთან და სხვა ქართველ მოღვაწეებთან რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში საქართველოსთვის პოლიტიკური ავტონომიის მოსაპოვებლად ფინეთის დიდი სამთავროს ნაცვლად. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ ეს წამოწყება ჩაშალა.
ომის დროს დუმბაძე იყო ნიკო დადიანის მიერ შექმნილი ქართველ დაჭრილ ჯარისკაცთა საზოგადოების გამგეობის წევრი იყო. ამ საზოგადოებამ 20 ათასამდე დაჭრილს გაუწია დახმარება. ამავე პერიოდში გაიცნო სამხედრო მინისტრ ვლადიმერ სუხომლინოვის ნდობით აღჭურვილი პირი, სუხომლინოვის ცოლის ბიძაშვილი, ინჟინერი და საქმოსანი ნიკალაი გოშკევიჩი, შემდეგ კი მინისტრის ახალგაზრდა ცოლი. 1914 წელს პეტერბურგში, გამომცემლობაში „ომი და მშვიდობა“ გამოაქვეყნა მინისტრის ბიოგრაფია „გენერალ-ადიუტანტი ვლადიმერ ალექსანდრეს ძე სუხომლინოვი“ (114 გვ. ილუსტრაციებით). დუმბაძე დაუახლოვდა თავად სუხომლინოვს, რამაც ხელი შეუწყო, მიერო საიდუმლო სამხედრო შეკვეთები, საიდანაც იღებდა მაღალ საკომისიოს. მანვე მოაგვარა სამხედრო მინისტრისთვის მორგანთა ბანკის საშუალებით ამერიკაში 150 ავტომანქანის შეძენა. 1915 წელს ჩაბბული აღმოჩნდა რუსული არტილერიისთვის გამოუსადეგარი, ამერიკაში შეძენილი ჭურვების სკანდალში. რუსეთის სამხედრო უწყებამ ამერიკაში 15 მილიონი ოქროს მანეთის ყუმბარების შეკვეთა, მინისტრის ცოლის წყალობით, დუმბაძეს მიანდო. შვეიცარიაში დაარსებული „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის" აქტიურმა წევრმა, გიორგი მაჩაბელმა დაარწმუნა დუმბაძე, რომ ომში რუსეთის დამარცხების შემდეგ საქართველო დამოუკიდებლობას მოიპოვებდა. მათ შეიმუშავეს გეგმა და სხვა კალიბრის ჭურვები შეუკვეთეს, რომლებიც რუსულ ქვემეხებს არ მოერგო. დაიწყო კარპატებამდე მისული რუსეთის არმიის კატასტროფული უკანდახევა. ამ საქმიდან დუმბაძემ ორი მილიონი მანეთი მიიღო.
ნიკოლოზ II-მ ზავის დასადებად გერმანიაში ვასილ დუმბაძე გაგზავნა, როგორც გერმანიის მმართველ წრეებთან დაახლოებული პირი. 1915 წლის ზაფხულში, გერმანიაში დუმბაძემ მეფისთვის შედგენილი, სამხედრო უწყების 1909-1914 წლებში უმთავრეს ღონისძიებათა ჩამონათვალის 13-პუნქტიანი საიდუმლო დოკუმენტიც წაიღო. სტოკჰოლმში მას დახვდა გიორგი მაჩაბელი. ფონ ლუციუსმა იგი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარუდგინა. რუსეთში დაბრუნებულმა დუმბაძემ 19-გვერდიანი მოხსენება წარადგინა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგებოდა: „კავკასიის საკითხი“ და „სამხედრო ტყვეები“. მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ გერმანია მზად არის სეპარატული ზავისთვის და მისი ჩარევით შეუმსუბუქდათ მდგომარეობა სამხედრო ტყვეებს.
საიდუმლო დოკუმენტების გერმანელებისთვის გადაცემის ბრალდებით, ვასო დააპატიმრეს. სკანდალს შეეწირა მინისტრის კარიერა, სუხომლინოვი გადააყენეს, დუმბაძეს კი სიკვდილი მიუსაჯეს, რომელიც ნიკოლოზ II-მ კატორღით შეუცვალა. დუმბაძე ცდილობდა გაქცევას, მაგრამ ფინეთის სადგურზე დააკავეს. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ სუხომლინოვ-დუმბაძის საქმე გადაისინჯა. სუხომლინოვს კატორღა მიუსაჯეს, საიდანაც იგი საზღვარგარეთ გაიქცა. დუმბაძე კი თავდებით გამოიხსნა გიორგი მაჩაბლის ძმამ, ილომ და თავის თეატრ „ბი-ბა-ბოსთან" ერთად კიევში წაიყვანა. კიევში ის ასევე მაქინაციებში გაება. მან რამდენიმე ვაგონი შაქარი გაიტანა პოლონეთის სამეფოში და დიდძალი გული იშოვა. ამ საქმის გამო დააპატიმრეს და დახვრეტა ელოდა. დახვრეტისგან ჯავშნოსანი მატარებლის ბოლშევიკმა მეთაურმა ლუკიანე თაბუკაშვილმა გადაარჩინა. 1919 წლის ზაფხულში ოდესიდან კონსტანტინოპოლში გაემგზავრა, იქიდან კი ევროპაში.
აშშ-ში
რედაქტირება1924 წლიდან ცხოვრობდა ამერიკაში. 1920-იანი წლების დასაწყისში დუმბაძე დაინიშნა ემიგრაციაში მყოფი საქართველოსა და აზერბაიჯანის დიპლომატიურ და ეკონომიკურ წარმომადგენლად ამერიკის შეერთებულ შტატებში.[1] 1925 წელს ინგლისურ ენაზე გამოსცა წიგნი „კავკასიის რესპუბლიკები“ (The Caucasian republics; the little democracies the world forgot). ცდილობდა მიეპყრო ამერიკის მმართველი წრეების ყურადღება კავკასიისა და საქართველოს საკითხებისადმი. 1926 წელს საქართველოს ემიგრანტულმა მთავრობამ დანიშნა კონსულად ამერიკის შეერთებულ შტატებში. საჭირო იყო საქართველოს ოკუპაციის საკითხის გახმაურება, რადგან ამერიკა საქართველოს რუსეთთან ნებაყოფლობით შეერთებულ ქვეყნად მიიჩნევდა. დუმბაძის თაოსნობითა და სენატორ ჰენრი ვილსონის თავმჯდომარეობით დაარსდა „ამერიკული საზოგადოება კავკასიისთვის", რომელშიც მრავალი ცნობილი მოღვაწე გაერთიანდა. საზოგადოებამ შეისწავლა საქართველოს წარსული, არსებული მდგომარეობა და დაადგინა მისი „დამოუკიდებლობის უდავო უფლება და ევროპაში გახიზნული დემოკრატიული მთავრობის კანონიერება. საზოგადოების საქმიანობის შედეგად კონგრესმა 1926 წლის 10-11 მარტს და 1-2 აპრილს განიხილა დუმბაძის საქართველოს წარმომადგენლად დამტკიცების საკითხი , მაგრამ გადაწყვეტილება ვერ მიიღო. საკითხი მეორედ 1929 წლის 23 აპრილს დაისვა. წინადადების მიღების შემდეგ ვასილ დუმბაძე საქართველოს წარმომადგენლად დამტკიცდა. იმავე 1929 წელს დიპლომატ ლეონ ვილსონის თავმჯდომარეობით შეიქმნა „საქართველოს უფლებების დაცვის კომიტეტი", რასაც შედეგად ამერიკის კონგრესში საქართველოს საკითხის რამდენჯერმე განხილვა მოჰყვა.
ცოლად შეირთო ამერიკელი ქალი, რომელსაც გადმოცემით ცნობილ გაზეთში Chicago Tribune-ში საკუთარი წილი ჰქონდა. 1931 წელს იყო ნიუ-იორკის ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი დამაარსებელი პავლე და თამარ კვარაცხელიებთან, ვანო კობახიძესა და გიორგი მაჩაბელთან ერთად. იყო ამ სათვისტომოს თავმჯდომარე 1936 წლამდე. 1933 წელს საფრანგეთმა სცნო სსრკ და გაუუქმა ლეგაცია საქართველოს დევნილ მთავრობას, შესაბამისად, გაუქმდა აშშ-ში საქართველოს საკონსულო. 1938 წელს დუმბაძის ინიციატივით აისლიპში შეიძინეს სათვისტომოს სახლი. დუმბაძემ თავისი ხარჯით გაარემონტა, გააწყო ავეჯით, გააშენა ბაღ-ბოსტანი, რომელსაც კოსტა ხუნწარიას ცოლ-შვილთან ერთად უვლიდა. აშშ-ში ყოფნის დროს ეხმარებოდა და აფინანსებდა ქართველ ემიგრანტებს, ასევე ფინანსურად ეხმარებოდა ევროპაში მყოფ ქართველ ემიგრანტებსაც
გარდაიცვალა 1943 წელს ნიუ-იორკში. ანდერძის თანახმად, თუ დუმბაძის ნათესავებიდან მშობლიურ სოფელ შემოქმედში ცოცხალი არავინ იქნებოდა, იმ ფულით სკოლა ან საავადმყოფო უნდა აშენებულიყო. ანდერძი და ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ შემოქმედში 1945 თუ 1946 წელს ჩავიდა. მოძებნეს მისი დები, დაადასტურეს მათი ვინაობა. დუმბაძის დებს უნდა მიეღოთ მემკვიდრეობა, სხვადასხვა ცნობით 27-დან 42 მილიონ აშშ დოლარამდე. ფული საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკში გადაირიცხა, მაგრამ მემკვიდრეებს არ მიუღიათ. დასაფლავებულია ნიუ-იორკში.
საინტერესო ფაქტები
რედაქტირებავასილ დუმბაძე იყო მიხეილ ჯავახიშვილის ცნობილი პერსონაჟის, კვაჭი კვაჭანტირაძის პროტოტიპი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვასილ დუმბაძე: (1881-1943) // ქართველები ამერიკაში / ი. მახარაძე. - თბ., 2011. - გვ.46-51.
- დაუშვილი რ. „ვასილ დუმბაძე მორგანთა ბანკის ფინანსისტი“ ჟურნალი „ისტორიანი“ N9, 2011 გვ. 34-39.
- დაუშვილი რ., „ქართველი მრეწველები და გამომგონებლები ამერიკაში“ — თბილისი, 2002
- ჩხატარაიშვილი ქ., „ლეგენდად დარჩენილი“ ჟურნალი „მნათობი“ N8 გვ. 166-169 — 1991 წ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ გიორგი მამულია, ნიკოლოზ სეფიაშვილი, „თეთრი გიორგის იდეოლოგიურ-ორგანიზაციულ საწყისებთან. დოკუმენტები და მასალები პირადი არქივებიდან“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისი, 2024, გვ. 79