გურიის აჯანყება
გურიის აჯანყება | |||
---|---|---|---|
თარიღი | 22 მაისი - 13 სექტემბერი, 1841 | ||
მდებარეობა | ოზურგეთის მაზრა, | ||
Casus belli | განის რეფორმები | ||
შედეგი | აჯანყების დამარცხება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
გურიის აჯანყება — 1841 წელს გურიის გლეხთა შეიარაღებული გამოსვლა რუსეთის იმპერიის მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც მოჯანყეთა მარცხით დასრულდა. აჯანყების მიზეზები იყო გურიის სამთავროს გაუქმების და გურიის ანექსიის შემდეგ რუსული სამოქალაქო მმართველობის ჩამოყალიბება და ფულადი გადასახადების დაწესება. აჯანყება დაიწყო ფულადი გადასახადების წინააღმდეგ, მაგრამ მიიღო ბატონყმობისა და თვითმპყრობელობის საწინააღმდეგო და ანტირუსული შინაარსი. აჯანყების შემდგომ ხანებში აჯანყებულები ითხოვდნენ გურიის დაცლას რუსებისაგან.[2] აჯანყების მამოძრავებელი ძალა იყო გლეხობა, აღმასვლობის ეტაპზე მას შეუერთდა თავადაზნაურობის დიდი ნაწილი და აჯანყების ბოლომდე თავადაზნაურობა დარჩა აჯანყების ძირითად ხელმძღვანელ ძალად, მიუხედავად იმისა, რომ აჯანყებას ბოლო ეტაპზე მას რამდენიმე თავადი და აზნაური ჩამოსცილდა და ზოგმა მის ჩახშობაშიც მიიღო მონაწილეობა.[3]
მიზეზები
რედაქტირებაXIX საუკუნის პირველ ნახევარში რუსეთის იმპერია მიზანმიმართულად მოქმედებდა გურიის სამთავროს გაუქმებისთვის. 1804 და 1810 წლებში გურიის სამთავროს რუსეთის მფარველობაში შესვლის შემდეგ რუსეთი ცდილობდა, დაემყარებინა მისი ადმინისტრაციის უშუალო მმართველობა. 1819-1820 წლებში რუსეთმა ჩაახშო აჯანყება გურიაში, რომელიც იმერეთის აჯანყების სახელითაა ცნობილი. 1826-1829 წლებში კი ბრძოლა დაუწყო გურიის უკანასკნელ მთავარ სოფიოს სამთავროს გაუქმებისთვის. 1829 წელს გაუქმდა გურიის სამთავრო, 1840 წელს კი ის ჩამოყალიბდა გურიის მაზრად და იქცა რუსეთის იმპერიის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულად.
იმპერიის მიერ გატარებული განის რეფორმების შედეგად ადგილობრივი კანონმდებლობა შეიცვალა რუსულით, დაინიშნენ რუსი სამხედრო და სამოქალაქო მოხელეები, საქმისწარმოების ენად დადგინდა რუსული ენა.[4] როგორც ადგილობრივი თავად-აზნაურობისთვის, ასევე გლეხობისთვის მტკივნეული აღმოჩნდა რუსული მმართველობის დამყარების პროცესი, მოხელეების ბიუროკრატიზმი, ძალმომრეობა და თვითნებობა, კორუფციის ზრდა,[5]
განსაკუთრებით მიუღებელი გლეხობისთვის იყო რეფორმების ფინანსური მხარე, რომლის მიხედვით გადასახადები ფულადი სახით უნდა აკრეფილიყო. 1841 წლამდე გურიაში ფულად გადასახადს იხდიდა 4812 ადამიანი, ხოლო სხვა გლეხებს ედვათ ნატურალური ბეგარა. რეფორმის მიხედვით სახაზინო გლეხს უნდა გადაეხადა სულადობრივი გადასახადი 1 მანეთი და დამატებით კომლზე 35 კაპიკი,, ხოლო საბატონო და საეკლესიო გლეხებს — 50 კაპიკი სულადობრივი და დამატებით 9 კაპიკი კომლზე. მანეთი ვერცხლით.[6] ხალხში შედარებით მეტად გავრცელებული იყო ოსმალური ვერცხლის ფული მაგრამ მეფის რუსეთის მთავრობა გადასახადების რუსულ ფულზე გადახდას ითხოვდა.[7] ნატურალური გადასახადის ფულადით ჩანაცვლება შეუსაბამო აღმოჩნდა გურიის ადგილობრივი ეკონომიკური სიტუაციისთვის.
„რუსმა, კილავ, უპრაგონოთ შეგვაწერა კომლზე ხუთი შაური. რომ გადაგვეხადა, კილავ, მეტს შეგვაწერდა, პაწეით შეგვაჩოვდა და მერე დაგვჯორგავდა. აგი ქე მიუხვდით და ვიპუნტეთ“
| |
(გოგია ვადაჭკორია[8])
|
აჯანყების მიმდინარეობა
რედაქტირებაპირველი ტალღა
რედაქტირებააჯანყება სტიქიურად დაიწყო. მას არავითარი მომზადება არ უძღოდა წინ. გადასახადების აკრეფა ხელისუფლებამ პირველად ლანჩხუთში სცადა, თუმცა არ გამოუვიდა. ამის შემდეგ 22 მაისს უბნის ბოქაული ბარათაშვილი აკეთში გაემგზავრა და იქ სცადა, აეკრიფა გადასახადები. მოსახლეობამ ითხოვა დრო, თუმცა უშედეგოდ. მოხელეებმა დაიწყეს სახლებიდან ნივთების წაღება ზოგიერთ შემთხვევაში პატრონების დაუკითხავადაც. 24 მაისს აკეთის გლეხებმა გაიგეს, რომ ლანჩხუთელ გლეხებს გადასახადი არ გადაუხდიათ, ამიტომ ჭანჭათელი გლეხების ჯგუფი ენუქა, გოგია და ათანასე ვადაჭკორიები, დათა მეგრელიძე და მარტინ ლანჩაბაძე თავს დაესხნენ გადასახადების ამკრეფ და გოგოსი დოროძეს, სცემეს მას და წაართვეს აკრეფილი ფული 11 მანეთი.[9] ბარათაშვილმა შეკრიბა მცირე ჯგუფი, რამდენიმე თავადი შალიკაშვილების გვარიდან, რამდენიმე აზნაური და გაემართა გლეხების დასასჯელად. გლეხები სოფლიდან გაიქცნენ. მოხელეებმა დაიწყეს მათი სახლებიდან ნივთებისა და საქონლის წაღება. ვადაჭკორიებმა შეკრიბეს 50-მდე გლეხი. ხმლებითა და თოფებით შეიარაღებული გლეხები თავს დაესხნენ გადასახადების ამკრეფ მოხელეებს და წაართვეს აკრეფილი ფული. გლეხებმა ბარათაშვილს ლანჩხუთამდე მისდიეს და ქვებით სახლის კარ-ფანჯარა დაულეწეს. შეტაკების დროს თავში ხანჯლით დაჭრეს აზნაური ალექსანდრე ჯაყელი და ხელში დაიჭრა გლეხი გაბრიელ ჩხაიძე.[10]
28 მაისს 300-მდე ლანჩხუთელი და აკეთელი გლეხი სახლში მიადგა ბარათაშვილს და მოსთხოვა მაზრის ხელმძღვანელობასთან შუამავლობა, რათა მაზრის უფროსს აღარ მოეთხოვა გადასახადების აკრეფა, არც აჯანყებულთაგან დაესაჯა ვინმე და გადაეყენებინა სოფელ აკეთის ნაცვალი. ბარათაშვილის შუამავლობამ არ გაჭრა.[11] ოზურგეთის მაზრის უფროსმა ნიკოლა იაცენკომ გამოითხოვა რაზმი სასაზღვრო ბატალიონიდან. პორუჩიკ სტეპანოვის მეთაურობით რაზმში შედიოდა 8 უნტეროფიცერი და 100 ჯარისკაცი. იაცენკომ მოიარა აკეთი და ზომლეთი. ამ სოფლებში გარეგნული სიმშვიდე იყო, ტყეში რჩებოდა რჩებოდა მხოლოდ 7-8 გლეხი. მათი გავლენით 30 მაისს გადასახადების გადახდაზე უარი თქვეს ვანის გლეხებმა. იაცენკო ჯარითურთ სოფლის ახლოს დაბანაკდა და გეხები გადასახადების გადახდაზე დაითანხმა. ტყეში რჩებოდა მხოლოდ რამდენიმე მოთავე. ამის შემდეგ იაცენკომ გლეხები დაშოშმინებულად ჩათვალა და 31 მაისს დაბრუნდა ოზურგეთში.[12]
იაცენკოს მიერ სიტუაციის არასწორი შეფასების გამო აჯანყების შესახებ მცდარი წარმოდგენა ჰქონდათ საქართველო-იმერეთის გუბერნიაში. ამ დროს აკეთში დარჩენილმა 8 მეამბოხემ ახალი ძალები შემოიკრიბა. კარგად შეიარაღებული 200-მდე გლეხი დაიძრა ოზურგეთისკენ. მას უერთდებოდნენ სხვა სოფლებიდანაც, გლეხებმა ოზურგეთთან შეცვალეს გეზი და შევიდნენ შემოქმედში.[13] აქ მათ მოითხოვეს იაცენკოსთან მოლაპარაკებები. იაცენკომ გლეხებთან შეხვედრაზე უარი თქვა და მათთან ოთხი მოხელე გაგზავნა, მაგრამ გლეხებმა არ მიიღეს იაცენკოს გაგზავნილი მოხელეები. გლეხების გეგმა იყო, შემოევლოთ სოფლები, გაეზარდათ მოლაშქრეთა რაოდენობა, დაბანაკებულიყვნენ ოსმალეთის იმპერიის საზღვართან, ჩოლოქის მარჯვენა მხარეს და იქიდან გაეგზავნათ მოთხოვნები ადმინისტრაციისადმი. თუ რუსეთის ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებდა, ისინი შეუტევდნენ ოზურგეთს. ჩოლოქთან დაბანაკება გლეხებისთვის მომგებიანი იყო, რადგან მათ დაცული ექნებოდათ ზურგი, მიიღებდნენ დახმარებას ოსმალეთიდან და დამარცხების შემთხვევაში გაიქცეოდნენ ოსმალეთში. გლეხები 4 ივნისს ჩავიდნენ ლიხაურში, ოსმალეთის იმპერიის მოსაზღვრე სოფელში. ლიხაურში აჯანყებულებს შეუერთდა გლეხების, ოთარ თოიძის და გოგიჩა გორდელაძის, აზნაურების გიტო გოგორიკიძის და სიმონიკა გოგოლიშვილის და თავად მიხეილ მაქსიმელიშვილის რაზმები. ამ დროიდან აჯანყებაში უკვე არა მხოლოდ გლეხები, არამედ გურიის თავადაზნაურობაც ჩაება.[14]
მაზრის უფროსი იაცენკო დახმარებას სთხოვდა სახაზო ბატალიონით მეთაურს, პოდპოლკოვნიკ შეპლევს, რათა ამ უკანასკნელს გაემაგრებინა ნაგომრის საგუშაგოზე მდგარი კაზაკთა რაზმი. ამავე დროს ადგილზე არ იმყოფებოდა დასავლეთ საქართველოს სამხედრო ნაწილის უფროსი პოლკოვნიკი ალექსეი ბრუსილოვი. მას ცვლიდა პოდპოლკოვნიკი ჩერნიკოვი. ჩერნიკოვმა 3 ივნისს უბრძანა პორუჩიკ კოვალევსკის, 140 ჯარისკაცითა და 2 ზარბაზნით რედუტ-კალედან ოზურგეთში გადასულიყო. თავად ჩერნიკოვი ქუთაისიდან გურიისკენ დაიძრა მე-2 სახაზო ბატალიონის 167 ჯარისკაცით და 50 კაზაკით და რიონის მარჯვენა ნაპირზე დაბანაკდა. მან ქუთაისიდან დამატებით გამოიძახა 100 ქვეითი და ორი ზარბაზანი.
საზღვართან აჯანყებულებს ეგულებოდათ ჰასან-ბეგ თავდგირიძე, როგორც მათი მოკავშირე. თავდგირიძე ამარაგებდა აჯანყებულებს ტყვია-წამლით. მას ამაში ეხმარებოდა ინგლისის ვიცე-კონსული ფრედერიკ გარაჩინო, რომლის მხარდაჭერითად თავდგირიძე ტრაპიზონში ყიდულობდა და გურიაში გლეხებს აწოდებდა ტყვია-წამალს. არსებული გეგმის მიხედვით თავდგირიძე თავს უნდა დასხმოდა შეკვეთილის წმ. ნკოლოზის ციხე-სიმაგრეს სამხრეთიდან და შესულიყო გურიაში აჯანყებულების დასახმარებლად, მაგრამ პოლკოვნიკ ბრუსილოვისა და მაზრის უფროს იაცენკოს მოთხოვნით მან შეაჩერა მოქმედება და გაეთიშა აჯანყებულებს. ბრუსილოვი თავდგირიძეს სთხოვდა, გასულიყო გურიიდან და მაშინ რუსეთის ხელისუფლება ადვილად მოერეოდა აჯანყებულებს. ბრუსილოვმა ერზერუმის სერასქირსა და ტრაპიზონის ფაშასაც მიმართა კეთილმეზობლური ურთიერთობების ნეიტრალიტეტის დაცვის მოთხოვნით. თავდგირიძე იძულებული გახდა, ჩამოსცილებოდა აჯანყებას და უკან გამოეხმო სოფელ ქაქუთის მკვიდრთა ასეული.
ამის შემდეგ ამბოხებული გლეხების რაზმმა ოზურგეთს შეუტია, ჩახერგა ქალაქის შესასვლელი გზები, გადაწვა საბაჟო კარანტინის შენობა. ქალაქში მდგარმა მცირერიცხოვანმა გარნიზონმა ბრძოლა ვერ გაბედა. ბრძოლას აჯანყებულებიც მოერიდნენ და დაიძრნენ გურიანთისკენ.[15] გურიანთაში მცხოვრები თავადი, მაიორი გიორგი ნაკაშიძე რუსეთის ხელისუფლების ერთგული იყო. მას იაცენკომ დასახმარებლად გაუგზავნა თავადაზნაურობის რაზმი პოდპოლკოვნიკ მაჭუტაძის ხელმძღვანელობით. ნაკაშიძემ მდინარე სკურდუმზე ხიდი ააღებინა,მაგრამ გლეხების რაზმები ყოველდღე ცდილობდნენ მის გადალახვას. ატყდა სროლა, რომლის დროს დაიღუპნენ სახაზინო გლეხები როსტომ მჟავანაძე და გოგია მენაბდე. ამან აჯანყებულებში არევ-დარევა გამოწვია, მათმა ბირთვმა ტყეს შეაფარა თავი, ხოლო ნაწილი სახლებში დაბრუნდა.[16]
8 ივნისს აჯანყება მოედო ჩოხატაურის ირგვლივ მდებარე სოფლებს. კაპიტან ღოღობერიძის ერთი ასეული ადგილობრივი მილიციის რაზმითურთ თავს დაესხა 600-მდე გლეხს როსტომ და გიორგი მაშაქაშვილების ხელმძღვანელობით, მაგრამ ვერ დაშალა და უკან დაბრუნდა ჩოხატაურში.
ხელისუფლებამ აჯანყების ჩახშობა დაავალა ახალციხის სამხედრო ოლქის უფროსს, მოსე არღუთინსკი-დოლგორუკოვს. ის ექვემდებარებოდა პირდაპირ საქართველო-იმერეთის სამოქალაქო გუბერნატორს გენერალ-მაიორი სემიონ კახანოვს. კახანოვი და არღუთინსკი გურიაში ჩავიდნენ 12 და 13 ივნისს. ამ დროს გურიაში დაბრუნდა გურია-იმერეთის ჯარების უფროსი ალექსეი ბრუსილოვი, ამიტომ უკან, ახალციხეში, დააბრუნეს მოსე არღუთინსკი-დოლგორუკოვი. კახანოვმა ოზურგეთის მაზრის უფროსს დაავალა, რომ საჭიროების შემთხვევაში გადასახადები თურქული ფულითაც მიეღოთ.[17]
16 ივნისს კახანოვმა გურია დატოვა. 17 ივნისს ასკანელმა გლეხება უარი განაცხადეს გადასახადების გადახდაზე. 18 ივნისს მღელვარება გავრცელდა საერისთავოში, 20 ივნისს შემოქმედში, 21 ივნისს ჯვარცხმაში. აჯანყებულების რაოდენობა 1500-მდე გაიზარდა. 24 ივნისს კახანოვმა ისევ მოიარა სოფლები და დაამშვიდა მოსახლეობა.[18] ივნისის ბოლოსთვის მღელვარება შედარებით ჩაცხრა. 4 ივლისს გადასახადების გადახდაზე უარი განაცხადეს თხინვალის გლეხებმა, მაგრამ აჯანყება აღარ გაფართოებულა, გლეხობა მიყუჩდა და ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ აჯანყება აღარ გრძელდებოდა.[19]
მეორე ტალღა
რედაქტირებააჯანყების ნიშნებმა თავი იჩინა ივლისის ბოლოს. 26 ივლისს ხვარბეთში 100 შეიარაღებული გლეხი შეიკრიბა. ხვარბეთს მიჰყვა გურიანთა, ლიხაური და სხვა სოფლები.[20] ხელისუფლებისთვის მოულოდნელად, 2 აგვისტოს თავდასხმა მოხდა ნაგომარში მდებარე საგუშაგოზე. 30-მდე გლეხი თავს დაესხა პირველი სახაზო ბატალიონის სამ ჯარისკაცს. ამ თავდასხმამ კახანოვი დაარწმუნა, რომ აჯანყება ნებისმიერ დროს შეიძლება განახლებულიყო, მანამ, სანამ გლეხები ტყეებს აფარებდნენ თავს. მას მიაჩნდა, რომ გურიაში დამატებითი ძალების მობილიზება იყო საჭირო. ბრუსილოვს, მის საწინააღმდეგოდ, მიაჩნდა, რომ არსებული რესურსიც საკმარისი იქნებოდა აჯანყებულების წინააღმდეგ.
ახალციხიდან გურიაში დამატებით გაიგზავნა მესამე სახაზო ბატალიონის 1 ასეული. ეს ძალები საკმარისი მართლაც არ აღმოჩნდა, რომ გლეხების უკმაყოფილება არ დამცხრალა. ივლისის ბოლოს გურიანთელმა გლეხება უარი თქვეს გადასახადების გადახდაზე. გურიანთელებს შეუერთდნენ ლიხაურელი გლეხები. ორივე სოფლის გლეხობა სოფელ-სოფელ დადიოდა და სხვებსაც აჯანყებისკენ მოუწოდებდა. ოზურგეთის მაზრის უფროსი იაცენკო ჩავიდა გურიანთაში და შეხვდა გლეხთა მოძრაობის სამ ლიდერს. იაცენკო დებდა პირობას, რომ გადასახადი აღარ გაიზრდებოდა და რომ გურიის მოსახლეობას აღარ შეეხებოდა რუსეთის ჯარში გაწვევა. ამასთან ის უხსნიდა გლეხებს, რომ მათი მოქმედება დანაშაული იყო. 3 აგვისტოს გლეხების წარმომადგენლები მივიდნენ მაზრის უფროსთან და გადასცეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე უხუცესი გლეხი თანახმა იყო რაზმების დაშლაზე, გლეხების უმრავლესობა ამას არ აპირებდა. 5 აგვისტოს კახანოვმა უბრძანა ბრუსილოვს, ნაგომრის საგუშაგოს გარნიზონი გადაეყვანა ოზურგეთში და გაემაგრებინა ქალაქი. ამ დროისთვის გურიაში ხელისუფლების სამხედრო რესურსი შედგებოდა 700 ჯარისკაცისგან, რომელთაგან 444 ქალაქ ოზურგეთში იდგა, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა საგუშაგოებზე იყო გადანაწილებული.
აჯანყებამ თანდათან საყოველთაო ხასიათი მიიღო და ზენიტში შევიდა. მას შეუერთდნენ ჩოჩხათის გლეხები. მათ გადასახადები უკვე გადახდილი ჰქონდათ, მაგრამ აჯანყებას მაინც შეუერთდნენ. აგვისტოში აჯანყებული გლეხების რაოდენობამ 7200-ს მიაღწია. აგვისტოში აჯანყებაში ჩაერთო მართვის სადავეებს მოკლებული და რუსული მმართველობით უკმაყოფილო გურიის ფეოდალები და აჯანყების პოლიტიკური ხელმძღვანელობა მათ აიღეს თავის თავზე. 8 აგვისტოს გურიაში პირადად ჩავიდა ალექსეი ბრუსილოვი. ბრუსილოვის განკარგულებაში იყო 1200-მდე ჯარისკაცი, 2 ზარბაზანი, ასევე გურიის და იმერეთის მილიცია.[21]
იმავე დღეს აჯანყებულები გადავიდნენ აქტიურ სამხედრო ქმედებებზე. თავად ამბაკო შალიკაშვილის მეთაურობით აჯანყებულების ნაწილი გაემართა გურია-იმერეთის საზღვარზე, იმერეთიდან მომავალი რუსის ჯარის შესაკავებლად, ხოლო მეორე ნაწილი გაემართა შეკვეთილისკენ. ბრუსილოვმა პირველი სახაზო ბატალიონის ჯარისკაცები გაგზავნა შეკვეთილის დასაცავად, ხოლო მეორე სახაზო ბატალიონის ერთი ასეული პორუჩიკ ჭილაძის მეთაურობით გაგზავნა ლიხაურში გლეხებთან მოსალაპარაკებლად. ლიხაურში შეკრებილმა 100-მდე გლეხმა ჭილაძეს დაშლაზე უარი უთხრა.
გოგორეთის ბრძოლა
რედაქტირებაბრუსილოვი შიშობდა, რომ აჯანყებულები დაამყარებდნენ კონტროლს ოზურგეთი-შეკვეთილის გზაზე. ამის თავიდან აცილებისთვის ის 9 აგვისტოს, დილის 5 საათზე 200 ქვეითითა და 2 ზარბაზნით ოზურგეთიდან დასავლეთით დაიძრა. მან გზად შეიტყო, რომ სოფელ გოგორეთის ეკლესიასთან იმყოფებოდა 300-მდე აჯანყებული გლეხი, ხოლო მთლიანად სოფელში აჯანყებულების რაოდენობა 500-ს შეადგენდა. გოგორეთში თავს იყრიდნენ გლეხები და აზნაურები სხვადასხვა სოფლებიდან, რათა თავს დასხმოდნენ შეკვეთილის სიმაგრეს. ბრუსილოვმა ჯარი გოგორეთიდან 2 ვერსზე გააჩერა და წინ გაგზავნა კაპიტანი გაბაშვილი 100 ჯარისკაცით. აჯანყებულებმა გაბაშვილის რაზმს ცეცხლი გაუხსნეს. ამას ბრუსილოვმა არტილერიის ცეცხლით უპასუხა. ორმხრივი ცეცხლი 4 საათს, დილის 10 საათიდან შუადღის 2 საათამდე გაგრძელდა. ბრუსილოვს ტყვია-წამლის მარაგი ამოეწურა, თანაც ოზურგეთში მას მცირე გარნიზონი ჰყავდა დატოვებული, ამიტომ უკან დახევა დაიწყო.[22]
აჯანყებულებმა გლეხ აბესა ბოლქვაძის მეთაურობით 12 ვერსზე სდიეს რუსეთის ჯარს. ბრძოლაში რუსეთის ჯარის მხარეს დაიღუპა 6 და დაიჭრა 16 ადამიანი, ხოლო აჯანყებულებს რუსების მიერ არტილერიის გამოყენების გამო მიადგათ მეტი ზიანი, დაეღუპათ 15 და დაეჭრათ 40 ადამიანი, მათ შორის დაიჭრა აბესა ბოლქვაძე.[23]
რუსეთის რეგულარული ჯარის დამარცხებამ ახალი საბრძოლო შემართება მისცა აჯანყებულებს. ისინი იმავე დღეს საღამოს 8 საათზე 200 აჯანყებული ვაშნართან თავს დაესხა რუსეთის ჯარის აღალს, მოკლეს 4 და ტყვედ აიყვანეს 2 ჯარისკაცი. აჯანყებულებმა ხელთ იგდეს ტრანსპორტი სურსათ-სანოვაგითურთ, 5 თოფი და ვაზნები. აჯანყებულებს დაედევნა რუსეთის მომხრე თავადი გიორგი ნაკაშიძე, მოუკლა ორი კაცი, დაატყვევა ორი და წაართვა ნადავლის ნაწილი.
შეკვეთილის ბრძოლა
რედაქტირებააჯანყებულების შემდეგი სამიზნე შეკვეთილის წმინდა ნიკოლოზის ციხე-სიმაგრე იყო. 9 აგვისტოს აჯანყებულეთა კიდევ ერთი რაზმი 200 კაცის შემადგენლობით თავს დაესხა მდინარე ჩოლოქის მარჯვენა ნაპირზე არსებულ რუსულ საგუშაგოს. საგუშაგოს იცავდა ოთხი კაზაკი. გლეხებმა სამი მათგანი ტყვედ აიყვანეს და ხელში ჩაიგდეს საგუშაგოს მთელი ქონება. მალე მათ ტყვედ აიყვანეს კიდევ 9 კაზაკი და ორი სტრაჟნიკი, დაარბიეს ჩოლოქის საბაჟო და კარანტინი.
აზნაური გოგია ქარცივაძე თავს დაესხა რუსულ საგუშაგოს ნატანებში და გადაწვა მდინარეზე არსებული გადასასვლელი, რითაც გადაკეტა შეკვეთილის სიმაგრესთან დამაკავშირებელი გზა.[24] შეკვეთილის სიმაგრე, რომელსაც სულ 14 ჯარისკაცი იცავდა, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ბრუსილოვის განკარგულებაში ოზურგეთში იყო მხოლოდ 300 ჯარისკაცი, 20 კაზაკი და 2 ზარბაზანი. ეს ძალა შეკვეთილის დასაცავად საკმარისი არ იყო. მან დასახმარებლად და შეკვეთილის დასაცავად უხმო რედუტ-კალეს პირველი სახაზო ათასეულის მეთაურ პორუჩიკ კომილევსკის და ოდიშის მთავარ დავით დადიანს, ხოლო შეკვეთილის ციხის კაპიტანმა შედრინმა დახმარება სთხოვა მეორე ქართული სახაზო ათასეულის უფროსს, მაიორ კრინიცკის.
10 აგვისტოს 2000 აჯანყებული დაიძრა შეკვეთილისკენ. რაზმი ორად გაიყო, ერთი ნაწილი ციხეს უტევდა, მეორე კი მდინარე ნატანების ხიდთან განლაგდა, რათა შეეჩერებინათ შეკვეთილის ციხის დამხმარე რუსული რაზმები. ერთ-ერთ რაზმს აბესა ბოლქვაძე ხელმძღვანელობდა. 10 აგვისტოს 900-მა აჯანყებულმა აიღო წმინდა ნიკოლოზის სიმაგრე. ისინი დაეუფლენენ სიმაგრეში დაცულ თოფ-იარაღს და სურსათს. 100 გლეხი სიმაგრეში დარჩა, დანარჩენები კი ნატანების საგუშაგოზე გამაგრდნენ. შჩედრინი 14 ჯარისკაცთან ერთად ნავებით გაუშვეს რედუტ-კალეში.
შეკვეთილისთვის ბრძლა ამით არ დასრულებულა, მოგვიანებით, 2 სექტემბერს ციხე-სიმაგრის ზღვიდან აღება სცადა შავი ზღვის სანაპირო ხაზის უფროსმა გენერალმა ანრეპმა. მან შეკვეთილში ზღვიდან სცადა დესანტის გადასხმა, მაგრამ ვერ მოახერხა, აჯანყებულებმა საგუშაგოს ირგვლივ ყველაფერი გადაწვეს.
გურიანთის და ლიხაურის აღება
რედაქტირება11 აგვისტოს აჯანყებულებმა ალყა შემოარტყეს გურიანთაში თავად ნაკაშიძეების მამულს, რომელიც გურიაში ერთ-ერთ სერიოზულ სიმაგრედ ითვლებოდა და სადაც იდგა ჯარისკაცთა ერთი როტა პორუჩიკ თავად მიქელაძის უფროსობით. გარნიზონი სრულიად მოკლებული იყო სურსათს. წყალიც კი არ ჰქონდათ და იძულებულნი იყვნენ სროლის ქვეშ მოეტანათ იგი.დახმარებას მოკლებულმა მიქელაძემ 13 აგვისტოს ღამით მოახერხა გურიანთიდან გაპარვა თავად ნაკაშიძეებითურთ აჯანყებულებისაგან თავისუფალი პატარა ბილიკით იგი ჩავიდა თავისი როტით ოხურგეთში. გურიანთა მთლად აჯანყებულთა ხელში იყო.
13 აგვისტოს დაეცა ლიხაურის პოსტიც. რაზმმა, რომელიც ერთი უნტერ-ოფიცრის და 8 ჯარისკაცისაგან შესდგებოდა, მოახერხა ღამით გაპარვა ოზურგეთს. მათი გზის მაჩვენებელი იყო ლიხაურის მოურავის ქაიხოსრო თაყაიშვილის დედა. ამ საქმისთვის ბრუსილოვმა მას 10 მ. ვერცხლი აჩუქა.[25]
მოურავ დიმიტრი ერისთავის წინააღმდეგობის გამო გლეხებმა ვერ აიღეს ასკანა, მაგრამ სანაცვლოდ დაარბიეს ვაკიჯვრის საგუშაგო.[26]
გრიგოლეთის ბრძოლა
რედაქტირებაშეკვეთილის შემდეგ გლეხებმა დაიკავეს მდინარე მალთაყვასა და სუფსაზე არსებული გადასასვლელები. შეკვეთილიდან სუფსამდე დააყენეს ძლიერი მოდარაჯე რაზმენი და დაიკავეს სამეგრელოდან გურიისკენ მიმავალი გზა. 11 აგვისტოს 23 გლეხი ფოთთან თავს დაესხა რუსეთის ჯარის კუთვნილ საქონელს, გარეკა ხარები და შეიპყრო მწყემსი.
13 აგვისტოს ისინი კიდევ უფრო ახლოს მივიდნენ ციხესთან და გაძარცვეს ნავები. აჯანყებულები აპირებდნენ ფოთსა და რედუტ-კალეზე შეტევას. ძლიერი წვიმების გამო შეტევის დაწყება ვერ მოხერხდა. საქართველო-იმერეთის სამოქალაქო მმართველობის უფროსი გენერალ-მაიორი სკალონი სასწრაფო მოქმედებას სთხოვდა რედუტ-კალეს რაზმსა და დავით დადიანს.
13 აგვისტოსთვის ბრუსილოვს ოზურგეთში ჰყავდა 500 ჯარისკაცი, 100 მილიციელი, 20 კაზაკი და 2 ზარბაზანი. ის დამატებით ელოდებოდა 325 ჯარისკაცს და 2 ზარბაზანს. გლეხები სრულად აკონტროლებდნენ ოზურგეთიდან შეკვეთილისა და ფოთისკენ მიმავალ გზებს. რუსეთის ხელისუფლება ჯერ კიდევ აკონტროლებდა ქუთაისი-ოზურგეთის გზას. 14 აგვისტოს ეს გზაც აჯანყებულებმა დაიკავეს.
15 აგვისტოს 5 საათისთვის აჯანყებულებმა ოზურგეთი იზოლაციაში მოაქციეს. მათ უკვე მთლიანად ეკავათ ყველა მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი, სამხრეთ-დასავლეთი გურია, გურია-იმერეთისა და გურია-ფოთის საზღვრები, ოზურგეთ-ქუთაისის გზა და სხვა. ადმინისტრაციული ცენტრი - ოზურგეთი — ერთადერთი იყო, რაც მთავრობის ხელში რჩებოდა და ისიც აჯანყებულთა მიერ იყო ალყაშემორტყმული. ისინი 11 და 15 აგვისტოს აპირებდნენ ოზურგეთზე შეტევას, მაგრამ კოკისპირულმა წვიმამ შეუშალათ ხელი ოზურგეთს იცავდნენ პოლკოვნიკი ბრუსილოვი, მაზრის უფროსი იაცენკო, საფოსტო ოლქის უფროსი, გენერალი კახანოვი. 13 აგვისტოს გურულ აჯანყებულთა წინააღმდეგ მოქმედ ყეელა შეიარაღებულ ძალთა უფროსად ხელმეორედ დანიშნეს მოსე არღუთინსკი- დოლგორუკოვი. მას დაექვემდებარა ქუთაისის, ახალციხის და გურიის მაზრები. არღუთინსკი 15 აგვისტოს ახალციხის მაზრიდან გურიის საზღვართან დაბანაკდა, სადაც დაიწყო სამხედრო ძალების მოგროვება.[27]
18 აგვისტოს გურიისაკენ დაიძრა სამეგრელოსა და იმერეთის მილიცია 1000 კაცით დავით დადიანის მეთაურობით. დადიანმა აიღო მალთაყვა და გრიგოლეთი, მაგრამ ოზურგეთისკენ წინ ვერ წაიწია, რადგან მდინარეებზე ხიდები არ იყო და ყველა გადასასვლელს აჯანყებულები აკონტროლებდნენ.[28] ბრძოლაში აჯანყებულთა მხრიდან დაიღუპა ორი ადამიანი: სიმონ ჭყონია და ქაიხოსრო გუგუნავა. სამეგრელოს სახალხო ლაშქრიდან დაიღუპა ერთი და დაშავდა 37 ადამიანი, მოიკლა 19 ცხენი.
გადასასვლელებთან ბრძოლა 20-დან 23 აგვისტომდე, სამ დღეს გრძელდებოდა. სამეგრელოს გლეხებმა დაიწყეს მილიციის მიტოვება. 23 აგვისტოს დადიანი მიბრუნდა ფოთისკენ. აჯანყებულებმა მანევრი გააკეთეს და დედაბერას წყლის გაყოლებით მილიციას გზა შეუკრეს. რკალში მოქცეული მილიცია დამამცირებელ აქტს — გადაჯვარედინებული თოფიარაღის ქვეშ გავლას — დათანხმდა და ასე გაიხსნა გზა.[29] დადიანის მილიციამ თოფ-იარაღი აჯანყებულებს ჩააბარა. დადიანების კუთვნილი ერეკლე II-ის ხმალი ჯვარცხმელმა აზნაურმა ყარსუმ ბერიძემ ჩაიგდო ხელში. . კავკასიის კორპუსის გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი პავლე კოცებუ წერდა:
ჩოხატაურის ბრძოლა
რედაქტირება16 აგვისტოს აჯანყებულების წინააღმდეგ დაიძრა იმერეთის სახალხო ლაშქარი პოლკოვნის თავად წერეთლის მეთაურობით. წერეთელს ჰყავდა 300-დან 400 მილიციონერამდე. მან დიდი გაჭირვებით მიაღწია ჩოხატაურის პოსტს, 16 აგვისტოს იგი აქ შეუერთდა პორუჩიკ ლევინსკის რაზმს წერეთელმა და ლევინსკიმ არა თუ ვერ მოახერხეს აჯანყებულთა გაფანტვა და ოზურგეთის გზის განთავისუფლება, არამედ დიდი გაჭირვებით იგერიებდენ აჯანყებულთა თავდასხმას. პირველივე შეტაკებაში წერეთელს მოუკლეს 7 და დაუჭრეს 22 კაცი. 24-27 აგვისტოს გურულები უტევდნენ ჩოხატაურის საგუშაგოს.[30] საბოლოოდ პოლკოვნიკმა წერეთელმა იმერეთის მილიცია უკან დახია სურსათ-სანოვაგის ამოწურვის გამო და დაბინავდა ჩოხატაურის პოსტიდან 21 ვერსის მანძილზე სოფელ ეწერში. აჯანყებულებმა დაიკავეს ჩოხატაური.[31]
საჯავახოს მხარის სოფლების უმეტესობა გურული აჯანყებულების ხელში იყო და აჯანყება იმერეთში გავრცელდა სოფელ კოპატამდე.[32]
შეტევა ოზურგეთზე
რედაქტირებააგვისტოს ბოლოსთვის გურიის გლეხთა ძალები შეადგენდა 7200 ადამიანს, აქედან 4000 იდგა ფოთთან, მალთაყვაში, 2700 ჩოხატაურში, ხოლო 500 აკონტროლებდა გურია-იმერეთის გადასასვლელებს. ოსმალეთის საზღვარი კი მოშიშველებული იყო. ჰასან-ბეგ თავდგირიძე გადავიდა საზღვარზე და ძლიერი რაზმით ოზურგეთს ახლო დაბანაკდა. მართალია, რუსის ჯარის წინააღმდეგ ბრძოლაში მას უშუალო მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ აჯანყებულებს მუდამ ჰპირდებოდა ოზურგეთის წინააღმდეგ იერიშის დროს დახამრებას.[33] შეკვეთილსა და გრიგოლეთში გამარჯვებებისა და ზურგის უშიშროების განმტკიცების შემდეგ აჯანყებულებმა შეუტიეს ოზურგეთს, მაგრამ გარნიზონმა შეძლო მცირერიცხოვანი ძალების კონცენტრირება. ქალაქზე შეტევას ხელმძღვანელობდნენ შალიკაშვილი, აბესაძე, თოიძე და ბაქანიძე.
23 აგვისტოს აჯანყებულებმა დაიკავეს მაღლობები ოზურგეთის გარშემო, სადაც ერთი ზარბაზანი აიტანს და დაბომბეს ოზურგეთის ჰოსპიტალი. გარნიზონმა გახსნა საპასუხო ცეცხლი, რის შემდეგაც სროლა შეწყვიტეს გლეხებმაც. გარნიზონი აკონტროლებდა მხოლოდ ოზურგეთის ციხეს. ბრუსილოვის ბრძანებით ქალაქის შიდა ციხეში შეზიდეს განაპირა პუნქტებში არსებული სახაზინო ქონება. ქალაქის მცველებს შეუერთდნენ ლიხაურის საგუშაგოს მცველებიც. მილიციის საბრძოლო სულისკვეთება ძლიერ დაცემული იყო და მილიციონერები გარბოდნენ. ყველაზე ხალხმრავალი გაქცევა 27-28 აგვისტოს მოხდა, ამ დღეებში გაიქცა 20 მილიციონერი თავად დათა გუგუნავას მეთაურობით და შეუერთდა აჯანყებულებს.[34]
1 სექტემბერს აჯანყებულებმა წამოიწყეს ოზურგეთის ციხეზე შეტევა. შეტევას გუგუნავა და ლიხაურელი აზნაური სიმონ გოგორიშვილი ხელმძღვანელობდნენ. შეტევაში ჩაბმა დააგვიანა ლანჩხუთიდან მომავალმა დათა გურიელმა. 3000 აჯანყებული დღის 3 საათიდან კოლონებად უტევდა ციხეს, თუმცა გარნიზონი თავს იცავდა არტილერიით. შეტევა გაგრძელდა საღამომდე.[35] ქალაქის მილიციამ, მაიორ მაკუხინის არტილერიამ და თავად მიქელაძის ლაშქარმა დაიცვეს ქალაქი. აჯანყებულებმა ციხე ვერ აიღეს, დაკარგეს 200 კაცი და დაიხიეს უკან. შეტევის დროს მძიმედ დაიჭრა და მეორე დღეს გარდაიცვალა აჯანყების ერთ-ერთი მეთაური აბესა ბოლქვაძე. აჯანყებულთა რაზმს, რომელიც შეკვეთილის გზიდან უნდა მოსდგომოდა ციხეს, საქართველოს სახაზო ბატალიონმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ხელი შეუშალა მთავარ ძალებს შეერთებოდა.
წარუმატებლობამ ჩაკლა აჯანყებულთა სულისკვეთება და მიუხედავად იმისა, რომ მათ ქალაქის აღება მაინც შეეძლოთ შეტევის ნაცვლად თავდაცვით პოზიციებზე გადავიდნენ.[36] 2 სექტემბერს აჯანყებულებმა გაგზავნეს ბრუსილოვთან მოსალაპარაკებლად მღვდელ მაქსიმე ქიქოძეს; ისინი წინადადებას იძლეოდენ, რუსებს ნებაყოფლობით დაეტოვებინათ ციხე და გურიაო, ბრუსილოვს უკვე ჰქონდა ცნობა იმის შესახებ, რომ არღუთინსკის ნაგომარის ხიდს უახლოვდებოდა, ამიტომ მან კატეგორიულად უარი სთქვა აჯანყებულთა წინადადების შესრულებაზე. 2-3-4 სექტემბერს ციხეზე შეტევა არ განხორციელებულა.[37]
აჯანყების დამარცხება
რედაქტირებაარღუთინკის განკარგულებაში იყო გენერალ-მაიორი კოცებუ 2 064 რეგულარული ჯარისკაცით, რომელშიც შედიოდა:
- ერევნის კარაბინერთა პოლკის 400 ჯარისკაცი
- სამეგრელოს ეგერთა პოლკის 100 ჯარისკაცი
- ქართულ გრენადერთა პოლკის მეორე ბატალიონის 600 ჯარისკაცი
- ქართული სახაზო პოლკის მეორე ბატალიონის 215 ჯარისკაცი
- დონის მერვე პოლკის 100 კაზაკი
- მე-19 არტილერიის ბრიგადის ორი მსუბუქი და ოთხი სამთო ზარბაზანი
23 აგვისტოსთვის არღუთინსკის ცხენისწყლის საგუშაგოსთან რეალურად მობილიზებული ჰყავდა 1800 ქვეითი, 100 კაზაკი და 4 ზარბაზანი., გარდა ამისა, მას შეუერთდა სამეგრელოს მილიცია. არღუთინსკი გეგმავდა ოზურგეთის გათავისუფლებასა და ფოთის დაცვის უზრუნველყოფას. 23 აგვისტოს მან ფოთის დასაცავად გაგზავნა დონის კაზაკების ერთი რაზმი პოლკოვნიკ ბუიუროვის მეთაურობით. კაზაკებს თან ახლდნენ სამეგრელოსა და იმერეთის მილიციები 300 ქვეითით და ორი ცხენოსნით. მათი დავალება იყო ფოთისა და რედუტ-კალეს დაცვა და შეკვეთილისა და ფოთი-შეკვეთილის გზის გათავისუფლება აჯანყებულებისგან. ფოთში შესვლის შემდეგ ბუიუროვმა შეკვეთილზე შეტევის ბრძანება გასცა, მაგრამ სამეგრელოს მილიცია უარს ამბობდა რეგულარული არმიის გარეშე შეტევაზე, მათი ნაწილი ბუიუროვს არ დაემორჩილა და სახლებში გაიქცა. ბუიუროვი იძულებული გახდა შეტევა დაეწყო 40 ჯარისკაცითა და კაზაკების ერთი რაზმით. მან გაანადგურა აჯანყებულების საგუშაგო მდინარე მალთაყვაზე, რომელსაც 50 გლეხი იცავდა, შემდეგ ბრძოლით აიღო მდინარე სუფსაზე არსებული საგუშაგო. ამის შემდეგ გურულებმა რამდენიმე საგუშაგო უბრძოლველად დათმეს. 3 სექტემბერს ბუიუროვი შეკვეთილის სიმაგრეში შევიდა. აჯანყებულებმა ციხეში არსებული სურსათისა და იარაღის საწყობები გადაწვეს და ისე დატოვეს ციხე. შეკვეთილის შენარჩუნება ბეიუროვს არ შეეძლო, ამიტომ ისევ უკან დაიხია ფოთში.
30 აგვისტოს არღუთინსკი ცხენისწყლის საგუშაგოდან გურიისკენ დაიძრა ქართველ გრენადერთა პოლკის 2 ბატალიონით, 2 ქვემეხით და იმერეთის მილიციის 1500 კაციანი რაზმით. 31 აგვისტოს ის ჩოხატაურიდან 5 ვერსით დაშორებულ სოფელ ეწერში შეჩერდა. 2 სექტემბერს არღუთინსკიმ ჩოხატაური დაიკავა. აქ მას შეუერთდა ერევნის კარაბინერთა და სამეგრელოს ეგერთა პოლკების ორი ასეული და გურიის მილიციის 250 მებრძოლი.
იმავე დღეს არღუთინსკი ნაგომრისკენ დაიძრა. აჯანყებულებმა გადაწვეს ნაგომრის საგუშაგო და დაიხიეს 3 ვერსით უკან, გამაგრებულ ადგილზე ნასაკირალის უღელტეხილზე. მათ ასევე მოხსნენ ოზურგეთის ალყიდან თავისი საუკეთესო ძალები გუგუნავას მეთაურობით და გადაისროლეს ნასაკირალის უღელტეხილის გასაძლიერებლად. არღუთინსკიმ იმერეთის მილიციის მეთაურ პოლკოვნიკ წერეთელს დაავალა ერევნის პოლკის ორასი კარაბინერით, 300 მილიციელით და 2 ზარბაზნით შეექმნა ნასაკირალზე შეტევის შთაბეჭდილება, თავად კი ძირითადი ძალებით დაიწყო შემოვლითი მანევრის განხორციელება. არღუთინკიმ მოხერხებული მანევრით გვერდი აუარა ნასაკირალთან გამაგრებულ აჯანყებულებს. არღუთინსკი მთავარ ძალებთან ერთად 5 სექტემბერს დილის ხუთ საათზე გამოჩნდა ოზურგეთთან. ადგილობრივი ფეოდალები მთავრობის მხარეს გადაიხარნენ. ბრძოლაში აქტიურად მონაწილეობდა კაპიტანი თავადი გრიგოლ ორბელიანი, რომელიც არღუთინსკიმ შემდგომ დააწინაურა გამოჩენილი თავდადებისთვის. დაბნეულმა აჯანყებულებმა ბრძოლას ვერ გაუძლეს, 60 ადამიანი დაკარგეს და უკან დაიხიეს. არღუთინკიმ დაკარგა 3 ჯარისკაცი და დაეჭრა 12. ოზურგეთის ალყა მოხსნილი იყო, აჯანყებულების ხელში რჩებოდა ნასაკირალის სიმაღლე, თუმცა ოზურგეთთან დამარცხების გამო ბევრმა აჯანყებულმა მიატოვა ნასაკირალიც.[38]
6 სექტემბერს არღუთინკიმ ნასაკირალის გადასასავლელიც დაიკავა, ოზურგეთი-ქუთაისის გზაზე რამდენიმე საგუშაგო მოაწყო და 100 ჯარისკაცით გააძლიერა ჩოხატაურის საგუშაგო. ოზურგეთთან გამარჯვების შემდეგ პოლკოვნიკი ბეიუროვი აღარ დაელოდა არღუთინსკის და დაიწყო შეტევა შეკვეთილზე. 13 სექტემბერს ციხეს ცეცხლი გაუხსნეს ზღვიდან, 14 სექტემბერს კი სამეგრელოდან მისულმა 350 კაციანმა მილიციამ ციხე დაიკავა. 17 სექტემბრისთვის გურიანთის, ლიხაურის, ჩიბათის და ჩოჩხათის 1654-მა გლეხმა დაიფიცა იმპერატორის ერთგულებაზე. შემდეგი ორი კვირის განმავლობაში არღუთინსკიმ კიდევ 2818 გლეხი დააფიცა. სექტემბრის ბოლოს უკვე ყველა მეამბოხეს იარაღი დაყრილი ჰქონდა. დაფიცებები ოქტომბერშიც გაგრძელდა.
მეთაურები
რედაქტირებაპირველ ეტაპზე აჯანყების წამყვან ძალას გლეხობა შეადგენდა. სხვადასხვა სოფლების გლეხებს ერთობლივი მოქმედების წინასწარი შეთანხმება არ ჰქონიათ, ამიტომ ცალკეული სოფლების გლეხბს ცალკე წინამძღოლები ჰყავდათ:[39]
- აკეთში — გოგია, ენუქა და ათანასე ვადაჭკორიები
- ასკანაში — მამუკა ანთაძე და მუხარბეგ დოლიძე
- ლიხაურში — ოთარ და ნიკოლოზ თოიძეები და გოგიჩა გორდელაძე
- შემოქმედში — გოგია და როსტომ მამინაიშვილები
- ჩიბათში — იასე შეწირული
- ხევში — ბუღარა მამალაძე
- ჯვარცხმაში — იორდანე პაიჭაძე
აგვისტოში, აჯანყების აღმავლობის პერიოდში თავადაზნაურობა აქტიურად ჩაება მოძრაობაში და ცდილობდა იგი საკუთარი მიზნებისათვის გამოეყენებინა. გურიაში მცხოვრებ თავად-აზნაურთა 500 ოჯახიდან რუსეთის მხარე დაიჭირა მხოლოდ 114-მა, დანარჩენები აჯანყებას შეუერთდნენ.
აჯანყების ზენიტის დროს მისი წინამძღოლი იყო თავადი, რუსეთის არმიის პრაპორშიკი, ამბაკო შალიკაშვილი. შალიკაშვილი აჯანყებამდე გურიის მილიციაში მსახურობდა, დაწყების შემდეგ შეუერთდა მას და ბოლომდე იბრძოდა. ის ერთადერთი იყო, რომელიც, საბოლოოდ, იმპერიამ დასაჯა.[40]
აჯანყებას მეთაურობდა ასევე აზნაურები: აბესა ბოლქვაძე, სიმონ გოგორიშვილი, ათარმიზა თოიძე, ლევან, გოჯასპირ და სვიმონ ჭყონიები, სვიმონ და გოგია ქარცივაძეები. აჯანყებაში ჩართული იყო ასევე ორი მღვდელი, რომელთაგან ერთი გამოიძიების დროს გარდაიცვალა.
დავით გუგუნავა 27-28 აგვისტოს გაიქცა ოზურგეთის ციხიდან და შეუერთდა აჯანყებულებს. მას შემდეგ, რაც მან დაინახა, რომ აჯანყება მარცხდებოდა, გამოცხადდა ნაგომარში მყოფ არღუთინკისთან და დაეხმარა მას აჯანყების დამარცხებაში. ასევე მოიქცა აზნაურები სიმონ ქარცივაძე და ათარმიზა თოიძე[39] აჯანყების ერთი აქტიური შემამზადებელთაგანი იყო თავადი ელისაბედ გურიელი. მას მიზნად ჰქონდა დასახული გურიიდან რუსების განდევნა და თავისი შვილის გამთავრება. როდესაც მოძრაობის ხასიათი მისთვის ნათელი გახდა, რუსების მხარეს გადავიდა.[41]
გურიის აჯანყებაში ჩართული იყო ქობულეთის ყოფილი ბეგი, ოსმალეთის იმპერიის ქვეშევრდომი ჰასან-ბეგ თავდგირიძეც, რომელიც ვერ ურიგდებოდა გურიაში რუსეთის გაბატონებას და მის წინააღმდეგ მიმართულ ყოველგვარ მოძრაობას აქტიურად ეხმარებოდა. იგი აჯანყებულებს ეხმარებოდა ტყვია-წამლის შოვნაში, მაგრამ კავკასიის მმართველობის კატეგორიული მოთხოვნით იძულებული გახდა ადრეულ ეტაპზევე ჩამოშორებოდა აჯანყებას და არ მიეღო მასში უშუალო მონაწილეობა.[42]
შედეგები
რედაქტირებაარღუთინსკიმ გამარჯვების შემდეგ დაითხოვა ჯარის დიდი ნაწილი და დაიტოვა მხოლოდ ერთი ასეული, რომლითაც გამოაცხადა აჯანყების მეთაურების ძებნა. მან მოიწვია გურიის თავად-აზნაურობა და წინადადება მისცა მათ, მონაწილეობა მიეღოთ მოძრაობის მეთაურების დაჭერაში. თავადაზნაურობა აქტიურად ჩაერთო ამ საქმეში.[43] აჯანყებაში მონაწილე 9 ადამიანი — 1 თავადი, 2 აზნაური და 6 გლეხი — გაიქცა ოსმალეთში. მათ შორის იყო სიმონ გოგორიშვილი.[44] 16 ნოემბერს აჯანყების 16 აქტიური მონაწილე დაიჭირეს, ხოლო ნოემბრის ბოლოს კიდევ 10-მდე ადამიანი დააპატიმრეს. საერთო ჯამში დაპატიმრებულების რიცხვმა 50 შეადგინა.
აჯანყების ზარალი მთლად კისრად დააწვა გურიის გლეხობას, გლეხებს უნდა მოეზიდათ მასალა აჯანყების დროს გადამწვარ და დარბეულ შენობათა აღსადგენად, ხიდების ხელახლა ასაგებად; მათვე უნდა გაეწმინდათ და აღედგინათ ყველა გხები. სამი დღის განმავლობაში გლეხებს უნდა შეეტანათ 1841 წლის ყველა გადასახადთა ნაშთი და საერობო გადასასადები.[45] გადააყენეს ოზურგეთის მაზრის უფროსი იაცენკო.
გურიის თავადაზნაურობის ზარალმა შეადგინა 18743 მანეთი. სხელისუფლება მოერიდა ახალი მღელვარების დაწყებას, ამიტომ თავად-აზნაურობა დააკმაყოფილა ნაწილობრივ ხაზინის ხარჯზე. 1844 წლის 7 ნოემბრის განკარგულებით გურიის თავად-აზნაურობას მიეცა 7795 მანეთი.[46]
მოძრაობის 50 მეთაური სამხედრო წესით გაასამართლეს. 3 ბრალდებული (ბეჟან ქუთაძე, ოთარ თოიძე, ლაზარე ჟოჟიაშვილი) სასამართლომდე გარდაიცვალა. სასამართლო 1842 წლის 3 თებერვლიდან 13 მარტამდე მიმდინარეობდა ქალაქ ქუთაისში.[47] ხელმძღვანელებს, შალიკაშვილს, გუგუნავას და ჭყონიას მიესაჯათ ციმბირში კატორღა. ქარცივაძე გაათავისუფლეს, რადგან აჯანყების ბოლოს ხელისუფლების მხარეს იყო გადასული. 29 გლეხს და 1 აზნაურს მიესაჯა გადასახლება და გაროზგვა. 13 გლეხი გაათავისუფლეს თავდებობით.[46] სასამართლოს გადაწყვეტილება დაამტკიცა გოლოვინმა. იმპერატორ ნიკოლოზ I-ის გადაწყვეტილებით, ყველა შეწყალებულ იქნა, ძალაში დარჩა მხოლოდ ამბაკო შალიკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი.[48] შეწყალების შემდეგ ოსმალეთში გაქცეულებმაც ითხოვეს და მიიღეს დაბრუნების უფლება.[49]
პოპულარულ კულტურაში
რედაქტირებაგურიის აჯანყება მხატვრულად აღწერა ეგნატე ნინოშვილმა ისტორიულ რომანში „ჯანყი გურიაში“.[50] რომანი დაიწერა 1888-1889 წლებში, მაგრამ ის არ გამოცემა ავტორის სიცოცხლეში. ნინოშვილი არ იყო ბოლომდე კმაყოფილი ნაწარმოებით და აპირებდა მის შესწორებას, ეძებდა დამატებით მასალებს.[51] რომანის მიხედვით 1928 წელს ალექსანდრე წუწუნავამ გადაიღო ფილმი „„ჯანყი გურიაში“. აჯანყების შესახებ არსებობს ხალხური ლექსი
ყველა ბრუნდი და მართალი
აუღიათ იარაღი
შიშვლად აქვენ ხელში ხმალი
ვისაც არ აქვს იარაღი
აუღიათ თოხის ტარი
ერთმანეთს ეუბნებიან
ამოვიღოთ გულის ჯავრი
ჩვენს მოდაურსა ვეჩხუბოთ
აუდუღოთ სისხლის ღვარი
ღმერთმა ისეთ დროს მოგვასწროს
ამოგვეღოს მისი ჯავრი
თხოვნას ღმერთი აგვისრულებს
გაიმარჯვებს ჩვენი ჯარი
შემორჩენილია კიდევ ერთი ხალხური ლექსი, რომელიც მიუთითებს აჯანყებაში თავად ამბაკო შალიკაშვილის ხელმძღვანელ როლზე
ყველამ კარგად მოვუაროთ
ამბაკოს და ათარმიზას
თორემ საქმე წაგვიხდება
არღუთინსკი კას არ გვიზამს
ყველა მოჯანყე შემოკრბა
ყველა მოთავე აქ არის
ამბაკო შალიკაშვილი
თავი და ბაირახტარი
შალიკაშვილის ხმალი, რომლითაც ის აჯანყებაში იბრძოდა დაცულია ოზურგეთის მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- მეტრეველი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 314.
- გურული ვ., „საქართველოს ახალი ისტორია (1801-1918)“, ტ. I, თბილისი: ქართული უნივერსიტეტი, 2017, ISBN 978-9941-953408.
- აბაშიძე ზ., ბახტაძე მ, ჯანელიძე ო., „საქართველო და ქართველები“, თბილისი, 2013. — გვ. 470-473, ISBN 978-9941-0-5498-3.
- სიხარულიძე ი., „გლეხთა აჯანყება გურიაში 1841 წელს“, ბათუმი, 1956.
- კიკვიძე ა. საქართველოს ისტორია (XIX ს.), თბილისი, 1954
- ხაჭაპურიძე, გ., „საქართველოს XIX და XX საუკუნეთა ისტორია“, თბილისი: სახელგამი, 1940. — გვ. 41-43.
- ხაჭაპურიძე, გ., „გურიის აჯანყება 1841 წელს“, ტფილისი: სახელგამი, 1931.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ (რუსული) Гизетти А. Л. (1901). Сборник сведений о потерях Кавказских войск во время войн Кавказско-горской, персидских, турецких и в Закаспийском крае: 1801–1885/Под ред. В. А. Потто. С. 58.
- ↑ ხაჭაპურიძე, 1931, გვ. 42
- ↑ სიხარულიძე, 1956, გვ. 14
- ↑ სიხარულიძე, 1956, გვ. 53
- ↑ ხაჭაპურიძე, 1931, გვ. 32
- ↑ ხაჭაპურიძე, 1931, გვ. 26
- ↑ სიხარულიძე, 1956, გვ. 54
- ↑ ტუღუში ზ., „მოგონებები ნინოშვილზე, გურული ლექსიკა“ გვ. 7 — 2008
- ↑ სიხარულიძე, 1956, გვ. 64
- ↑ ხაჭაპურიძე, 1931, გვ. 43
- ↑ სიხარულიძე, 1956, გვ. 65
- ↑ ხაჭაპურიძე, 1931, გვ. 44
- ↑ სიხარულიძე, 1956, გვ. 66
- ↑ ხაჭაპურიძე, 1931, გვ. 45
- ↑ სიხარულიძე, 1956, გვ. 67
- ↑ ხაჭაპურიძე, 1931, გვ. 46
- ↑ სიხარულიძე, 1956, გვ. 68
- ↑ სიხარულიძე, 1956, გვ. 69
- ↑ სიხარულიძე, 1956, გვ. 70
- ↑ სიხარულიძე, 1956, გვ. 71
- ↑ ხაჭაპურიძე, 1931, გვ. 49
- ↑ ხაჭაპურიძე, 1931, გვ. 50
- ↑ სიხარულიძე, 1956, გვ. 72
- ↑ სიხარულიძე, 1956, გვ. 73
- ↑ ხაჭაპურიძე, 1931, გვ. 51
- ↑ სიხარულიძე, 1956, გვ. 74
- ↑ ხაჭაპურიძე, 1931, გვ. 55
- ↑ სიხარულიძე, 1956, გვ. 76
- ↑ სიხარულიძე, 1956, გვ. 77
- ↑ სიხარულიძე, 1956, გვ. 75
- ↑ ხაჭაპურიძე, 1931, გვ. 52
- ↑ ხაჭაპურიძე, 1931, გვ. 54
- ↑ ხაჭაპურიძე, 1931, გვ. 56
- ↑ სიხარულიძე, 1956, გვ. 78
- ↑ სიხარულიძე, 1956, გვ. 79
- ↑ სიხარულიძე, 1956, გვ. 80
- ↑ ხაჭაპურიძე, 1931, გვ. 57
- ↑ ხაჭაპურიძე, 1931, გვ. 58
- ↑ 39.0 39.1 სიხარულიძე, 1956, გვ. 55
- ↑ ხაჭაპურიძე, 1931, გვ. 36
- ↑ ხაჭაპურიძე, 1931, გვ. 38
- ↑ სიხარულიძე, 1956, გვ. 63
- ↑ ხაჭაპურიძე, 1931, გვ. 60
- ↑ სიხარულიძე, 1956, გვ. 82
- ↑ ხაჭაპურიძე, 1931, გვ. 59
- ↑ 46.0 46.1 ხაჭაპურიძე, 1931, გვ. 63
- ↑ სიხარულიძე, 1956, გვ. 81
- ↑ ხაჭაპურიძე, 1931, გვ. 68
- ↑ სიხარულიძე, 1956, გვ. 83
- ↑ ქართული პროზა, ტ. 15, თბილისი, 1988
- ↑ სიხარულიძე, 1956, გვ. 13