ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი

ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი — ისტორიული სკოლა ოზურგეთის მაზრაში, ამჟამად ქალაქ ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა.

გურიის სასულიერო სამრევლო სასწავლებელი (1846-1876)

რედაქტირება

XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიის ბიუროკრატია შეუდგა საქართველოში სასულიერო სამაზრო სასწავლებლების გახსნას. იმპერიას სჭირდებოდა რუსული ენის მცოდნე მღვდლები. გურიაში რუსული მმართველობა დამყარდა 1830-იანი წლებიდან. სასულიერო სასწავლებლის გახსნის პირველი მცდელობა გურიაში ჰქონდათ 1833 წელს. შემოქმედელმა ეპისკოპოსმა არსენ მგალობლიშვილმა თბილისში ყოფნისას სიტყვიერი თხოვნით მიმართა საქართველოს ეგზარქოსს სასწავლებლის გახსნის შესახებ. ეგზარქოსმა მას თანხმობა მისცა, თუ სასწავლებელს ადგილობრივი მოსახლეობა შეინახავდა. 1835-40 წლებში გამოყოფილმა კომისიებმა დაადგინა, რომ გურიის ეკლესია-მონასტრების შემოსავლები სასწავლების შესანახად საკმარისი არ იყო. სასწავლებლის გახსნა ივარაუდებოდა 1838 წელს, მაგრამ გადაიდო. 1839 წელს საქართველოს ეგზარქოსი მთავარმართებელ გოლოვინს წერდა, რომ ქუთაისის სასწავლებელი საკმარისი არ იყო და იმერეთსა და გურიაში დამატებითი სკოლები იყო საჭირო. სასწავლებლის გახსნა კვლავ ივარაუდებოდა 1841 წელს, მაგრამ ამ წელს დაწყებულმა გლეხთა აჯანყებამ დააყოვნა ეს საქმე. საბოლოოდ გურიის სამრევლო სასწავლებელი გაიხსნა 1846 წლის 14 აპრილს. გურიის ეპისკოპოს ექვთიმეს განკარგულებით ის გაიხსნა ჯუმათის მონასტერთან. ხელმძღვანელად დაინიშნა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ივანე ბეშქენაძე. სასწავლებელი ორკლასიანი იყო და ისწავლებოდა ქართული და რუსული ენა, საღვთო სჯული და არითმეტიკა. მასწავლებელი იყო გიორგი კიკვაძე.

ჯუმათში სასწავლებლის შენახვა შეუძლებელი შეიქნა და 1848 წელს ის გადაიტანეს ოზურგეთში. სასწავლებლის ზედამხედველი 1854 წლიდან იყო დეკანოზი სვიმონ ქიქოძე, ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის ძმა. წყაროების მიხედვით ზედამხედველი მეფის რეჟიმის ერთგული მსახური იყო. ქიქოძე ამავდროულად იყო მასწავლებელი გურიის საქალაქო სასწავლებელში, დეკანოზი გურიის კათედრის სობოროში, ბლაღოჩინი ეპარქიაში, ბახვის სოფლის სასწავლებლის მზრუნველი, პირუტყვების ექიმი. მას სურდა სკოლა საკუთარი შემოსავლის წყაროდ ექცია და სასწავლებელი საკუთარ ორსართულიან ხის სახლში მოათავსა, რათა მოსწავლეთა მშობლებისაგან ბინის ქირა აეღო. სასწავლებელი მოთავსებული იყო ქიქოძის ორსართულიან ხის სახლში. სასწავლებელს ეჭირა ხუთი ოთახი ამდენივე კლასისთვის პირველ სართულზე და ზემო სართულში მოთავსებული იყო არქივი. შენობას არ ქონდა კარები, ფანჯრები, ჭერი, ბუხრები იყო მხოლოდ პირველ სართულზე, მეორეზე კი ადიოდა კალმები.

სკოლა იქცა ქიქოძის კერძო დაწესებულებად, მოსწავლეები მუშაობდნენ მის ბაღსა ბოსტანში, უვლიდნენ შინაურ ცხოველებს. ეს გარემოება უკმაყოფილებას იწვევდა მოსწავლეებში. მისი ფინანსური საქმიანობით უკმაყოფილო იყვნენ ადგილობრივი მღვდლები და 1870-1876 წლებში სხვადასხვა ღონისძიებებს მიმართავდნენ მის წინააღმდეგ.

ქიქოძის ფინანსური საქმიანობით უკმაყოფილო 40-მა მღვდელმა 1870 წლის გაზაფხულზე გაბრიელ ეპისკოპოსს თხოვნით მიმართა: ჩვენ ორ მღვდელს ავირჩევთ სასწავლებლის მზრუნველად, ქიქოძეს ზონარგაყრილ ბეჭდიან წიგნს მივცემთ შემოსავალ-გასავლის ჩასაწერად და გასაკონტროლებლადო, ხოლო ყველა ხარჯზე ჩვენი ხელმოწერა აუცილებელი იყოსო. შემდგომში, 1876 წლის 22 ნოემბერს ქიქოძის უკმაყოფილო მღვდლები დაუკითხავად შეიჭრნენ შენობაში და მოითხოვეს ეკონომიკური ანგარიშის ჩაბარება. ცნობილია, რომ სკოლის წლიური ბიუჯეტი 5000 მანეთი იყო (1875 წ.).

სასწავლებელი 1874 წელს გადააკეთეს სამკლასიანად.

ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი (1876-1917)

რედაქტირება
 

1876 წელს სასწავლებელი გახდა ოთხკლასიანი და ეწოდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი. ეს სახელი დარჩა 1917 წლამდე. 1876 წელს თბილისის სასულიერო სემინარიისადმი გაგზავნილ წლიურ ანგარიშში ნ. ტატიშვილი წერდა, რომ ოზურგეთის სამრევლო სასწავლებელში სწავლა-აღზრდის საქმე ჩამორჩენილია, საჭიროა იქ დავნიშნოთ სემინარია დამთავრებული ხალხი, რომ ავამაღლოთ ოზურგეთის ჩამორჩენილი დონეო 1876 წლის სექტემბერში სკოლას შეემატა რამდენიმე შესაფერისი უნარის მქონე მასწავლებელი, მათ შორის იყო თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ახალგაზრდა მასწავლებელი ივანე ლიაძე, რომელიც სამეგრელოდან მიავლინეს ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში ინსპექტორად. მასთან ერთად სკოლაში მივიდა მასწავლებელი ანდრო ბენაშვილი.

ამ ცვლილებას მოსახლეობა სიხარულით შეხვდა. მათ იმედი ჰქონდათ, რომ უწესრიგობას და ჩამორჩენილობას ბოლო მოეღებოდა. ლიაძე სემინარიელი ახალგაზრდების იმ ჯგუფს მიეკუთვნებოდა, რომელიც გატაცებული იყო პროგრესული ლიტერატურით. ის აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ „დროებაში“. ახალგაზრდა ინსპექტორმა სცადა სასწავლებელში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამოსწორება. მან ამხილა დეკანოზ ქიქოძის თვითნებობა და მოსწავლეთა სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.

1877 წელს ზედამხედველმა მოითხოვა დაეცალა სკოლას სახლი. ქალაქის ყველა შენობა დაკავებული იყო რიონის რაზმების მიერ 1877-78 წლების ოსმალეთ-რუსეთის ომის გამო. გრიგოლ გურიელმა საკუთარი სახლი, ნახევარ ფასად მიჰყიდა მთავრობას სასულიერო სასწავლებლისთვის. სასწავლებელი ზედამხედველის სახლიდან გურიელის სახლში გადავიდა 1878 წლის შუაში. სასწავლებელი ხშირად იყო მაშინდელი პრესის კრიტიკის საგანი.

დეკანოზი ქიქოძე კი ეპისკოპოსთან ჩიოდა, რომ მღვდლები უკანონოდ მოქმედებენო და საკუთარი გაიტანა კიდეც. მან ასევე შეძლო მოსწავლეთა მფარველი მასწავლებლის თავიდან მოცილება. 1878 წლის თებერვალში სასწავლებლის გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება ლიაძის გაძევების შესახებ. ლიაძის მოხსნამ მოსწავლეთა უკმაყოფილება გამოიწვია, ისინი გაიფიცნენ და ერთ დღეს სკოლაში სრულიად არ გამოცხადდნენ; გაფიცვის მიზანი იყო საყვარელი მასწავლებლის უკანვე დაბრუნება და სწავლის პირობების გაუმჯობესება. ინფორმაცია მოსწავლეთა გაფიცვის შესახებ მთელ პრესას მოედო. გაფიცვების ორგანიზატორები ეგნატე ნინოშვილი და სილიბისტრო ჯიბლაძე სასწავლებლის ადმინისტრაციამ 1878 წლის სექტემბერში გარიცხა. ლიაძემ თავისი სიმართლე მაინც დაადასტურა, რევიზორმა, თბილისის სასულიერო სემინარიის მასწავლებელმა თედორე ფავორსკიმ აღწერა ის სიტუაცია, რაც სასწავლებელში იყო. ლიაძე დააბრუნეს, ქიქოძეს კი საყვედური გამოუცხადეს. იმავე წელს კიდევ ერთმა რევიზორმა გრიგორევსკიმ კიდევ უარესი დასკვნა დაწერა ქიქოძის საქმიანობათა შესახებ. მისი დასკვნის საფუძველზე მოხსნეს ქიქოძე. ორი წელი ზედამხედველის თანამდებობა ვაკანტური იყო. 1881 წლიდან კი დანიშნეს მიხეილ ილურიძე. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლებელს მიწის კარგი ნაკვეთი და შენობა ჰქონდა, 1884 წელს იგეგმებოდა შენობაზე სართულის დაშენება და ეზოში მოსწავლეთა საცხოვრებლის მშენებლობა. ამისთვის 1700 მანეთი იყო გამოყოფილი.[1] 1885-1890 წლებში ზედამხედველი იყო შიო შიუკოვი. 1890-1896 წლებში — ნიკოლოზ ტატიევი

1896 წლის 1 იანვრისთვის სასწავლებელში 208 მოსწავლე ირიცხებოდა. მის შენახვაზე გურიის სამღვდელოება წელიწადში 11 120 მანეთს ხარჯავდა. 1896-1899 წლებში ზედამხედველი იყო არსენ თოხაძე, 1899-1906 წლებში — სოლომონ ანდღულაძე,1907-1910 წლებში — ტარას ჭიჭინაძე. 1910 წლისთვის სასწავლებელში გალობას ასწავლიდა ფილიმონ ქორიძე. 1910-1911 წლებში ზედამხედველი იყო ანდრეი ჩერნიკოვო, 1912 წელს — ლავროვი, 1915 წელს — ანტონ ბიკოვი.

1917 წლიდან დღემდე

რედაქტირება
 
N1 საჯარო სკოლის ძველი შენობა

1917-1922 წლებში სასწავლებელს ოზურგეთის გიმნაზია ეწოდებოდა. 1918 წელს მისი დირექტორი იყო ილია ფერაძე. იყო ავტორი წიგნისა „საქართველოს ისტორია“. 1918 წლის 18 დეკემბერს ოზურგეთის გიმნაზიის გამგე განათლების მინისტრს დეპეშით ატყობინებდა მასწავლებელთა გაჭირვების შესახებ, მასწავლებლებს 4 თვის ხელფასი ჰქონდათ მიუღებელი. 1922 წლიდან მას ეწოდა N1 შვიდწლიანი სკოლა და 1928 წელს შეიერთა საქალაქო სასწავლებლის მოსწავლეების ნაწილი. 1930 წელს მიენიჭა ეგნატე ნინოშვილის სახელი. 1922-1936 წლებში სასწავლებელს სახელწოდება მრავალჯერ შეეცვალა. 1936-1954 წლებში ის იყო მახარაძის ვაჟთა საშუალო სკოლა. 1954 წლიდან N1 სკოლა ეწოდება.

ცნობილი მოსწავლეები

რედაქტირება

ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის ცნობილი მოსწავლეები იყვნენ:

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჩხარტიშვილი ც. „პირველი სასულიერო სამრევლო სასწავლებელი გურიაში“ „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ N1(12), გვ. 506-513 —თბილისი, „უნივერსალი“, 2013, ISSN 1512-3154
  • ხოხლენკო გ. „ქალაქ მახარაძის პირველი საშუალო სკოლა (110 წლისთავი)“ —თბილისი, 1962
  • ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი // „ივერია“ : გაზეთი, 12 იანვარი, 1878, № 2, გვ. 1-3.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება