ივანე დუმბაძე
ივანე დუმბაძე (რუს. Думбадзе, Иван Антонович; დ. 19 იანვარი, 1851, შემოქმედი — გ. 10 იანვარი, 1916, ლივადია) — რუსეთის არმიის გენერალი, სახელმწიფო მოღვაწე, სვიტას გენერალ მაიორი, ქალაქ იალტის მთავარმართებელი, რუსი ხალხის კავშირის ერთ-ერთი მესვეური, ცნობილი ექსტრავაგანტური ქცევების, სისასტიკისა და შავრაზმული შეხედულებების გამო.
ივანე დუმბაძე | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 19 იანვარი, 1851 |
დაბადების ადგილი | ქუთაისის გუბერნია |
გარდაცვალების თარიღი | 1 ოქტომბერი, 1916 |
გარდაცვალების ადგილი | ლივადია |
წოდება | გენერალ-მაიორი |
ჯილდოები |
წმინდა ანას III ხარისხის ორდენი (1882) |
ბიოგრაფია
რედაქტირებაივანე დუმბაძე დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ შემოქმედში, აზნაური ანტონ დუმბაძისა, რომელიც იყო ცნობილი ლოტბარი და მგალობელი, და თავადის ასულ ნაკაშიძის ოჯახში. ივანეს რვა დედმამიშვილი ჰყავდა.[1] აქედან სამი — იოსები (1865-?), ნიკოლოზი (1854—1927) და სამსონი (1866-?) და მიხეილი — აგრეთვე რუსეთის არმიის გენერალ-მაიორები გახდნენ.
სამხედრო კარიერა და ბრძოლა ფირალებთან
რედაქტირებაქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ 1869 წლის 30 სექტემბერს დუმბაძე შევიდა ტფილისის იუნკრულ სასწავლებელში, რომელიც დაასრულა პირველი ხარისხით 1872 წლის 20 დეკემბერს. სასწავლებლის დასრულების შემდეგ გაიგზავნა კავკასიის მე-18 ბატალიონში პრაპორშჩიკის ჩინით, საიდანაც 1875 წელს იყო გადაყვანილი ახალციხის 162-ე ქვეით პოლკში, სადაც 1876 წელს მიიღო პოდპორუჩიკის ჩინი. მონაწილეობდა 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში, სადაც მიიღო პორუჩიკის ჩინი.
1879 წელს დუმბაძე დაინიშნა ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორის ოფისში, ერთ-ერთი დამსჯელი ასეულის მეთაურად. მისი ფუნქცია იყო მაღალმთიან რაიონებში არსებული აჯანყების ჩახშობა. 1880 წელს დუმბაძე გახდა გურიის დრუჟინის მესამე ასეულის მეთაური, შტაბსკაპიტანი და გაიგზავნა გურიაში, მის მშობლიურ მხარეში ფირალებთან საბრძოლველად. 1880-87 წლებში დუმბაძე ოზურგეთის მაზრის ბოქაული იყო. გურიაში ყოფნის ხანს დუმბაძემ მოიტაცა ესე გურიელის ქალიშვილი ტერეზია. გურიელმა ითაკილა აზნაურ დუმბაძის სიძეობდა და ფირალ დათულია სურგულაძეს სთხოვა დუმბაძის მოკვლა. 1882 წელს დუმბაძე ორჯერ ჩაუსაფრდა დათულია სურგულაძეს და გოგია ლომჯარიას, მაგრამ ამაოდ. იმავე წლის 18 მარტს კი შეიტყო, რომ ფირალები წითელმთაში, გოგია ჩიტაიშვილის ოჯახში იქნებოდნენ და სამ მილიციონერთან ერთად გაემართა სოფლისკენ. სოფლის კანცელარიასთან გადააწყდნენ ფირალებს. ორმხრივ სროლაში მოკლეს სურგულაძე, დაიჭრა დუმბაძე, ხოლო ლომჯარია დაიჭირეს.[2] იმავე წლის მიწურულს გომელი შპიონის დახმარებით დუმბაძემ გოგია ლომჯარიას ადგილსამყოფელს მიაგნო ხინოში, ტაკიძის ოჯახში, სადაც რვა მილიციელით დაესხა თავს. მილიციელებმა შეპყობილი ლომჯარია გაქცევის მცდელობის დროს მოკლეს. დუმბაძემ მკვდარ ლომჯარიას ესროლა და მისი მოკვლა მიიწერა. ამ დამსახურებისთვის დუმბაძე დააჯილდოვეს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით ბაფთითა და ხმლებით. იმავე წლის 7 აგვისტოს გახდა კაპიტანი. დუმბაძე აგრძელებდა ბრძოლას ფირალებთან და 1886 წელს დაიჭრა და მიიღო კონტუზია. ამისთვის ის დაჯილდოვდა წმინდა ანას II ხარისხის ორდენით ხმლებით. სულ დუმბაძემ ფირალებთან ბრძოლაში 9 წელი გაატარა.
1887 წელს დუმბაძე გადაყვანილ იქნა მე-3 კავკასიურ დრუჟინაში, სადაც დაინიშნა სამხედრო მოსამართლედ. 1894 წლის 26 თებერვალს მან მიიღო ვიცე-პოლკოვნიკის წოდება, ხოლო 1900 წელს — სრული პოლკოვნიკისა. ამ პერიოდში დუმბაძე დაახლოებული იყო ქართულ ნაციონალისტურ ჯგუფებთან.[3]
1900 წლის 16 აგვისტოდან იყო კრასნოვოდსკის მე-8 სარეზერვო ბატალიონის მეთაური. 1903 წლის 26 მაისს დუმბაძე დაინიშნა მე-16 ფეხოსანთა პოლკის მეთაურად და ამ პოსტზე დარჩა 1907 წლის 15 ოქტომბრამდე. ამ დროიდან დუმბაძემ გაწყვიტა კავშირი ქართველ ნაციონალისტებთან და დადგა რუსიფიკატორული პოლიტიკის მხარეს.[4]
იალტის მთავარმმართებლობა
რედაქტირება1905 წლის რევოლუციის შემდეგ დუმბაძე აქტიურად ჩაერთო იმპერიაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში. 1905 წლის ოქტომბრის მანიფესტის გამოცემის და სოციალური მღელვარების გაზრდის შემდეგ, 1906 წლის 26 ოქტომბერს შინაგან საქმეთა მინისტრმა პეტრე სტოლიპინმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა პოპულარულ კურორტ იალტაში. სამოქალაქო საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოები (ერობა) დათხოვნილი იქნა და ძალაუფლება გადაეცა ტავრიდას გუბერნატორ გენერალ ვასილი ნოვიცკის. რადგანაც გუბერნატორის რეზიდენცია იალტიდან შორს, სიმფეროპოლში იყო, ნოვიცკიმ იალტის უმაღლეს სამხედრო კომენდანტად დანიშნა ივანე დუმბაძე, რათა ამ უკანასკნელს დაეცვა მეფის საზაფხულო რეზიდენცია, რომელიც იალტის ახლომდებარე დაბა ლივადიაში მდებარეობდა.
1907 წლის 31 მაისს დუმბაძე გახდა გენერალ-მაიორი. 1907 წლის 15 ოქტომბრიდან 1908 წლის 10 ივლისამდე ის იყო 34-ე ქვეითი დივიზიის მე-2 ბრიგადის სარდალი. 1908 წლის 2 აგვისტოს დაინიშნა იალტის უმაღლეს მთავარმმართებლად. 1912 წლის 23 ივლისიდან გახდა მე-13 ქვეითი დივიზიის მე-2 ბრიგადის სარდალი.
1912 წლის 4 აგვისტოს სამხედრო მინისტრის ბრძანებით დუმბაძე გადაყენებული იქნა ქვეითთა დივიზიაში დაკავებული თანამდებობიდან და იმავე თვეში გათავისუფლებული იქნა იალტის მთავარმმართებლობიდან. ის ჩაირიცხა სამხედრო სამინისტროს რეზერვში. 1912 წლის დეკემბერში ნიკოლოზ II-მ დუმბაძე ჩარიცხა მისი საიმპერატორო უდიდებულესობის სვიტაში და მალე, იმპერატორის პირადი სურვილით, დუმბაძე აღადგინეს იალტის მმართველის თანამდებობაზე. დუმბაძემ მიიღო რამდენიმე უცხოური ორდენი, მათ შორის ლომისა და მზის სპარსული ორდენი, ამომავალი ვარსკვლავისა და ოქროს ვარსკვლავის ბუხარის ორდენები, მხსნელის ბერძნული ორდენი და წმინდა დანიელის ჩერნოგორიული ორდენი. 1914 წელს „ორმოცწლიანი შესანიშნავი სამსახურისთვის“ დუმბაძემ მიიღო განსაკუთრებული ნიშანი წმინდა გიორგის ბაფთაზე.
პირველი პსოფლიოს ომის დაწყებისას დუმბაძემ ვერ მიიღო მასში მონაწილეობა ავადმყოფობის გამო. 1916 წლის გაზაფხულზე დუმბაძეს კიევში ჩაუტარდა ოპერაცია, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. 1916 წლის 15 აგვისტოს დუმბაძე საკუთარი სურვილით გადადგა იალტის მმართელის პოსტიდან, მაგრამ დარჩა სვიტას შემადგენლობაში. 1 ოქტომბერს გარდაიცვალა ლივადიაში და დაიკრძალა სამხედრო და სამოქალაქო პატივით.
მმართველობის სტილი
რედაქტირებადუმბაძის მიერ იალტაში და ტოლმაჩოვის (ოდესის გუბერნატორი) მიერ ოდესაში დამყარებულ რეჟიმს ისტორიკოსები „ტოლმაჩოვ-დუმბაძის დიქტატურად“ მოიხსენიენიებენ.[5] დუმბაძე პატრიარქალური ტიპის მმართველი იყო, რომელიც ძირითადად სასამართლო ფუნქციებს ასრულებდა და საოჯახო დავებშიც კი ერეოდა. ის მოქმედებდა სწრაფად, დამოუკიდებლად და გადამწყვეტად, ხშირად იგნორირებას უწევდა მოქმედ კანონებსა და სენატის მოსაზრებებს.[5]
ასევე უხეში იყო მისი ურთიერთობა პრესასთან. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის იმპერიაში პრესა ცენზურას ექვემდებარებოდა, დუმბაძე იყენებდა დამატებით საშუალებებს რათა ჩაეხშო ნებისმიერი კრიტიკა. თუ რომელიმე გაზეთი მის გაკრიტიკებას გაბედავდა, დუმბაძე დაუყოვნებლივ გაასახლებდა კორეპონდენტს ყირიმიდან.[6]
დუმბაძემ დაარღვია როგორც სამოქალაქო კანონმდებლობა, ასევე ოფიცრის ღირსების კოდექსი და დუელში გაიწვია სამოქალაქო პირი, ადგილობრივი ჟურნალისტი პერვუხინი და ამაყობდა, მისგან დეპორტაციის გარეშე გავთავისუფლდებიო. ამასთან, მიუხედავად დაპატიმრებებისა და დეპორტაციისა, დუმბაძე ითხოვდა გაზეთებს სავალდებულო წესით გამოექვეყნებინათ მისგან მიწოდებული ინფორმაცია.[3]
შავრაზმელობა
რედაქტირებადუმბაძე მხარს უჭერდა შავრაზმელებს (რეაქციონერული, უკიდურესად მემარჯვენე ანტისემიტური ჯგუფი) და მათ პროპაგანდას. 1907 წლის იანვრის დღეებში დუმბაძემ იალტის ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმრო „რუსეთში“ ჩაატარა შავრაზმელთა ყრილობა და დააფუძნა „ჭეშმარიტ რუსი ხალხის კავშირი“ — ექსტრემისტული ორგანიზაცია. დუმბაძემ შეკრებილებს სიტყვითაც მიმართა. როგორც ქალაქის თავმა მოსთხოვა ადგილობრივ პოლიციას უზრუნველეყო ამ შეხვედრის სრული დაცვა და უსაფრთხოება. მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა შავრაზმელთა ყველაზე მსვილი ორგანიზაცია რუსი ხალხის კავშირი, დუმბაძემ მათთან დაუყოვნებლივ დაამყარა ახლო კავშირი. 1907 წლის 14 სექტემბერს დუმბაძემ მათი წევრობის მანდატიც მიიღო.[7] ამის შემდეგ დუმბაძე თანმიმდევრულად პატრონობდა რუსი ხალხის კავშირს, უწევდა ყველანაირ დახმარებას, მათ შორის ადმინისტრაციულ ზეწოლას მათი რეკლამის გავრცელებისთვის.
დუმბაძე ხელს უწყობდა შავრაზმული გაზეთების „Русское знамя-ს“ და „ვეჩეს“ ფართოდ გავრცელებასა და სავალდებულოდ კითხვას. ანტისემიტიზმი, რომელსაც ეს გაზეთები ავრცელებდნენ, დუმბაძის მხარდაწერას იმსახურებდა. ყოველდღიური გაზეთი „Вече“ ატარებდა სლოგანს «Прочь жиды — Русь идёт» (გაეთრიეთ ურიებო — რუსი მოდის!). ანტისემიტუი განცხადებები, დაშინება და პოგრომების მხარდაჭერა გრძელდებოდა საქალაქო ცხოვრებაშიც. ნ. მიშენკო, კიევის პროვინციის ხელმძღვანელის მოადგილე, საკუთარი პარტიის პერსპექტივიდან დუმბაძის შეფასებისას აღნიშნავდა, რომ „თუ იმპერიას ორი-სამი დუმბაძისნაირი ეყოლებოდა, ის თავიდან აიცილებდა უცხოურ ებრაულ რევოლუციას, რომელიც ძირიანად ამოიძირკვებოდა, ხოლო იუდაისტი რუსები თაყვანს სცემდნენ რუსი ხალხის კავშირის წმინდა დროშას“.[8] თუმცა 1915 წელს დუმბაძემ უარყო, რომმას ანტისემიტური შეხედულებები ჰქონდა.[9]
1906 წლის 31 ივლისს ზელენოგორსკში მოკლეს სახელმწიფო დუმის წევრი მიხაილ ჰერცენშტაინი. გამოძიებამ დაადგინა, რომ მკვლელი იყო იუშკევიჩ-კრასკოვსკი, ხოლო მკვლელობის ორგანიზება მოხდა „რუსი ხალხის კავშირის“ მიერ. რუსი მაღალჩინოსნები ეწინააღმდეგებოდნენ გამოძიებას. მიუხედავად ამისა, როცა ფინეთის სასამართლომ დაიკითხვაზე დაიბარა კავშირის ხელმძღვანელი და იუშკევიჩ-კრასკოვსკის უშუალო უფროსი, ალექსანდრე დუბროვინი, დუმბაძემ თავშესაფარი მისცა ამ უკანასკნელს. დუმბაძემ დუბროვინი საკუთარ სახლში დააბინავა. დუმბაძის სახლი მდებარეობდა ლივადიაში, იმპერატორის საზაფხულო რეზიდენციასთან ახლოს და დაცული იყო ჯარისკაცთა მიერ, რომლებსაც თავად დუმბაძე ხელმძღვანელობდა.[10]
დუმბაძე გაეხვა სკანდალური საქმეში საიდუმლო მრჩეველ პიასეცკის წინააღმდეგ. პენსიაში გასული მაღალჩინოსანი თავადი პიასეცკი იყო იალტის ბიბლიოთეკის ზედამხედველი. დუმბაძე მას ზემოხსენებული შავრაზმული გაზეთების გამოწერას სთხოვდა, პიასეცკი კი უარზე იყო. დუმბაძემ მას საბოლოოდ ან რუსი ხალხის კავშირის რიგებში შესვლა, ან ქალაქის დატოვება მოსთხოვა. საბოლოოდ 72 წლის პიასეცკი დუმბაძემ ქალაქიდან გააგდო.
რეპრესიები
რედაქტირებადუმბაძის პერიოდში იალტა იყო ელიტური კურორტი, სადაც არ იყო ქარხნები და შესაბამისად — პროლეტარიატი. ასე რომ იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომელიც დუმბაძემ ქალაქიდან გააძევა და პოლიტიკურად არასაიმედოდ გამოაცხადა, იყო საშუალო კლასის წევრი და ზოგიერთი წარჩინებულიც კი. დუმბაძემ აღიარა მასზე რანგით მაღალი ოფიცრის საჯარო შეურაცხყოფა, ასევე დაუმორჩილებლობის სხვა აქტები, მათ შორის შეურაცხყოფა გუბერნატორ ნოვიცკისა, რომლემაც დანიშნა დუმბაძე იალტის მმართველად. ნოვიცკი, რომელიც იყო დუმბაძეზე მაღალი თანამდებობის პირი, რეგიონში დუმბაძის არყოფნისას შეისწავლა დუმბაძის მიერ ზოგიერთი პიროვნების გაძევების საქმე, ვერ იპოვა სამართლებირივი საფუძველი მათი გაძევებისა და ნება დართო მათ, დაბრუნებულიყვნე ყირიმში. ამ ფაქტმა დუმბაძესა და ნოვიცკის შორის უთანხმოება გამოიწვია, რაც საბოლოოდ თავად ნოვიცკის ყირიმიდან გაძვებით დასრულდა. დუმბაძემ შეურაცხყოფა საჯარო ტელეგრამით მიაყენა ფინეთის გენერალ-გუბერნატორ ბეკმანსაც. არც ამ ფაქტს მოჰყოლია რეაქცია იმპერატორ ნიკოლოზ II-სგან და კავალერიის გენერალი ბეკმანი იძულებული გახდა გადამდგარიყო.[11] დუმბაძის ჩარევები სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაში არყევდა თვით სახელმწიფოს საძირკველს. ამიტომ თვით პრემიერ-მინისტრი სტოლიპინიც, რომელიც დუმბაძის მფარვლეად ითვლებოდა, იძულებული იყო, გაეუქმებინა დუმბაძის ზოგიერთი ინიციატივა, რათა არ დარღვეულიყო კანონით დადგენილი კავშირები და ურთიერთობები სახელმწიფო ორგანოებს შორის.[5][12]
იალტაში მმართველობის დროს დუმბაძე იღებდა სასიკვდილო მუქარებს რევოლუციური პარტიებისგან. გადადგომის მოთხოვნებსა და სიკვდილის მუქარებს დუმბაძემ ასე უპასუხა:
1907 წლის 26 თებერვალს დუმბაძეზე მოხდა პირველი თავდასხმა. იალტის მახლობლად, სოფელ ჩუკურლარში დუმბაძის ეკიპაჟს ესროლეს ყუმბარა ნიკოლაევსკის ქუჩაზე მდებარე ნოვიკოვის აგარაკიდან. დუმბაძე არ დაშავებულა, დაიჭრა მხოლოდ მისი მეეტლე[13] მხოლოდ რამდენიმე მონარქისტული გამოცემა ამტკიცებდა, რომ მას სმენა დაუზიანდა. ტერორისტმა დაუყოვნებლივ მოიკლა თავი.[13][14] მიუხედავად ამისა, დუმბაძემ გამოძიების გარეშე გამოაყრევინა ჯარისკაცებს აგარაკის მცხოვრებლები გარეთ, არ მისცა მათ ბარგის გამოტანის საშუალება და გადააწვევინა აგარაკი საძირკვლამდე. ჯარისკაცებმა გატეხეს და დაარბიეს ახლომდებარე აგარაკებიც.[14] დუმბაძის ოფიციალური განცხადებით ის გაანადგურებდა ნებისმიერ სახლს, საიდანაც შეიძლებოდა ესროლათ ყუმბარა. დუმბაძე იყენებდა იმავე მეთოდებს, რასაც გურიაში ფირალების წინააღმდეგ. მისმა ქმედებებმა ფართო აღშფოთება გამოიწვია. 1908 წლის 10 აპრილს ალექსანდრ გუჩკოვმა და სხვა დეპუტატებმა მიმართეს სახელმწიფო დუმას დუმბაძის უკანონო მოქმედებათა გამო. დანგრეული სახლების მეპატრონეებმა აღძრეს 60 ათასი რუბლის ღირებულების სარჩელი დუმბაძეს. სასამართლო გარდაუვალი იყო, რომ არა პრემიერ-მინისტრი სტოლიპინი, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გაუთვალისწინებელი ხარჯების მუხლით გამოაყოფინა თანხა მომჩივანთა დასაკმაყოფილებლად. დუმბაძეზე თავდასხმაში პიოტრ ვოიკოვი მონაწილეობდა.[15]
1907 წლის 20 ივლისს დუმბაძემ შეურაცხყო სახელმწიფო დუმა. დუმის დათხოვნის შემდეგ „რუსი ხალხის კავშირის“ მიმართ გაგზავნილ ტელეგრამაში დუმბაძემ თანამოაზრეებს მიულოცა „საძაგელი დუმის“ დათხოვნა „поздравляем всех вас с разгоном мерзейшей Думы"[16] ტელეგრამის ტექსტი მოგვიანებით ყველა შავრაზმულმა გაზეთმა გადაბეჭდა. 1910 წელს დუმბაძემ შეურაცხყო სამთავრობო სენატი, რუსეთის იმპერიის უმაღლესი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ორგანო, რომელიც უშუალოდ იმპერატორს ექვემდებარებოდა. სენატი იხილავდა სამოქალაქო საქმეს და დუმბაძემ, რომელმაც საქმის მასალები გაუგზავნამას, არ გადაიხადა საშტამპო გადასახადი. მიიღო რა სენატისგან შეხვედრის მოთხოვნა, დუმბაძემ უპასუხა, რომ არ იცნობს სენატს, არ აპირებს გადახდას, ხოლო სენატს სთხოვს, დაანებოს თავი უკანონო მოთხოვნებითურთ.[17] სასამართლო საქმე დუმბაძის წინააღმდეგ ჩავარდა, რადგან ერთ-ერთმა სენატორმა თავის თავზე აიღო მოთხოვნილი საშტამპო თანხის გადახდა.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებადუმბაძე ორჯერ იყო დაქორწინებული, ჰყავდა ორი ქალიშვილი და ხუთი ვაჟი. ალექსანდრე დუმბაძე, რომელიც ესე გურიელის ქალიშვილისგან შეეძინა, იყო ყირიმის კავალერიის როტმისტრი. ის 1918 წლის 1 იანვარს დაიღუპა სევასტოპოლის მეზღვაურთა რევოლუციური გამოსვლის დროს. კიდევ ერთი ვაჟი, ანტონ დუმბაძე (1887-1948) იყო რუსეთის ავიაციის კაპიტანი, რომელიც რევოლუციის შემდეგ ემიგრირდა საფრანგეთში; ალექსეი გარდაიცვალა 1970 წელს ბრიუსელში; გიორგი, გადმოცემის მიხედვით დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში; ვლადიმერი ასევე გადმოცემის მიხედვით იყო რეპრესირებული საბჭოთა კავშირის მიერ.
დუმბაძის პერსონაჟი ასახულია 1969 წლის საბჭოთა ფილმში „სახიფათო გასტროლი“ (Опасные Гастроли).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- В. Р-в. (1913). „Думбадзе Иван Антонович“, Brockhaus and Efron Encyclopedic Dictionary ((რუსული)).
- Иванов, А. Истинно-русский грузин. Ялтинский градоначальник генерал-майор Иван Думбадзе (რუსული). Сайт православного информационного агентства «Русская линия».
- Wrangel-Rokossowsky, C. (1995). Before the Storm. (ინგლისური)
- Думбадзе Иван Антонович (რუსული). Русская армия в Первой мировой войне.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ჩხატარაიშვილი ქ., „ლეგენდად დარჩენილი“ ჟურნალი „მნათობი“ N8 გვ. 166 – 1991 წ.
- ↑ გაზეთი „დროება“ N66 — 1882 წ.
- ↑ 3.0 3.1 Коцюбинский Д. А., Лукоянов И. В. (2008). Григорий Ефимович Распутин ((რუსული)), გვ. 366.
- ↑ Думбадзе[მკვდარი ბმული] (რუსული)
- ↑ 5.0 5.1 5.2 ლევ ტროცკი (1926). Карл Маркс и Росссия в 1909 г., L. Trotsky Works. vol. 4. Moscow-Leningrad. დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Коцюбинский Д. А., Лукоянов И. В. (2008). Григорий Ефимович Распутин ((რუსული)), გვ. 366.
- ↑ Don C. Rawson (1995). Russian rightists and the revolution of 1905, გვ. 150, 151.
- ↑ The theory and practice of the Union of the Russian People, 1905-1907 Brock, John Joseph (ინგლისური)
- ↑ JULY 1, 1914, TO MAY 31, 1915 P. 59.
- ↑ Lauchlan, Iain (Dec 2001). „The Accidental Terrorist. Okhrana Connections to the Extreme-Right and the Attempt to Assassinate Sergei Witte in 1907“ (PDF). 14 (2) (Revolutionary Russia ed.): 16. doi:10.1080/09546540108575738. ISSN 0954-6545. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2010-06-23. ციტირების თარიღი: 2020-09-15. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება), p.17 - ↑ Vladimir Burtsev (1918). Былое. University of Michigan, გვ. 93. 678.
- ↑ Письма П. А. Столыпина Н. А. Хомякову.
- ↑ 13.0 13.1 Bogdanovich A. (1990). ru:Три последних самодержца ((რუსული)). Moscow: Новости, გვ. 811. დაარქივებული 2016-09-16 საიტზე Wayback Machine.
- ↑ 14.0 14.1 „Покушение на полковника Думбадзе“. Русское слово ((რუსული)). Moscow: Газетные старости. 12 მარტი1907. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება);|publisher=
-ში არის გარე ბმული (დახმარება) - ↑ Войков Петр Лазаревич (რუსული)
- ↑ „Действия администрации“ [Activities of administration]. Русское слово ((რუსული)). Moscow: Газетные старости. June 21. ტექსტი „1907“ იგნორირებულია (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება);|publisher=
-ში არის გარე ბმული (დახმარება) - ↑ С. Н. (Сергей Николаевич) Палеолог. Около власти: очерки пережитого, გვ. 103.